საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან განახლდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში კი მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან.
ამ ეტაპზე ქვეყანაში შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება ასევე გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე.
მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობისას კი დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციები – ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის.
მთავარი რეკომენდაციებია:
ტრანსპორტში პირბადის ტარება;
ავტობუსებში მგზავრთა ნაკადის კონტროლი;
აკრძალულია მიკროავტობუსებში მგზავრთა ფეხზე დგომა;
ავტობუსებში მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს ბარიერი;
ხშირად შეხებადი ზედაპირების დამუშავება შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით და სხვა.
პანდემიის პირობებში მთავარი პრობლემა მაინც მგზავრებით გადაჭედილი მიკროავტობუსებია, განსაკუთრებით პიკის საათებში. მით უმეტეს, ბათუმში თებერვლიდან სკოლებიც იწყებენ მუშაობას და მგზავრებს მოსწავლეები და პედაგოგებიც დაემატება. მუნიციპალურ ტრანსპორტში კი, ფეხზე დგომით მაშინაც მგზავრობდნენ, როცა სკოლებში სწავლა არ მიმდინარეობდა.
პანდემიის დასაწყისში მგზავრთა გადაჭარბებული ნაკადის გადაყვანის გამო მიკროავტობუსებს მხოლოდ აფრთხილებდნენ. ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ კი, როგორც ამ სამსახურში გვითხრეს, აღნიშნული დარღვევისთვის დაჯარიმება მას შემდეგ დაიწყო, რაც პროცედურისთვის საჭირო ოქმები დამტკიცდა.
სამარშრუტო მიკროავტობუსის მიერ ფეხზემდგომი მგზავრის გადაყვანა სანებართვო პირობების დარღვევაა და 100 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ინსპექციის ინფორმაციით, სხვადასხვა იურიდიული პირი 2020 წელს, ჯამში, 21-ჯერ დააჯარიმეს. „ასეთ დროს ჯარიმდება არა მძღოლი, არამედ კომპანია, რომლის ლიცენზიის საფუძველზეც მოძრაობს კონკრეტული მიკროავტობუსი სამარშრუტო ხაზზე“, – გვითხრეს მუნიციპალურ ინსპექციაში.
ამავე სამსახურმა ბათუმში 189 ფიზიკური და იურიდიული პირი პირბადის ტარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით დააჯარიმა. ამ შემთხვევაში ჯარიმა 20 ლარია.
ბათუმის მერიამ ქალაქში სამარშრუტო ხაზებზე ყოველდღიურად მოძრავი მიკროავტობუსების რაოდენობა 460-დან 250-მდე დაახლოებით ორი წლის წინ შეამცირა.
რაც შეეხება სკოლის ტრანსპორტს [ასეთის არსებობის შემთხვევაში], აქაც აუცილებელია ამ რეკომენდაციების დაცვა. ამასთან, სკოლის ტრანსპორტით მგზავრობისას, მოსწავლეებს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარდეთ ტრანსპორტში ასვლამდე; მგზავრობის დროს კი, ნებისმიერი პირისთვის [მოსწავლე, მასწავლებელი, მძღოლი და ა.შ.], სავალდებულოა პირბადის გამოყენება.
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდაციები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 2020 წლის 29 მაისს დაამტკიცა და მასში დღემდე რამდენიმე ცვლილება შევიდა.
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები მუნიციპალური და საქალაქთაშორისო (ავტობუსი, მიკროავტობუსი) ტრანსპორტისთვის
[2021 წლის 25 იანვრის მდგომარეობით]
ზოგადი რეკომენდაციები:
საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებში არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;
უსაფრთხო დისტანციის დასაცავად აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი (მოსაცდელში, მეტროს სალაროსთან). გამოიყენეთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით);
დასაქმებულები უზრუნველყავით ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
ნიღბით;
პირბადე და დამცავი ფარი – საჭიროების შესაბამისად;
მეტროსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირებისა (ღილაკების, კარების სახელურების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირების) დამუშავება შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
აკრძალულია მიკროავტობუსებში მგზავრთა ფეხზე დგომა.
შენიშვნა: ამ წესის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში უსაფრთხო დისტანციის დაცვისა და მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისთვის მოეწყოს სავალდებულო პირობითი ნიშნები.
ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში:
მძღოლის კაბინასთან, მძღოლსა და მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს ბარიერი (გარდა მიკროავტობუსებისა);
ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობისა და სავარძლების სამკლაურების (ხელის დასასვენებელი ადგილი) დამუშავებას;
მუდმივად განიავდეს სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;
ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ სათანადო დანართის შესაბამისად.
მეტროში:
ყოველდღიურად მოხდეს ესკალატორების სახელურების და სხვა ხშირად გამოყენებული ზედაპირების სველი წესით დამუშავება სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით;
უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;
უზრუნველყავით სანიტარიული კვანძების დალაგება და დეზინფექცია დაბინძურების შესაბამისად;
ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ (შესაძლებელია აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენება);
მეტროში დასაქმებული, დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პერსონალი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აღჭურვეთ შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
ნიღაბი;
ხელთათმანი;
სახის დამცავი ფარი;
სპეცტანსაცმელი;
ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ სათანადო დანართის შესაბამისად.
შესაბამისად, აუცილებელია განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
დაიცავით ჰიგიენის წესები;
მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);
სამუშაოების შესრულებისას საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებსაც გაწვდით დამსაქმებელი;
სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
გამოიყენეთ 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;
მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.
ბათუმში 2020 წლის 15 დეკემბრიდან რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის წესები შეიცვალა. მუნიციპალური ავტობუსებისთვის გარკვეულ ქუჩებზე სპეციალური სავალი ნაწილი [ე.წ. Bus lane] მოინიშნა – ამ ზოლში ავტობუსების გარდა დაშვებულია ველოსიპედების მოძრაობაც.
მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 2020 წლის 24 დეკემბერს უნდა აღდგენილიყო, თუმცა ავტობუსები და მიკროავტობუსები ბათუმში მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან დაიწყებს მოძრაობას.