მთავარი,სიახლეები

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის ზღაპრების კითხვა – ბავშვთა ფსიქოლოგი

26.01.2021 • 2550
რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის ზღაპრების კითხვა – ბავშვთა ფსიქოლოგი

დღეს ხშირად მშობლებისა და ბავშვების რეალურ ურთიერთობებს სმარტფონი, ტაბლეტი და ლეპტოპი ანაცვლებს. რა გავლენა აქვს ბავშვებზე ადრეულ ასაკში უფროსებთან კომუნიკაციის ნაკლებობას, როგორ აისახება ეს გარდატეხის ასაკზე და როგორ აკავშირებს ზღაპრების ერთად კითხვის ჩვევა ბავშვებსა და მშობლებს ერთმანეთთან? – ამ და სხვა თემებზე „ბათუმელებთან“ ბავშვთა ფსიქოლოგი, ქეთი დევაძე საუბრობს.

მშობლებსა და შვილებს შორის ჯანსაღი კავშირის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს

მშობლის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, გაიგოს შვილის საჭიროებები, მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა. ჩვეულებრივ მშობელი აკვირდება საკუთარ შვილს სხვადასხვა გარემოში: როგორ სძინავს, იკვებება, თავს როგორ გრძნობს, როგორია მისი ჯანმრთელობა.

ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობა რომ ვიცოდეთ, აუცილებელია მასთან აქტიური კომუნიკაცია, პოზიტიური კავშირი. ასეთ დროს ბავშვს აქვს დაცულობის შეგრძნება, გრძნობს, რომ უფროსების წრეში ის მიღებული ადამიანია. ეს მომენტები ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ხშირად გარდატეხის ასაკის ბავშვების მშობლები მოგვმართავენ, რომ კონსულტაცია გავუწიოთ ურთიერთობების გამოსასწორებლად. ამ დროს შესაძლოა ჩარევა დაგვიანებულიც კი იყოს, რადგან მშობლებსა და შვილებს შორის ჯანსაღი კავშირის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ძილის წინ ერთად ხმამაღლა კითხვა და ამბების თხრობა

მშობლებსა და შვილებს შორის პოზიტიური ურთიერთობა რომ ჩამოყალიბდეს, აუცილებელია მათ ჰქონდეთ საერთო რიტუალები. რიტუალი განმეორებადი ქცევაა. ძალიან კარგი რიტუალია ძილის წინ ერთობლივად ხმამაღლა წიგნის კითხვა. ეს მეთოდი მსოფლიოში მრავალგზის ნაკვლევია, მისი სასიკეთო შედეგები მრავალმხრივია.

კითხვისას მშობელი ბავშვთან ატარებს დროს მარტო. ამ დროს ბავშვებს სიახლოვის, დაცულობის, სიყვარულის განცდა აქვთ.

შეიძლება ერთად დროის გატარება უბრალოდ ამბების თხრობით, რასაც ასევე დადებითი გავლენა აქვს ბავშვის განვითარებაზე.

ადრეული ასაკიდანვე შეგვიძლია ვესაუბროთ ბავშვებს, გავაცნოთ წიგნები მანამ, სანამ მათ არ იციან ლაპარაკი, ვათვალიერებინოთ ფერადი, ილუსტრირებული გამოცემები. მივცეთ საშუალება, თავად გადაფურცლონ, დაათვალიერონ.

მაშინაც კი, როცა ამბის შინაარსი არ ესმის ბავშვს, მშობლების ხმა მასზე დადებითად მოქმედებს და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ამბის თხრობას ისინი გაბმულ, მუსიკალურ ჟღერადობად აღიქვამენ.­­­­

ზღაპრების უარყოფითი სცენები ბავშვს ეხმარება, აღიქვას ცხოვრებისეული სირთულეები

ხანდახან ხალხურ ზღაპრებში შეიძლება იყოს ბევრი აგრესია, უარყოფითი სიუჟეტი, სევდიანი ამბავი და ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ ასეთი ზღაპრები არ უნდა წაუკითხონ ბავშვებს. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ზღაპრების უარყოფითი სცენები ბავშვს ეხმარება რეალურად აღიქვას ცხოვრებისეული სირთულეები. ეს აუცილებელიცაა, რადგან თუ თავადაც გადააწყდება სირთულეებს, ექნება მზაობა მათ გადასალახად, ეცოდინება, რომ უნდა ეძებოს გზა, გამოსავალი.

მოკლედ რომ ვთქვათ, ზღაპრების საშუალებით ბავშვს ცხოვრებისეული სირთულეების მოდელირების უნარი აქვს.

რახან ზღაპრები ძირითადად მაინც კარგად მთავრდება, ბავშვს აქვს განცდა, რომ ბევრი ცუდიც რომ მოხდეს, მაინც ყველაფერი კარგად დასრულდება. ეს იმედისმომცემი დასასრულის ეფექტი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ზღაპრებით ბავშვებს სამომავლო სოციალიზაციისთვის ვამზადებთ.

უნდა ვეცადოთ, რომ წიგნების კითხვა ბავშვებისთვის ხალისთან, მხიარულებასთან ასოცირდებოდეს, ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ოსტატურად შევარჩევთ ასეთ ტექსტებს.

ზღაპრის კითხვის პროცესი მხოლოდ ამბის გადმოცემა არ არის. ხშირად ბავშვები გვეკითხებიან კონკრეტული სიტყვის მნიშვნელობას, განვიხილავთ ზღაპარში წამოჭრილ თემებს. ხშირად ბავშვი რომელიმე პერსონაჟთან აიგივებს თავს ან რომელიმე ისტორიას საკუთარ ამბებს უკავშირებს და გვიყვება თავის გამოცდილებაზე, გრძნობებზე.

თუ მშობლები კითხულობენ, ამ ქცევას ბავშვიც „დაისწავლის“

ხშირად მოგვმართავენ მშობლები, რომ ბავშვებს არ უყვართ კითხვა.

წიგნი ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე უნდა გავაცნოთ.

ბავშვისთვის ძალიან ძვირფასია დრო, რომელსაც მას მშობელი უთმობს. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მშობლებს აღარ გვცალია.

როგორც წესი, თუ მშობლები კითხულობენ, ამ ქცევას ბავშვი „დაისწავლის“ და მიიჩნევს, რომ ეს არის სწორი ქცევა, ასე იქცევა დედა, მამა და ეცდება, დანერგოს ეს პროცესი საკუთარ ცხოვრებაშიც.

ხშირად მშობლები და მასწავლებლები წიგნის კითხვას ბავშვის დასჯის საშუალებად იყენებენ. ხანდახან ვეუბნებით ბავშვებს, რომ რაღაც წიგნი უნდა დაამთავროს აუცილებლად, ტექსტი უნდა „ჩაგვაბაროს“.

პროცესის მიმართ, რომელიც სასჯელად გამოიყენება, ბავშვს უარყოფითი განცდები უჩნდება. თუ დასჯილი ვარ და ამიტომ ვკითხულობ, ესე იგი, კითხვა სიამოვნებას არ უნდა მანიჭებდეს. რეკომენდებულია, რომ არასდროს არ დავსაჯოთ ბავშვი წიგნის კითხვით.

როგორ მოქმედებს ზღაპრების კითხვა ბავშვებზე, ამას აღნიშვნაც არ სჭირდება, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ ყოველ საღამოს ერთად ზღაპრების კითხვის ჩვევა ნიშნავს კოგნიტური უნარების განვითარებას, საუკეთესო საათებს მშობლებისა და შვილების ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, კონცენტრაციის, წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების განვითარებას, კულტურული თავისებურებების გაცნობას, მრავალფეროვნებას და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩენას.

[ყველაზე ხშირად ბავშვთა ფსიქოლოგებს სწორედ ბავშვებსა და მშობლებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემაზე გვიწევს მუშაობა

ადრეული ასაკიდანვე კითხვის გავლენა მაშინვე არ ჩანს და შედეგი თვალშისაცემი არ არის, თუმცა ეს ჩანს გარდატეხის ასაკში. ამ დროს მშობლებთან და უფროსებთან ნაკლებად სურთ ურთიერთობა მოზარდებს და ავტორიტეტულები მათთვის თანატოლები ან უცხო ადამიანები ხდებიან.

ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობაც კი რთულდება გარდატეხის ასაკში. ის ურთიერთობა კი, რომელიც ასეთი არ იყო, შესაძლოა განწირულიც კი იყოს.

ყველაზე ხშირად ბავშვთა ფსიქოლოგებს სწორედ ბავშვებსა და მშობლებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემაზე გვიწევს მუშაობა.

ხანდახან მშობლები მოგვმართავენ სულ სხვა მიზეზით  და აღმოჩნდება, რომ რეალურად პრობლემის უკან შვილებთან კომუნიკაციის პრობლემაა.

სწორედ ეს კავშირი განაპირობებს ბავშვის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას,  მის ფსიქოემოციურ მდგომარეობას.

როცა ურთიერთობები არაჯანსაღია, შეიძლება გამოგვეპაროს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები ბავშვის ცხოვრებიდან. ხშირად ისინი არიან ბულინგის, ძალადობის მსხვერპლები, ან თავს გრძნობენ ცუდად და სჭირდებათ დახმარება, თუმცა იმის გამო, რომ მშობლებთან არ აქვთ ჯანსაღი კომუნიკაცია, არ უზიარებენ მშობლებს სხვადასხვა გამოცდილებას. ბავშვთან და მის ცხოვრებასთან კავშირი რომ არ გავწყვიტოთ, კომუნიკაცია ჯანსაღი უნდა იყოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: