მთავარი,სიახლეები

ბათუმელი ვერონიკა ჰოლოკოსტსა და საქართველოში ებრაელების ცხოვრებაზე

27.01.2021 • 4362
ბათუმელი ვერონიკა ჰოლოკოსტსა და საქართველოში ებრაელების ცხოვრებაზე

27 იანვარი ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღეა. ჰოლოკოსტის სახელით აღინიშნება 1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, იეჰოვას მოწმეების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული გენოციდი. გენოციდის შედეგად 6 მილიონზე მეტი ებრაელი დაიღუპა.

რას ამბობენ ჰოლოკოსტზე საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ებრაელები? „ბათუმელები“ ერთ-ერთ მათგანს ესაუბრა.

19 წლის ვერონიკა ფერდმანი ბათუმელია. „ჰოლოკოსტი ჩემთვის ერთი ყველაზე დიდი ტკივილია და იმედი მაქვს, რომ არასდროს, არც ერთ ქვეყანაში არ განმეორდება,“ – გვითხრა მან.

ვერონიკა ამბობს, რომ ებრაელი ხალხის ისტორიას მაშინ გაეცნო, როცა საკვირაო სკოლაში შევიდა და მშობლიური ენის და ისტორიის შესწავლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ვერონიკას ოჯახი დევნილი არასდროს ყოფილა, ჰოლოკოსტის ხსენებაზე იგი მაინც სევდიანდება.

ვერონიკა 11 წლის იყო, როცა ანა ფრანკის დღიური წაიკითხა. ამბობს, რომ ამ წიგნის  წაკითხვის შემდეგ სულ სხვა ადამიანი გახდა.

„ვერ ვიჯერებ, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ არსებობდა ადამიანების განადგურების პოლიტიკა“, – ამბობს ვერონიკა.

ჰოლოკოსტზე საუბრისას იგი ჰოლოკოსტსგადარჩენილი კაცის ისტორიას იხსენებს, რომელსაც 5 წლის წინ, ამერიკაში ყოფნის დროს შეხვდა:

„მიყვებოდა, როგორ დამალეს პატარა ბიჭი პოლონელმა მეზობლებმა ქვის ორ კედელს შორის, რომ ფაშისტებისგან დაეცვათ. როგორ ფიქრობდა სიკვდილსა და სიცოცხლეზე, როგორ გადარჩა და დღეს თავისუფალი ადამიანია, რომ აღარ არსებობს ეს ორი კედელი და არც არასდროს აღარ უნდა გაჩნდეს ჩვენს ცხოვრებაში“.

ვერონიკა ფერდმანი ბათუმის სინაგოგაში. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

ვერონიკა გვიზიარებს თავის პირველ შთაბეჭდილებას იერუსალიმში მდებარე იად ვაშემის მუზეუმის შესახებ, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუზეუმია მსოფლიოში.

„ვუყურებდი ათასობით ადამიანის ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, სათვალეებს, ბეჭდებს, სავარცხლებს, რომლებიც  საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპულებისგან დარჩა და საშინელ ტკივილსა და მწუხარებას განვიცდიდი.

თავში უამრავი კითხვა მქონდა… რატომ?!  სად იყო მთელი მსოფლიო მაშინ, როცა ეს ხდებოდა?

რა დააშავა ამდენმა ბავშვმა, ქალმა, მოხუცმა? რატომ უნდა მოკლა ადამიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელია?

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ფეხსაცმელები.
ფოტო: იად ვაშემის მუზეუმი

6 მილიონი ადამიანი გაანადგურეს. წარმოიდგინეთ, ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, რამდენ სარგებელს მოუტანდნენ კაცობრიობას.

მაგალითად, ალბერტ ბურლას ოჯახი, რომელიც ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის, „ფაიზერის“ დირექტორია, ფაშიზმს გაექცა საბერძნეთიდან, ამერიკაში გააგრძელეს ცხოვრება და დღეს ეს კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. ბევრი სიკეთის მოტანა შეეძლო იმ ათასობით, ასიათასობით დაღუპულ  ადამიანსაც, რომლებიც ჰოლოკოსტს ემსხვერპლნენ“.

ჰოლოკოსტს 6 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ფოტო: იად ვაშემის მუზეუმიდან.

ვერონიკა ამბობს, რომ საქართველოს სამართლიანად აქვს სტუმართმოყვარე ქვეყნის სახელი, რადგან 26 საუკუნის მანძილზე ებრაელები ყველაზე მშვიდობიანად გრძნობდნენ აქ თავს. თუმცა 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში 25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის მოტივად სწორედ მისი ებრაული წარმოშობა დასახელდა.

ვერონიკა ამბობს, რომ ვიტალი მისი მეგობარი იყო და მისი მკვლელობა უდიდესი ტკივილია მისთვის.

„სამწუხაროა, რომ მსგავსი რამ მოხდა. ამ სიტუაციამ კიდევ ერთხელ გვასწავლა, რომ ჩაგვრას, ზიზღსა და მტრობას არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჩვენს დროში, ჩვენს ცხოვრებაში,“ – ამბობს ვერონიკა.

საქართველოში ანტისემიტიზმად მიიჩნიეს  ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ქადაგება, რომელმაც 20 დეკემბერს ლიტურგიისას ებრაელი ერი დამამცირებელ, ანტისემიტურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია. მან ებრაელებს უწოდა „ქრისტიანთა მდევნელი“ და „ურწმუნო მოდგმა“.

მიტროპოლიტის ქადაგებას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან.

ვერონიკას ამ თემაზე საუბარი არ სურს, თუმცა დასძენს, რომ მთავარია დროულად შევაჩეროთ აგრესია და ჩვენ გვაქვს ამის უნარი.

ვერონიკა ამბობს, რომ განსაკუთრებით დაამახსოვრდა ჰოლოკოსტსგადარჩენილი ერთი ადამიანის სიტყვები, რომელიც ამერიკაში ყოფნისას გაიცნო:  „ისწავლეთ ერთმანეთის დაფასება… ვერასდროს მიხვდებით ჩვენს რეალურ ტკივილს და განცდებს, სანამ თვითონ არ დადგებით სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე“.

„უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ბაღებში, სკოლებში, რომ დააფასონ და უყვარდეთ ერთმანეთი, უბრალოდ კი არ უნდა მოვუყვეთ, სწორად უნდა ავუხსნათ და ვასწავლოთ, თუ რატომ არ შეიძლება მსგავსი სისასტიკის გამეორება და რატომ არის ეს დაუშვებელი.

ის, რაც ებრაელმა ხალხმა განიცადა მეორე მსოფლიო ომის დროს, აღარასდროს უნდა განმეორდეს. იმიტომ ვარსებობთ ჩვენ, იმიტომ არსებობს ჰოლოკოსტის მუზეუმები, რომ შევახსენოთ ადამიანებს, რატომ არ უნდა განმეორდეს მსგავსი სისასტიკე. უნდა გვახსოვდეს წარსულში დაშვებული შეცდომები, უნდა გავაანალიზოთ აწმყოში, რომ მომავალში არ დავუშვათ არასოდეს,“ – ამბობს ვერონიკა.

ბათუმის სინაგოგა.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: