კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ავიწროვებენ თუ არა ბიზნესს ბულვარში „ამბასადორ ბათუმის“ სასარგებლოდ

22.06.2018 • 7630
ავიწროვებენ თუ არა ბიზნესს ბულვარში „ამბასადორ ბათუმის“ სასარგებლოდ

ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე  „ამბასადორი ბათუმი“ ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს. მიმდებარედ არსებული სარესტორნო და გასართობი ბიზნესების მეპატრონეები ამბობენ, რომ კომპანიას მათ ტერიტორიაზეც უჭირავს თვალი და მთავრობის მხარდაჭერაც აქვს. მათ შორის, გასართობი ბიზნესის მეპატრონეებს ატრაქციონები კომპანიის სამშენებლო მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე გადაატანინეს. ისინი, ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის „ამბასადორ ბათუმის“  მშენებლობის გასწვრივ პლაჟი, სადაც გასულ წელს საბავშვო ატრაქციონები იყო,  თავისუფალია.

რესტორნების მეპატრონეები, რომელთაც ვინაობის საჯაროდ დასახელება არ ისურვეს, ამბობენ, რომ ქონების დათმობასთან დაკავშირებულ პირობებზე მათთან მოსალაპარაკებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პროტოკოლის უფროსი, ირაკლი ბერიძეც მივიდა. თავად ირაკლი ბერიძე ამ ინფორმაციას უარყოფს:

„ … გეუბნებით, რომ არ ვიცი არაფერი, ვიცი რომ ბულვარში აშენებს… თქვენ ჩემზე მეტი გცოდნიათ…  ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს… ჩემი პასუხია, რომ არაფერი ვიცი ამაზე.“

ინფორმაციას უარყოფს ბულვარის ადმინისტრაციის უფროსი ეთერ მაჭუტაძეც. ის ატრაქციონების გადატანის გადაწყვეტილებას ახალი კონცეფციით ხსნის:

„ბულვარი ხოფის ბაზრობას რომ არ გავდეს, შევიმუშავეთ კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც ატრაქციონები გადავიდა ტბის მიმდებარედ. რაც შეეხება გამოთავისუფლებულ პლაჟს, მას ამბასადორი ვერ დაიკავებს, რადგან ეს ტერიტორია კემპინსკის ეკუთვნის“ – გვითხრა მან.

ბულვარის ზოგიერთ  მონაკვეთზე არსებულ სიტუაციას ბათუმში„ხოფის ბაზრობას“ იქ არსებული მაღაზიების გამო ადარებდნენ და იქ საბავშვო ატრაქციონების არსებობა არავის გაუპროტესტებია. ამასთან დაკავშირებით ეთერ მაჭუტაძე ამბობს, რომ მაღაზიები „პიერ ბათუმს“ ეკუთვნის, რომელსაც შეთანხმება აჭარის მთავრობასთან აქვს და არა ბულვარის ადმინისტრაციასთან. „მეც ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ის ასეთი ფორმით ბულვარში არ უნდა იყოს, ეს არის ჩემი ოცნება“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე.

კომპანია „ამბასადორ ბათუმი“ აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების თანახმად ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე , ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს. ადგილზე გამოკრულ საინფორმაციო დაფაზე დაგეგმილი პროექტის პარამეტრები მითითებული არ არის. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით,  კომპანიას ოთხსართულიანი პროექტი აქვს შეთანხმებული, თუმცა „ბათუმელების“ წყაროს თქმით, „ამბასადორ ბათუმი“ საძირკველს გაცილებით მაღალი შენობისთვის ამზადებს. ეს ინფორმაცია კომპანიაში ვერ გადავამოწმეთ, რადგან მშენებლობაზე გამოკრულ საინფორმაციო დაფაზე მითითებული საკონტაქტო პირი კითხვებს არ პასუხობს, კომპანიის იურისტი გოჩა კამკია კი  ამბობს, რომ ამის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი.

როცა საქმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ბათუმის ბულვარის ტერიტორიას ეხება მშენებლობის ნებართვას  აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გასცემს და არა ბათუმის მერია, შესაბამისად  შესაძლო ცვლილებაც შენობის სიმაღლის გაზრდასთან დაკავშირებით ამ უწყებამ უნდა შეითანხმოს. სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, კომპანიას ჯერ პროექტში ცვლილებასთან დაკავშირებით სააგენტოსთვის არ მიუმართავს: „თუ მოგვმართავს, ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ მხოლოდ ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე“ – ამბობს მირზა ცეცხლაძე.

მშენებლობის დაწყებიდან მცირე დროში „ამბსადორ ბათუმი“ ბულვარში კიდე ორი ქონების მოსარგებლე გახდა.  საერთო ჯამში შპს „ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში ფლობს  1203 კვმ მიწის ფართობს, ასევე, ამ ქონების მიმდებარედ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან გაფორმებული საიჯარო შეთანხმებით  – 224 კვმ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და გარდა ამისა, კომპანიას სარგებლობაში გადასცეს კიდევ ერთი,  117 კვმ მიწის ნაკვეთი ბულვარში და მასზე დამაგრებული შენობა – 199 კვმ.

კომპანია 2017 წლის სექტემბერში რუსეთის მოქალაქემ, ალექსანდრე ფრიდმა დააფუძნა, ის იყო კომპანიიის ასივე პროცენტის მფლობელი და დირექტორი. უფრო ადრე, 2015 წელს მას საქართველოში კომპანია „ბბუ ჯორჯია“, 2016 წელს კი  -„ ჩემი დრონები“ დაუფუძნებია, ის არის ასევე კომპანია „ჯორჯიან ვეი“-ს დამფუძნებელი და ორმოცდაათი პროცენტის მფლობელი, ალექსანდრე ფრიდი ფლობს ასევე შპს „სიგმა ქეპიტალ პარტნერს“.

2017 წლის სექტემბერშივე კომპანიის წილებში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა. ამ დროისთვის კომპანიის დამფუძნებელი წილებში საერთოდ აღარ ფიქსირდება და კომპანიას რუსეთის მოქალაქეები: ელგუჯა ქებურია  და ვართან ვართანოვი იყოფენ. კომპანიის დირექტორად ელგუჯა ქებურიაა დაფიქსირებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: