მთავარი,სიახლეები

ორ წელზე მეტია „ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში ოთხსართულიანი შენობისთვის საძირკველს თხრის

07.06.2019 • 3533
ორ წელზე მეტია „ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში ოთხსართულიანი შენობისთვის საძირკველს თხრის

წელს ბათუმში ჩამოსულ ტურისტს ბულვარში, მთავარი შადრევნის გასწვრივ, ყოფილი პოლიკლინიკის ტერიტორიაზე ისევ სამშენებლო სამუშაოები დახვდება. კომპანია „ამბასადორ ბათუმს“, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმებით, მშენებლობა 2018 წლის მარტში უნდა დაესრულებინა, თუმცა ჯერ არც კი დაუწყია.

სამშენებლო მოედანი მაღალი ღობითაა შემოსაზღვრული და ობიექტის დაცვა  მასთან მიახლოებაზეც კი რეაგირებს, თუმცა მაინცაა შესაძლებელი იმის ნახვა, რომ ჯერ აქ ერთი სართულიც კი არ აუშენებიათ და ისევ საძირკველს თხრიან.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ნებართვა ოთხი სართულის მშენებლობაზეა გაცემული და შენობას მომავალში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ფუნქცია უნდა ჰქონდეს.

საძირკვლის მოწყობის სამუშაოების გაჭიანურება ბათუმში კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს, რომ კომპანიას აქ უფრო მაღალი შენობის აგება აქვს განზრახული და საძირკვლის მომზადების შემდეგ პროექტის ცვლილებისთვის მიმართავს სააგენტოს. კომპანიაში ამ თემასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ. მათთან დაკავშირება ვერ შევძელით, რადგან სამშენებლო მოედანთან ახლოს მდებარე ოფისი დაკეტილი დაგვხვდა, საინფორმაციო დაფაზე მითითებულ ნომერზე კი გვპასუხობს პირი, რომელიც ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენელი არ არის და პროექტზე ვერაფერს გვეტყვის.

კომპანიას სამშენებლო მოედანზე სრულყოფილი საინფორმაციო დაფა არც 2016 წელს განუთავსებია და არც ვადების შეცვლის შემდეგ უზრუნია მის განახლებაზე.  კითხვით – რატომ არ განათავსა კომპანიამ სრულყოფილი საინფორმაციო დაფა სამშენებლო მოედანზე? – „ბათუმელებმა“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 2018 წელსაც მიმართა, მაშინ გვიპასუხეს, რომ კომპანია გააფრთხილეს, თუმცა როგორც ჩანს გაფრთხილებას შედეგი არ მოჰყვა, რადგან მშენებლობაზე საინფორმაციო დაფა არ შეუცვლიათ და ადგილზე არც პროექტის რენდერია გამოკრული.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში გვითხრეს, რომ კომპანიამ მშენებლობის ვადის გადაწევა ითხოვა და თანხმობაც მიიღო. ახალი შეთანხმებით მშენებლობა 2022 წელს უნდა დასრულდეს. სააგენტოს  ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის, ვიქტორია ბერიძის ინფორმაციით უკვე შეამოწმეს და პროექტთან შესაბამისია საძირკვლის მოწყობის სამუშაოებიც. მისი თქმით, „არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია“.

კითხვაზე, თუ რატომ გაჭიანურდა მშენებლობის დაწყების პროცესი, ვიქტორია ბერიძემ გვიპასუხა, რომ რომ პროექტი მიწისზედა ოთხი სართულის გარდა ითვალისწინებს სამი სართულის მშენებლობას მიწის ქვემოთ, რაც  სირთულეებს უკავშირდება.

მშენებლობის დაწყებიდან მცირე დროში „ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში კიდევ ორი ქონების მოსარგებლე გახდა.  საერთო ჯამში შპს „ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში ფლობს  1203 კვმ მიწის ფართობს, ასევე, ამ ქონების მიმდებარედ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან გაფორმებული საიჯარო შეთანხმებით  – 224 კვმ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და გარდა ამისა, კომპანიას სარგებლობაში გადასცეს კიდევ ერთი,  117 კვმ მიწის ნაკვეთი ბულვარში და მასზე დამაგრებული შენობა – 199 კვმ.

კომპანია ბულვარში ასევე აშენებს კაფეს, რომელიც მსუბუქი კონსტრუქციის მქონე შენობა იქნება და გამჭვირვალე შუშით იქნება შეფუთული.

„ამბასადორ ბათუმი“ 2017 წლის სექტემბერში რუსეთის მოქალაქემ, ალექსანდრე ფრიდმა დააფუძნა, ის იყო კომპანიიის ასივე პროცენტის მფლობელი და დირექტორი. უფრო ადრე, 2015 წელს მას საქართველოში კომპანია „ბბუ ჯორჯია“, 2016 წელს კი შპს „ჩემი დრონები“ დაუფუძნებია. ასევე, ის არის კომპანია „ჯორჯიან ვეის“ დამფუძნებელი და ორმოცდაათი პროცენტის მფლობელი. ალექსანდრე ფრიდი ფლობს ასევე შპს „სიგმა ქეპიტალ პარტნერს“.

2017 წლის სექტემბერშივე კომპანიის წილებში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა. ამ დროისთვის კომპანიის დამფუძნებელი წილებში საერთოდ აღარ ფიქსირდება და კომპანიას რუსეთის მოქალაქეები: ელგუჯა ქებურია  და ვართან ვართანოვი იყოფენ, კომპანიის დირექტორად კი ელგუჯა ქებურიაა დაფიქსირებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: