კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ისევ შეუსრულებელი ვალდებულებები და „ანბანის კოშკი“

01.03.2016 • 3015
ისევ შეუსრულებელი ვალდებულებები და „ანბანის კოშკი“

„ანბანის კოშკთან“ დაკავშირებული ვალდებულებები ინვესტორმა ვერ შეასრულა. შენობა, რომელშიც ბიუჯეტიდან 60 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ისევ უფუნქციოდაა. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიის წილები გადანაწილდება და ახალი პარტნიორი რუსული ინვესტიციით შემოვა, კომპანიაში არ ადასტურებენ, თუმცა ადასტურებენ იმას, რომ ახალი კადრი გამოჩნდება მართვის მენეჯმეტში, რომელიც რუსი ტურისტების მოზიდვაზე იმუშავებს.

„ის ახალგაზრდა ბათუმელი ბიჭია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და აქვს კარგი კავშირები. ის ფულით არ შემოდის, ჩვენ მხოლოდ მისი გამოცდილება გვჭირდება. ევროპული მენეჯმენტი უნდა ყოფილიყო, ახლა რუსი და რუსულენოვანი ტურისტების მოზიდვაზე უნდა ვიმუშაოთ, რომლებიც სეზონზე ჩამოდიან ბათუმში. მასთან მოლაპარაკება გვაქვს და მემგონი, არ იქნება სწორი, ახლა მისი სახელი რომ დაგისახელოთ. არ ვგულისხმობ კომპანიის ახალ დირექტორს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „ბუსტ ჯორჯიას“ თანამფლობელმა ზურა ნასყიდაშვილმა.

„ატმ-ანბანის კოშკის მენეჯმენტის“ ახალ დირექტორად გასულ კვირას, 19 თებერვალს, ოლეგ სანდროშვილი დაარეგისტრირეს.
აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში 1344,7 კვ/მ შენობა – „ანბანის კოშკი“ და მასზე მიმაგრებული 5736 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია „Boost Spain S.I.“-ს 20 წლის ვადით გადასცა. ქონებით სარგებლობის წლიურ საფასურად კი, სიმბოლური ფასი, ერთი ლარი დაუწესა. მთავრობასთან აღებული ვალდებულების თანახმად, „ანბანის კოშკში“ გასართობი ობიექტები ინვესტორს ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში უნდა გაეხსნა. ხელშეკრულება 2015 წლის ივნისში გაფორმდა.

აღებული ვალდებულების მიხედვით, კომპანიას სარგებლობაში გადაცემული ქონების მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნოლოგიური პროცესების დაცვით დამუშავება ევალებოდა. ასევე ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში კომპანიას ლიფტების გამართულობა და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა უზრუნველეყო. იმავე ვადაში უნდა გამართულიყო განათების სისტემა. ვალდებულების თანახმად ეს ყველაფერი კომპანიამ ობიექტის სარგებლობის პერიოდში უნდა შეინარჩუნოს. საბოლოო ჯამში კი, ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში, ანუ გასული წლის სექტემბერში კომპანიას კოშკში მრავალფუნქციური ობიექტები: რესტორანი და კაფე უნდა აემოქმედებინა. კომპანიას უნდა უზრუნველეყო „მიმზიდველი ადგილის მოწყობა ტურისტებისთვის ქალაქის ხედების დასათვალიერებელი გადმოსახედის სახით“, ინვესტორს საქართველოს არანაკლებ ათი მოქალაქე უნდა დაესაქმებინა.

ადგილზე დათვალიერებით ირკვევა, რომ იქ ჯერ არც გასართობი ობიექტები აუმოქმედებიათ და არც ლიფტია გამართული. შენობაში და არც შენობის ირგვლივ პასუხის გამცემი არავინაა. ლიფტის გამჭვირვალე კარიდან კი მის ფსკერზე დაგუბებული წყალი მოჩანს. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორმა ვალდებულება ვერ შეასრულა. მთავრობა კი „ანბანის კოშკის“ გასართობ ობიექტად გადაქცევას ჯერ კიდევ წინა საკურორტო სეზონზე ვარაუდობდა.

გასულ წელს იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და გარკვეული დროით კაფეც მუშაობდა. ვალდებულებების რა ნაწილი შეასრულა კომპანიამ, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. „კომპანიის დამფუძნებელი აპირებს, რომ მოაწყოს ბრიფინგი ჟურნალისტებისთვის, სადაც ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს. მე არ ვარ კომპეტენტური გიპასუხოთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანიის წარმომადგენლემა ირაკლი ორმოცაძემ. 19 თებერვლამდე ის კომპანიის დირექტორად ფიქსირდებოდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კომპანიამ ვადის გაგრძელება ითხოვა. ახალი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ინვესტორმა ახალ საკურორტო სეზონამდე უნდა შეასრულოს და ამ დროისთვის უნდა უზრუნველყოს კოშკის ახალი განათების დამონტაჟებაც.

რეესტრის მონაცემებით „Boost Spain S.I.“ – ესპანური კომპანიაა და მისი დამფუძნებელი ესპანეთის მოქალაქე ბართლომეო სორელ სელმანკაა. ამავე მონაცემებით, ბართლომეო სორელ სელმანკა ფლობს საქართველოში 2015 წლის აპრილში დარეგისტრირებული კომპანიის – „ბუსტ ჯორჯიას“ 67 პროცენტს, დარჩენილი 33 პროცენტის მფლობელი კი საქართველოს მოქალაქე ზურაბ ნასყიდაშვილია. მათვე დააფუძნეს „ატმ-ანბანის კოშკის მენეჯმენტი“. ზურაბ ნასყიდაშვილი კიდევ ერთი კომპანიის მფლობელია – მან 2014 წელს „ბიზნეს მენეჯმენტ ჯგუფი“ დააფუძნა და კომპანიას ერთპიროვნულად ფლობს. შპს „ატმ – ანბანის კოშკის მენეჯმენტს“ 100%-ით „ბუსტ ჯორჯია“ ფლობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: