Batumelebi | ჯანდაცვის სამინისტროს გაუგებარი პასუხი დეფიციტურ მედიკამენტებზე ჯანდაცვის სამინისტროს გაუგებარი პასუხი დეფიციტურ მედიკამენტებზე – Batumelebi
RU | GE  

ჯანდაცვის სამინისტროს გაუგებარი პასუხი დეფიციტურ მედიკამენტებზე

სახელმწიფოს, კონკრეტულად კი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს განმარტებით, შეუძლებელია გაიგო, რატომ აქვს სახელმწიფოს კვოტები დაწესებული იმგვარად, რომ ადამიანები სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებს ვერ ყიდულობენ. დადასტურებული ფაქტია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზოგიერთი წამალი აფთიაქებში არ იშოვება.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს „ბათუმელებმა“ 18 იანვარს კონკრეტულ, დეფიციტურ მედიკამენტთან დაკავშირებით მიმართა. საუბარია პრეპარატ „ციკლოდოლზე,“ რომელიც პარკინსონით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს აუცილებლად სჭირდება მკურნალობისთვის. ექიმების განმარტებით, „ციკლოდოლის“ [ფსიქოტროპული ნივთიერებაა] გარეშე, პაციენტს შეექმნება მოძრაობის და სუნთქვის პრობლემები.

ადამიანები, რომლებსაც ეს მედიკამენტი სჭირდებათ, ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირა მედიკამენტს ვერ პოულობენ. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ სხვა პაციენტებმაც მოგვწერეს. მათი თქმით, მაგალითად, B ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატ „ტენოფოვირსაც“ ვერ ყიდულობენ.

კონკრეტულად „ციკლოდოლი“, რომელიც პარკინსონით დაავადებულ ადამიანებს სჭირდებათ, კომპანია „გრინდექსს“ შემოაქვს საქართველოში. კომპანიაში „ბათუმელებს“ 18 იანვარს განუმარტეს, რომ სახელმწიფომ დააწესა ეს კვოტა და გაუგებარი მიზეზით მათ მედიკამენტის შემოტანის უფლება არ აქვთ.

18 იანვარს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ კითხვა წერილობით მიგვეწერა. 20 იანვარს სააგენტოს პრესცენტრში განმარტეს, რომ „ტენოფოვირი“ სახელმწიფოს პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტია და ამ კითხვაზე ჯანდაცვის სამინისტრო გვიპასუხებდა, ხოლო „ციკლოდოლთან“ დაკავშირებით პასუხს სააგენტოდან ისევ უნდა დაველოდოთ.

საბოლოო ჯამში კი, დღეს, 27 იანვარს, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ოფიციალურად ეს მოგვწერა:

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში შემოსული თქვენი განცხადების (N2910; 20.01.2021წ.) პასუხად, კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ ინფორმაცია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლსა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებს, ქვეყნის 2020 წლის შიდა კვოტის შესახებ განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე: – http://rama.moh.gov.ge, ველი- სიახლეები. 2021 წლის მდგომარეობით, ქვეყნის შიდა კვოტა, ამ ეტაპზე, განსაზღვრული არ არის“.

წერილს ხელ აწერს სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი – პრომეთე შევარდნაძე.

წერილში მითითებულ მისამართზე [სიახლეებში] არ იძებნება ინფორმაცია კვოტების შესახებ: რატომ აწესებენ კვოტას ისე, რომ ეს საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს? სააგენტოს პასუხით ვერ დგინდება, რა ლოგიკით ადგენს სახელმწიფო კვოტებს და როგორ წარმოუდგენია სახელმწიფოს კონკრეტული მედიკამენტების დეფიციტის პრობლემის მოგვარება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი