მთავარი,სიახლეები

„ალტერნატივამ“ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილზე ფიზიკურად იძალადა

23.01.2021 • 3082
„ალტერნატივამ“ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილზე ფიზიკურად იძალადა

დღეს, 23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ისინი ირაკლი ჩავლეიშვილს ეძახდნენ მოღალატეს იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მაინც შევიდა ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში.

ბულვარის დასაცავად „ბათომის“ მიერ ორგანიზებული აქცია ირაკლი ჩავლეიშვილმა პოლიციის თანხლებით დატოვა, თუმცა მას „ალტერნატივას“ აქტივისტები ევროპის მოედნამდე გაჰყვნენ და ერთ-ერთმა მათგანმა მას ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი დააყარა.

ირაკლი ჩავლეიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მომხდარის გამო არ აპირებს პოლიციას მიმართოს. „მე საჯარო პირი ვარ, თმენის ვალდებულება მაქვს და ამ ახალგაზრდას, რომელსაც მეტი შეგნება არ აქვს, ციხე გაზრდის? პასუხი უნდა მოეთხოვოს იმ ადამიანებს, ვინც მათ აგულიანებს – ვარშალომიძე, კირთაძე, ანთაძე, ისინი აგზავნიან ამათ. მათ უნდათ, რომ ამაზე ააგონ აჟიოტაჟი. მე, პირადად, ჩივილს არ ვაპირებ, მაგრამ იმიტომ არის პოლიცია და პროკურატურა, რომ ასეთ ხალხს მიხედოს“, – ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

ამართლებთ თუ არა მომხდარს? – ვკითხეთ ენმ-ს ერთ-ერთ წარმომადგენელს ბონდო თედორაძეს, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აქციაზე მისულ ჩავლეიშვილს დაუპირისპირდა და „ალტერნატივას“ წევრებს გარკვეულ მითითებებს აძლევდა.

მისი თქმით, ირაკლი ჩავლეიშვილი პრინციპების და იდეის მოღალატეა. „ამიტომ, მოღალატეებს ქუჩაში ზოგი სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს, ზოგი ნაგავს მიაყრის, დამსახურების მიხედვით ეს ყველაფერი“.

ბონდო თედორაძის აზრით, იყო თუ არა ეს ირაკლი ჩავლეიშვილზე ფიზიკური თავდასხმა, სამართალდამცველებმა უნდა შეაფასონ.

ამავე თემაზე:

მონა, მოღალატე – უმაღლესი საბჭოს წევრს ბათუმში აქციაზე დაუპირისპირდნენ

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: