მთავარი,სიახლეები

როდის შეძლებენ მოქალაქეები აჭარაში მაჟორიტარებთან შეხვედრას

04.01.2021 • 2286
როდის შეძლებენ მოქალაქეები აჭარაში მაჟორიტარებთან შეხვედრას

საქართველოს პარლამენტში აჭარის რეგიონი სამი მაჟორიტარი დეპუტატითაა წარმოდგენილი. ახალ დეპუტატებს ბიუროები თავიანთ სამაჟორიტარო  ოლქებში ჯერ არ გაუხსნიათ. მეხუთე მოწვევის პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძეს კი ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ოთხი ბიურო უკვე გახსნილი აქვს.

„მე ახალდამწყები არ ვარ. გახსნილი მაქვს ბიუროები და გააგრძელებენ მუშაობას თავისთავად. არავინ არ გამიშვია. ყველა შეინარჩუნებს სამსახურს. სამი თანამშრომელი იქნება ხელვაჩაურის ბიუროში, დანარჩენ სამ ბიუროში კი ორ-ორი თანამშრომელია,“ – ამბობს ანზორ ბოლქვაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა ინტენსივობით შეხვდება დეპუტატი ამომრჩეველს, ანზორ ბოლქვაძე პასუხობს – როცა ამის შესაძლებლობა იქნება.

„წინასწარ ვერ ვანაწილებ, როდის, სად ვიქნები. შევთანხმდები მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და როდესაც მოსახლეობასთან გასვლა ექნებათ, იმ მომენტშიც მივიღებთ ჩვენც მონაწილეობას. ბიუროებშიც მიიღებენ მოქალაქეებს, პრობლემატურ თემებზე გვექნება საუბარი. გამოცდილება არის და გამოვიყენებთ გამოცდილებას, რომ ამომრჩეველს არ ვაწყენინო და მეხუთეჯერ წავიდე „კრუგში,“ – ამბობს ანზორ ბოლქვაძე.

დაფინანსებაზე საუბრისას ანზორ ბოლქვაძე ამბობს, რომ ბიუროს ხარჯები არ გაიზრდება. გასულ წელს მაჟორიტარის ბიუროს ხარჯებისთვის 108 960 ლარი იყო ბიუჯეტიდან გამოყოფილი.

იურიდიულად დაარეგისტრირა, თუმცა ჯერ მუშაობა არ დაუწყია ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაალ მიქელაძის ბიუროს.

„ქობულეთის მერიასთან უკვე გავაფორმე ხელშეკრულება. ორი თანამშრომელი მეყოლება ბიუროში. როდესაც ჩამოვალ, შევუდგები მუშაობას. სასესიო კვირაში პარლამენტში ვიქნები, ასევე საკომიტეტო მუშაობის დროსაც. სხვა დღეებში კი ვიქნები ბიუროში და მივიღებ მოსახლეობას,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

კითხვაზე, რა თანხა დაიხარჯება ბიუროს მუშაობისთვის, ზაალ მიქელაძე პასუხობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. წინა მოწვევის პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ბიუჯეტიდან 54 200 ლარით იყო დაფინანსებული.

ბიურო ჯერ არ გაუხსნია, თუმცა ადგილი უკვე შერჩეული აქვს ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატ რესან კონცელიძეს. შესაბამის საიჯარო ხელშეკრულებას ის ბათუმის მერიასთან გააფორმებს.

„მერიის შენობაში ვაპირებ იჯარით ფართობის აღებას, სადაც იქნება ბიურო. როცა არ ვიქნები სესიებზე და ვიქნები ბათუმში, მუდმივად ვიქნები ბიუროში,“ – ამბობს რესან კონცელიძე.

მისივე ინფორმაციით, ბიუროში სამი თანამშრომელი იქნება დასაქმებული. ის თავად შეარჩევს ბიუროს თანამშრომლებს და დასამტკიცებლად პარლამენტის აპარატის უფროსს წარუდგენს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: