Batumelebi | აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია და სასამართლო ისევ დისტანციურად იმუშავებენ აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია და სასამართლო ისევ დისტანციურად იმუშავებენ – Batumelebi
RU | GE  

აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია და სასამართლო ისევ დისტანციურად იმუშავებენ

„აჭარის მთავრობა შერეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. სამსახურში მენეჯმენტი აუცილებლად იქნება და ის თანამშრომლები, ვის ყოფნასაც საჭიროდ ჩათვლის მენეჯმენტი,“ – გვიპასუხეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში, სადაც ვიკითხეთ: რა იცვლება პირველი თებერვლიდან აჭარის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში?

პირველი თებერვლიდან უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ნაწილი უქმდება: მაგალითად, ბავშვები და მასწავლებლები სკოლებში ივლიან, ამუშავდება კაფე-რესტორნების ღია ნაწილი, იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი…

თუკი მთავრობა მიიჩნევს, რომ აჭარაში ეპიდსიტუაციის კუთხით პოზიტიური ტენდენციაა და ბავშვებიც კი მიდიან სკოლაში, რატომ არ უნდა იარონ საჯარო მოხელეებმა სამსახურში?

აჭარის მთავრობის აპარატში გვითხრეს, რომ ისინი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციას ასრულებენ და ისევ შერეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მთავრობის პრესცენტრში განმარტავენ, რომ მათი ამოცანაა სერვისების შეუფერხებლად მიწოდება და ის, რომ მოქალაქეებს პრობლემა არ შეექმნათ.

„შესაძლოა, გადაიხედოს ეს რეკომენდაციაც,“ – დასძინეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში.

შერეულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს ბათუმის მერიაც. აქაც ძირითადად მენეჯმენტი დადის სამსახურში, სხვა საჯარო მოხელეები კი – საჭიროების მიხედვით.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურები დღემდე მუშაობენ ადგილზე – უწყებებში. ის თანამშრომლები, რომელთა მოსვლაც ამ ეტაპზე არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას, მუშაობენ დისტანციურად, შერეულ რეჟიმში. საჭიროებიდან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესცენტრიდან.

რატომ არ იცვლება მუშაობის რეჟიმი ბათუმის მერიაში პირველი თებერვლიდან, როცა შეზღუდვების ნაწილი უქმდება? – ბათუმის მერიის პრესცენტრიდან ამ დრომდე განმარტება არ მიგვიღია.

დახურული რჩება სასამართლო სხდომებიც. გასული წლის აპრილიდან ამ დრომდე სასამართლოების ერთიან პორტალზე ტექნიკური ხარვეზის მოტივით აღარც სასამართლოს გადაწყვეტილებები ქვეყნდება.

„გარკვეულ სხდომებზე დაიშვებიან მხოლოდ ჟურნალისტები და პროცესის მონაწილეები. სხვები არა, პანდემიის გამო,“ – გვითხრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა, ინგა ფუტკარაძემ. მისი თქმით, ამ კუთხით ახალი რეკომენდაცია შემუშავებული არ არის და მოსამართლეები ძირითადად დისტანციურ რეჟიმში განიხილავენ საქმეებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი