მსჯავრდებული ლეონიდე მიქაბერიძე მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ის ამბობს, რომ პანდემიის პირობებში პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. პატიმრის თქმით, მათ აღარ აქვთ ადვოკატთან, სოციალურ მუშაკთან, ან სასულიერო პირთან მინის ბარიერს მიღმაც კი შეხვედრის საშუალება, ასევე აკრძალულია ოჯახის წევრებთან ვიდეო პაემნები. ლეონიდე მიქაბერიძემ ციხიდან წერილი „ბათუმელებს“ გამოუგზავნა.
„იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ ზერელედ განმარტა, რომ თითქოს ჩვენს „ჯანმრთელობას უფრთხილდება“, როდესაც კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი მოვითხოვეთ, უტიფრად გვითხრეს, არ გიპასუხებთ და კიდევ თუ მოგვწერა, რეაგირების გარეშე დავტოვებთ თქვენს განცხადებასო…“ – წერს პატიმარი.
ლეონიდე მიქაბერიძის თქმით, პატიმრებს შეუძლიათ ახლობლებს ესაუბრონ ტელეფონით, ოღონდ თვეში მხოლოდ 15 წუთით. პატიმარი წერს, რომ ოჯახის წევრებთან ვიდეოპაემნის უფლებასაც არ რთავენ. ის საპატრიარქოს მიმართავს.
„გვახსოვს საპატრიარქოს აღშფოთება შვილების კეთილდღეობის საბაბით მარიხუანას მოხმარებისა თუ გარკვეული აღლუმების წინააღმდეგ. ჰკითხეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომელი უფრო დამაზიანებელია ჩვენი შვილებისთვის – რამდენიმე ადამიანის აღლუმი, თუ მშობელთან კონტაქტის აკრძალვა? ეს ხომ ის შვილებია, რომელთა გამოც მიტინგებს მართავდნენ? ჰკითხეთ ამხელა სინოდში ერთი მაინც რატომ არ აღმოჩნდა ამ შემთხვევაში დაეცვა ჩვენი შვილების უფლებები და კანონიერი ინტერესები?“ – კითხულობს პატიმარი.
ლეონიდე მიქაბერიძე განმარტავს, რატომ ვეღარ უგზავნიან პატიმრები წერილებს მათთვის სასურველ პირებს, მათ შორის, ჟურნალისტებს:
„2017 წლიდან მაშინდელმა მინისტრმა კახი კახიშვილმა იმისთვის, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციისა და მედიისთვის არ გვეცნობებია პრობლემების და უკანონობის შესახებ, მოცემული სახის კორესპოდენციებს „პირადი სახის კორესპოდენციები“ დაარქვა, გახადა ფასიანი…“ – აღნიშნავს პატიმარი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
ციხეში წერილების დაწერის წესთან დაკავშირებით პატიმარი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ პრობლემაზე – პანდემიის დაწყებამდე ციხეებში სოციალური მუშაკები ზრუნავდნენ პირადი ინფორმაციის, მათ შორის, პირადი კორესპოდეციების დაცულობაზე.
„დაწესებულებაში აღარ არის სოციალური მუშაკი… ჩვენი პირადი ინფორმაცია სრულიად დაუცველია და შესაძლებელია მისი უკანონო დამუშავება-განადგურება ისე, რომ პასუხისმგებელი პირის იდენტიფიციკაციაც შეუძლებელი იქნება,“ – წერს ლეონიდე მიქაბერიძე.
პატიმრის თქმით, ციხეში არსებობს შესაბამისი პროფილის ექიმების პრობლემა. მსჯავრდებული აკრიტიკებს ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ამნისტიასაც.
„მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღწერილი წარმოადგენს მხოლოდ მცირე ნაწილის შეზღუდვებს, მსჯავრდებულთა მხრიდან არ ჰქონია ადგილი არანაირ ინციდენტს, ბოლომდე იტოვებდნენ იმედს, რომ მათი „გაგებით მოკიდება“ სამართლიანად დაფასდებოდა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს არანაირი შეღავათი არ გაუკეთებია, გამოცხადდა ე.წ. ამნისტია, რომლის 44 მუხლიდან 40-ზე მეტ შემთხვევაში მხოლოდ 20-მდე პირი თუ იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, – აღნიშნავს ციხიდან გამოგზავნილ წერილში ლეონიდე მიქაბერიძე.