მთავარი,სიახლეები

ფირფიტების კოლექციონერი, რომელიც უნიკალურ არქივს ქმნის Youtube-ზე

27.01.2021 • 2610
ფირფიტების კოლექციონერი, რომელიც უნიკალურ არქივს ქმნის Youtube-ზე

ციფრული ინდუსტრიის ხანაში ვინილის ჟღერადობა დავიწყებასაა მიცემული. იშვიათად იპოვით ადამიანს, ვისაც შინ ფირსაკრავი შემორჩა და ისევ ფირფიტებზე უსმენს მუსიკას. ვინილის ჟღერადობის მოყვარულებისთვის უკვე წელიწადზე მეტია შეიქმნა სპეციალური იუთუბ-არხი ,,ქართული მუსიკა ვინილზე“, სადაც კარგი ხარისხით გაციფრებული ფირფიტების მოსმენაა შესაძლებელი.

აქ მოისმენთ ჩანაწერებს უიშვიათესი ქართული ფირფიტებიდან – სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულ ანსამბლებს, საგალობლებს, 50, 60, 70-იანი წლების ქართულ ესტრადას, ქართველი საოპერო მომღერლების არიებს, მათ მიერ შესრულებულ უცხოურ რეპერტუარს, ნაწყვეტებს სპექტაკლებიდან, ინტერვიუებს კინოსა და თეატრის ცნობილ ქართველ მსახიობებთან, მათ მიერ წაკითხულ პროზას, პოეზიას და ა.შ.

სასიმღერო თუ სხვა ტიპის შესრულება სათითაოდაა ჩაწერილი და ფლეილისტებადაა დახარისხებული. ერთსა და იმავე ალბომში შესული ჩანაწერები ერთადაა თავმოყრილი. თითოეულ ჩანაწერს და ალბომს დართული აქვს სრული ინფორმაცია შემსრულებლის, ჩაწერის თარიღის, ტექსტისა და მუსიკის ავტორის, ორკესტრის შესახებ, რომელიც აკომპანიმენტს ასრულებს.

ვინილის ფირფიტების ციფრულ ვერსიებს 28 წლის ლუკა შაიშმელაშვილი წერს და იუთუბიზე თითქმის ყოველდღე განათავსებს.

ლუკა ფირფიტების კოლექციონერია. 4 წელია, რაც ქართულ ფირფიტებს აგროვებს, უცხოური ფირფიტების შეგროვება კიდევ უფრო დიდი ხნის წინ დაიწყო.

„სახლში ძველი ფირსაკრავი გვქონდა, მამა ,,Beatles”- ს გვასმენინებდა მე და ჩემს ძმებს ფირფიტებზე. მელომანებად გაგვზარდა. გიტარასა და ფორტეპიანოზე ვუკრავ, სიმღერებს ვწერ. მართალია,მუსიკა ჩემთვის პროფესია არ არის, მაგრამ ჰობზე მეტია.

ვინილის ჟღერადობა ბავშვობიდან ჩარჩენილი მქონდა გონებაში და გადავწყვიტე ოცდაათიოდე ფირფიტისთვის, რაც სახლში გვქონდა, სხვებიც შემემატებინა. ჩამთრევ და საინტერესო ამბებში გავეხვიე. რაც მეტ ფირფიტას ეძებ, მით უფრო უცნაურ ჩანაწერებს აწყდები.

უზარმაზარი კოლექცია მაქვს მშრალი ხიდიდან, განცხადებებიც მიდევს ინტერნეტში, რომ ვიბარებ ფირფიტებს. 400-ზე მეტი ქართული ფირფიტა მაქვს, ასევე ძალიან ბევრი უცხოური ჩანაწერი.

იუთუბიზე წავაწყდი გოგა ქართველიშვილისა და სანდრო ცქიტიშვილის არხებზე ვინილის ჩანაწერებს. ეს ორი ადამიანი ფირფიტების გაციფრების პიონერია საქართველოში, მათ დაიწყეს იუთუბიზე ვინილის მუსიკის ატვირთვა. ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, მეც გამეციფრებინა, რაც მაქვს“, – ამბობს ლუკა.

ეძებს კარგი ხარისხის, ნაკლებად დაკაწრულ ფირფიტებს, ცივ წყალსა და სპეციალურ ხსნარებში რეცხავს – ეს ვინილის წმენდის მეთოდია, რის შემდეგაც დაკვრისას და ჩაწერისას იღებს მაქსიმალურად სუფთა ხმას, რისი მიღებაც კი შესაძლებელია ფირფიტისგან.

ლუკას არაერთი იშვიათი და რარიტეტული ფირფიტა აქვს. ანსამბლ „ვია 75″-ის პირველი ფირფიტა, საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის ჩანაწერები, ანსამბლ „მზიურის“ მეორე თაობის ალბომი, ტელევიზიის როკანსამბლის ფირფიტა, ჯაზ-როკ ანსამბლ ,,ალიონის“ ჩანაწერები და ა.შ.

 

თანამედროვე ხმის ჩამწერ სტუდიებს უზარმაზარი შესაძლებლობები აქვთ, ერთადერთი სინთეზატორით უამრავი სხვადასხვა ინსტრუმენტის ჟღერადობა მიიღება, ხმის გაწმენდაც სრულყოფილადაა შესაძლებელი, რაც საბოლოოდ გაპრიალებულ, უნაკლო ჩანაწერს იძლევა. თუმცა ლუკა მიიჩნევს, რომ ვინილის ჟღერადობას აქვს ის, რაც ძალიან ძვირფასი და შეუფასებელია – ბუნებრივობა:

„როცა კარგ ფირფიტას უსმენ, ყველა ინსტრუმენტის პარტიას ცალ-ცალკე და მკაფიოდ აღიქვამ: დასარტყამ ინსტრუმენტებს, ბასგიტარას, ფორტეპიანოს, სოლოგიტარას, ვოკალს. ეს არ არის დატკეპნილი, ზედმეტად გასუფთავებული და ვირტუალური ხმა. ცოცხალი და ბუნებრივია.

სწორედ ეს ბუნებრივობაა ვინილის ჟღერადობის მთავარი მახასიათებელი.

უამრავი ალბომია, სადაც ცოცხალი ორკესტრი უკრავს და ეს ჟღერადობაა ფირფიტაზე. ცხადია, დასაფასებელია თანამედროვე ტექნოლოგიები. მსოფლიო წინ მიდის და ყველაფერი მარტივდება, მაგრამ ვინილის ჩანაწერებში არის რაღაც ჯადოსნური, რის გამოც უამრავი ადამიანი ისევ სიამოვნებით უსმენს 50, 60, 70-იანი წლების მუსიკას.

უზომოდ საინტერესო 30-მდე ფირფიტა მაქვს, ბითლზის სიმღერებს რომ ასრულებენ ორკესტრები, ბიგბენდები, ლივერპულის და სამეფო სიმფონიური, სასულე, ასევე სიმებიანი ორკესტრები. მალე ამასაც გავაციფრებ. მიხარია იმის გაზიარება სხვებისთვის, რაც ჩემთვის ძვირფასია“, – ამბობს ლუკა შაიშმელაშვილი.

გვიყვება, რომ იუთუბარხის შექმნის შემდეგ უკავშირდებიან და ეკითხებიან რა ფირფიტები აქვს, როდის რას განათავსებს გვერდზე და ელოდებიან ახალ ჩანაწერებს. ამჯერად ლუკას არხი ,,ქართული მუსიკა ვინილზე“ 2500-ზე მეტ ჩანაწერს აერთიანებს, რაც დაახლოებით 140, 150 ფირფიტაა.

ლუკა პროფესიით საბანკო საქმის სპეციალისტია და წლებია მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობს.

„საბანკო საქმის სპეციალისტი ვარ განათლებით. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ხაზინის ანგარიშსწორების საქმეები მაბარია: ვალუტის კურსები, ფილიალების მომარაგება…

ფინანსები დაძაბულობასთან, რუტინასთან, სტრესთან ასოცირდება – არაფერი უნდა შეგეშალოს გადარიცხვებისას. სამსახურის შემდეგ მჭირდება განტვირთვა, რომ მოვწყდე გარემოს, სადაც ძირითად დროს ვატარებ. 6 საათის შემდეგ რასაც ვაკეთებ, ჩემთვის ესაა ძვირფასი დრო, როცა ვუკრავ, სიმღერებს ვწერ, ფირფიტებს ვუსმენ და ვაციფრებ. უზომოდ მაბედნიერებს, როცა ვხედავ, რომ ჩემი არხის მეშვეობით ადამიანები საკუთარ წარსულში ბრუნდებიან, ბავშვობის შემდეგ გაუჩინარებულ სიმღერებს ისევ პოულობენ და ამაზე მწერენ კიდეც. ამ საქმემ ჩემი რუტინული სამსახური გაამრავალფეროვნა“, – ამბობს  ლუკა.

გადაბეჭდვის წესი