მთავარი,სიახლეები

ათავისუფლებს თუ არა მერია ადგილს ბულვარში მცირე ბიზნესებისგან მსხვილი ინვესტორებისთვის 

07.02.2019 • 3396
ათავისუფლებს თუ არა მერია ადგილს ბულვარში მცირე ბიზნესებისგან მსხვილი ინვესტორებისთვის 

პირებს, რომლებსაც ბათუმის ბულვარში უკვე 14 წელია სარესტორნო ბიზნესი აქვთ, შესაძლოა ტერიტორიის დათმობა მოუწიოთ. ბათუმის მერიამ მათ ხელშეკრულებების ვადების გაგრძელების მოთხოვნაზე არ უპასუხა, შემდეგ კი სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერ მფლობელობაში სარგებლობის გამო სასამართლოში უჩივლა. მოიჯარეების ვერსიით, მერია ბათუმის ბულვარში ახალგამოჩენილი მსხვილი ინვესტორებისთვის ადგილს ათავისუფლებს.

მთლიანობაში საქმე ეხება ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 11 ნაკვეთს, რომელიც 2005 წელს ბათუმის მერიამ კონკურსის წესით, იჯარით გასცა. თერთმეტივე ნაკვეთი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვასთან ახლოს მდებარეობს. ფიზიკურმა პირებმა აიღეს ვალდებულება, რომ გადაცემულ ნაკვეთებზე კაპიტალურ შენობებს ააშენებდნენ და ტურისტულ ობიექტებს, ძირითადად სარესტორნო ბიზნესს განავითარებდნენ. მოიჯარეებმა ვალდებულება შეასრულეს, ისინი იხდიდნენ საიჯარო თანხებსაც.

რესტორანი „ლათინო“ ბათუმის ბულვარში ერთ-ერთია მათ შორის, რომლისგანაც მერია ტერიტორიის გათავისუფლებას ითხოვს. ამ შენობის წინ, ბულვარის მხრიდან, კომპანია „ამბასადორ ბათუმი“ ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს. გასულ წელს, ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მიმდებარე ტერიტორია ატრაქციონებისგან გაათავისუფლეს – არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაატანინეს.

 

რესტორანი „ლათინო“ ერთი მხრიდან ბულვარს, მეორე მხრიდან კი ზღვის სანაპიროს ესაზღვრება. აქვს ორსართულიანი შენობა და პატარა ეზო, სადაც საცეკვაო სცენაა მოწყობილი. ეს შენობა მერიას აუდიტმა 155 000 ლარად შეუფასა.

2010-2011 წლებში [ეტაპობრივად და ინდივიდუალურად] მერიამ ამ პირებთან ხელშეკრულებები შეცვალა და რადგან უკვე ამ ტერიტორიებზე შენობებიც იდგა, მას აღნაგობის ხელშეკრულებები უწოდა. ცვლილებით ასევე დაწესდა აღნაგობის საზღაური. 2015 წელს ხელშეკრულებებს ვადა გაუვიდა, რის შემდეგაც მოაღნაგეები მერიისგან ვადის გაგრძელებას ოფიციალურად ითხოვდნენ. მერიამ ვადის გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიიჩნია და 2016 წლის 6 იანვრის ბრძანებით, ხელშეკრულებების ვადის გასვლის მიზეზით, მოაღნაგეებთან დადებული ხელშეკრულებები შეწყდა.

ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო ბათუმის ბულვარი, მოიჯარეების ადვოკატის ზურა ცეცხლაძის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლოს ქონება უზურფრუქტის წესით გადასცეს ბათუმის ბულვარს, იმ პირობით, რომ ბულვარს პირდაპირი წესით გაეფორმებინა ხელშეკრულება ყოფილ მოაღნაგეებთან, იგივე ფასებში სამი წლის ვადით.

2018 წლის ბოლოს კი, ბათუმის მერიამ მესაკუთრეებს წერილობით აცნობა, რომ მათი ხელშეკრულების ვადა გავიდა და ისინი მართლზომიერად მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აგრძელებდნენ ქონებით სარგებლობას. წერილებთან ერთად მოაღნაგეებს აშენებული შენობების საფასურიც გამოუთვალეს და არამართლზომიერი მფლობელობის დროს გადაუხდელი აღნაგობის საფასურის შენობის საფასურში გაქვითვა შესთავაზეს.

აღნაგობის ხელშეკრულება, რომელშიც მათ მერიამ მიწის ნაკვეთების სარგებლობის პირობები გაუწერა, ამავე ქონებების უკან დაბრუნებისას შენობების გამოსყიდვას ითვალისწინებდა – მერია შენობების ღირებულების ორი-მესამედის გადახდის ვალდებულებას იღებდა.

მესაკუთრეები ამ შეთავაზებას არ დასთანხმდნენ. ისინი მერიას არასამართლიან მიდგომაში ადანაშაულებენ, რადგან უწყებამ გადასახდელი აღნაგობის საფასური [2015 წლიდან დღემდე]  საბაზრო ფასით, ხოლო მათ მიერ აშენებული შენობების საფასური არასაბაზრო ფასით [როგორც თვითონ ამბობენ] „ფაქტობრივად კაპიკებში“ დაუთვალა.

„თავის ასაღებ თანხას საბაზრო ფასით ითვლის და ჩვენ რაც უნდა გადაგვიხადოს იმას არასაბაზრო ფასით. ეს სწორია? – მათ უნდათ, რომ ტექნიკური სვლებით გაგვყარონ აქედან და სხვას დაუთმონ ტერიტორია, აგაფარებენ თითქოს კანონს. სინამდვილეში კანონს ეფარებიან და კანონის უკან დამალულია სულ სხვა ინტერესი“, – ამბობს რესტორან „მწვანე ბარის“ მეპატრონე დავით მამულაძე.

რესტორანი „მწვანე ბარი“ ბათუმის ბულვარში ბათუმის მერიას აუდიტმა 95 000 ლარად შეუფასა

გარდა ამისა, მოაღნაგეებს პრეტენზიები აქვთ იმაზეც, რომ მერია სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერ ფლობას და აღნაგობის საფასურის გადაუხდელობას ედავება [2015 წლიდან დღემდე], მაშინ, როცა მოიჯარეები დაჟინებით ითხოვდნენ მათთვის ხელშეკრულებები გაეგრძელებინათ, მიეცათ აღნაგობის საფასურის გადახდის საშუალება ან სხვა რაიმე ფორმა მოეფიქრებინათ, რაც ამ პროცესს სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცევდა. ამაზე მათ მერიას ოფიციალურად რამდენჯერმე მისწერეს. დასტურად რამდენიმე განცხადება გვაჩვენა მოიჯარეების ადვოკატმა ზურა ცეცხლაძემ.

მერიამ მათ არ უპასუხა, არც რაიმე მოიმოქმედა იმისთვის, რომ ამ პირებს უკვე არამართლზომიერ ფლობაში არსებული ტერიტორია დაეტოვებინათ, ანუ მერიას თავისი ვალდებულება არ შეუსრულებია და ამ პირებისთვის შენობის ღირებულების ორი მესამედი არ გადაუხდია. შესაბამისად, მათ მუშაობა იმ ფორმით გააგრძელეს, რა ფორმითაც ამას მანამდე აკეთებდნენ, იმ განსხვავებით, რომ ისინი ვეღარ იხდიდნენ აღნაგობის საფასურს.

„მერიას მივმართეთ განცხადებით ვადის გასვლამდე და ვთხოვეთ,  რომ ვადა გაეგრძელებინა ან გადაეხადა შენობებისთვის გათვალისწინებული თანხა, რადგანაც მესაკუთრეებს თანხა არ გადაუხადეს, ჩვენ დავრჩით მესაკუთრეებად. ვიდრე ამ თანხას არ გადაგვიხდიან, ჩვენ იქ მესაკუთრეებად დავრჩებით“, – ამბობს ერთ-ერთი მოიჯარის, ლევან ბარამიძის შვილი, იაგო ბარამიძე.

მესაკუთრეებს შორისაა საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის საჯარო მოხელე მიხეილ უკლებაც [საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში]. ბიზნესს მისი ძმა, ზურაბ უკლება უძღვება. ამის მიუხედავად,  მთავრობაში სანდო შუამავალი [ფაქტობრივი  მესაკუთრე] ზურაბ უკლებას პრობლემის მოგვარებაში ვერ დაეხმარა – „ისიც დაჩაგრეს“. დიპლომატის ძმას ამ თემაზე საუბარი ოფიციალურად არ სურს.

ოფიციალური მიმოწერა ბათუმის მერსა და მიხეილ  უკლებას შორის კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ როგორ და რის ფასად გეგმავს მერია ამ ქონების გამოთავისუფლებას.

2018 წლის დეკემბერში მერმა ლაშა კომახიძემ ოფიციალური წერილით, ოფიციალურ მოაღნაგეს მიხეილ უკლებას შეახსენა, რომ აღნაგობის საფასურის სახით წელიწადში 3 625 ლარი უნდა გადაეხადა და დღემდე არაფერი გადაუხდია. ასევე განუმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის [122-ე მუხლის მეშვიდე პუნქტი] თანახმად, ის ვალდებულია გადაიხადოს ამ ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5% – 21 230 ლარი, ამას დაემატება პირგასამტეხლოც, უძრავი ქონების საფასური და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა თანხები. საერთო ჯამში კი, როგორც მერიის წერილშია დათვლილი, ყოფილ ელჩს 57 020 ლარი ვალი აქვს ბათუმის მუნიციპალიტეტის.

მიხეილ უკლებას ბათუმის მერმა ორი ანგარიშის ნომერი გაუგზავნა – ერთი, რომელზეც გადასახდელი ქონებით სარგებლობის საფასური, ხოლო მეორე, რომელზეც პირგასამტეხლო უნდა ჩარიცხოს და იქვე მიუთითა, რომ თუ ის დავალიანებას დროულად არ გადაიხდის, მერია კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს.

12 დეკემბერს მიხეილ უკლებამ ბათუმის მერს ასევე წერილობითი აცნობა, რომ აღნაგობის საფასურს გადაიხდის, მაგრამ არა იმდენს, რამდენიც მერიამ გამოუთვალა.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ 2016-2018 წლებში აღნაგობის საფასურის გადაუხდელობა მისი ბრალი არ ყოფილა, ამიტომაც დაკისრებული თანხის გადახდაზე არ თანხმდება და მერიას გარიგებას სთავაზობს. მიხეილ უკლებას განმარტებით, 2016 წელს აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე წერილობით მოსთხოვა მერიას ანგარიშის ნომრის მითითება, სადაც ის აღნაგობის საფასურს გადაიხდიდა, თუმცა უშედეგოდ. ამბობს, რომ „მერიისგან ამ საკითხზე პასუხი დღესაც არ მიგვიღიაო“.

მიხეილ უკლებას პირობები ასეთია: ის გადაიხდის მხოლოდ აღნაგობის საფასურს, „ძველი ტარიფებით“ [წელიწადში 3 945 ლარს] ჯამში 11 835 ლარს. მერიამ კი უარი უნდა თქვას გასაჩივრების უფლებაზე. დიპლომატმა მერს მოლაპარაკების კიდევ ერთი ვარიანტი შესთავაზა.

„ჩვენ მიერ აშენებული შენობის ღირებულება შეადგენს 132 000 ლარს [მერიის განმარტებით ქონება აუდიტმა შეაფასა], საიდანაც შეიძლება თანხები გაიქვითოს მომდევნო წლების იჯარის გადასახადში“, – წერს მიხეილ უკლება. სახელმწიფო მოხელეს, რომელიც სამი წლის განმავლობაში ისე სარგებლობდა სახელმწიფოს ქონებით, რომ ვერ გაარკვია ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად აღნაგობის საფასური სად და როგორ გადაეხადა, იმავე ქონებით სარგებლობა ისევ სურს.

მიხეილ უკლება მერს სთავაზობს, შენობის ღირებულების სრულიად გაქვითვამდე, ექვსი წლის ვადით, გაუფორმონ ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც  მერიამ საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნა, ირკვევა, რომ მერია მოაღნაგეებთან ურთიერთობის გაგრძელებას აღარ აპირებს. ახლა მერიის შესაბამისი სამსახური სასამართლოს გზით ცდილობს იმის გარკვევას, ამ ამბიდან ვის რა თანხა ერგება.

ბათუმის მერის თქმით, საქმე გვაქვს მომენტთან, როდესაც კანონი ცალსახად არ განმარტავს, როგორ უნდა იყოს გაგებული სამოქალაქო კოდექსის კონკრეტული მუხლი [239 – პირველი ნაწილი ]. ლაშა კომახიძის თქმით, მერიის თანამშრომლები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნების, ასევე დავალიანების გაქვითვის მიზნით, ქონების სარგებლობის ვადის გახანგრძლივების საკითხს: „შემდეგ მაკონტროლებელმა რომ არ გვითხრას, რატომ დაუტოვეთ ქონება, ან რატომ დაუთვალეთ საბაზრო ფასით, რადგან კანონი ამის უფლებას არ გაძლევდათო“.

განკარგულების პროექტით ირკვევა, რომ მერიის შესაბამისი სამსახური ამ მუხლის ზუსტ ინტერპრეტირებას ითხოვდა, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან, ასევე პარლამენტისგან, როგორც ყველაზე კომპეტენტური ორგანოსგან. ორივე უწყებამ მერიას ურჩია, რომ ზუსტი განმარტებისთვის სასამართლოს მიმართოს.

კითხვაზე,  სასამართლო პროცესის შემდეგ, თუ ეს სამართლებრივად სწორი იქნება, განიხილავს თუ არა მერია მოიჯარეებთან ხელშეკრულების გაგრძელების საკითხს, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე პასუხობს, რომ ამას იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ეს შენობები ბულვარის ახალ კონცეფციაში ჩაჯდება. ბულვარის ახალ კონცეფციაზე კი ბულვარის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ მუშაობს.

ამავე თემაზე:

ავიწროვებენ თუ არა ბიზნესს ბულვარში „ამბასადორ ბათუმის“ სასარგებლოდ

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: