კაზინომ „ჩაიც“ უნდა დათვალოს და აღრიცხოს – მინისტრის ბრძანება

სამორინესა და აზარტული კლუბის მფლობელები 2021 წლის პირველი მარტიდან ვალდებულები არიან სულ მცირე 36 საათში ერთხელ დათვალონ სალარო, შეავსონ სააღრიცხვო ფორმა და ის შევსებიდან 24 საათში ელექტრონულად წარუდგინონ შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 26 თებერვლის შესაბამისი ბრძანება პირველი მარტიდან შევიდა ძალაში.

ბრძანების მიხედვით, კაზინოსა თუ აზარტული კლუბის მფლობელმა ყოველდღიურად „ჩაის აღრიცხვის ფორმაც“ უნდა შეავსოს.

ჩაი კი, ბრძანებაში შემდეგნაირადაა განმარტებული: „ფული ან/და ჟეტონი, რომელსაც დილერს ან სხვა თანამშრომელს აძლევს მოთამაშე [კლიენტი] დამატებით საჩუქრად ან/და გაწეული მომსახურების სანაცვლოდ“.

წყარო: მინისტრის ბრძანება

მინისტრის ახალი ბრძანებით დამტკიცდა:

  • სალაროს გახსნის/დახურვის აღრიცხვის ფორმა
  • სალაროში სეიფიდან ან სალაროდან სეიფში თანხის/ჟეტონის დამატების/დაბრუნების აღრიცხვის ფორმა
  • მაგიდის გახსნის/დახურვის აღრიცხვის ფორმა
  • სალაროს დათვლის  აღრიცხვის ფორმა
  • ჩაის აღრიცხვის ფორმა

კაზინომ თითოეული სააღრიცხვო ფორმა უნდა აწარმოოს [ელექტრონულად, თანმიმდევრული ნუმერაციით] ყოველდღიურად, მის მიერვე დადგენილი სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით.

წესების დარღვევა ჩაითვლება სანებართვო პირობების დარღვევად, რაც ითვალისწინებს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

„ჩაიც ჩვეულებრივი შემოსავალია და ის იბეგრება. ასე ხდება ბევრ სხვა ქვეყანაში მოქმედ კაზინოებშიც. ამ ფორმების დამტკიცებით რაიმე ახალი ჩვენთან არ ინერგება, უბრალოდ იქნება, ერთიანი სისტემა, წესი, რომლითაც ყველა კაზინო ინფორმაციას ერთნაირად, სტანდარტულად მიაწვდის საგადასახადოს. ასეთ ინფორმაციას საგადასახადოს ისედაც აწვდიდნენ კაზინოები, მათ შორის ჩაის შესახებაც, ოღონდ სხვადასხვა ფორმით“, – გვითხრა ერთ-ერთმა ინფორმირებულმა პირმა. მისივე თქმით, ის შენიშვნები თუ მოთხოვნები, რაც კაზინოებს ჰქონდათ, უკვე დამტკიცებულ წესში 90%-ით არის გათვალისწინებული.

ახალი წესით, ნებართვის მფლობელი ასევე ვალდებულია:

  • „ჟეტონების ფულზე გადაცვლა განახორციელოს მხოლოდ სალაროს მეშვეობით;
  • უზრუნველყოს სააღრიცხვო ფორმების ელექტრონულად აღრიცხვა ისეთი ფორმით, რომელიც მისი საქმიანობის ხასიათის და მოცულობის პროპორციულია და კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოებს;
  • დაამტკიცოს იმ პირთა შეზღუდული წრე, ვინც უფლებამოსილია ჰქონდეს წვდომა ელექტრონულად წარმოებულ სააღრიცხვო ფორმებზე;
  • სალაროს დათვლა განახორციელოს მის მიერ განსაზღვრულ დროს, სულ მცირე 36 საათში ერთხელ, ხოლო შევსებული ფორმა, მისი შევსებიდან არაუგვიანეს 24 საათისა ელექტრონულად წარუდგინოს სსიპ – შემოსავლების სამსახურს. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, ინფორმაცია დააზუსტოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით;
  • სალაროს დათვლის დრო წინასწარ აცნობოს სსიპ – შემოსავლების სამსახურს;
  • შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ჟეტონების რაოდენობის და მათი ნომინალური ღირებულების შესახებ და მათი რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში დამატებით აცნობოს ამის შესახებ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
  • სააღრიცხვო ფორმებში ჟეტონის ნომინალის გრაფაში მიუთითოს ჟეტონზე დატანილი რიცხვი, ხოლო თანხის გრაფაში – ლარის ოდენობა ან მისი ეკვივალენტის ოდენობა იმ დღის არსებული შიდა კურსით ეროვნულ ვალუტაში;
  • სალაროში და მაგიდაზე რეალიზებული ჟეტონებისა და გაცემული თანხების შესახებ ინფორმაცია ასახოს სალაროს სისტემაში“.

ამ დროისთვის საქართველოში არც ერთი კაზინო არ მუშაობს. პანდემიის გამო მათი მუშაობა მთავრობამ 2020 წლის მარტში შეაჩერა.

აჭარაში პირველი მარტიდან, ხოლო სხვა რეგიონებში პირველი აპრილიდან სათამაშო ბიზნესს შეუძლია მუშაობა განაახლოს. თუმცა ბათუმში კაზინოები, დიდი ალბათობით, მუშაობას იქამდე არ განაახლებენ, ვიდრე თურქეთთან სახმელეთო საზღვარი [სარფი] არ გაიხსნება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარაში ჯერჯერობით მხოლოდ 2 სლოტკლუბი გაიხსნა.

ამ თემაზე:

როგორ მოგვარდება საპროტესტო აქციის მონაწილეთა პრობლემები – გეგმა ჯერ არ არსებობს

Art-Covid – აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა

2 მარტს აჭარის ხელოვნების მუზეუმში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, პირველი გამოფენა გაიხსნა. სახელი და კონცეფციაც სიმბოლურად პანდემიასთანაა კავშირში -“Art-covid – მხატვრები პანდემიის პირისპირ”.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები ბათუმელი მხატვრების მიერ იზოლაციის პირობებშია შესრულებული.

ნინო ნიჟარაძე, ხელოვნების მუზეუმის დირექტორი

„პანდემიის პერიოდში მხატვრები ძირითადად სახლში ისხდნენ და ბევრი დრო ჰქონდათ მუშაობისა და ახალი აღმოჩენებისთვის. განაცხადის მიხედვით გასული თვის 12 რიცხვში მხატვრებს უნდა მოეტანათ თავიანთი ნამუშევრები და ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა, როცა უმეტესობამ მოიტანა 2-3 და უფრო მეტი ნამუშევარი. ჯამში 23 მხატვარია წარმოდგენილი, ნამუშევრებს შორისაა სკულპტურა და კერამიკაც” – აღნიშნა ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, ნინო ნიჟარაძემ.

გამოფენაზე ნინო ნიჟარაძის პანდემიის პერიოდში შექმნილი ნამუშევრის ნახვაც შეგიძლიათ.

მხატვრების უმეტესობამ აღნიშნა, რომ ეს პერიოდი, ერთი მხრივ რთული იყო, თუმცა მათ ასევე მიეცათ დრო წარსულის გაანალიზებისა და ახალი აღმოჩენებისთვის. მათ შორისაა ელგუჯა ხაზარაძეც, რომელიც გეგმავს პერსონალური გამოფენის მოწყობასაც.

ელგუჯა ხაზარაძე

„პანდემიის პერიოდში დავიწყე გრაფიკული პორტრეტების ხატვა. მთელი ეს წლები პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდი და უშუალოდ შემოქმედება თითქოს წარსულში იყო დარჩენილი. ახლა კი ვაპირებ ამ მხრივ უფრო აქტიურად ვიმუშაო”- ამბობს მხატვარი ელგუჯა ხაზარაძე.

მხატვარმა ეკა ცინცაძემ გამოფენაზე ორი ნამუშევარი წარმოადგინა შავი ზღვის თემაზე. მისი თქმით, ეს ნამუშევრები გასული წლის სექტემბერში შექმნა, ფოთში ყოფნის დროს, სადაც ბათუმელი, თბილისელი და სოხუმელი მხატვრების ერთობლივი პლენერი იმართებოდა.

ეკა ცინცაძე

ლაშა მახარაძე პანდემიის გამო ესპანეთიდან ბათუმში დაბრუნდა, მისი სამი ნამუშევარი შეგიძლიათ ნახოთ გამოფენაზე, რომელიც ერთიანდება სახელის – Tendidos ქვეშ. ნამუშევრების სერია შერეული ტექნიკითაა შესრულებული.

ლაშა მახარაძე

ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გამოფენის Art-Covid ნახვა დამთვალიერებელს თვის ბოლომდე შეუძლია.

ბათუმიდან სტამბოლისა და მინსკის მიმართულებით ფრენები განახლდება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი სტამბოლისა და მინსკის მიმართულებით  ავიარეისებს აახლებს.

ბათუმიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენა 3 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით შესრულდება ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს. ფრენებს კომპანია Turkish Airlines-ი შეასრულებს.

მინსკის მიმართულებით ფრენები 28 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება. ფრენებს კომპანია Belavia შეასრულებს.

მოქალაქეები პეტიციით ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას ითხოვენ

მოქალაქეები პეტიციით ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით პეტიცია 22 თებერვალს მოამზადეს და მას უკვე მოაწერა ხელი 800-ზე მეტმა ადამიანმა.

„ნოვრუზი არ არის რელიგიური დღესასწაული. ეს გაზაფხულის სახალხო დღესასწაულია, როცა 21 მარტიდან დედამიწის გაცოცხლებას ზეიმობს ყველა ერთად. სიტყვა სპარსულიდან მომდინარეობს და ,,ახალ დღეს“ ნიშნავს.

დიდი ხანია საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების სურვილია ნოვრუზბაირამი იყოს ეროვნული დღესასწაული და უქმე დღედ გამოცხადდეს. საინტერესო იქნება ჩვენს ქვეყანაში ნოვრუზის აღნიშვნა ტურისტული თვალსაზრისითაც. ნოვრუზს მრავალათასწლოვანი ისტორია აქვს, ნახსენებია ვეფხისტყაოსანშიც და ვფიქრობ, საქართველოში, ჩვენს საერთო ოჯახში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნოსს ეს დღესასწაული კიდევ უფრო დაგვაახლოვებს. ჩემთვის ძვირფასია ის ამბავი, რომ პეტიციაზე ხელმომწერები არიან არამხოლოდ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები, არამედ ქართველებიც და სომხებიც”, – ამბობს ადამიანის უფლებათა დამცველი და სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა.

ადამიანის უფლებათა დამცველი და სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა

მარნეულის სოფელ ალგეთში მცხოვრებმა სამირამ პეტიცია, რითაც ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას ითხოვენ, აზერბაიჯანული თემის სხვა აქტივისტებთან ერთად შეადგინა.

პეტიციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველო გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით და ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში ვერ განხორციელდა ისეთი ინტეგრაციული პოლიტიკა, რაც ამ ქვეყნის ეთნიკური უმცირესობებს  თავს აგრძნობინებდა საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად. საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები საქართველოს საკუთარ სამშობლოდ თვლიან, მაგრამ მათი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ თუ კულტურულ  ცხოვრებაში თითქმის შეუმჩნეველია.

მიგვაჩნია, რომ სწორედ კულტურა აკავშირებს და აერთიანებს საზოგადოებას. ამ ერთიანობის აღსანიშნად შესანიშნავი მაგალითია ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც შეტანილია იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. ნოვრუზის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის. ამას მოწმობს ბრწყინვალე ქართული პოემა „ვეფხისტყაოსანიც“. ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მეგობრობის განმტკიცებაში, კულტურული და სოციალური კავშირების  გაძლიერებაში. სახელმწიფოს მიერ ამ  გადაწყვეტილების მიღება, იქნება ჩვენი ქვეყნის მულტიკულტურული წარსულის და აწმყოს აღიარებისკენ და სამომავლოდ მისი განმტკიცებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი”.

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემამ – Global Finance, თიბისი კაპიტალი საქართველოში 2021 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. გამოცემამ წელს 22-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით.

Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ ჟიურისთან ერთად, 2020 წლის განმავლობაში როგორც დაგეგმილი, ასევე დასრულებული გარიგეგები განიხილეს და გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინეს: ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურება და რჩევები, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, ინოვაციური მიდგომა, კონკურენტუნარიანი ფასები და რეპუტაცია ბაზარზე.

„მსოფლიო მასშტაბით, მსხვილ სექტორებში კონსოლიდაციის მოლოდინი დიდია. სწორედ ამიტომ, საინვესტიციო ბანკები წამყვან როლს შეასრულებენ პოსტპანდემიური ეკონომიკის ფორმირების პროცესში. კომპანიებს, ისე როგორც არასდროს, ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ საინვესტიციო ბანკების სპეცილისტები და მათი უნარები, რაც არსებული ვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობებს ქმნის. Global Finance-ის ჯილდო ღირებული გზამკვლევია ახალ რეალობაში“, – ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

„თიბისი კაპიტალი აქტიურად ზრდის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ცნობადობას და კორპორაციების წვდომას დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე.  შედეგად, გასული წლის განმავლობაში, 1 მილიარდ ლარამდე მოცულობის ობლიგაციები გამოვუშვით. აღსანიშნავია ისიც, რომ თიბისი კაპიტალი კრიზისულ პერიოდში აქტიურად აქვეყნებდა კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს გადაწყვეტილების მიღებას უმარტივებდა“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე

2020 წელს, თიბისი კაპიტალის დახმარებით, თიბისი ლიზინგმა საფონდო ბირჟაზე – 58,4 მილიონი ლარის ობლიგაციები, საინვესტიციო კომპანია საქართველოს კაპიტალის ჰოლდინგურმა კომპანიამ – Georgia Global Utilities კი (რომელიც წყლის, წყალარინებისა და ენერგეტიკულ აქტივებს მართავს), ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 250 მლნ დოლარის საერთაშორისო მწვანე ევროობლიგაციები განათავსა. ასევე, თიბისი კაპიტალმა წარმატებით დახურა ორი კერძო განთავსება – ჯამში 25 მილიონი დოლარის ოდენობით.

აქტიური საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, თიპისი კაპიტალმა კრიზისულ ვითარებას პანდემიის პირველივე დღეებში უპასუხა. პირველი ვებინარი ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად, აპრილში ჩატარდა. წლის განმავლობაში თიბისი კაპიტალმა ონლიან კონფერენციას სხვადასხვა ბიზნესსექტორთან დაკავშირებული მოლოდინებისა და სავარაუდო სცენარების შესახებ, 6-ჯერ უმასპინძლა. ამასთანავე, თიბისი კაპიტალი ახლაც განაგრძობს ეკონომიკის აღდგენის დინამიკის შესახებ ყოველკვირეული ანგარიშების მომზადებას, რომლებიც კომპანიებისთვის დამატებითი ინსტრუმენტია არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და საქმიანობის უკეთ დასაგეგმად.

ბათუმიდან სხვადასხვა მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

ბათუმიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა. ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით ფასები დღეის, 2 მარტის, მდგომარეობით ასეთია:

  • ბათუმი – თბილისი 25 ლ.
  • ბათუმი – ქუთაისი 15 ლ.
  • ბათუმი – ხულო 8 ლ.
  • ბათუმი – შუახევი 4 ლ [არ შეცვლილა]
  • ბათუმი – ქედა 2.50 ლ.
  • ბათუმი – ფოთი 8 ლ.

სამარშრუტო ტაქსების მძღოლები აღნიშნავენ, რომ მგზავრობის ფასის ზრდა საწვავის გაძვირებამ გამოიწვია. გარდა ამისა, მათივე თქმით, მგზავრთა რაოდენობა 70%-ით შემცირებულია.

სამარშრუტო ტაქსით ბათუმიდან თბილისამდე მგზავრობა პანდემიამდე 20 ლარი ღირდა, მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა. სხვა მიმართულებებს მხოლოდ 1 ან 2 ლარი დაემატა.

„თუ აქამდე 150 ლარის საწვავი გვყოფნიდა, ახლა 250 ლარი სჭირდება იმდენივე საწვავს. მარტო საწვავზე კი არა, მანქანის ნაწილებზეც საგრძნობლად მომატებულია ფასი, რა ვქნათ მძღოლებმა? 3 კაცი მიმყავს დღეს თბილისში, მეტი არა. ყველაფერი გაძვირდა, საწვავის ფული მაინც ხომ უნდა დავფაროთ მგზავრისგან გადახდილი ბილეთის საფასურით? ესეც არ გამოგვდის ხანდახან“, – ამბობს ბათუმი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ბორის ასანიძე, რომელსაც ბოლო 30 წელია ბათუმიდან მგზავრები გადაჰყავს თბილისში.

ბათუმიდან თბილისის მიმართულებით ბოლო სამარშრუტო ტაქსი ბათუმის [ძველი] სადგურიდან 14 საათზე გადის. გვიანი მარშრუტები თბილისის მიმართულებით გაუქმდა, რადგან მგზავრობას 6 საათი სჭირდება და მძღოლები კომენდანტის საათის დაწყებამდე ჩასვლას თბილისში ვეღარ ასწრებენ.

რაც შეეხება ახალ ავტოსადგურს, კომპანია „მეტროს“ ჯერ მგზავრების გადაყვანა არ განუახლებია.


ამავე თემაზე:

სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ბათუმში მგზავრობის ფასის გაზრდას ითხოვენ | LIVE

„ხშირად შეთანხმებულზე ზედმეტ საქმეს გავალებენ“ – ძიძების დაუფასებელი შრომა რეგულაციებს მიღმა  

ზრუნვის შრომა საქართველოს არაფორმალური ეკონომიკის ნაწილია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანების საქმიანობა სახელმწიფო რეგულაციებსა და მისი დაცვის მიღმა რჩება. ძიძები ოჯახებში ძირითადად მუშაობენ ზეპირი შეთანხმებით და არა ხელშეკრულების საფუძველზე. ამის გამო ისინი მუშაობენ არანორმირებული გრაფიკით ანუ კვირაში 40 საათზე მეტს, მათი მოვალეობები კი ხშირად სცდება “მხოლოდ ბავშვზე ზრუნვას”.

36 წლის მედეა მიქელაძე ჰყვება, რომ მას ძიძადაც უმუშავია და მომვლელადაც, ორივეგან კვირაში  ექვსი დღე, დილიდან საღამომდე უწევდა შრომა. “ძალიან ხშირია, როცა შეთანხმების მიღმა, ზედმეტ საქმეებს გავალებენ, რაც ანაზღაურებაზე არ აისახება. როცა დიაბეტიან პაციენტს ვუვლიდი, მათ შორის ნემსსაც ვუკეთებდი და ა.შ. შეთანხმება იყო, რომ მომევლო ბებოსთვის, მაგრამ შემდეგ დამავალეს კარადის გაწმენდა, სახლის დალაგება… ზოგჯერ ისე გამოდიოდა, რომ ჩემითაც, უთქმელადაც ვაკეთებდი საქმეებს, რომლებიც არ მევალებოდა, მაგრამ არავის დაუნახავს, არ დაუფასებია. ხელფასი მხოლოდ 300 ლარი იყო”, – ჰყვება მედეა.

ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი მუშაობს საოჯახო მშრომელად, უცნობია. ამ საკითხით დაინტერესებული საინიციატივო ჯგუფის – “ალტერნატივა სოციალური განვითარებისთვის” ხელმძღვანელის, სოფო შუბითიძის თქმით, საქართველოში ამ სფეროში დაახლოებით 20 000 ადამიანი მუშაობს.

ქალების დაუფასებელი შრომა

საქართველოში ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის სფეროებში უმეტესად ქალები არიან დასაქმებული, შესაბამისად საოჯახო მშრომელთა ანუ ძიძების, მომვლელების, დამლაგებლების… სრული უმრავლესობა ქალია.

იმის გამო, რომ პატრიარქალურ კულტურაში საშინაო შრომა ქალსა და კაცზე თანაბრად არ ნაწილდება, ძიძებად და მომვლელებად მომუშავე ქალების შრომა სამსახურის შემდეგ უკვე მათსავე ოჯახებში ანაზღაურების გარეშე გრძელდება. ეს მათ, ფაქტობრივად, არ უტოვებს დროს დასვენებისა და, მით უმეტეს, თვითგანვითარებისთვის, ან სხვა ისეთი აქტივობებისთვის, რომლებიც სრულდება არა საჭიროებიდან, არამედ მათი სურვილებიდან გამომდინარე.

“6 წლის ბავშვთან ძიძად ერთი თვე ვიმუშავე და წამოვედი. დილის 08:30-დან საღამოს რვა საათამდე ვმუშაობდი, 300 ლარად. გადაითვალეთ, 11 საათი გამოდის? სულ ფეხზე უნდა იდგე, სრულად მობილიზებული, რომ ბავშვი არ წაიქცეს, ფანჯარასთან არ მივიდეს… როგორც  საკუთარ შვილს ზრდი, სხვისი ბავშვიც ისე უნდა გაზარდო. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

ძალიან გადატვირთული ვიყავი, რვა საათზე სახლში რომ ვბრუნდებოდი, არაფრის თავი არ მქონდა, იმდენად დაღლილი ვიყავი და ვცდილობდი ჩემი ბავშვებისთვის საკვები მომემზადებინა. საჭმლის კეთება და დალაგება ღამის ორ საათამდე მიგრძელდებოდა, მერე დილას, რომ ვდგებოდი და მივდიოდი სამსახურში, უკვე დაქანცული ვიყავი. ასეთ შრომაში 300 ლარი არაფერი არ არის”, – ამბობს მადონა მიქელაძე.

სახელმწიფოსთვის უხილავი მშრომელები

ზრუნვის სფეროში დასაქმებული ქალების ანაზღაურება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს არაპროპორციულია. საშინაო მშრომელთა საათობრივი ანაზღაურება დაახლოებით 4-5 ლარია. სოფო შუბითიძე ამბობს, რომ ძიძების საშუალო თვიური ანაზღაურება დედაქალაქში 650 ლარია, “500-დან იწყება და 800-მდე ადის საშუალოდ, თუმცა გააჩნია დასვენების დღეების რაოდენობას”. ძიძების ანაზღაურება შედარებით უფრო დაბალია რეგიონებში, საშუალოდ 400-500 ლარი.

ბათუმში საძიებო განცხადებებსაც რომ გადახედოთ, ისეთ ანაზღაურებას გთავაზობენ, თითქოს არ აქვთ გააზრებული რამხელა პასუხისმგებლობაა ძიძობა და უბრალოდ ბავშვის დამტოვებელს ეძებენ.

“მაგალითად, ტყუპი ჩვილის ძიძობაში, დილიდან საღამომდე განრიგით, 500 ლარს მთავაზობდნენ დასვენების გარეშე. ასევე, ოთხი წლის ანუ ფეხადგმულ ბავშვთან, რომელთანაც უამრავი საფრთხეა, 11 საათიდან რვამდე განრიგით ანაზღაურება მითხრეს 400 ლარი, საიდანაც ტაქსიში დამეხარჯებოდა თვეში 180 ლარი. თანაც მითხრეს, რომ სამომავლოდ შაბათ-კვირასაც მომიწევდა მუშაობა”, – ჰყვება 22 წლის მედეა კორძაია, რომელსაც ძიძად მუშაობის ორწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის აუტისტური სპექტრის ბავშვთანაც.

“300 ლარი დღეს ისეთი თანხაა, თვიდან თვემდე ვერ გაიტან თავს, არ არის ეს ანაზღაურება შრომის ადეკვატური, თან როცა მოვალეობები ემატება. მაშინ საათები უნდა დააკლონ, ან დღეები, ან საქმე …” – ამბობს მადონა მიქელაძე.

იმის გამო, რომ საშინაო შრომა არაფორმალური ეკონომიკის ნაწილია და რომ დამსაქმებელი უმეტესად კერძო პირია, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, საოჯახო მშრომელები ვერ სარგებლობენ შრომის ან რაიმე სახის სოციალური დაცვის გარანტიებით. საუბარია კუთვნილ (როგორც ანაზღაურებად, ისე ე.წ. უხელფასო) შვებულებაზე და თუნდაც მინიმალური ხელფასის ზღვარზე. თუმცა ამ უკანასკნელთან მიმართებაში სახელმწიფოს ფორმალურად დასაქმებულებისთვისაც ბევრი ვერაფერი აქვს შესათავაზებელი, რადგან საქართველოში სახელმწიფოს მიერ დაწესებული მინიმალური ხელფასი 1999 წლის შემდეგ არ შეცვლილა და იგი დღემდე თვეში 20 ლარია.

სწორედ ამიტომ, პანდემიის პერიოდში, ამ ქალების უმრავლესობა სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამების მიღმა დარჩა:

 “პანდემიის პირველი ტალღის დროს ყველაზე მეტად გაუჭირდათ თვითდასაქმებულებს, მათ ვერ მოახერხეს სახელმწიფოსთვის იმის დამტკიცება, რომ რეალურად სადმე მუშაობდნენ, რადგან არსად იყვნენ დარეგისტრირებულნი. ეს ადამიანები რახან კონტრაქტით არ მუშაობენ, საშემოსავლოს არ იხდიან და არ ჩანან სახელმწიფოსთან, დარჩნენ ყურადღების მიღმა.

ჩვენ გვქონდა შეხვედრები ამ ადამიანებთან იმ დროს, როცა ტრანსპორტიც შეიზღუდა, მათგან ძალიან ცოტა იყო, ვინც დარჩა სამუშაოზე: სამსახურის დატოვება მოუწიათ, ქალაქებიდან რეგიონებში დაბრუნება, ზოგი დღემდე იქ დარჩა.

მეორე ტალღის დროს ზოგმა გვითხრა, რომ დარეგისტრირდა დახმარებაზე, ზოგმა კი რეგისტრაციაც ვერ მოახერხა. ძირითადად დახმარება იმ ადამიანებმა მიიღეს, რომელთა დამსაქმებლებიც ერკვეოდნენ ამ საკითხებში“, – ამბობს სოფო შუბითიძე.

საქართველოს მასშტაბით ძიძების რამდენიმე სააგენტო მუშაობს, მათგან კიდევ უფრო ცოტა უზრუნველყოფს დამსაქმებელსა და მშრომელს შორის ხელშეკრულების გაფორმებას. ამის სანაცვლოდ ისევ ძიძის პირველი ხელფასის დაახლოებით 50% მიაქვს.

ევროპის ქვეყნებში ძიძათა გაერთიანებები წევრებს ფასიან და უფასო სერვისებს სთავაზობენ, მათ შორის, კუნსულტაციებსა და იურიდიულ მხარდაჭერას სამსახურებრივ საკითხებში; წვდომას ონლაინრესურსებზე, ასევე თემატურ სემინარებსა და ვორქშოფებში მონაწილეობას. საქართველოში საშინაო მშრომელების გაერთიანება არ არსებობს, არ არსებობს არც საკომუნიკაციო პლატფორმა, სადაც ამ დარგის მშრომელები ონლაინსივრცეში მაინც შეძლებდნენ გაერთიანებასა და გამოცდილების გაზიარებას.

საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის

აჭარაში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის, ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირველი კურსის სტუდენტებს.

სტუდენტებმა, რომლებსაც სურთ აღნიშნული დაფინანსების მოპოვება, განაცხადი 2021 წლის 5 მარტამდე უნდა გააკეთონ.

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს:

რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე და მათი „ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტი 71%-სა და განეკუთვნებიან ერთ-ერთ  კატეგორიას“;

არიან  მაღალმთიანი აჭარიდან;

სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე;

სტუდენტები, რომლებსაც ან რომელთა მშობლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე.

მოქალაქეებისგან დასაცავად „იაფი სახლის“ ფანჯრებზე ბათუმის მერია გისოსებს აწყობს

„ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში აშენებულ 4 საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე [ჯამში 121 კვ.მ] გისოსების მოწყობაზე ბათუმის ბიუჯეტიდან 6 500 ლარი დაიხარჯება. გისოსები სახლის ფანჯრებზე დამონტაჟდება.

საცხოვრებელი სახლების „პირველი სართულის ღიობების რკინის გისოსებით შეფუთვის სამუშაოების შესრულება უმოკლეს ვადაში“, მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა დაავალა.

საცხოვრებელ სახლებში 2021 წლის 14 თებერვალს მოქალაქეები შეიჭრნენ, თუმცა ისინი პოლიციამ იმავე დღეს გამოიყვანა.

„მოქალაქეების მხრიდან მოხდა თვითნებურად შეჭრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში აშენებულ 4 საცხოვრებელ სახლში. პოლიციის ძალის გამოყენებით გამოსახლებული იქნა აღნიშნული პირები. ყოველდღიურად არსებობს საშიშროება აღნიშნულ ობიექტებში განმეორებით შეჭრისა და ქონების დაზიანების. სწორედ ამიტომ მოგვმართა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შესახებ“, – აღნიშნულია მუნიციპალური სერვისების სააგენტოს განაცხადში.

ამ განაცხადით მერიის სამსახურმა შესყიდვების სააგენტოს მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვაზე თანხმობისთვის მიმართა.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, გისოსების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა უნდა განხორციელდეს ელექტრონული ტენდერის საშუალებით. კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლას, ხელშეკრულების გაფორმებას და სამუშაოების შემდგომ შესრულებას დასჭირდება მინიმუმ 30 კალენდარული დღე. აღნიშნულ პერიოდში კი შესაძლებელია განმეორებით მოხდეს შეჭრისა და დაზიანების ფაქტები“, – აღნიშნულია მერიის სააგენტოს განაცხადში.

საინტერესოა ასევე შესყიდვების პორტალის კითხვებზე მერიის სააგენტოს პასუხები:

  • რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული?
    – აღნიშნული წარმოადგენს დანაშაულს და მისი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია
  • რა რეალური საფრთხე ექმნება შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?
    – აღნიშნული მოვლენით შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. საფრთხე ექმნება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომლის მოვლა-პატრონობა შემსყიდველი ორგანიზაციის ზოგად ვალდებულებას წარმოადგენს
  • ხომ არ აყენებს ვითარება მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას? რატომ?
    – შექმნილი ვითარებით ზიანი ადგება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში აშენებული ბინები შემდგომ გადაეცემა მოქალაქეებს. შესაბამისად, მისი დაზიანების შედეგად ზიანი ადგება არამარტო მუნიციპალიტეტს, არამედ მათ პოტენციურ მესაკუთრეებსაც. აღნიშნული პირები კი არიან სოციალურად დაუცველი ან ეკომიგრანტის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ საცხოვრისს.“

იაფ სახლში ბინების მიღებაზე ბათუმის მერიაში 245 განაცხადია შესული, ბინები კი წელს 80 ოჯახს უნდა გადასცენ.

მას შემდეგ, რაც განაცხადების მიღება შეწყდა, მერიამ პროგრამის კრიტერიუმები რამდენჯერმე შეცვალა.

ბოლო ცვლილებით იაფ სახლში ბინის შეძენის მსურველი არ უნდა მიეკუთვნებოდეს სოციალურად დაუცველთა ჯგუფს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-მდეა.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერიისგან ბინას 4567 ოჯახი ითხოვს

 

აჭარის განათლების სამინისტრო ღარიბი ბავშვებისთვის დაპირებულ კომპიუტერებს აღარ იყიდის

აჭარის განათლების სამინისტრო სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დაპირებულ კომპიუტერებს აღარ ყიდულობს. ამის შესახებ დღეს, 2 მარტს, უთხრეს სამინისტროში „ბათუმელებს“.

კითხვაზე, თუ რატომ გადაიფიქრა სამინისტრომ კომპიუტერების ყიდვა, სამინისტროში ამბობენ, რომ „რადგან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, ეს პროექტი გაჩერდა“.

სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 550 ათასი ლარი უნდა გამოეყო სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, რომლებიც პანდემიის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ სასწავლო პროცესში ჩართვას ინტერნეტისა და კომპიუტერის უქონლობის გამო. ასეთი ბავშვი, კვლევის მიხედვით, აჭარაში 7 ათასზე მეტია. სამინისტრო კი პირველ ჯერზე 1086 ბავშვისთვის აპირებდა ტექნიკის ყიდვას.

სამინისტროში ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ამბობდნენ, რომ ეს თანხა 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო და იანვარში ტექნიკის შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადებას აპირებდნენ. ახლა ირკვევა, რომ სამინისტრომ ტენდერი არ გამოაცხადა. შესაბამისად, 1700-ზე მეტი ბავშვი ისევ კომპიუტერული ტექნიკის გარეშეა.

აჭარის განათლების სამინისტროს არც მეორე ინიციატივა გამოუვიდა. დეკემბრის ბოლოს „ბათუმელებს“ უწყებაში უთხრეს, რომ ბავშვებისთვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, სპეციალურ ფასად შეისყიდიან ინტერნეტპაკეტს. თუმცა დღეს სამინისტროში გვითხრეს, რომ არც ეს პროექტი განხორციელდება – „პროვაიდერებთან მოლაპარაკებები არ შედგა“.

აჭარის განათლების სამინისტროში თავს იმითაც იმართლებენ, რომ ინტერნეტი ბავშვებისთვის საქართველოს განათლების სამინისტრომ შეისყიდა და ეს პროექტი, როგორც გვითხრეს, ისევ გრძელდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში საარსებო შემწეობას 49 478 პირი იღებს, სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა კი 19 284-ია.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი: „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგია“

პირველი ქართული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 21 თებერვალს, საბჭოთა ანექსიამდე ზუსტად 4 დღით ადრე საქართველოს ლეგიტიმურმა დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამართალს, როგორც მეცნიერებას, დიდი ისტორია აქვს, შედარებით ახალგაზრდა დარგია კონსტიტუციონალიზმი. სწორედ ამ საქმის აღორძინებას და სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესების გააქტიურებას უდგას სათავეში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის სამეცნიერო ბაზაზეც უკვე წლებია, აქტიური სამეცნიერო-კვლევითი პროცესები მიმდინარეობს ქართველი თუ უცხოელი მეცნიერებისა და მკვლევრების ჩართულობით.

უნივერსიტეტმა 2019-2020 წლებში კონსტიტუციონალიზმის მიმართულებით ორი ტომი გამოსცა, მზადაა დასაბეჭდათ ტრილოგიის მესამე ტომიც.

აღნიშნულ გამოცემებზე ვესაუბრეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს, სამართლის დოქტორ ბექა ქანთარიას.

[checklist]

  • ბატონო ბექა, როგორ გაჩნდა კონსტიტუციონალიზმის საკითხებთან დაკავშირებით ტრილოგიის გამოცემის იდეა?

[/checklist]

იდეას რაც შეეხება, კონსტიტუციონალიზმის საკითხების შესახებ კრებულის გამოცემასთან დაკავშირებით, 2009 წელს ჩაისახა. გაგვიჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ისეთი კრებული, რომელშიც გამოქვეყნდებოდა როგორც ქართველი, ისე – უცხოელი მეცნიერების, კონსტიტუციონალისტების შრომები საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. ამ გამოცემებს „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგია“ ბატონმა მინდია უგრეხელიძემ უწოდა. კრებულებს ამშვენებს ბატონი მინდიას ძალიან საინტერესო წინასიტყვაობები. საერთოდაც, მისი ხელმძღვანლეობითა და კონცეპტუალური გააზრებით ხორციელდება ეს პროექტები.

ამ დარგის ირგვლივ დაგროვილია ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც დღემდე შეუსწავლელია. საბჭოთა 70-წლიანმა რეჟიმმა განაპირობა ის, რომ ჩვენთან ფაქტობრივად არ არსებობდა კონსტიტუციონალიზმი, თანამედროვე სახელმწიფო სისტემისთვის დამახასიათებელი მმართველობის რეჟიმები, შესაბამისად, ამ საკითხებზე კვლევა-ძიებას აზრი არ ჰქონდა ამ პერიოდში. 90-იანი წლებიდან უკვე დაიწყო ასე თუ ისე კონსტიტუციონალიზმის იდეის კვლავ აღორძიება საქართველოში და დღემდე რამდენიმე ნაშრომი არის გამოცემული მონოგრაფიის ან სახელმძღვანელოს სახით, თუმცა ეს არაა საკმარისი იმისათვის, რომ კონსტიტუციონალიზმი, როგორც დარგი, როგორც მეცნიერება და კულტურული მოვლენა განვითარდეს.

[checklist]

  • მოგვიყევით უფრო დეტალურად სამტომეულის პირველ ნაწილზე.

[/checklist]

2019 წელს გამოცემულ პირველ ტომში, „კონსტიტუციონალიზმი – მიღწევები და გამოწვევები“, თავიდანვე განვიზრახეთ, რომ მას უნდა მოეცვა კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური საკითხები. ამ კრებულში იქნებოდა წარმოდგენილი უცხოელი ავტორები. სხვათა შორის, ძალიან კარგი გამოხმაურება გვაქვს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისგან, შეფასდა რა ნაშრომი როგორც სოლიდურ გამოცემად, რომელიც ყველა ქვეყნის ბიბლიოთეკას უნდა ამშვენებდეს.

კრებულში, გარდა ქართველი ავტორებისა, შესულია 15 უცხოელი კონსტიტუციონალისტის, სამართლის მეცნიერისა თუ პოლიტოლოგის შრომები ამ საკითხებთან დაკავშირებით.

მინდა გამოვყო და ხაზი გავუსვა ერთ-ერთი ავტორის სტატიას, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველ კონსტიტუციას. იგი ეკუთვნის ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორს რეგინა კინერს, რომელიც ბოლო დროს მონაწილეობს ჩვენს საკონსტიტუციო რეფორმებშიც და არის მოწვეული უცხოელი კონსულტანტი.

როდესაც შევთავაზეთ მას ამ კრებულისთვის სტატიის დაწერა, მან თავისი სურვილით ის 1921 წლის კონსტიტუციას მიუძღვნა. ეს ნაშრომი ფაქტობრივად პირველი კვლევაა, რომელიც უცხოელი პროფესორის მიერ მომზადდა პირველ ქართულ კონსტიტუციაზე.

რეგინა კინერი ქართულ კონსტიტუციას დადებითად მიმოიხილავს და, რა თქმა უნდა, გარკვეულ კრიტიკულ მოსაზრებებსაც გამოთქვამს. აგრეთვე შედარებით ანალიზსაც აწარმოებს შვეიცარიის 1874 წლის კონსტიტუციასთან, რომელიც უდევს საფუძვლად ჩვენს კონსტიტუციას. ამ მხრივაც ეს ნაშრომი არის გამორჩეული.

ყველაზე მთავარი, რაც ამ პროექტმა გააკეთა, იყო ის, რომ ქართველი ავტორები გაეცნენ უცხოელი კონსტიტუციონალისტების შრომებს და პირიქით. ეს აუცილებელია ჩვენი მკვლევარების საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით და ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისათვისაც. მოგეხსენებათ, განათლების სისტემა რთულ მოთხოვნას უყენებს უნივერსიტეტებს და ერთ-ერთი მოთხოვნა არის ის, რომ მოხდეს აკადემიური პერსონალის ინტეგრაცია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

[checklist]

  • რაც შეეხება მეორე კრებული?

[/checklist]

რიგით მეორე ტომი უკვე ქართული კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრობლემებს შეეხება. ეს ათასგვერდიანი ნაშრომი 1990-1995 წლებში გამოქვეყნებულ თითქმის ყველა სტატიას, ინტერვიუს თუ ნაშრომს აერთიანებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროცესში უდიდესი შრომა გასწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დიმიტრი ცანავას ხელმძღვანელობით. საუბარია დახლოებით 500-მდე სტატიაზე. ეს არის კრებული, რომელიც უზარმაზარ სამსახურს გაუწევს ყველა იმ მკვლევარს, რომელიც დაინტერესებულია ამ პერიოდის საკონსტიტუციო საკითხებით. – როგორც ბატონი მინდია უწოდებს, კრებული წარმოადგენს 1995 წლის კონსტიტუციის წინმსწრებ ანარეკლს ქართულ პუბლიცისტიკაში. დღესდღეობით ამ მასალების უმრავლესობა დაზიანებული ან გამქრალია, შესაბამისად, უდიდესი შრომა იქნა გაწეული ყველაფრის თავმოსაყრელად და ერთიანად გამოსაცემად.

[checklist]

  • უცხოელი კონსტიტუციონალისტები მაღალ შეფასებას აძლევენ პირველ ქართულ კონსტიტუციას. რა პროგრესულ იდეებზეა საუბარი? 

[/checklist]

საქართელოს 1921 წლის კონსტიტუცია ძალიან რთულ პერიოდში დაიწერა. იმ დროს არ იყო არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ მშვიდობიანი პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური თუ სამრთლებრივი გარემო. მიუხედავად ამისა, ჩვენმა მამა და დედა დამფუძნებლებმა მოახერხეს და შექმნეს ერთერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია მთელი ევროპის კონტინენტზე.

თუკი პირველ რიგში სტრუქტურას დავუკვირდებით, იგი ძალიან კარგადაა ჩამოყალიბებული; 17 თავისაგან შემდგარი კონსტიტუცია ლოგიკურადაა დალაგებული.

რაც ყველაზე მეტად თვალში საცემია და ამას ყველა ამჩნევს და აფასებს, არის ის, რომ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. 4 თავი სწორედ ამ თემაზე საუბრობს. ეს თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ადამიანის უფლებები პრიორიტეტული იყო. მაგალითად, კონსტიტუცია ამბობს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია; კონსტიტუციაში წერია, რომ კონსტიტუცია უზენაესია და ყველა სხვა კანონი, დეკრეტი თუ განკარგულება უნდა შეესაბამებოდეს მას. ესეც თავისთავად არის სიახლე იმ დროისათვის.

ასევე უნდა აღვნიშნო სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი, რომელსაც ხაზს უსვამს  კონსტიტუცია და ის ემორჩილება მხოლოდ კანონს. სეკულარიზმის იდეებია ასევე წინ წამოწეული; ქალთა, ეროვნულ უმცირესობათა, სახელმწიფო მოხელეთა უფლებები – ეს ყველაფერი ასახულია პირველი რესპუბლიკის უზენაეს კანონში.

ასევე კონსტიტუცია ამბობს, რომ ხალხი არის ხელისუფლების წყარო და ამ ხელისუფლებას ხალხის სახელით ახორციელებს პარლამენტი. ასევე იქ არის საუბარი მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის, მთავრობის კოლეგიალური საქმიანობის პრინციპებზე, განმტკიცებულია დებულებები ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე.

[checklist]

  • როგორი იყო მაშინდელი გეოპოლიტიკური სიტუაცია და როგორ აისახა ის პირველი ქართული კონსტიტუციის შედგენის დროს?

[/checklist]

როგორც აღვნიშნეთ, მაშინდელი კონსტიტუცია არის სინთეზი ევროპული კონსტიტუციებისა. შვეიცარიის მოდელი შედარებით რბილია, რადგან მთავრობის წარმომადგენლები 7 წლის ვადით ინიშნებიან და პოლიტიკურად პასუხისმგებლები არ არიან პარლამენტის წინაშე. ეს მოდელი ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობის გამო არ გამოგვადგებოდა. შესაბამისად, დადგინდა, რომ მთავრობა და მთავრობის თავმჯდომარე ემორჩილება პარლამენტს.

თუმცა მეორე მხრივ, არც მთავრობის დათხოვნა იყო ძალიან მარტივი საქმე და რთულ პროცედურებს უკავშირდებოდა.

რაც შეეხება პრეზიდენტის თანამდებობას, იგი უარყოფილი იქნა თავიდანვე, რადგან სოციალ-დემოკრატები პრეზიდენტს მონარქად განიხილავდნენ და საფრთხეს ხედავდნენ მასში, რომ მას უარი არ ეთქვა არჩეულ ხელისუფლებაზე.

მის ნაცვლად, პრეზიდენტის კომპეტენციების ნაწილი გადავიდა მთავრობის თავმჯდომარეზე, რომელსაც პრეზიდენტის ზოგიერთი უფლება-მოვალეობები დაეკისრა.

რაც შეეხება გეოპოლიტიკურ სიტუაციას ზოგადად, იმ პერიოდში, საქართველო ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში იმყოფებოდა. მთავრობის პასუხისმგებლობა იყო ის, რომ იგი უნდა ყოფილიყო პოლიტიკურად ძლიერი, რომ მრავალი გამოწვევისთვის ეპასუხა.

[checklist]

  • და ბოლოს, რაც შეეხება მესამე წიგნს – ტრილოგიის დასკვნით ნაწილს?

[/checklist]

მესამე ტომი მიეძღვნება კონსტიტუციის ასი წლის იუბილეს, რომელიც 2021 წლის მაისში გამოვა. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც კონსტიტუციის იუბილის ამგვარი აღნიშვნა ხდება ხოლმე. ეს პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის თაოსნობით, მონაწილეობითა და მხარდაჭერით. ჩვენ ამისთვის მზადება 2020 წლის 21 თებერვლას დავიწყეთ, როცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩავატარეთ შეხვედრა ბატონ მინდია უგრეხელიძის ხელმძღვანელობით, სადაც გაცხადდა, რომ ერთი წლის თავზე მოვამზადებდით კიდევ ერთ კრებულს.

კრებულში 11 სახელმწიფოს 30-მდე უცხოელი პროფესორი და მკვლევარი საზეიმოდ ულოცავს ქართველ ხალხს კონსტიტუციის ასი წლის იუბილეს. თუმცა აქ მხოლოდ მილოცვას არ შეხვდებით, მათი უმეტესობა აფასებს იმდროინდელ კონსტიტუციას და მიაჩნიათ, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციაა მთელი ევროპის კონტინენტზე, რომელიც გაჯერებულია ადამიანის უფლებათა შესახებ პროგრესული იდეებით.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს კონსტიტუციონალიზმის, როგორც მეცნიერების განვითარებას საქართველოში და ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

კონსტიტუციონალიზმის საკითხების კვლევა ტრილოგიით არ დასრულდება.  მიზნად გვაქვს დასახული სამართლის ამ დარგში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანადგომით  განვახორციელოთ არაერთი საინტერესო პროექტი.

მოქალაქემ პროკურატურას სასამართლო დავა მოუგო

ბათუმელმა ნინო ბასილაძემ საქართველოს მთავარ პროკურატურას სასამართლო დავა მოუგო. მოსამართლე დავით წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაადგინა, რომ პროკურატურა უკანონოდ მოიქცა.

ნინო ბასილაძე 2011 წლიდან მუშაობდა აჭარის პროკურატურაში. მან ეს სამსახური 2019 წელს საკუთარი სურვილით დატოვა მას შემდეგ, როცა ჯერ უფასო დეკრეტული შვებულებით, შემდეგ კი, შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა არ მიეცა. ნინო ბასილაძემ უკანონოდ მიიჩნია მისი, როგორც საჯარო მოხელის შეფასება [2018 წლიდან საჯარო მოხელეები წელიწადში ერთხელ ფასდებიან პროფესიული ნიშნით]. ნინო ბასილაძეს პროკურორებმა დაბალი, თუმცა დამაკმაყოფილებელი შეფასება დაუწერეს.

„სასამართლომ თქვა, რომ ნინო ბასილაძის შეფასება იყო არასწორი და დაავალა საქართველოს პროკურატურას მისი შეფასება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ანა ბერძენიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“. იგი სასამართლოში ნინო ბასილაძის ინტერესებს იცავდა. სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს ჯერ არ ჩაბარებიათ, თუმცა მათ მოსამართლის შეფასება სასამართლო დარბაზში უკვე მოისმინეს.

„სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ეს გადაწყვეტილება იყო უკანონო, რადგან საჯარო მოხელის შეფასების დროს დარღვეული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, შეფასება არ იყო გამჭვირვალე და ობიექტური. პროკურატურის გადაწყვეტილება იყო იმდენად დაუსაბუთებელი, რომ სასამართლომ ის გააუქმა,“ – გვიყვება იურისტი ანა ბერძენიშვილი.

სასამართლო პროცესზე პროკურატურის არგუმენტი იყო ის, რომ კანონის მოთხოვნების დაცვით შეაფასეს ნინო ბასილაძე და ახლა მის შეფასებას აქტუალობა დაკარგული აქვს, რადგან ბასილაძემ საკუთარი ნებით დატოვა სამსახური.

„ამ ნაწილში ნინო ბასილაძემ აღნიშნა, რომ საჯარო მოხელის შეფასების შესახებ მონაცემები საჯარო სამსახურის ბიუროში ინახება და ეს მნიშვნელოვანია,“ – დასძინა ანა ბერძენიშვილმა. იურისტი განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში სამართლიანი და ობიექტური შეფასება მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა სხვა საჯარო სამსახურმა კონკრეტული პირის დასაქმებაზე უარი მარტივად თქვას – წინა სამსახურში დაბალი შეფასების მოტივით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის – თუკი ვინმე მათ უკანონოდ ჩამოშორებას გადაწყვეტს, სასამართლოში დავას აზრი აქვს.

„ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ პროკურატურა, რომელიც არის მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანო, რომელიც უნდა იძიებდეს დანაშაულს და იცავდეს ადამიანის უფლებებს, თვითონ არღვევს უხეშად მასთან დასაქმებული ქალის უფლებას, რომელიც ითხოვს დეკრეტულ შვებულებას. მისი ეს მოთხოვნა გახდა შემდეგ მისი დისკრედიტაციის და დევნის საფუძველი. ის, რომ ნინო ბასილაძემ თავისი ნებით დატოვა სამსახური, არაფერს ცვლის – გამოდის, რომ მას აიძულეს ამ სამსახურიდან წასვლა,“ – აღნიშნავს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.

ნინო ბასილაძე პროკურატურაში დაბრუნებას არ აპირებს. 2019 წელს, როცა მან სასამართლოს სარჩელით მიმართა, „ბათუმელებთან“ თქვა, რომ მისთვის მთავარი სიმართლის დადგენაა.

2019 წელს ნინო ბასილაძის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე კობა გოცირიძემ არ განიხილა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ სარჩელი განსჯადობის მიხედვით თბილისს უნდა განეხილა, რადგან სასამართლოში წასვლამდე, პროკურატურის თანამშრომელმა გენპროკურორ შალვა თადუმაძესაც მიმართა.

„მთავარ პროკურატურას ერთი წინადადებითაც არ უმსჯელია, რატომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ნინო ბასილაძის ადმინისტრაციული საჩივარი,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

ბათუმში მოსამართლე კობა გოცირიძემ ასევე უარი თქვა მტკიცებულების სახით მიეღო ნინო ბასილაძის პროკურორებთან შეხვედრის აუდიოჩანაწერი. მოსამართლემ აღნიშნს, რომ საუბრის ჩაწერას ნებართვა სჭირდებოდა. იგივე ჩანაწერი თბილისის საქალაქო სასამართლომ მტკიცებულებად დაუშვა. მოსამართლე დავით წერეთელს მიიჩნია, რომ საჯარო სხდომაზე ჩანაწერის გაკეთებას ნებართვა არ სჭირდება.

სილქნეტმა თავსატეხებისა და თამაშების პირველი ქართული პორტალი აამოქმედა

ყველა ჟანრის 500-ზე მეტი თამაში ხელმისაწვდომია, როგორც სმარტფონისთვის, ისე პერსონალური კომპიუტერული მოწყობილობისთვის

ჟანრობრივად დაყოფილ თამაშებს  თან ერთვის მოკლე ინფორმაცია და ვიდეო გიდი. შესაძლებელია  ჩამოტვირთვა და ინდივიდუალურად თამაში, ასევე აქვს მულტიფლეიერის კატეგორია, სადაც მეგობრებთან ერთად გართობას შეძლებთ

პორტალი ყველა თამაშს პრემიუმ ვერსიით სთავაზობს მსურველს: ცნობილი სტრატეგიული თამაშები და საუკეთესო გასართობი ნაკრები , სპორტის სახეობები, ხატვა, ფაზლი, ტიკ ტაკითამაშების სირთულე, ბარიერები და ყველა დონე გათვლილია სხვადასხვა ასაკის და ინტერესის მოთამაშეზე.  

Silk Games სერვისის 30 დღიანი სარგებლობის საფასური  5 ლარია

მომხმარებელი რეგისტრირდება მობილური ნომრით და ამავე ნომრის ანგარიშზე შეაქვს საფასური. მომდევნო 30 დღის მანძილზე კი აქვს წვდომა თამაშების სრულ ვერსიაზე და სრულ ფუნქციონალზე შეუზღუდავად. იმ შემთხვევაში, თუ 31- დღეს მობილური ნომრის ანგარიშზე საკმარისი თანხა არ აღმოჩნდება, მომსახურება ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 30 დღით იმავე პირობითსერვისის დეაქტივაციის სურვილის შემთხვევაში  მომხმარებელმა უნდა გააგზავნოს SMS- სიტყვით “NO” ნომერზე 90066.

თამაშების პორტალზე რეგისტრაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ აქტიური მობილური ნომრისთვის.  

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კრებული კონსტიტუციის 100 წლისთავზე

პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წელი

ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს

პირველი ქართული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 21 თებერვალს, საბჭოთა ანექსიამდე ზუსტად 4 დღით ადრე საქართველოს ლეგიტიმურმა დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო.

კონსტიტუციის ტექსტი, რომელსაც საფუძვლად ევროპული კონსტიტუციები უდევს, 3 წლის განმავლობაში მუშავდებოდა საკონსტიტუციო კომისიის მიერ. მაშინ ნოე ჟორდანია აღნიშნავდა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებით, რესპუბლიკური მმართველობის შემოღებითა და კონსტიტუციის მიღებით „ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ ხალხი ევროპიული და დემოკრატიული“.

კონსტიტუციონალიზმი – ქართული სამართლის ახალგაზრდა დარგი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამართალს, როგორც მეცნიერებას, დიდი ისტორია აქვს, შედარებით ახალგაზრდა დარგია კონსტიტუციონალიზმი. სწორედ ამ საქმის აღორძინებას და სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესების გააქტიურებას უდგას სათავეში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის სამეცნიერო ბაზაზეც უკვე წლებია, რაც აქტიური სამეცნიერო-კვლევითი პროცესები მიმდინარეობს ქართველი თუ უცხოელი მეცნიერებისა და მკვლევრების ჩართულობით.

საბჭოთა კავშირის 70-წლიანმა დიქტატურამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ქართული კონსტიტუციის ისტორია და კვლევითი პროცესები.  შესაბამისად, ამ დარგის ირგვლივ დაგროვდა პრობლემები, რომლებიც ფაქტობრივად შეუსწავლელია.

ბექა ქანთარია
ბექა ქანთარია

„მიუხედავად იმისა, რომ 1990-იანი წლებიდან დღემდე არაერთი მონოგრაფია თუ სამეცნიერო სტატიაა გამოქვეყნებული, ჩვენ არ გვაქვს ერთიანი ბაზა, საფუძველი ახალგაზრდა მკვლევარებისთვის; არსებული მასალები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ დარგში დაგროვილი ფუნდამენტური პრობლემები სიღრმისეულად შეგვესწავლა, რომელსაც მოიცავს კონსტიტუციონალიზმი, როგორც მეცნიერება, ფილოსოფია და როგორც კულტურული მოვლენა“, აღნიშნავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი ბექა ქანთარია.

სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად პროფესორ მინდია უგრეხელიძისა და ასოცირებული პროფესორის ბექა ქანთარიას ინიციატივით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიგეგმა და განხორციელდა მასშტაბური პროექტები.

გამოცემული არის ორი კრებული კონსტიტუციონალიზმის საკითხებთან დაკავშირებით. 2019 წელს გამოიცა ტრილოგიის პირველი ტომი, „კონსტიტუციონალიზმი – მიღწევები და გამოწვევები“. კრებული იმითაა გამორჩეული და საინტერესო, რომ პირველად ქართული სამართლის მეცნიერებაში აქ წარმოდგენილია 15 უცხოელი პროფესორის შრომები საკონსტიტუციო სამართლის აქტუალურ საკითხებზე. ქართველ ავტორებს საშუალება ეძლევათ წარმატებული ინტეგრაცია მოახდინონ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ავტორი, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი, რეგინა კინერი სიღრმისეულად მიმოიხილავს 100 წლის წინანდელ პირველ კონსტიტუციას და აღნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუციაა იმდროინდელ ევროპაში.

პროფესორი მინდია უგრეხელიძე პროექტს აფასებს როგორც გლობალურ, ისე ლოკალური მნიშვნელობის მქონე მოვლენად. ერთი მხრივ, პრობლემატიკისა თუ თემატიკის მოცულობა და განზომილება, აგრეთვე ავტორთა ფართო შემადგენლობა, მეორე მხრივ, კი საქართველოში კონსტიტუციონალიზმისადმი მზარდი ინტერესი განაპირობებს პროექტის უაღრესად ფასდაუდებელ მნიშვნელობას ქართული კონსტიტუციონალიზმისათვის.

მინდია უგრეხელიძე
მინდია უგრეხელიძე

„დიდად მისასალმებელია, რომ ქართული მეცნიერების ამ მიღწევაში წვლილი აქვთ შეტანილი როგორც ძველი, ისე საშუალო, და რაც მთავარია, სრულიად ახალი თაობის სამართლისმცოდნეებს – როგორც თეორეტიკოსებს, ისე პრაქტიკოსებს; ასევე, როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს“, აღნიშნავს ბატონი მინდია უგრეხელიძე პირველი ტომის წინასიტყვაობაში.

მასშტაბურ კვლევით პროექტში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში არამხოლოდ აკადემიური პერსონალი, არამედ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებიც აქტიურად არიან ჩართულები. როგორც ბექა ქანთარია აღნიშნავს, მათი შრომა განსაკუთრებით მეორე ტომზე მუშაობის დროს გამოიკვეთა.

კონსტიტუციის წინმსწრები ანარეკლი

„საკონსტიტუციო იდეები და პროცესები ქართულ პუბლიცისტიკაში – ბრძოლა კონსტიტუციური დემოკრატიისთვის 1990-1995 წლები“ – ასე ჰქვია ათასგვერდიან კრებულს, რომელიც ეხება კონსტიტუციონალიზმის საკითხებს, სადაც მთლიანად ქართული კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრობლემებზეა საუბარი.

კრებულში თავი მოიყარა ყველა იმ პუბლიცისტურმა წერილმა, ინტერვიუმ თუ სტატიამ, რომლებიც იმდროინდელ საკონსტიტუციო რეფორმას ასახავს.

„ზოგიერთი იმდროინდელი გამოცემა დაკარგულია, ზოგი – დაზიანებულია. ვფიქრობ, ამით ძალიან დიდ დახმარებას გავუწევთ მომავალი თაობის მკვლევარებს და კონსტიტუციონალისტებს, რომლებისთვისაც ამ კრებულში, ფაქტობრივად, ყველა მასალა ერთიანად იქნება წარმოდგენილი“, აღნიშნავს ბექა ქანთარია.

როგორც ბატონი მინდია უგრეხელიძე აღნიშნავს, მეორე ტომი წარმოადგენს „1995 წლის კონსტიტუციის წინსმსწრებ ანარეკლს ქართულ პუბლიცისტიკაში და არის საკონსტიტუციო საკითხების მემატიანე, რომელიც იმდროინდელი ქართველი ჟურნალისტების, კონსტიტუციონალისტების, ისტორიკოსების, პოლიტოლოგების, საზოგადო მოღვაწეებისა და საკონსტიტუციო საკითხებით დაინტერესებული ჩვეულებრივი მოხალისეების, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მიერ დაიწერა“. კრებულში ფართოდაა ასახული ასევე საკონსტიტუციო პროცესები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიასა და პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მიმდინარეობდა.

როგორ აფასებდნენ პირველ ქართულ კონსტიტუციას საერთაშორისო მკვლევრები

საქართველოს პირველი კონსტიტუცია რთულ პერიოდში დაიწერა. იმდროინდელი სახელმწიფო მოღვაწეები აქტიურად ეცნობოდნენ სხვადასხვა წამყვანი ევროპული სახელმწიფოების კონსტიტუციებს; აქტიურად მიმდინარეობდა მთარგმნელობითი პროცესიც.

საბოლოო ჯამში კი, როგორც ბექა ქანთარია აღნიშნავს, ქართველმა ერმა თავად დაწერა კონსტიტუცია, რომელსაც წარმატებული ქვეყნების საკონსტიტუციო მარგალიტები დაედო საფუძვლად, ეროვნული სულისკვეთების გათვალისწინებით.

თანამედროვე მკვლევრები ერთხმად აღნიშნავენ იმ პროგრესული იდეების თაობაზე, რომლითაც გამსჭვალული იყო პირველი ქართული კონსტიტუცია

„მაგალითად, პირველ ქართულ კონსტიტუციაში მთელი ოთხი თავი ეთმობა ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც უჩვეულოა მაშინდელი ევროპული კონსტიტუციებისთვის“, განმარტავს ბექა ქანთარია.

მაშინდელ საქართველოში მიიჩნევდნენ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია; რომ ხალხი არის ხელისუფლების წყარო და ამ ხელისუფლებას ის პარლამენტის საშუალებით ახორციელებს, პარლამენტის წინაშე კი მთავრობაა პასუხისმგებელი.

სწორედ პოლიტიკურად პასუხისმგებელი მთავრობა იყო ძლიერი ხელისუფლების გარანტია იმ დროინდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი

მესამე ტომი, რომლის გამოცემაც კავკასიის საერეთაშორისო უნივერსიტეტში მაისშია დაგეგმილი, კონსტიტუციის ასი წლის იუბილეს ეძღვნება. ტომში წარმოდგენილია 11 სახელმწიფოს 30-მდე უცხოელი პროფესორის საზეიმო წერილი, სადაც არამხოლოდ ულოცავენ უცხოელები ქართველ ერს კონსტიტუციის ასი წლის იუბილეს, არამედ აფასებენ მას და ერთხმად აღნიშნავენ, რომ პირველი ქართული კონსტიტუცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პროგრესული დოკუმენტი იმდროინდელ ევროპაში. გარდა ამისა, კრებულში მკითხველი გაეცნობა უცხოელი და ქართველი მეცნიერების სტატიებს სამართლის ფუნდამენტურ საკითხებზე.

დარწმუნებული ვართ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პროფესორ მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თაოსნობით, სხვა მეცნიერებთან და მკვლევრებთან ერთად, კიდევ უფრო დიდ როლს შეასრულებს ქართული კონსტიტუციონალიზმის სკოლის აღორძინებაში.

ქუთაისის მაჟორიტარი კომპანიას მოუწოდებს, ჰესის მშენებლობაზე ადგილობრივები დაასაქმოს

დღეს, 2 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები გამოეხმაურნენ.

პარლამენტის ტრიბუნიდან ნამახვანი ჰესის საკითხი მხოლოდ მას შემდეგ გაისმა, რაც 28 თებერვალს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი გამოვიდა ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად.

დღეს პარლამენტარები ამბობდნენ, რომ მოსახლეობასა და მთავრობას შორის სწორი კომუნიკაცია არ არის და არაინფორმირებულია ხალხი, რომელიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

ქუთაისის მაჟორიტარმა, ზაზა ლომინაძემ კი დასაქმების ნაწილს გაუსვა ხაზი და თქვა, რომ კომპანიამ საკმარისი ადგილობრივები არ დაასაქმა.

„მინდა გამოვეხმაურო 28 თებერვალს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე ჩატარებულ აქციას და კიდევ ერთხელ მოვუწოდო დეპუტატებს და თქვენც ბატონო თავმჯდომარე, აუცილებელია არ დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა მოსახლეობისთვის. იმიტომ, რომ დღეს ვხედავთ სიტუაციას, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც აიტაცეს ეს თემა და აპროტესტებენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რაც საქართველოში ხდება, რაც აუცილებელია ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის. ვიყოთ ჩართული ამ თემაში ჩვენ, პარლამენტარები, მთავრობა და ადგილობრივი მოსახლეობა.

მოვიწვიოთ დამატებით ჩვენთან, ტელევიზიაში, პრესა, რომ მაქსიმალური ინფორმირებულობა გვქონდეს საქართველოს მოსახლეობაში.

შთაბეჭდილება რჩება ისეთი, რომ ზუსტად არაინფორმირებულობა არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე იყო ჩასული ჩვენი მოსახლეობა, რომელიც აპროტესტებდა უმნიშვნელოვანეს ჰესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, ნამახვანის მშენებლობას.

ასევე მოუწოდოთ იქ ხელმძღვანელობას, ვისაც გაუფორმეთ ხელშეკრულება, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ჩვენი მოსახლეობის დასაქმება იქ.

დღევანდელი ინფორმაციით, სამწუხაროდ, არ არის ეს ყველა პირობა შესრულებული მათი მხრიდან, ამიტომ გთხოვთ, რომ დეპუტატებსაც და თქვენც მხარი დაუჭიროთ ამ შეხვედრას, რაც ფართო მასშტაბით გადაიცემა პირდაპირი ეთერით და გაგრძელდება ეს თემა სხვადასხვა ტელევიზიებში,“ – თქვა ზაზა ლომინაძემ თავის გამოსვლაში.

ზაზა ლომინაძეს დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც.

„მთავრობა არ იტყვის უარს, თუ პარლამენტისგან ასეთი მოთხოვნა იქნება. მიმდინარე კვირაში დაგეგმილი გვქონდა მინისტრის საათი, სადაც შს მინისტრის უნდა მოვუსმინოთ. თუ იქნება კონსულტაციები და შეთანხმება, შეგვიძლია პლენარულ ან საკომიტეტო ფორმატში მოვუსმინოთ სწორედ სხვა პროფილის მინისტრებს, მთავრობას ზუსტად ამ თემაზე და არა მართლწესრიგის საკითხებზე, რაც შეიძლება მომდევნო კვირისთვის გადაიდოს,“ – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

განცხადება გააკეთა პარლამერნტარმა ბექა ოდიშარიამ და ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი მანაც „კომუნიკაციურ პრობლემად“ შეაფასა.

„არ დავიწყებ ნამახვანი ჰესთან წარმოშობილ კომუნიკაციურ პრობლემასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრების გაზიარებას. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ მხარს ვუჭერ თითოეულ აქ დარბაზში მყოფ კოლეგას, რომელმაც განაცხადა, რომ მეტი კომუნიკაცია, ახსნა-განმარტება, მეტი ურთიერთობა ადამიანური იმ ადამიანებთან… საქართველო ყველას გვეკუთვნის, მაგრამ იმ კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს ის განსაკუთრებით ეკუთვნით და, შესაბამისად, ვიდრე არ ვიქნებით ჩვენ ერთმანეთის წინაშე პირნათელნი და ვიდრე კითხვები არ იქნება მოხსნილი, ცხადია ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი პოლიტიკა, იმ ხელწერით, როგორიც გვქონდა აქამდე ადამიანებთან დამოკიდებულებაში.

ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, რომ სულაც არ გვეთაკილება, როდესაც ვამბობთ, რომ რაღაცას ხალხის ხმას ვუსმენთ, რაღაცას ხალხის კარნახით ვაკეთებთ და პირიქით არ ვუჯინიანდებით ჩვენს მოქალაქეებს,“ – თქვა ბექა ოდიშარიამ.

„შეაჩერე!“ – ბულვარის დამცველები აჭარის განათლების მინისტრს მიმართავენ | აქცია ბათუმში

აჭარის განათლების სამინისტროსთან დღეს, 2 მარტს, შეიკრიბნენ ბათუმის ბულვარის დამცველები, რომლებიც აპროტესტებენ ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას.

ისინი აჭარის განათლების მინისტრს, მაია ხაჯიშვილს მიმართავენ, ბათილად ცნოს ბათუმის ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ 16-სართულიან შენობაზე გაცემული ნებართვის კანონიერება და შეაჩეროს მშენებლობა.

ნახეთ პირდაპირი ჩართვა აქციიდან:

„ამბასადორი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. ამ მასშტაბის მშენებლობაზე თანხმობა უკვე განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა. სააგენტო აჭარის განათლების სამინისტროს სსიპ-ია, სწორედ ამიტომ სთხოვენ აქციის მონაწილეები აჭარის განათლების მინისტრს ბათილად ცნოს სააგენტოს გადაწყვეტილება.

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდა 5000-ზე მეტი ხელმოწერა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC], საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებს.

ამავე თემაზე:

„შეჩერდეს ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობა“ – EMC-ისა და „ბათომის“ საჩივარი

პატიმრობა შეუფარდეს კაცს, რომელმაც ცოლი აწამა | პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურა იუწყება, რომ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინეს გ.ხ.-ს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს თბილისში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით აწამა მეუღლე, რადგან მიიჩნია, რომ მის მეუღლეს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერისა და საკუთარი თანხის დამოუკიდებლად განკარგვის უფლება.

„გ.ხ. მეუღლეს 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

იატაკზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. შემდეგ კი ძალის გამოყენებით სააბაზანოში შეიყვანა და ცივი შხაპის ქვეშ ამყოფებდა.

გ.ხ.-ს ქმედებები მიზნად ისახავდა ს.მ.-ს იძულებას, ეღიარებინა ღალატი და დაესახელებინა პირი, ვისაც თანხა ასესხა,“ – წერს პროკურატურა.

უწყების ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 25 თებერვალს ბრალდებული გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, მეუღლის მშობლებსა და ძმას, ხოლო გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად იძალადა მეუღლის მამაზე და ძმაზე.

გ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -144 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11′-151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წელს აგრობარათზე თანხა აღარ დაგერიცხებათ – ქულების გამოყენების ბოლო ვადა 20 მაისია

ფერმერებს, რომლებმაც აგრობარათებზე დარიცხული ქულებით უკვე ისარგებლეს, დამატებით ქულები 2021 წელს აღარ დაერიცხებათ. მათთვის კი, ვისაც დარიცხული ქულებით არ უსარგებლიათ, ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2021 წლის 20 მაისია.

2020 წელს განხორციელებული სახელმწიფო პროგრამით აგრობარათებზე დარიცხული სუბსიდია 1 ჰექტარ მიწაზე 200 ლარი [აგრობარათზე დარიცხულ 200 ქულა] იყო. აგრობარათზე დარიცხული ქულებით კი შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში.

დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ამ ბმულზე 

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, „სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებს აგრობარათების აღება 2021 წლის 20 თებერვლამდე შეეძლოთ.

ეს პროგრამა 2021 წელს ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსებულა.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამაში 246 ათასი ფერმერი იყო ჩართული, დარიცხული სუბსიდიის ოდენობამ კი 32 მილიონ ლარს გადააჭარბა.

პროგრამის ბიუჯეტი, 2020 წლის ბოლოს, მთავრობამ 37 მილიონი ლარიდან 30 მილიონამდე შეამცირა.

„იმ მიწის მესაკუთრეთა ბაზის მიხედვით, რაც საჯარო რეესტრმა მოგვაწოდა, პროგრამისთვის მთლიანობაში 47 მილიონზე მეტი ლარია საჭირო, ამიტომ თანხა მომავალი წლის ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული,“ – გვითხრეს მაშინ სააგენტოში, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ამ თემაზე:

ყველა ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 200 ლარს – მთავრობის გეგმა 

სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ბათუმში მგზავრობის ფასის გაზრდას ითხოვენ | LIVE

დღეს, 2 მარტს, ბათუმის მერიის წინ სამარშრუტო ტაქსის მძღოლები შეიკრიბნენ. ისინი მოითხოვენ მგზავრობის ტარიფის გადახედვას, რადგან მიიჩნევენ, რომ ბათუმში არსებული ტარიფი – 50 თეთრი – უსამართლოა გაზრდილი ხარჯებისა და კრიზისის ფონზე.

მძღოლები აცხადებენ, რომ სანამ ყურადღებას არ მიაქცევენ და მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, სამუშაოდ არ გავლენ.

მძღოლების თქმით, ბათუმში მგზავრობის ფასი 20-30 თეთრით უნდა გაიზარდოს.

„ყველანაირად დაგვპირდნენ, რომ გადაიხედებოდა მგზავრობის ფასი, ორი წელია გვპირდებიან, რომ ტარიფი გაიზრდება, მაგრამ არავინ გვაქცევს ყურადღებას“ – ამბობს აქციის მონაწილე ერთ-ერთი მძღოლი, ზვიად საგინაძე, რომელიც #39 სამარშრუტო ტაქსზე მუშაობს.

„მანქანის მოვლა-პატრონობა რომ იანგარიშო, ზარალში ვართ,“ – ამბობს კიდევ ერთი მძღოლი.

ნახეთ პირდაპირი ჩართვა აქციიდან:

მერიაში ამბობენ, რომ ბათუმის გენგეგმის მოსამზადებელი კონკურსი პანდემიის გამო შეწყვიტეს

ბათუმის მერიამ სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსი შეწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად კი პანდემიის პირობების გამო სპეციალისტების ჩართულობის ნაკლებობა დაასახელა. ეს დოკუმენტი მომავალში ბათუმის გეგნეგმის ძირითადი ნაწილი უნდა გამხდარიყო.

მერიის ინფორმაციით, შერჩევა-შეფასების ეტაპზე კომისიას გამოაკლდნენ წევრები, რომლებიც პროფესიული ნიშნით იყვნენ მიწვეულები.

საკონკურსო კომისია პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს ვახტანგ ჯოხაძემ და ზვიად ბურჭულაძემ.

ვახტანგ ჯოხაძე კომისიაში შესვლამდე საპროექტო წინადადების მომზადებაში მონაწილეობდა ბათუმის მერიის მიწვევით, ხელშეკრულების საფუძველზე.

გარდა ამისა, ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 3 თანამშრომელს, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ კომისიის მუშაობაში, პროცესს კოვიდის დადასტურების გამო  გამოეთიშნენ.

მერიის ინფორმაციით, პანდემიით გამოწვეული გარემოებების გამო კონკურსის შერჩევა-შეფასების ეტაპზე მერიის შესაბამისი სამსახური მხოლოდ 1 წევრით იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, ონლაინშეხვედრებში სრულფასოვანი მონაწილეობა ვერ შეძლო პროფესიული ნიშნით კომისიაში მიწვეულმა კიდევ ოთხმა სპეციალისტმა.

მერიის ინფორმაციით, კომისია 17 წევრისგან შედგებოდა, მათგან 9 წევრმა შერჩევა-შეფასების ეტაპზე სრულფასოვანი მონაწილეობა ვერ შეძლო. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მერიამ კონკურსის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

14 წელი და მეხუთე მერი – ბათუმი გენერალური განვითარების გეგმის გარეშე

ხიხაძირი-ბაკოს გზის მშენებლობაზე 144 000 ლარის გაფლანგვისთვის ბიზნესმენი 7 წლით დააპატიმრეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე, შპს „ორბიტას“ დირექტორი მ.კ დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში, „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ორბიტას“ დირექტორმა მ.კ.-მ, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას, წარადგინა ერთ-ერთი კომერციული ბანკის სახელით დამზადებული ყალბი საბანკო გარანტიები, რის საფუძველზეც შპს „ორბიტას“ საბანკო ანგარიშზე ავანსის თანხა 188 000 ლარი ჩაერიცხა.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნული თანხიდან მ.კ.-მ მხოლოდ 43 535 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა, ხოლო ავანსის დარჩენილი თანხა – 144 465 ლარი, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით გაფლანგა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა.

შპს „ორბიტას“ დირექტორი 2020 წლის 8 ივნისს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (გაფლანგვა, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით და დიდი ოდენობით), წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მ. კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამავე თემაზე:

ბიუჯეტიდან გადარიცხული 188 000 ლარიდან ხიხაძირი-ბაკოს გზაზე 145 000 ლარი გაქრა

 

საქართველოში კოვიდით 12 პაციენტი გარდაიცვალა | 2 მარტის მონაცემები

საქართველოში ბოლო 24 საათში 22 900 კვლევა ჩატარდა და ვირუსით ინფიცირების 461 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

2 მარტის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 532 პირი გარდაიცვალა.

პირველი მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.01 %, ბოლო 14 დღის – 1.78 %, ხოლო 7 დღის  – 1.4%.

დღეის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 135, მათგან 1 471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 102 პაციენტი, 515 პირი ვირუსს მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 497 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 3 089 პირი, აჭარაში – 394, იმერეთში – 688.

კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა აჭარაში – 2 მარტი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი. ოფიციალური ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარაში ვირუსისგან 35 626 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

2 მარტის მონაცემებით აჭარაში მდებარე კლინიკებში კოვიდზე მკურნალობს 125 პაციენტი. კოვიდსასტუმროში – 36, ხოლო ბინაზე მკურნალობს – 98.

რაც შეეხება მთლიანად ქვეყნის მონაცემს, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 461 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 900 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 895 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 005 PCR ტესტით.

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

ბათუმში ოთხი მიმართულებით მოძრავი მიკროვტობუსის მძღოლები გაიფიცნენ.

№39, 49, 56, 44 სამარშრუტო ხაზებზე მომუშავე მძღოლები მგზავრობის ტარიფის გაძვირებას ითხოვენ და ახალი ავტოსადგურის ტერიტორიაზე იკრიბებიან.

„ისინი საპროტესტო აქციას განაგრძობენ ბათუმის მერიასთან, რადგან მერიამ მათთვის მიცემული დაპირება არ შეასრულა,“ – გვიყვება ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე, რომელიც გაფიცულებს აქციის ორგანიზებაში ეხმარება.

თამაზ ბაკურიძის თქმით, მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდას 70-80 თეთრამდე ითხოვენ.

„მძღოლები ამბობენ, რომ ეს დაპირება მიიღეს ლაშა კომახიძისგან შეხვედრის დროს და შემდეგ უკვე არჩილ ჩიქოვანისგან, რომ პირველ მარტამდე გადაიხედებოდა ტარიფები, მაგრამ დაპირება არ შესრულდა,“ – გვითხრა თამაზ ბაკურიძემ.

 

 

ბათუმის გენგეგმის მომზადებაზე კონკურსი ჩაიშალა

ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსი ჩაიშალა. კონკურსში ხუთი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ბულგარეთში, ასევე ესტონეტში დაფუძნებული კომპანიები. შესყიდვის ღირებულება 2 მილიონ 118 644 ლარი იყო, შეთავაზებებების მიხედვით, ყველაზე დაბალი თანხა ბულგარეთში დაფუძნებულმა კომპანია „ПРОАРХ“ АД – მა დააფიქსირა.

სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის მომზადებაზე ტექნიკური დავალების მიხედვით, რომელიც მერიამ ასევე სპეციალისტების ჩართულობით მოამზადა, კონკურსში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამწლიანი დოკუმენტურად დასაბუთებული საერთაშორისო ან ადგილობრივი გამოცდილება პოლიტიკის, განვითარების, დარგობრივი სტრატეგიებისა და კვლევების მომზადების სფეროში.

საკონკურსო დოკუმენტაციით იგივე მოთხოვნებია ქვეკონტრაქტორის მიმართაც, ასეთის არსებობის  შემთხვევაში.

ეს დოკუმენტი ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის [გრგ] ნაწილი უნდა გამხდარიყო. გრგ ბათუმს ჯერ კიდევ არ აქვს.

სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტები შედგება სამი ძირითადი დოკუმენტისგან, მათ შორისაა ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმა, რაც ბათუმს ამ დრომდე არ გააჩნდა.

ბათუმის გენერალური გეგმა, იგივე ქალაქის ტერიტორიების გამოყენების დოკუმენტია, რომელიც ფუნქციური ზონირების მეშვეობით ადგენს ქალაქის ტერიტორიების ათვისების წესს, პრიორიტეტებსა და რიგითობას.

საპროექტო მომსახურების პროცესში კონკურსანტმა მერიას უნდა წარუდგინოს შუალედური დოკუმენტები: გეგმარებითი ერთეულების კვლევის შედეგები, ტერიტორიების განვითარების დროებითი შეზღუდვების რუკა, ბათუმის ფუნქციის დივერსიფიკაციის კვლევა.

გენგეგმის მომზადებაზე საუბარი ბათუმში 2004 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული მის მომზადებაზე მუშაობის დაწყების პირობას თითქმის ყველა მერი დებდა, მათ შორის ბათუმის ყოფილი მერი ლაშა კომახიძე, თუმცა ვერცერთმა მათგანმა დღემდე ეს პირობა ვერ შეასრულა.

გეგნგემის მომზადების აუცილებლობაზე მისი მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისთანავე განაცხადა არჩილ ჩიქოვანმაც, მოგვიანებით კი იგივე ფრაზა ყოფილი პრემიერისგან გიორგი გახარიასგანაც მოვისმინეთ, გიორგი გახარიამ თქვა ის, რასაც მანამდე ისინი ამბობდნენ, ვინც ბათუმში ქაოსურ განაშენიანებას აპროტესტებდა: „მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, ბათუმს სჭირდება განაშენიანების გეგმა“ .

14 წელი და მეხუთე მერი – ბათუმი გენერალური განვითარების გეგმის გარეშე

თურქეთში დროებით დასაქმების მსურველებს ხელახალი რეგისტრაცია შეუძლიათ

თურქეთში დროებით დასაქმების მსურველთათვის ხელახალი რეგისტრაცია შესაძლებელი ხდება. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„ანკარაში საქართველოს საელჩოს რეკომენდაციითა და აქტიური ჩართულობით ჩატარებული ტექნიკური სამუშაოების შედეგად, ამიერიდან შესაძლებელი იქნება თურქეთის რესპუბლიკაში ჩამოსვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა ხელახალი რეგისტრაცია სისტემაში. კერძოდ, იმ პირებს, რომელთაც ერთხელ უკვე ისარგებლეს მოწვევის წერილის საფუძველზე, აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით, შეეძლებათ კვლავ გაიარონ ავტორიზაცია ხსენებული სააგენტოს ვებგვერდზე abroadworkers.moh.gov.ge , პირადი მონაცემების გამოყენებით და ხელახლა ატვირთონ განაცხადი,“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს განცხადებით, აუცილებელია მოქალაქეებმა გაითვალისწინონ და თან იქონიონ 2021 წელს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული მოწვევის წერილი და მისი ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი.

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდან თურქეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია. 2020 წლის 3 აგვისტოდან კი საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში სამუშაოდ წასვლის დროებითი წესი მოქმედებს. თურქეთში შესვლისთვის აუცილებელია ოფიციალური მიწვევა დამსაქმებლისგან.

უცნობი ქართული კინოს დაბრუნება ასი წლის შემდეგ

2016 წლიდან დღემდე საქართველოში რუსეთის მთავარი ფილმსაცავიდან 60-მდე სრულმეტრაჟიანი ქართული მხატვრული ფილმი დაბრუნდა. ფილმების ნაწილი გასული საუკუნის 20-იან წლებშია გადაღებული. 11 ფილმის რესტავრაცია ახლა მიმდინარეობს ეროვნული არქივის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე.

კინომემკვიდრეობის დაბრუნების პროცესი 2014 წელს დაიწყო. 60 ფილმიდან 23 უკვე აღდგენილია, წლის დასასრულისთვის კი ფართო საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შემდგომი პერიოდის 34 ფილმს ნახავს.

აღდგფენის პროცესშიაივანე პერესტიანის 1921 წელს გადაღებული პირველი ქართული საბჭოთა ფილმი  „არსენა ჯორჯიაშვილი“, „სურამის ციხე“, ამო ბეკნაზაროვის „მამის მკვლელი“.

რუსეთიდან ჩამოტანილი ფილმების უმეტესობას საზოგადოება არ იცნობს. ზოგიერთი ამ ფილმის ასლი საქართველოში აღარც მოიპოვება.

1921-დან 1991 წლამდე გადაღებული ქართული კინოს დაბრუნების პროცესი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნული კინოცენტრის მიერ.

კადრი 1929 წელს გადაღებული ალკოჰოლისზმის საწინააღმდეგო ფილმიდან „საბა“. რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი/ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

როგორც ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე ამბობს, რუსეთის არქივში გადარჩა კიდეც ეს ფილმები, რადგან თბილისის კინოსტუდიაში რამდენჯერმე გაჩნდა ხანძარი და განადგურდა გასული საუკუნის 20-იანი წლების არაერთი ფირი.

შარშანდელი წელი ეროვნულმა კინოცენტრმა 20-იანი წლების ქართული კინოს წლად გამოაცხადა. პროცესი პანდემიამ შეაფერხა, თუმცა 2021 წლის მეორე ნახევარში იგეგმება კომპლექსური ღონისძიებები: 20-იანი წლების ფილმების დიდი რეტროსპექტივა, ლექციები, გამოფენა ამ პერიოდის ქართული კინოს შესახებ, დასაბეჭდად მზად არის ამ პერიოდის ქართული კინოსადმი მიძღვნილი ალბომი სტატიებითა და მდიდარი ფოტომასალით.

პროექტი -ფილმების ჩამოტანა ხორციელდება კულტურის სამინიატროს მხარდაჭერით , ეროვნული კინოცენტრის მიერ.

 

ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე განმარტავს, რით არის გამორჩეული 20-იანი წლების ქართული კინო, რატომაა მნიშვნელოვანი ამ ფილმების სამშობლოში დაბრუნება და საზოგადოებისთვის გაცნობა.

„20-იან წლებში კინო ახალი ხელოვნებაა. ჩვენთან ბუნებრივია არ იყვნენ კინოს პროფესიონალები. ბევრი წამოვიდა თეატრიდან, მხატვრობიდან. მაგალითად, დავით კაკაბაძეც ცდილობდა  ფილმის გადაღებას, კოტე მარჯანიშვილი, რომელიც თეატრის რეჟისორი იყო და შტეფან ცვაიგის „ამოკის“ შესანიშნავი ეკრანიზაცია გადაიღო, გადაიღო ასევე ეტენ ლილიან ვოინიჩის „კრაზანა“ და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ 1921 წელს საბჭოთა წყობა დამყარდა და დასრულდა ჩვენი დამოუკიდებლობა, ძალიან საინტერესო იყო ეს წლები შემოქმედებითი თვალსაზრისით კინემატოგრაფიაში. ქართული ფილმების ჩვენებები იმართებოდა არამხოლოდ რუსეთში, საბჭოთა კავშირის გარეთაც.

კადრი 1928 წელს გადაღებული ფილმიდან ,,ელისო”, რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია/ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

20-იან წლებამდე ჯერ კიდევ ნარჩუნდებოდა ქართულ კინემატოგრაფშიც ის ავანგარდული მუხტი, რაც ხელოვნებაში რუსეთის იმპერიის წიაღში დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის დროსაც ძლიერი იყო ეს მუხტი. ამის შედეგია 20-იანი წლების შესანიშნავი ქართული ეკრანიზაციები.

20-იანი წლების ქართულ კინოში პრობლემური, სოციალური საკითხებიც გამოჩნდა

ამ ყველაფერს ვერ ვიტყვით 40-იანი წლების ქართულ კინოზე, როცა კინოს სისტემამ დააკისრა პროპაგანდისტული მისია და მიზნად იქცა მხოლოდ საბჭოთა ყოფის ხოტბა, ქება-დიდება. 30-იანი წლებიდან ცენზურა გამკაცრდა, ფილმებიც უფრო პროპაგანდისტული გახდა და ყველაფერი დიქტატურას დაემორჩილა.

იყვნენ საქართველოში მცხოვრები, ეთნიკურად არაქართველი რეჟისორებიც, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ და იღებდნენ ფილმებს. ბეკნაზაროვი და პერესტიანი მაგალითად. ეს უკანასკნელი საქართველოში გადმოსახლდა და ბევრი ცნობილი ფილმი გადაიღო“ – ამბობს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე

მისივე თქმით, ეროვნული კინოცენტრი სამომავლოდ გეგმავს იმუშაოს 30-იანი, 40-იანი წლების ქართულ კინოზეც. 2021 წლის ბოლოს კი შეიქმნება ვიდეოპლატფორმა, სადაც 20-იანი წლების აღდგენილი ქართული ფილმები ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. იგეგმება ასევე ფილმების დისკების სახით ჩაწერაც პოპულარიზაციის მიზნით.

მოსკოვის „გოსფილმფონდში“ 700-მდე სრულმეტრაჟიანი ქართული მხატვრული ფილმი ინახება, თუმცა ფირების ორიგინალები ადგილზევე რჩება. საქართველოში მოაქვთ ეტაპობრივად დუბლიკატები, რაც ფილმების სხვადასხვა ფორმატში გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა.

როგორც კინოცენტრის დირექტორი გვეუბნება, საბჭოთა ეპოქაში ცენზორები ანიჭებდნენ ფილმებს კატეგორიებს და სპეციალურად დაბალი შეფასება ეძლეოდა ხანდახან კარგ ფილმებს, რომლებშიც სისტემის, იდეოლოგიის საწინააღმდეგო მინიშნებები იკითხებოდა.


მთავარ ფოტოზე: კადრი 1927 წელს გადაღებული პირველი ქართული საბავშვო მხატვრული ფილმიდან ,,გოგი რატიანი“, რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი/ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი.

„ოცნება“ ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ დააბოლებს ევროპას“ – რას ცვლის შარლ მიშელის ვიზიტი

„პროგნოზირებადია ახლა უფრო ყველაფერი“, – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრია და დღეს, 1-ელ მარტს, ევროსაბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს ადევნებდა თვალს. დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დასავლეთიდან კრიტიკის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება, რომლის შემდეგაც „ივანიშვილს კომპრომისზე წასვლა მოუწევს“.

რა ჩანს ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის და ხელისუფლების მიერ დღეს გაკეთებული განცხადებებიდან? – „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა დავით ზურაბიშვილს.

  • ბატონო დავით, ევროსაბჭოს პრეზიდენტისგან მედიატორობის თანხმობის მიუხედავად, ხელისუფლება კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. თქვენ რამდენად გაქვთ ცვლილების მოლოდინი? 

ვფიქრობ, ახლა ყველაფერი პროგნოზირებადია. ჩანს, რომ გაიზრდება ეს ზეწოლა დასავლეთიდან და ხელისუფლების დაბნეულობაც გაიზრდება. ივანიშვილს მოუწევს კომპრომისზე წასვლა. რეალურად გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი… დასავლეთი კი მოუწოდებს ორივე მხარეს დიალოგისკენ და კომპრომისისკენ, მაგრამ, პირველ რიგში, ხელისუფლებას მოუწოდებენ ამისკენ. ხელისუფლებას მოუწევს კომპრომისზე წასვლა, თუ არადა, ცუდად დამთავრდება მათთვის ძალიან.

ევროპის შავ სიაში მოხვედრა არაა სახუმარო ამბავი. დასავლეთი არ მოქმედებს პირდაპირ და ჯიქურად, მაგრამ არ ავიწყდებათ არაფერი.

როდესაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა, მთელი დასავლეთი ამბობდა, რომ უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში მიუხედავად იმისა, თუ რა დარღვევები იყო არჩევნების დროს. თუმცა, როგორ კი მელია დააპატიმრეს, ეს სიტუაცია შეიცვალა 180 გრადუსით. ეს მოხდა არა იმიტომ, რომ მელიასკენაა დასავლეთი, როგორც ჰგონია აქ ზოგიერთს, არამედ ეს იმიტომ მოხდა, რომ მელიას საქმეში ხელისუფლებას ჰქონდა რამდენიმე არჩევანი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში, მაგალითად, არ მოეხსნა იმუნიტეტი. პროკურატურასაც შეეძლო სხვა გადაწყვეტილება მიეღო.

ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაციის ჩატარება არანაირად არ გამოიყურებოდა ნორმალიზებისკენ გადადგმულ ნაბიჯად.

  • შარლ მიშელს ჰქონდა აქცენტი ღია დემოკრატიაზე და ასევე დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე. თქვენი დაკვირვებით, დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტის მთავარი გზავნილი მაინც რა იყო? 

ამ შემთხვევაში და, ზოგადად, დასავლეთისთვის მთავარია სვლა დემოკრატიისკენ. შეშფოთების საგანია ის, როცა ხელისუფლება მიდის ავტორიტარიზმისკენ, რადგან ავტორიტარიზმისკენ წასვლა ბუნებრივად ნიშნავს რუსეთისკენ წასვლას. როგორც კი შენ ავტორიტარიზმისკენ მიდიხარ, ვეღარ რჩები იმ ჩარჩოში, რასაც ჰქვია დასავლეთთან ინტეგრაცია და რა მოლოდინებიც არსებობს ჩვენ მიმართ. ავტორიტარიზმის პირობებში გინდა თუ არა, რჩები რუსეთის გავლენის ქვეშ. გინდა თუ არა ასე მოხდება, თუ დასავლეთს მოვწყდით.

ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე არაფრის დათმობას არ ფიქრობს. ისინი თვლიან, რომ ჰა-ჰა, მელიას გაათავისუფლებენ.

  • ფიქრობთ, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს? 

რა თქმა უნდა, ეს კრიზისს ვერ განმუხტავს, მაგრამ ეს იქნება განმუხტისთვის გადადგმული ნაბიჯი… დასავლეთის კრიტიკა ყოველთვის არის ფაქტორი. ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ დასავლეთს აქვს ქმედითი ბერკეტები და სანქციები, ხოლო მისი ქონების 90 პროცენტი დასავლეთშია. ივანიშვილი რამდენად გაუწევს ამას ანგარიშს, ან არ გაუწევს, რთული სათქმელია, მთელი მისი გარემოცვა არ გამოირჩევა პოლიტიკური გამჭრიახობით და ნიკა მელიას საქმეც ამას აჩვენებს, არაფრისგან შექმნეს სკანდალი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ევროპის შავ სიაში მოხვედრა სახუმარო ამბავი არ არის.

ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ მშვიდობიანი რიტორიკით დ„დააბოლებენ“დასავლეთს, მაგრამ ეს ცოტა სასაცილოა. მათ ჯერ კიდევ არ ესმით, რომ ეს არ გამოვა. ზეწოლა დასავლეთიდან არ შეჩერდება, პირიქით, გაიზრდება.

  • მიშელთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროკავშირი არსად წასულა და ჩვენგან მეტი დემოკრატიაა საჭირო. 

ისე გვესაუბრებიან, თითქოს გვამადლიან. ევროკავშირი სალომე ზურაბიშვილის პარტნიორი კი არა, საქართველოს პარტნიორია და ამიტომაც გაიზრდება ზეწოლა. საერთოდ, ხელისუფლებას უჭირს დემოკრატიის ენის გაგება, დასავლეთში ამ ფორმით უბრალოდ ხდება გაფრთხილება. გარანტირებულად რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ დასავლეთიდან ეს კრიტიკული განცხადებები და წერილები არ შეწყდება, მინიმუმ მანამ, ვიდრე პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებენ.

როგორ ეხმარებიან მკითხველები 85 წლის ქალს, რომელიც შვილის გამო მოწყალებას ითხოვს

ტანია გორგილაძის შესახებ „ბათუმელებზე“ გამოქვეყნებულ სტატიას – „85 წლის ქალი, რომელიც მოწყალებას ითხოვს და შვილს სესხს უხდის“ – მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

არაერთმა ადამიანმა გამოხატა სურვილი დახმარებოდა ბათუმში მცხოვრებ მოხუცს, რომელიც 59 წლის შვილისა და მისი ოჯახის ვალების გადასახდელად ორი წელია მოწყალებას ითხოვს ქუჩაში.

სტატიის გამოქვეყნების დღესვე, „ბათუმელებმა“, მკითხველის თხოვნით, სტატიაში მიუთითა პარტნიორი ორგანიზაციის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ანგარიში, რომელზეც თანხის ჩარიცხვა იყო შესაძლებელი. ამ დროისთვის ანგარიშზე თანხის ჩამორიცხვა ისევ გრძელდება. საბოლოო მონაცემებს „ბათუმელები“ რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.

მანამდე კი 85 წლის ქალს ვკითხეთ, როგორ წარმოუდგენია საკუთარი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

ტანია გორგილაძემ გვითხრა, რომ პირველ რიგში სურდა შეშა, რადგან ძალიან ცივა და საწოლი, რადგან მოხუცს პატარა ტახტზე სძინავს. გარდა ამისა: თბილი ქურთუკი, წამლები, ექიმთან მისვლა და ა.შ.

თუმცა, მისი მთავარი თხოვნა შვილის დახმარებაა, რომელიც ორი წლის წინ ავარიაში მოყვა და სესხით გამოტანილი მანქანა დაამტვრია.

„ბაღნის ვალი გადამახდევინეთ“ – ეს ტანია გორგილაძემ რამდენჯერმე გაგვიმეორა.

დღეს ტანია გორგილაძეს „ბათუმელებმა“ მკითხველების მიერ შეგროვებული თანხით შეშა მიუტანა. მოხუცი აქამდე ძირითადად მეზობელთან თბებოდა, რადგან საკმარისი შეშა არ ჰქონდა.

„ბათუმელების“ მკითხველებმა ტანია გორგილაძეს სრულად დაუფარეს სესხი, რომელიც მას „ლიბერთი ბანკში“ ჰქონდა – 387 ლარი.

უახლოეს დღეებში გაკეთდება ტანია გორგილაძის ნაქირავებ ოთახში შესასვლელი კიბე, რომელიც საფრთხეს უქმნის მოხუცს.

ბათუმელების“ მკითხველის მიერ გადმორცხული თანხით დღეს ტანია გორგილაძეს შეშა მივუტანეთ
კიბე, რომლითაც ტანია ყოველ დღე სარგებლობს და რომელიც დანგრეულია

ასევე, ვგეგმავთ შევიძინოთ ტანია გორგილაძისთვის შევიძინოთ საწოლი, ტელევიზორი, მედიკამენტები და სხვა საჭირო ნივთები.

„ბათუმელების“ სტატიას გამოეხმაურნენ ერთ-ერთი ბანკიდან და გვითხრეს, რომ ტანია გორგილაძეს საჩუქრად გადასცემენ მაცივარსა და სურსათს.

„ბათუმელები“ რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს დაწვრილებით ანგარიშსა და ფოტო/ვიდეო მასალას, რამდენი თანხა შეგროვდა და რა დახმარება გავუწიეთ ტანია გორგილაძეს მკითხველების მიერ გაღებული თანხითა თუ სხვა ორგანიზაციების დახმარებით.

„ბათუმელები“ მკითხველის მიერ მოხუცის დასახმარებლად გაღებული თანხით შეეცდება ტანია გორგილაძისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნას.

_____________________

85 წლის ბათუმელი ტანია გორგილაძე ორი წელია ქუჩებში ითხოვს მოწყალებას ერთადერთი შვილის, 59 წლის მამუკას დასახმარებლად. მამუკა ორი წლის წინ ავარიაში მოხვდა სესხით გამოტანილი მანქანით, ამ ავარიისას დაიღუპა მამუკას პატარა შვილიშვილი. მამუკა თავადაც მუშაობს, თუმცა მისი ხელფასი, 430 ლარი, სესხის დასაფარადაც არ არის საკმარისი. ინსულტის შედეგად საწოლშია მამუკას მეუღლე.

ტანია გორგილაძე 37 წლის განმავლობაში მუშაობდა ბათუმის პირველ საავადმყოფოში სანიტრად.

ნახეთ ვიდეო:

როგორ შევავსოთ განაცხადი სოფლად დაფინანსების მისაღებად – სამინისტროს განმარტება

პირველი მარტის მონაცემებით, 30-მა ფერმერმა სოფლებში დაფინანსების მისაღებად განაცხადი უკვე შეავსო. წელს ფერმერებს თავისუფალი არჩევანი აქვთ დაახლოებით 1 მილიონი ლარის ასათვისებლად. განაცხადების მიღება მარტის ბოლოს დასრულდება.

„ეს არის დღეს დილის მონაცემები. გაცილებით დიდია ინტერესი, მაგრამ განაცხადები ჯერ არ შეუვსიათ. ამ ეტაპზე ხელვაჩაურიდან არის დარეგისტრირებული ყველაზე მეტი განაცხადი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კარლო კეკელიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების განყოფილების ხელმძღვანელი.

ფერმერები წელს თავად იღებენ გადაწყვეტილებას რისი შეძენა სურთ: მოტობლოკის, რომელიმე სხვა სასოფლო ტექნიკის, სათბურის, ნერგის თუ სხვა რამის, რაც საოჯახო მეურნეობის განვითარებას შეუწყოს ხელს. მინიმალური თანხა 500 ლარია, მაქსიმალური – 40 ათასი. პროექტის 20 პროცენტი თავად ფერმერმა უნდა დაფაროს.

კარლო კეკელიძე განმარტავს, რომ ნებისმიერ ფერმერს შეუძლია დეტალური ინფორმაციის და კონსულტაციის მიღება როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ასევე სამინისტროს მიერ თითოეულ მუნიციპალიტეტში დაქირავებულ წარმომადგენელთან. ფერმერებს ადგილზე დაეხმარებიან განაცხადის შევსებასა და საჭირო დოკუმენტაციის მოძიებაში.

„ფერმერებს ასევე შეუძლიათ დეტალური ინფორმაციის მიღება ჩვენი ინტერნეტგვერდიდან – adjara.gov.ge, მარჯვენა კუთხეში ნახავთ გრაფას „საოჯახო მეურნეობის განვითარება,“ სადაც მოცემულია განაცხადის ფორმა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, ასევე წარმოსადგენი დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი… ფერმერს შეუძლია ჩამოტვირთოს ეს დოკუმენტები, შეავსოს და შემდეგ მივიდეს ჩვენს წარმომადგენელთან,“  – განმარტავს კარლო კეკელიძე.

განაცხადის ფორმა ნახეთ ამ ბმულზე

სავალდებულოა განაცხადის კანცელარიაში ფიზიკურად გატარება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ რადგან პროგრამა ამ ფორმით წელს პირველად ხორციელდება, შესაძლოა, ფერმერმა განაცხადის შევსების დროს ტექნიკური შეცდომა დაუშვას, რაც შეიძლება განაცხადის დახარვეზების საფუძველი გახდეს.

„კანცელარიაში ჩაბარების დროს კი, შემოწმდება ტექნიკურად განაცხადის გამართულობა… გარდა ამისა, ფერმერს მოძრაობა მაინც უხდება, მან უნდა იპოვოს მიმწოდებელი, შეამოწმოს მისი სანდოობა და წარმოადგინოს შესაბამისი ინვოისი. რადგან პირველი წელია, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ელექტრონულად არ შეივსოს განაცხადი 2021 წლისთვის. გააჩნია, რა შედეგი გვექნება წელს,“ – გვითხრა კარლო კეკელიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების განყოფილების ხელმძღვანელმა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იმისთვის, რომ აგრარული მეურნეობის კუთხით დაფინანსების მიღება შეძლოთ, ფერმერს დასჭირდება შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განაცხადი;
  2. განმცხადებლისა და პროექტის მონაწილეების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი;
  3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ა(ა)იპ-ს შემთხვევაში);
  4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში წესდება და კრების ოქმი ქვეპროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით; ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობა) შემთხვევაში ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ;
  5. მიწის ნაკვეთის საკუთრების/ იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში ამონაწერთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება. ამონაწერი წარდგენილი უნდა იქნეს როგორც განაცხადის წარმოდგენის, ასევე ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, ამასთან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოდგენილი ამონაწერი განახლებული უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმების ეტაპისთვის;
  6. თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში, ერთ-ერთი თანამესაკუთრე წარადგენს სხვა თანამესაკუთრეების ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას ან/და თანხმობას ან/და ყველა თანამესაკუთრის მიერ ხელმოწერილ თანხმობის დოკუმენტს, რომლის შინაარსისა და ხელმოწერების ნამდვილობაზეც პასუხისმგებელი იქნება დოკუმენტის წარმომდგენი;
  7. შესასყიდი საქონლის/მომსახურების ღირებულების ინვოის(ებ)ი, რომელშიც მითითებულია საქონლის/მომსახურების დასახელება, გადახდის პირობები, მიწოდების ვადები და მხარეთა რეკვიზიტები.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც საქმიანობას ეწევა აჭარის ტერიტორიაზე.

ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე:

  1. თანამონაწილეობის თანხის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე):
  • ცნობა ბანკიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ.
  1. სასათბურე კონსტრუქციის ტექნიკური მახასიათებლებზე, საჭირო მასალებსა და ხარჯთაღრიცხვაზე შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა (ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე);
  2. უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული შესასყიდი საქონლის საბაზრო ფასებთან შესაბამისობის დადებითი დასკვნა (ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე);
  3. სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელთა წარმოდგენის საჭიროებასაც განსაზღვრავს სამინისტრო.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2021 გამოცხადდა

დღეს, პირველ მარტს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2021 გამოცხადდა. ეროვნული ჯილდოს გახსნის ცერემონია 15:00 საათზე დაიწყო, რომელიც განათლების კოალიციის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ გახსნა.

„წელს გვაქვს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთი წლისთავი და ამ ხნის მანძილზე დაგვიგროვდა ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია და გამოცდილება. ამ ხუთი წლის განმავლობაში მასწავლებლის ჯილდომ გაგვაცნო საინტერესო ადამიანები, მასწავლებლები, რომლებსაც წელს კიდევ ერთი გამარჯვებული დაემატება,“- ამბობს ჭანტურია.

ონლაინპრეზენტაციაზე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი გამარჯვებულის, ლადო აფხაზავას მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოუწოდებს კოლეგებს, აუცილებლად მიიღონ კონკურსში მონაწილეობა.

„ყველაზე დიდი სირთულე საქართველოში, საგანმანათლებლო სივრცეში არის შიში სიახლეების. მასწავლებელს სიახლეები უნდა სჭირდებოდეს და უნდოდეს. სწორედ ცვლილებების მოსახდენად მოვედი სკოლაში და როდესაც ცვლილებებს იწყებ შენს სკოლაში, შენს თემში, პირველად დაგცინიან, შემდეგ გიპირისპირდებიან და როცა ამითაც ვერ გაგტეხავენ, გვერდში ამოგიდგებიან და შენი თანამებრძოლები ხდებიან. სამივე ეტაპი ძალიან მძიმე, მაგრამ ძალიან ტკბილია ბოლოს.

ეს არ არის კონკურსი ხარ თუ არა ყველაზე ჭკვიანი, ეს არის კონკურსი რამდენად შეგიძლია ცვლილებები, რამდენად შთამაგონებელი ხარ, რამდენად ბევრი რესურსი ჩადე აი ამ საქმეში და გინდა, რომ  მოსწავლემ წარმატებებს მიაღწიოს. ამიტომ იმ მასწავლებლებს, რომლებიც ფიქრობენ შეავსონ თუ არა აპლიკაცია, ვურჩევდი, რომ აუცილებლად შეავსონ, რადგან ბევრმა უნდა აღიაროს თქვენი საქმიანობა,“- ამბობს ლადო აფხაზავა.

ვიდეომიმართა ეროვნული ჯილდოს სხვა გამარჯვებულებმაც გაავრცელეს.

პრეზენტაციაზე „განათლება ყველასთვის“ საქართველოს გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემაც ისაუბრა. მისი თქმით,  მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ სასკოლო საზოგადოების ნდობა მალევე მოიპოვა და დღეს ერთ-ერთი პრესტიჟული პროფესიული კონკურსია.

„ამ კრიზისის ფონზე ექიმების შემდეგ სწორედ მასწავლებლებს მოუწიათ დიდი წნეხის და სტრესის ქვეშ მუშაობა და ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სკოლა და მასწავლებლის პროფესია. ამიტომ ამ ვითარებაში ვალდებული ვართ არათუ გავაგრძელოთ ეს ჯილდო, გავაძლიეროთ კიდევაც,“- ამბობს ის.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული 5 ოქტომბერს გამოვლინდება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაფუძნდა.

სარკოზის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის დღეს, პირველ მარტს, განაჩენი გამოუტანა და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

სარკოზი 2007-2012 წლებში იყო საფრანგეთის პრეზიდენტი.

ის კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

სარკოზის 3-წლიანი პატიმრობიდან 2 წელი პირობითი სასჯელია. პროკურატურა კი თავდაპირველად 4-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

ნიკოლა სარკოზი და მისი ადვოკატი მხილებულები არიან მაღალი რანგის მოსამართლის მოქრთამვის მცდელობაში, ვისგანაც სანაცვლოდ ითხოვდნენ 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საქმის შესახებ ინფორმაციის გადაცემას.

2007 წლის საარჩევნო კამპანიისას  სარკოზის ბრალად ედებოდა პარფიუმერული კომპანია  L’Oreal-ის მფლობელის, ლილიან ბეტანკურისგან 800 000 ევ­როს მიღება შემოწირულობის სახით, გამოძიების მტკიცებით ეს თანხა შვეიცარიის ბანკების ანგარიშებზე გადარიცხეს, პარფიუმერული კომპანიის გიგანტის მფლობელი კი გადასახადებისგან გაათავისუფლეს – სწორედ ამ საქმის კონფიდენციალური მასალების მოპოვებას ცდილობდა გამოძიების ინფორმაციით სარკოზი მოსამართლისგან.

ბრალდების მხარის, საფრანგეთის ფინანსური პროკურატურის მტკიცებით, სარკოზი ყოფილ მოსამართლე ჟილბერ აზიბერს კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში პრესტიჟულ სამსახურს სთავაზობდა მონაკოში.

2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საქმის ძიებისას, ისმენდნენ ნიკოლა სარკოზის სატელეფონო საუბრებს, რამაც აჩვენა, რომ სარკოზი თავის ადვოკატს ყოველ ჯერზე  უკავშირდებოდა და ესაუბრებოდა სხვის სახელზე დარეგისტრირებული მობილურით.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სარკოზის შეუძლია სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება.

კერძო სკოლას თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსწავლის სკოლიდან გაშვება შეეძლება – ინიციატივა

საქართველოს პარლამენტში შესულია ინიციატივა, რომელიც კერძო სკოლებს უფლებას აძლევს მოსწავლეს შეუჩეროს სტატუსი, თუ მას სწავლის გადასახადის დავალიანება აქვს.

როგორც საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლის დოკუმენტაცია მოთხოვნისთანავე გადასცეს მშობელს.

რას ცვლის ეს საკანონმდებლო ინიციატივა კერძო სკოლებისთვის და ირღვევა თუ არა ბავშვის უფლება?

„ბათუმელები“ ამ საკითხზე კერძო სკოლა „ევრო 2000“-ის იურისტს, ელენე კალანდაძეს ესაუბრა და ჰკითხა, რაში დაეხმარება აღნიშნული ცვლილება კერძო სკოლებს და ხომ არ შეზღუდავს ბავშვის განათლების უფლებას.

„ჩვენ როგორც გავიგეთ, ეს საკანონმდებლო ცვლილება კერძო სკოლებს მოგვცემს უფლებას შევუჩეროთ მოსწავლეს სტატუსი, თუ მშობელი დიდი ხნის განმავლობაში ვერ იხდის სწავლის გადასახადს, რისი უფლებაც ამჟამად კერძო სკოლებს არ გვაქვს.

ეს არ არის ვალდებულება, ეს არის საშუალება კერძო სკოლებისთვის. შეიძლება მშობელმა ვერ გადაიხადოს თანხა, მაგრამ თუ ის ზოგადად, კეთილსინდისიერი გადამხდელია, მაგრამ გარკვეული მიზეზით შეექმნა პრობლემა, ჩვენ ასეთ მშობლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, სწავლის საფასური ეტაპობრივად დაფარონ.

თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როცა მშობელი  ორი-სამი და მეტი წელია ვერ იხდის სწავლის გადასახადს და არც ბავშვი გაჰყავს სკოლიდან. „როცა მექნება მაშინ გადავიხდი“ – ამბობს მშობელი და ასე გრძელდება წლები. სკოლას კი არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ ბავშვი სკოლიდან გაუშვას ან არ მისცეს გაკვეთილებზე დასწრების საშუალება“, – ამბობს ელენე კალანდაძე.

მისი თქმით, გადაუხდელი დავალიანებების ამოღება სკოლას მაინც სასამართლო დავებით უწევს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ცვლილება ვერ ეხმარება. თუმცა, თუკი სკოლას უფლება ექნება მოსწავლეს დროულად შეუჩეროს სტატუსი, ასე მშობელს დავალიანება აღარ დაუგროვდება.

„როცა დავინახავთ, რომ მშობელს აღარ აქვს გადახდის უნარი და ერთი სემესტრის განმავლობაში ვერ ფარავს სწავლის გადასახადს, სკოლა შეუჩერებს მოსწავლეს სტატუსს და მშობელი იფიქრებს იმაზე, რომ სხვაგან გადაიყვანოს შვილი“, – ამბობს იურისტი.

როგორც ელენე კალანდაძე ამბობს, კერძო სკოლა მაშინვე აღუდგენს სტატუსს მოსწავლეს, როდესაც ის მიიღებს წერილობით მოთხოვნას მიმღები სკოლიდან, რომ გადასცეს ბავშვის პირადი საქმე.

„როცა ეს შეტყობინება მოგვივა, რომ სხვა სკოლაში გადადის ბავშვი და ითხოვენ მოსწავლის დოკუმენტაციას, ჩვენ აღვუდგენთ მოსწავლის სტატუსს და ვაძლევთ ბავშვის პირად საქმეს“, – ამბობს ელენე კალანდაძე.

იურისტის თქმით, ასეთ შემთხვევაში არც ბავშვის კონსტიტუციური უფლება იზღუდება, რომ მან უწყვეტად მიიღოს განათლება და კერძო სკოლასაც ექნება ბერკეტი მოაგვაროს ფინანსური დავა მშობელთან.

საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში სტატუსის შეწყვეტის შესახებ სკოლამ შეტყობინება უნდა გააგზავნოს განათლების სამინისტროში, მანამდე კი მშობელმა ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანის თაობაზე განცხადება უნდა დაწეროს და მიმართოს იმ კერძო სკოლას, საიდანაც გადაჰყავს შვილი.

ელენე კალანდაძე ამბობს, რომ კერძო სკოლებს მაინც უწევთ საშემოსავლოს გადახდა, იმის მიუხედავად, იხდის თუ არა მშობელი სწავლის საფასურს.

„ამიტომ ეს ცვლილება დაგვეხმარება იმაში, რომ არ მოგვიწევს დიდი ხანი ლოდინი. როცა დავინახავთ, რომ მშობელი აღარ არის გადახდისუნარიანი, მოსწავლეს სტატუსს შევუჩერებთ. ეს იქნება ერთეული შემთხვევებისთვის ხელსაყრელი, როდესაც მშობელს აქვს დიდი ხნის დავალიანება“, – ამბობს ელენე კალანდაძე.

კერძო სკოლებთან დაკავშირებული ინიციატივა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს, პირველ მარტს, უნდა განიხილოს.

ქობულეთის მეორე საბავშვო ბაღის მასწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა

ქობულეთის მეორე საბავშვო ბაღის პედაგოგს ტესტირების შედეგად კოვიდი დაუდასტურდა. როგორც ბაღის გამგე გუგული ართმელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პედაგოგს ტესტირება შაბათს ჩაუტარდა, ტესტის პასუხი კი დღეს, პირველ მარტს გახდა ცნობილი.

საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დღეს უნდა განახლებულიყო, თუმცა კოვიდის შემთხვევის გამო ბაღში მუშაობა აღარ განახლდება.

„დაველოდებით ეპიდემიოლოგების შეფასებას და იმის მიხედვით გადავწყვეტთ, როდის დავიწყებთ მუშაობას“, – ამბობს გუგული ართმელაძე.

საბავშვო ბაღებმა მუშაობა ქვეყნის მასშტაბით დღეს განაახლეს, მათ შორის ბათუმშიც, სადაც ბავშვების მხოლოდ 46 პროცენტი გამოცხადდა.

___________________

ამავე თემაზე:

ბათუმში საბავშვო ბაღებში ბავშვების 54% არ გამოცხადდა

 

1 მარტს, კურორტ გოდერძიზე ამბასადორი ჯგუფის ახალი სასტუმრო – „ამბასადორი გოდერძი“ გაიხსნა

1 მარტს, კურორტ გოდერძიზე ამბასადორი ჯგუფის ახალი სასტუმრო – „ამბასადორი გოდერძი“ გაიხსნა.

სასტუმრო თანამედროვე დიზაინის და ევროპული სტანდარტების 122 ნომერს, სპას, აუზს, რესტორნებს, ბარებს, კლუბს, საბავშვო სივრცეს, სათხილამურო მაღაზიას და ყინულის მოედანს აერთიანებს.

ამბასადორი გოდერძი
ამბასადორი გოდერძი

სასტუმროს სტუმრებს აქ ყველაფერი დახვდებათ დაუვიწყარი დასვენებისა და გართობისთვის: ულამაზესი ტერასა, ზღაპრული ხედები, თოვლით დაფარული მთები და რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

სასტუმრო მდებარეობს კურორტის შუაგულში, საბაგიროს წინ და გამორჩეულ გამოცდილებას სთავაზობს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს.

სასტუმროს ყველა ოთახს ინდივიდუალური აივანი აქვს, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება თოვლით დაფარულ მთებსა და სასრიალო ტრასებზე. მისი მდებარეობა და ski-to-door access-ი თხილამურებით სრიალის მოყვარულებს კომფორტულ სრიალს ჰპირდება. აქვეა, Rossignol-ის, Scott-ის, Völk-ის და Dalbello-ს უმაღლესი ხარისხის სათხილამურო ინვენტარისა და აქსესუარების გაქირავების სერვისი. ხოლო მათთვის, ვინც ახლა უნდა ისწავლოს სრიალი, სასტუმროს პროფესიონალი ინსტრუქტორების გუნდი მზადაა ნებისმიერ მსურველს უსაფრთხო და სასიამოვნო სრიალის ყველა საიდუმლო გაანდოს.

ამბასადორი გოდერძი გაიხსნა
ამბასადორი გოდერძი გაიხსნა

აქ თქვენ დაგხვდებათ სამი სირთულის სათხილამურო ტრასა: მწვანე, წითელი და ლურჯი. მაქსიმალური სიმაღლე სასრიალო პუნქტიდან არის 2365 მეტრი. იდეალური ადგილია გაუკვალავში სრიალის მოყვარულთათვის. სრიალი შესაძლებელია ალპურ ზონაში, ხშირ წიწვოვან ტყეში და სოფლებშიც კი. სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე 8 კმ-ია. კურორტზე ამ ეტაპზე წარმოდგენილია ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ის მიერ შექმნილი და დაპროექტებული ორი სახის საბაგირო, რომელთაგან ერთი 6-ადგილიანი ბაბლის ტიპისაა, მეორე კი 8-ადგილიანი გონდოლა.

კურორტი მაღალმთიან აჭარაში 2027 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სადაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზამთარია და სასრიალო სეზონი აპრილის ბოლომდე გრძელდება. ის გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით და მრავალფეროვანი ლანდშაფტით. გოდერძი თბილისიდან დაშორებულია 252 კმ-ით, ხოლო ბათუმიდან 109 კმ-ით. შავ ზღვასთან სიახლოვის გამო ეს ადგილი უხვთოვლიანობით გამოირჩევა, რაც კურორტს მეტად მიმზიდველს ხდის.

ამბასადორი გოდერძი გაიხსნა
ამბასადორი გოდერძი გაიხსნა

ტყეებით დაფარული მთები კი ფანტასტიკურ გარემოს ქმნის მთელი წლის განმავლობაში. ამბასადორი გოდერძი 4 სეზონის სასტუმროა, სადაც სტუმრებს წლის ნებისმიერ დროს დაუვიწყარი დასვენების შესაძლებლობა ექნებათ. ზაფხულობით სასტუმრო მომხმარებელს სხვადასხვა სახის ტურს შესთავაზებს, მათ შორის ახლომდებარე სოფლებში და მწვანე ტბაზე.

ამ ეტაპზე ამბასადორი ჯგუფი კომპლექსის ერთ შენობას ხსნის, სრულად ორივე შენობის გახსნა 2022 წლის დასაწყისისთვის იგეგმება.

სასტუმროს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გოდერძის, როგორც კურორტის, განვითარებაში. პროექტის ჯამური ინვესტიცია 60 მილიონ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებლები არიან.

ამბასადორი გოდერძი გაიხსნა
ამბასადორი გოდერძი გაიხსნა

ამბასადორი გოდერძი ქსელის მესამე სასტუმროა საქართველოში, ბრენდი უკვე მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს თბილისში, სადაც თანამედროვე დიზაინის 120 ნომერს სთავაზობს მომხმარებლებს და – კაჭრეთში, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმროა. ამასთან “ამბასადორი” არის პირველი ქართული ქსელი, რომელიც კონკურენციას უწევს საერთაშორისო ბრენდებს.

ნომრის დასაჯავშნად დაუკავშირდით სასტუმროს: 032 2 43 94 94 / 032 2 80 16 16

დათუნიას ვუყვები, რომ ცუდ კაცუნას ვებრძვი – პატარა ნიკოს დიდი ომი

„სტამბოლში სათამაშო თვითმფრინავები წამოვიღე. პილოტი უნდა გამოვიდე. მომენატრა საქართველო, მალე მინდა დავბრუნდე – მზია მასწავლებელი და ჩემი მეგობრები მეუბნებიან გელოდებითო. სათამაშო დათუნია მყავს, ძალიან მიყვარს და ყველაფერს ვუყვები: ცუდი კაცუნა უნდა დავამარცხო-მეთქი, ვეუბნები“, – გვიყვება 6 წლის ბიჭი.

ნიკუშას ცუდი კაცუნა ავთვისებიანი, სწრაფად პროგრესირებადი სიმსივნეა. მშობლები არაფერს უმალავენ. ეუბნებიან, რომ ცუდი კაცუნა მუცლის ღრუში ჩაუსახლდა და მის დასამარცხებლად ბრძოლაა საჭირო. ეუბნებიან, რომ ხანდახან პატარა ბავშვებსაც უწევთ დიდ ომებში ბრძოლა გადარჩენისთვის.

ნიკუშამ იცის, რომ უნდა გადარჩეს. იცის, რომ თერაპიებისგან თმა დასცვივდება, ხშირად დაიღლება, უფრო ემოციური გახდება. თუმცა არ იცის, რომ მისი მშობლები მეგობრების, ნაცნობების, უცნობების, ნათესავების, თანამშრომლების, სასწაულის იმედად არიან, რომ ყველაფერს ცდილობენ 42-კვირიანი ქიმიოთერაპიის, ასევე 24-საათიანი ქიმიოთერაპიის ხუთი კურსისთვის საჭირო თანხა შეაგროვონ, რაც 21 დღეში ერთხელ უტარდება 6 წლის ბიჭს. თუ მკურნალობა გაამართლებს, მერე ოპერაციის თანხა უნდა შეაგროვონ. მხოლოდ ქიმიოთერაპიებისთვის კი 42 ათასი დოლარია საჭირო.

ნიკუშა 1 წლის იყო, როცა მისი მშობლები თურქეთში წავიდნენ სამუშაოდ ოჯახის სარჩენად. ბავშვი ბებიამ გაზარდა. დედ-მამა მას ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უნახავს. მშობლებს ისეთი სამუშაო ჰქონდათ, 1 წელი საქმეს ვერ ტოვებდნენ, ბოლო წელს კი პანდემიის გამო ჩაიკეტა საზღვრები. ასე გავიდა 2 წელი.

„ბებო, მუცელი მტკივა” – ასეთი უწყინარი ჩივილით დაიწყო ყველაფერი 5 იანვარს. ნიკო იაშვილის კლინიკიდან სტამბოლში გაგზავნეს.

უსიამოვნო მიზეზით, მაგრამ ხანგრძლივი განშორების შემდეგ ნიკუშა მშობლებთან ჩავიდა. დიაგნოზი მუცლის ღრუს ემბრიონალური რაბდომიოსარკომა აღმოჩნდა. ავთვისებიანი, სწრაფადპროგრესირებადი სიმსივნე.

„ყველაფერს ვეუბნებით. რამეს თუ ვუმალავთ, გრძნობს და დარდობს. ახლა ქიმიოთერაპიის დროა, ახლა კათეტერია ჩასადგმელი, ექიმმა უნდა შეგვამოწმოს, სისხლის ანალიზი უნდა აგვიღონ – ასე ვუხსნით ყველაფერს და ვარქმევთ სახელებს. ვეუბნებით, რომ ავადაა და საჭიროა მკურნალობა, საქართველოში დაბრუნება და ცხოვრების ბედნიერად გაგრძელება რომ შევძლოთ“. – ამბობს ნიკოს მამა, გოჩა ხარაბაძე.

სტამბოლში ნიკუშას მშობლები ღამის ცვლაში მუშაობენ, ფაბრიკაში. დღისით დროს ბავშვთან ატარებენ. ბათუმიდან სტამბოლში ნიკუშას ბებიაც ჩავიდა, რომ ბიჭს მუდმივად უმეთვალყურეოს.

„ქიმიოთერაპიების შემდეგ ბავშვი ძალიან სუსტადაა. აუცილებელია მუდმივად მის გვერდით ყოფნა და კონტროლი – გვერდითი მოვლენები რომ არ განუვითარდეს. ძალიან გვეხმარებიან ასეთ დროს დამსაქმებლები, სამსახურიდან გვიშვებენ, ხანაც თანამშრომლები გვენაცვლებიან“, – ამბობს ნიკუშას მამა.

მისივე თქმით ხელფასი, რასაც ის და მისი მეუღლე სტამბოლის ფაბრიკაში გამოიმუშავებენ, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც რეალურად სჭირდება ოჯახს სხვა ქვეყანაში არსებობის, ნიკუშას მკურნალობისთვის.

„ადამიანების იმედად ვართ. ჩვენი ბედი ახლა ადამიანებზეა დამოკიდებული: მეგობრებზე, უცნობებზე, ნაცნობებზე“, – ამბობს ნიკოს მამა.

ექიმები ბიჭის მშობლებს არიგებენ, რომ ნიკოსთვის ოდნავი გაბრაზება, გაღიზიანება და აღელვებაც კი არ შეიძლება. დედ-მამაც ამხნევებს, რაც შეუძლიათ ყველაფერს უსრულებენ ბიჭს, რომ მხიარულად იყოს, კარგი განწყობა ჰქონდეს ყოველდღე და ბრძოლისუნარიანობა შეინარჩუნოს.

ნიკოც იბრძვის: პირველკლასელია და ონლაინგაკვეთილებში ჩვეულებრივად ერთვება, არ აცდენს, სწავლობს. მასწავლებელი იმასაც ეუბნება, თუ დილით დასწრება გიჭირს, როცა გინდა მაშინ ჩაგიტარებ გაკვეთილებსო, მაგრამ ნიკო ცდილობს კლასელებთან ერთად ისწავლოს, იკითხოს, იანგარიშოს.

მერე ისევ ქიმიოთერაპიებზე შევიდეს, ახალი კათეტერის ჩასადგამად გაუწოდოს მედდებს ხან ერთი, ხან მეორე მკლავი. თვითმფრინავებით ითამაშოს. დათუნიას ელაპარაკოს, რომ ომშია და უნდა გაიმარჯვოს.

ორი თვის წინ სამკურნალოდ სტამბოლში წასულ ბიჭს კლასელებმა ვიდეო ჩაუწერეს:

,,ნიკუშა, მალე გამოჯანმრთელდი, რომ ერთად წავიდეთ სკოლაში“, ,,როგორ ხარ ნიკოლოზ? ძალიან მომენატრე, გულში მომენატრე!“, ,,ყველა კლასელი გელოდება, მეც გელოდები, ძალიან მიყვარხარ!“.


  • ნიკოს დიაგნოზი – მუცლის ღრუს ემბრიონალური რაბდომიოსარკომაა (მდებარეობს მუცლის ღრუს სველ წერტილში C76,2) მუცლის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც ახასიათებს სწრაფი მეტასტაზირება.
  • დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ამერიკული პროტოკოლით გათვალისწინებული 42-კვირიანი ქიმიოთერაპიის კურსი.
  • საწყის ეტაპზე ჩანიშნულია 24-საათიანი 5 ქიმიოთერაპიის კურსი (46 000 აშშ დოლარის ღირებულების), კეთდება 21 დღეში ერთხელ. შუალედებში კი კვირაში ერთხელ ნიკოს უკეთდება ნახევარსაათიანი ქიმიოთერაპია.
  • ყოველი კურსის დაწყებამდე 4 საათით ადრე ტარდება გამოკვლევები, რის საფუძველზეც დგინდება, თუ რამდენად მზად არის ორგანიზმი 24-საათიანი ქიმიოთერაპიისთვის…(აქვე აუცილებელია ოჯახმა სრულად დაფაროს ერთი თერაპიის საფასური 9 200 აშშ დოლარი)
  • მეხუთე კურსის შემდეგ ჩანიშნულია სრული კვლევა, რის საფუძველზეც უნდა დადგინდეს ქირურგიული ჩარევის შესაძლებლობა.
  • ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ ნიკოს ესაჭიროება როგორც რადიო, ასევე ქიმიოთერაპია.
  • ოპერაციის და პოსტოპერაციის შემდეგ დანიშნული მკურნალობის საფასური ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის.

ნიკუშასთვის თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია. ბიჭის დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ ანგარიშის ნომერზე:

GE31BG0000000161107164 საქართველოს ბანკი. მიმღები : მირზა დიასამიძე (ნიკოს ბიძა)

საქველმოქმედო ზარი: 09 01 700 598

Exit mobile version