ესპანეთში დააკავეს 4 ქართველი მეზღვაური, გემს 3 ტონა კოკაინი გადაჰქონდა – მედია

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს დახმარებისთვის 4-მა ქართველმა მეზღვაურმა მიმართა. მეზღვაურები 24 თებერვალს ესპანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს ესპანეთის ტერიტორიულ წყლებში.

უცხოური მედიის ინფორმაციით, პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ NEHIR-ს, 3 ტონა  კოკაინი გადაჰქონდა. ესპანელმა სამართალდამცავებმა მეზღვაურები ესპანეთის ტერიტორიულ წყლებში დააკავეს.

მედიის ცნობით, მეზღვაურებმა გემი ჩაძირეს და გაქცევა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერებები მტკიცებულების სახით წყლიდან ამოიღეს და 9 მეზღვაური დააკავეს. მათგან 4 საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკონსულო დაწესებულება ხაზზეა მეზღვაურების ოჯახის წევრებთან და ადვოკატთან, რომელიც მათ უფლებებს იცავს.

საქმეს ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.


მთავარ ფოტოზე: პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი NEHIR-ი ჩაძირვის პროცესში. ფოტო: fleetmon

ავიაკატასტროფა თურქეთში – დაიღუპა 11 სამხედრო

4 მარტს თურქეთში სამხედრო ვეტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 11 სამხედრო პირი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

ამ დრომდე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი ამინდის ცვლილება გახდა.

ავიაკატასტროფის ადგილას, ბიტლის პროვინციაში ჩავიდნენ ექსპერტები და ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

_____________

ფოტო: სააგენტო ანადოლუ 

გომის მთისა და ბახმაროს ტყეებში ეროვნული პარკის დაარსება იგეგმება

დაცული ტერიტორიების სააგენტო, გურიაში ეროვნული პარკის დაარსებისთვის საჭირო კვლევებს იწყებს. სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული პარკის დაარსება ბახმაროსა და გომის მთის მიმდებარედ არსებულ დაუსახლებელ (ტყიან) ტერიტორიებზე იგეგმება.

სააგენტოს ცნობით, გურიის ეროვნული პარკის დაარსების მიზანი გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვა და შენარჩუნებაა და ეროვნული პარკის დაარსებაც დაახლოებით გომის მთის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იგეგმება.

“საუბარია ბახმაროს აქეთ, ტყეები რაც არის, მაგ ნაწილზე და დაახლოებით გომის  მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქაც არა დასახლებული ნაწილი, ტყეები. ახლა იწყება კვლევები. დაცული ტერიტორიების შექმნა საკმაოდ გრძელვადიანი პროცედურაა და თითოეულ ეტაპზე ძალიან მკაცრი დასაბუთებაა საჭირო ისეთი, რომ დააკმაყოფილოს ეს კრიტერიუმები”, – გვითხრეს სააგენტოში.

“ახალი პროექტი მიზნად ისახავს გურიის ტყის ლანდშაფტებში არსებული გამოწვევების, კერძოდ ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას, როგორც ადგილობრივი, ასევე ფართო საზოგადოების კეთილდღეობისთვის”.

პროექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან ერთად (WWF) მუშაობს, შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

სხვადასხვა სახის კვლევებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ. სააგენტოს ცნობით, შესწავლის ეტაპი შესაძლოა წლის ბოლომდე გაგრძელდეს.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 5 მარტის 21 საათიდან 6 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

მთიან აჭარაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 2 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 7-8 მარტს აჭარაში მოსალოდნელია წვიმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, 13 მარტამდე ბათუმში ძირითადად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 10 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით

საქართველოში ბოლო 24 საათში 22 022 კვლევა ჩატარდა კორონავირუსზე და გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 390 ახალი შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 563 პირი ემსხვერპლა.

დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.77 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.62 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.31%.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდით ინფიცირების 2 420 აქტიური შემთხვევაა, აქედან 1 379 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკაში, მათგან  264 მძიმე პაციენტია.

887 ინფიცირებული საკუთარ სახლში მკურნალობს ვირუსის სიმპტომებს.

ქვეყანაში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 781 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 546 პირი, აჭარაში – 449 და 691 – იმერეთში.

აჭარაში კოვიდის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 5 მარტი

5 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ბოლო მონაცემებით აჭარაში, კოვიდკლინიკაში 112 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, აჭარაში, კოვიდსასტუმროში 35 პაციენტია, რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 449 ადამიანი. 

როცა ქალზე იმიტომ ძალადობ, რომ ქალია – ინტერვიუ

ორი დღის წინ, როცა პროკურატურამ მორიგ ქალზე ძალადობის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, იქვე აღნიშნა, რომ „პროკურატურა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრად რეაგირებს. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 208 პირის მიმართ“.

გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობა, როგორც სასჯელის დამამძიმებელი გარემოება, სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წელს გაჩნდა. პროკურატურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ 2019 წელს 119 საქმე იყო ასეთი, 2018 წელს – 111.

გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა ის შემთხვევაა, როცა, მაგალითად, ქალზე ძალადობ, ან მის ჯანმრთელობას აზიანებ იმის გამო, რომ ის ქალია. ამ შემთხვევაში, პროკურატურა პირს ცემის გამო ედავება, მუქარის, თუ ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით, მოსამართლეს მოუწევს დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინება, ანუ იმის, რომ დანაშაული ჩადენილია გენდერის ნიშნით.

რამდენით მძიმდება ამ დროს სასჯელი და რისი მაჩვენებელია ეს ციფრები – „ბათუმელები“ ანა თავხელიძეს ესაუბრა, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტს.

  • რას ნიშნავს პროკურატურის მონაცემი – 208 პირის მიმართ დაიწყო დევნა, როცა ქალზე იმიტომ იძალადეს, რომ ის ქალია? 

ეს, პირველ რიგში, არ ნიშნავს იმას, რომ გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა, წინა წლებში სრულყოფილად არ ხდებოდა ასეთი შემთხვევების შესწავლა და რეაგირება. სრულყოფილად ახლაც არ რეაგირებენ, მაგრამ გაუმჯობესებულია რეაგირების მაჩვენებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურატურამ ისწავლა დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთა სისხლის სამართლის საქმეებში.

ეს მონაცემი არ ასახავს რეალობას სინამდვილეში და შემთხვევები გაცილებით მეტია, როცა გენდერის ნიშნით ძალადობენ ქალზე. არის ბევრი სისხლის სამართლის საქმე, სადაც ვერ გამოიკვეთა სათანადოდ გენდერული ნიშანი, თუმცა წინა წლებთან შედარებით რომ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ეს მონაცემი ამას ნამდვილად ადასტურებს. თითქმის ყველა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 90 პროცენტი ქალია. საერთაშორისო სტანდარტებში პირდაპირ გვიწერია, რომ ეს არის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა, ამიტომ დისკრიმინაციული მოტივი ავტომატურად უნდა მიენიჭოს ოჯახში ძალადობის საქმეებს. პროკურატურა კი ამ საქმეებში დამატებით არგუმენტებს ეძებს.

  • მანამდე და ახლაც რა ქმნის ამ პრობლემას – მგრძნობელობა, თუ კომპეტენცია? 

გამომძიებლებს და პროკურორებს ჰქონდათ დამოკიდებულების და კომპეტენციის პრობლემაც. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა გენდერული ნიშანი აშკარად იყო სახეზე და პროკურორმა არ წაუყენა ბრალი დისკრიმინაციული მოტივით, რაც იყო მნიშვნელოვანი დარღვევა.

წინა წლებში იყო საკანონმდებლო ხარვეზი, როცა არ იყო დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეული დისკრიმინაციული ნიშანი. მას შემდეგ, რაც დისკრიმინაციული ნიშანი დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა, რამდენიმე წელი დასჭირდათ პროკურატურას და სახელმწიფოს იმისთვის, რომ სისხლის სამართლის საქმეებში გენდერული შეუწყნარებლობის მოტივი, დისკრიმინაცია გამოეკვეთათ. ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ხდება ძირითადად გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

  • რას ნიშნავს კონკრეტულად გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა?

მარტივად ეს ნიშნავს იმას, რომ ქალზე ძალადობენ იმის გამო, რომ ის ქალია. საზოგადოებაში, როგორც ცნობილია, დამკვიდრებულია არაერთი გენდერული სტერეოტიპი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა არის ქალის ვალდებულება, რა არის კაცის ვალდებულება. სტერეოტიპების მიხედვით, ქალის ვალდებულებაა, რომ მან საჭმელი მოამზადოს, ბავშვები აღზარდოს, არ იმუშაოს და ოჯახს მოუაროს. თუ, მაგალითად, ქალზე იძალადებენ იმის გამო, რომ მან ცხელი საჭმელი არ მოუმზადა ქმარს, ეს არის გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობა.

  • რატომ არის მნიშვნელოვანი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთა? 

პირველ რიგში, მოტივის გამოკვეთა ნიშნავს პრობლემის აღიარებას, იმის ხაზგასმას, რომ საქართველოში, მაგალითად, ქალებზე იმიტომ ძალადობენ, რომ ისინი ქალები არიან, ან შშმ პირებზე იმიტომ ძალადობენ, რომ ისინი შშმ პირები არიან. მოტივის გამოკვეთა მნიშვნელოვანია, რადგან სამართლიანობის აღდგენა ხდება. მეორეს მხრივ, სახელმწიფოს ამ ყველაფრის დათვლა და მოტივის გამოკვეთა ეხმარება იმაში, რომ სწორად დაგეგმოს პოლიტიკა, ხოლო შემდეგ გაატაროს პრევენციული ღონისძიებები. ეს არის საჭირო იმისათვის, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა იყოს სწორი, შეისწავლოს ეს საქმეები, შესაბამისად იმუშაოს მსხვერპლებთან და ასე შემდეგ.

  • გენდერული მოტივის გამოკვეთა რამდენად ამძიმებს პასუხისმგებლობას?

ეს სასჯელის დამამძიმებელი გარემოებაა. აღსანიშნავია, რომ თუ ამ მოტივზე თავად პროკურატურამ არ აღნიშნა ბრალის შესახებ დადგენილებაში, სასამართლო თავისი ინიციატივით [თუნდაც დაინახოს საქმის მსვლელობის დროს, რომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი] ვერ დაუმძიმებს სასჯელს, თუკი თავის დროზე პროკურორმა მოთხოვნა არ დააყენა. შემდეგ მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად უნდა დაუმძიმოს სასჯელი.

  • როგორია სასამართლო პრაქტიკა, რამდენით მძიმდება ამ დროს სასჯელი? 

როგორც წესი, სასამართლო იზიარებს პროკურატურის კვალიფიკაციას, თუმცა ზოგადად სასამართლოს დამოკიდებულება და მიდგომა ოჯახში ძალადობის საქმეებზე მაინცდამაინც მგრძნობიარე არ არის, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა.

53-ე პრიმა ერთი მუხლი ამბობს, რომ ამ დროს მინიმალურ სასჯელს ვერ დანიშნავს მოსამართლე, თუმცა მან უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის ხასიათი და ქმედების სიმძიმე. მაგალითად, თუკი კონკრეტული დანაშაული ითვალისწინებს 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ერთ წელს მოსამართლე ვეღარ დანიშნავს, როცა გენდერული ნიშნითაა ჩადენილი დანაშაული. მოსამართლე მაქსიმალურ სანქციას ვერ გასცდება, თუმცა მინიმალურსაც ვერ დანიშნავს.

  • რამდენად არსებობს გენდერული მოტივის გამოკვეთაში პრევენციის მიზანი? 

მკაცრი სასჯელი არის გარკვეულწილად პრევენციული, მაგრამ ეს არ არის ეფექტური, თუკი მთავარი აქცენტი არ არის ცნობიერების ამაღლება, რაც ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლია. რეალურად სკოლებსა და საგანმანათლებლო სივრცეებში ასწავლიან ისევ გენდერულ სტერეოტიპებს, არაჯანსაღ დამოკიდებულებებს. ზოგადად, მკაცრი სასჯელი არის პრევენციის ხელშემწყობი გარემოება, მაგრამ არა ერთადერთი.

ხელისუფლებას კანონით ევალება ამ სტატისტიკის წარმოება – მაგალითად, „სტამბოლის კონვენციის“ მე-11 მუხლი ავალდებულებს სწორედ გენდერული სტატისტიკის წარმოებას, ამის საფუძველზე ვედავებოდით პროკურატურას, ასევე შსს-ს, რომ დაეთვალა ძალადობის ფორმები, რამდენი იყო გენდერული ნიშნით ძალადობა, რასაც არ ითვლიდა სახელმწიფო და ჩვენ მიმდინარე დავა გვაქვს შსს-თან, რომ გენდერული სტატისტიკა აწარმოოს, რომ უფრო აღქმადი იყოს, სად აქვს სახელმწიფოს ჩავარდნა, სად ვერ რეაგირებას, სად რეაგირებს. სხვაგვარად მტკიცებულებებზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკას ვერ შეიმუშავებს ვერცერთი უწყება, მათ შორის, სასამართლო, რომელსაც სჭირდება გარკვეული პოლიტიკა, როგორ უნდა იმუშაოს ამ საქმეებზე.

  • თქვენი ინფორმაციით, რამდენად ხდება დისკრიმინაციის სხვა ფორმების გამოვლენა, მაგალითად, როცა ადამიანზე ძალადობენ გენდერული იდენტობის გამო? 

სიტუაცია არის თითქმის იგივე, უბრალოდ, ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი არის ბევრად მეტი, ვიდრე სხვა კატეგორიის საქმეები. განსაკუთრებული პრობლემაა, როცა ძალადობენ შშმ პირზე იმის გამო, რომ ის შშმ პირია. მათ განცხადებას სერიოზულად ჯერ კიდევ არ იღებს სახელმწიფო, არც დაზარალებულის სტატუსს ანიჭებს. შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციული ნიშნის გამოკვეთა უცვლელი პრობლემაა.

ბათუმის ციხეში პატიმარი იმ საკანში დაჭრეს, სადაც ვიდეოკამერებია

ბათუმის ციხეში ერთმა პატიმარმა თანამესაკნე თავის და კისრის არეში დააზიანა, მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას პენტიენციური სამსახური ავრცელებს.

ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, პენიტენციური სამსახურის მიერვე გავრცელებული ინფორმაციით, იმ საკანში მოხდა, რომელსაც ციხის ადმინისტრაცია ვიდეო-სათვალთვალო კამერით აკვირდება. პატიმრის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაცია საკანში მყოფმა მესამე პატიმარმა შეატყობინა.

„4 მარტს, დაახლოებით 10:11 საათზე N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ვ.ლ.-მ საკანში დახმარებისთვის დაუძახა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და უთხრა მათ, რომ მის თანამესაკნეს, ნ.ქ.-ს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. საკანში შესვლისას თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ვ.ლ.-ს ერთ-ერთი თანამესაკნეს (სულ საკანში სამი პატიმარი იყო), ნ.ქ.-ს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა…“ – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ იძალადა ერთმა პატიმარმა მეორეზე საკანში, რომელზეც 24-საათიან რეჟიმში ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება და რატომ დასჭირდა ადმინისტრაციას პატიმრის მიმართვა? – კითხვით პენიტენციური სამსახურის პრესცენტრს მივმართეთ. „წამებში მოხდა ეს,“ – გვიპასუხეს პრესცენტრში და დასძინეს, რომ დეტალებზე გამოძიების დასრულებამდე ვერ ისაურებენ.

კიდევ ერთი დეტალი – პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „დაზიანება ნ.ქ.-ს სავარაუდოდ მისმა მესამე თანამესაკნე ვ.ა-მ მიაყენა“. თუმცსა სამსახური აღნიშნავს, რომ ვიდეოკადრების მიხედვით, თანამესაკნებს შორის კონფქლიტი, ან დაპირისპირება არ ყოფილა.

„ამიტომ ვ.ა.-ს საქციელის მიზეზი გაურკვეველია,“ – წერია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა საქციელია გაურკვეველი, თუკი პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პატიმრებს შორის „რაიმე სახის კონფლიქტს, ან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია?“ – ეს კითხვაც დავუსვით პენიტენციური სამსახურის პრესცენტრს, თუმცა გაგვიმეორეს, რომ გამოძიების დასრულებამდე დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

სამინისტროს განმარტება გადაჭედილი მიკროავტობუსით მოსწავლეების მგზავრობაზე

დღეს, 4 მარტს, „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ ვიდეოს აჭარის განათლების სამინისტრო გამოეხმაურა. ვიდეოში ნაჩვენებია ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის სასკოლო მიკროავტობუსი, სადაც არ არის დაცული მგზავრობის უსაფრთხოების წესები, ასევე, პანდემიის დროს დაწესებული ჯანდაცვის რეგულაციები.

განათლების სამინისტროს წერილობით განმარტებაში ვკითხულობთ:

„დგინდება, რომ მოსწავლეები (რომლებიც ვიდეოში არიან ასახული), არ არიან ჩართული სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამაში, რადგან მათი საცხოვრებელი ადგილი სკოლიდან დაშორებულია 2 კმ-ზე ნაკლები მანძილით და მოსწავლეთა ტრანსპორტში ჩასხდომა განხორციელდა მშობელთა ინიციატივით, რა დროსაც დაირღვა დადგენილი რეგულაციები.

შესაბამისად, კომპანიას მიეცა მკაცრი გაფრთხილება, რომ არ დაუშვას მსგავსი ფაქტის განმეორება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქციები.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირებას ახორციელებს კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გურია ტრანსი’’.

პროგრამის ფარგლებში ჩართულია მოსწავლე, რომლის საცხოვრებელი ადგილი სკოლიდან დაშორებულია არანაკლებ 2 კმ-ით. ხელშეკრულების შესაბამისად მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას აუცილებელია:

[checklist]

  • სატრანსპორტო საშუალებაში ასვლამდე განხორციელდეს მოსწავლეების თერმოსკრინინგი;
  • სატრანსპორტო საშუალებაში ყველას, მათ შორის მოსწავლეებს ეკეთოთ პირბადე;
  • არც ერთ მოსწავლეს არ უნდა უწევდეს ფეხზე დგომა სატრანსპორტო საშუალებაში საჭირო ადგილების არ არსებობის გამო.

[/checklist]

მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ ზედმიწევნით დაიცვას არსებული რეგულაციები, რათა საფრთხე არ შეექმნას მოსწავლეთა ჯანმრთელობას და სასწავლო პროცესს“.

სამინისტროში გვითხრეს, რომ აღნიშნული სკოლიდან 32 მოსწავლე ითხოვს ტრანსპორტის მომსახურებას, რაც სამომავლო განხილვის საგანი უნდა იყოს, „800 ბავშვს ვემსახურებით, 32-ს არა, რადგან ისინი სკოლიდან 1,300 კმ-ის ს დაშორებით ცხოვრობენ. პროგრამა კი გაწერილია მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, რომლებიც ორი კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ სკოლიდან“, – ამბობენ სამინისტროში.

კითხვაზე, თუკი 32 ბავშვს სჭირდება ტრანსპორტი, როგორ გადაწყდება საკითხი, სამინისტროში გვითხრეს, რომ „ეს შემდეგი განხილვის საგანია, როგორ მოვიქცევით იმ 32 ბავშვთან მიმართებაში. ამ წუთას კი, ვისთანაც გაფორმდა ხელშეკრულება, იქ წერია, რომ ყველა რეგულაციის დაცვით უნდა მოემსახუროს სკოლას, დღეს კი ეს ვალდებულებები დაირღვა“.

სკოლის დირექტორის განცხადებით კი, ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში 1350 ბავშვი სწავლობს.

____________________________________

ამავე თემაზე:

ბავშვებით გადაჭედილი სასკოლო ტრანსპორტი – „რომელ უსაფრთხოებაზე გველაპარაკებიან“

სილქფესტი მომხმარებლებს სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ულიმიტო პირობით შესთავაზებს

5 მარტს სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებს შესაძლებლობა ექნებათ  30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო სასაუბრო და  ინტერნეტ პაკეტები, კომბინაციით *202#:

[checklist]

  • ულიმიტოსასაუბრო პაკეტს + 5 GB ინტერნეტი 18 ლარად – პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე*
  • ულიმიტოსასაუბრო პაკეტს + ულიმიტო ინტერნეტი 28 ლარად – პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე*.

[/checklist]

აქციის პირობით ისარგებლებენ ფიზიკური და იურიდიული პირები. პაკეტის ვადის ფარგლებში, მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში 1 მეგაბაიტის ფასი შეადგენს 0,15 ლარს.

პაკეტებში შემავალი სასაუბროს/მეგაბაიტების დაჯამება შეზღუდულია. სასაუბრო დრო არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.

კოვიდით სიკვდილიანობა მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც მეტი ჭარბწონიანია – ანგარიში

კოვიდით სიკვდილიანობა 10-ჯერ მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც ზრდასრულთა უმეტესობა ჭარბწონიანია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა გარდიანი აქვეყნებს.

2,5 მილიონიდან დაახლოებით 2,2 მილიონი პაციენტი კოვიდით გარდაიცვალა ჭარბწონიანობის მაღალი დონის მქონე ქვეყნებში, წერია სიმსუქნის მსოფლიო ფედერაციის მოხსენებაში.

ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ და იტალია, სადაც მოზრდილების 50% -ზე მეტს ჭარბი წონა აქვს, სიკვდილიანობის ყველაზე მეტი პროცენტი უკავშირდება კორონავირუსს.

სიმსუქნის მსოფლიო ფედერაცია მთავრობებს მოუწოდებს სასწრაფოდ გაატარონ ზომები ჭარბწონიანობასთან გასამკლავებლად და ასევე მოუწოდებს მათ, პრიორიტეტული ყურადღება მიენიჭოთ ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ვაქცინაციის პროცესში.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა თქვა, რომ ანგარიში უნდა იყოს გამომაფხიზლებელი გლობალურად მთავრობებისთვის, რათა გაუმკლავდნენ ჭარბწონიანობას და მის მიერ გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს.

„ჭარბწონიანობასა  და Covid19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებლებს შორის ურთიერთმიმართება ნათელი და დამაჯერებელია“, – თქვა ტედროს გებრეისუსმა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ კოვიდით დაღუპულთა შორის ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორი ასაკი იყო, მაგრამ ჭარბი წონა მეორე ადგილზეა.

„ჩვენ შოკირებული ვიყავით, როდესაც ასეთი მაღალი კორელაცია დავინახეთ ჭარბი წონის მქონე ზრდასრულების წილსა და კოვიდით სიკვდილს შორის“, – ამბობს დოქტორი ტიმ ლობშტეინი, მოხსენების ავტორი, ასევე ჯანმოს და ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყოფილი მრჩეველი.

„გარდიანი“ წერს, რომ დიდ ბრიტანეთში, სადაც მოზრდილთა თითქმის 64%-ს აქვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე, ინტენსიური თერაპიის ქვეშ მყოფი პაციენტების თითქმის 20% ნორმალური წონისაა, 32%-ს აქვს ჭარბი წონა, ხოლო 48%-ს – სიმსუქნე.

აშშ-ში, სადაც მოზრდილებში ჭარბი წონა და სიმსუქნე 68% -ს აქვს, ინტენსიური თერაპიის კოვიდ პაციენტების 12% -ს აქვს ნორმალური წონა, 24%-ს ჭარბი წონა და 64%-ს სიმსუქნე.

„გარდიანი“ წერს, რომ ქვეყნების უმრავლესობა ვერ შეასრულებს გაეროს რეკომენდაციას, ორჯერ შეამცირონ სიმსუქნის მაჩვენებლები 2025 წლამდე.

ტიმ ლობშტეინი: როგორც ჩანს, მთავრობებს სურთ თავიდან აიცილონ სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროში კომერციული ინტერესების უარყოფა, როგორც ეს გლობალური დათბობისა და ოკეანეების დაბინძურების შემთხვევაში ხდება. პრობლემას სჭირდება მსოფლიო ლიდერშიფი, იმის უზრუნველყოფა, რომ მრეწველობა და ბაზარი ემსახურებოდეს ხალხის და პლანეტის ჯანმრთელობას. 

„ადამიანები თავს ირჩენენ წონის კლების ინდივიდუალური გეგმებისა და წონის კლებისთვის განკუთვნილი პირადი მოხმარების პროდუქტების გაყიდვით, მაგრამ ჩვენნაირ საზოგადოებაში, სადაც ხდება იაფი საკვების მოხმარების სტიმულირება და უთანასწორობის ზრდა, ეს აშკარად არ არის საკმარისი“ – განაცხადა ლობშტეინმა.

ჭარბი წონა და სიმსუქნე არასათანადო კვების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც მსოფლიოში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, რომელიც ბოლოს 2010 წელს განახლდა, საქართველოში 18-დან 64 წლამდე ქალების 54.2%-ს აქვს ჭარბი წონა და 28.5% არის მსუქანი, კაცებში კი შესაბამისი მაჩვენებლებია 58,6% და 22,1%.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის ტენდენცია მზარდია –  2010 წლის მონაცემებით საქართველოში  18-64 წლის მოზარდებში 56.4%-ს ჰქონდა ჭარბი წონა და 25.1%- სიმსუქნე, 2016 წლის მონაცემებით კი რესპოდენტთა 62.9%–ს აღენიშნებოდა ჭარბი წონა, ხოლო სიმსუქნე  – 31.7%-ს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020 წლის ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, COVID-19ის დიაგნოზით საქართველოს სტაციონარებიდან გაწერილ 1100 პაციენტთა 59.5%-ზე მეტს აღენიშნებოდა ჭარბი წონა ან სიმსუქნე.

შეჩერდება თუ არა მშენებლობა ბულვარში – განათლების მინისტრის პასუხი

„არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს“ – ამ წარწერით ბანერი დღეს საინიციატივო ჯგუფმა აჭარის განათლების სამინისტროს შენობის წინ გამოფინა.

ორგანიზაცია „ბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ და სხვა ორგანიზაციები, ასევე მოქალაქეები, რომლებიც ბათუმის ბულვარში 16-სართულიან მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ამჯერად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრისგან, მაია ხაჯიშვილისგან ითხოვენ მშენებლობის შეჩერებას.

შესაბამისი ადმინისტრაციული საჩივრით „ბათომმა“ და EMC-მ მინისტრს 26 თებერვალს მიმართეს.

აქტივისტების მოთხოვნაა მინისტრმა შეისწავლოს, მისი ქვემდგომი სტრუქტურის, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაწყვეტილება, ხოლო ვიდრე შეისწავლის, შეაჩეროს მშენებლობა, იგივეა ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნაც.

მაია ხაჯიშვილი

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა „ბათომის“ მიმართვასთან დაკავშირებით 2 მარტს გამოსცა ბრძანება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადად კი ერთი თვე განსაზღვრა.

განხილვის დასრულებამდე შეაჩერებს თუ არა მინისტრი მშენებლობას, ამ კითხვაზე სამინისტროს პასუხი ასეთია:

ა(ა)იპ ,,ბათომის“ მოთხოვნა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ, არის განხილვის ეტაპზე.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის ბრძანებით ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირებად ჩაერთვნენ  სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და შპს ,,ამბასადორი ბათუმი“. დაინტერესებულ პირებს მოსაზრების წარმოსადგენად  5 დღის ვადა განესაზღვრათ.

ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მინისტრი ზეპირ მოსმენას გამართავს ერთი თვის ვადაში.

აქცია განათლების სამინისტროსთან

აქცია ბათუმის ბულვარში შპს „ამბასადორი ბათუმის“ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქტივისტებმა დღეს მეორედ გამართეს. ისინი მინისტრისგან პასუხს ხვალ, 5 მარტს, ელიან.

___

მავე თემაზე:

ფულის ძალა – „ამბასადორის“ 16-სართულიანი მშენებლობა ბათუმის ბულვარში

 

ბავშვებით გადაჭედილი სასკოლო ტრანსპორტი – „რომელ უსაფრთხოებაზე გველაპარაკებიან“

დღეს, 4 მარტს, „ბათუმელებს“ მშობელმა მოაწოდა ვიდეო, სადაც ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის მიკროავტობუსით ბავშვების მგზავრობაა გადაღებული. კადრში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები გადაჭედილ ტრანსპორტში ადიან, რასაც მშობლები აპროტესტებენ.

„ეს არის ჩვენი ბავშვების დამცირება“ – ამბობს ერთ-ერთი მშობელი. მისი თქმით, პანდემიის პირობებში დარღვეულია ყველა რეგულაცია და უსაფრთხო მგზავრობის წესები.

„ისეთი ამბავია ტრანსპორტში, რომ მეორეკლასელ ბავშვს ხელი მოაყოლეს კარში და ლამის გადაბჟირდა ბავშვი. როდესაც პანდემიაა და მინისტრი გამოდის და იძახის, რომ დისტანცია დავიცვათ, პირბადე გავიკეთოთ, „მარშრუტკაში“ რამდენი ადამიანი ეტევა? როდესაც 50 ბავშვს ტენიან და ცალი ფეხით დგას ბავშვი, რომ ვერ სუნთქავს, რომელ უსაფრთხოებაზე გველაპარაკებიან.

ორი მიკროავტობუსი მოხსნეს იმის გამო, რომ მანძილი არ არის დიდი [სახლიდან] და თვითონ მოიყვანეთ სკოლაში ბავშვებიო. არადა, ორი კილომეტრია ჩვენგან დაშორება“, – გვეუბნება ერთ-ერთი მშობელი, ნანა.

მშობელი ამბობს, რომ მიკროავტობუსში უფროსკლასელები სხდებიან, პატარებს კი ფეხზე დგომით უწევთ მგზავრობა.

ჩაქვის პირველი სკოლის ახალდანიშნულმა დირექტორმა,  ნათელა ტაკიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუმცა დასძინა, რომ „ამ ბავშვებს (ვინც ვიდეოკადრებშია) სასკოლო ტრანსპორტით მომსახურება არ ეკუთვნით“.

„ეს შემთხვევა დღეს იყო და ვსწავლობთ, თუმცა სასკოლო ტრანსპორტი ემსახურება იმ მოსწავლეებს, რომლებიც ორი კილომეტრით არიან დაშორებული სკოლას. ეს ბავშვები ასე შორს არ ცხოვრობენ. მძღოლის განმარტებით, მას გადაუკეტეს გზა და მშობელმა სპონტანურად შეიყვანა ბავშვები ტრანსპორტში“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

მისი თქმით, ჩაქვის პირველ საჯარო სკოლას 14 მიკროავტობუსი ემსახურებოდა, თუმცა მომსახურე კომპანიამ მიმდინარე კვირაში ორი მძღოლი შეამცირა და წელს 12 მძღოლი ემსახურება.

კითხვაზე, თუ რატომ იყო ჯანდაცვისა და მგზავრობის რეგულაციები დაუცველი მგზავრობისას, დირექტორი ამბობს, რომ მგზავრობისას რეგულაციები დაცულია. „ამას აკონტროლებენ მშობლებიც. უბრალოდ, დღეს იყო ასეთი შემთხვევა. ეს ბავშვები ორი კილომეტრის შიგნით ცხოვრობენ, ამიტომ როცა მძღოლმა უარი უთხრა გადაყვანაზე, გადაუკეტეს გზა“, – ამბობს დირექტორი.

მისი თქმით, თუ მშობლები მაინც ხედავენ ტრანსპორტის დანიშვნის საჭიროებას, მაშინ განცხადებით უნდა მიმართონ განათლების სამინისტროს.

ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში 1 350 მოსწავლე სწავლობს.

პირველკლასელების რეგისტრაცია 15 მარტიდან დაიწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.

პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდი ბავშვს შეაფასებს და მის საგანმანათლებლო საჭიროებებს დაადგენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა მოსწავლეს ჩარიცხავს შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის პერიოდია 2021 წლის 29 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს:

ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.

იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.

რეგისტრაციის II ეტაპი 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

ა) და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;

ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;

გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია – 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

IV ეტაპი

IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

რატომ ახსენებს თურნავა ნამახვანი ჰესზე საუბრისას საბჭოთა ელექტროსადგურებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის კონტექსტში ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბრობს. მინისტრის თქმით, ქვეყნის ენერგოსისტემა „მორალურადაც და ფიზიკურადაც ამორტიზებულია“.

„საქართველოში ყველა არსებული ელექტროსადგური რომ შევკრიბოთ, ეს არის დაახლოებით 4500 მეგავატი დადგმული სიმძლავრე. აქედან 70 % ანუ 3100 მეგავატზე მეტი, არის აშენებული საბჭოთა პერიოდში. ანუ ეს არის უკვე მორალურადაც და ფიზიკურადაც ამორტიზებული სადგურები. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვაახლოთ ეს სიმძლავრეები და არ ვიყოთ დამოკიდებული მომავალში მზარდი მოთხოვნის და მზარდი ეკონომიკის პირობებში სამეზობლოზე, მათ კეთილგანწყობაზე, ელექტროენერგიის იმპორტთან მიმართებაში.

ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი მომხმარებლის მიერ, ჩვენი კერძო სექტორის მიერ, ელექტროენერგიის საფასურის სახით გადახდილი თითოეული ლარი მაქსიმალურად რჩებოდეს ქვეყანაში და ხმარდებოდეს ჩვენს საკუთარ ჰიდროსადგურებს და აქ დასაქმებულ ადამიანებს. არ გადიოდეს ქვეყნიდან და არ ხმარდებოდეს გარეთ არსებულ სადგურებს და იქ დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ეს არის მთავარი ნარატივი ჩვენი,“ – თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

დღეს, 4 მარტს, საქართველოს მთავრობაში განცხადებები გაკეთდა ნამახვანი ჰესის შესახებ. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს ნამახვანში ჩასვლა და ხალხისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა დაავალა.

ნამახვანში ჩასვლის პირობა დადო ნათია თურნავამ და ხაზი გაუსვა, რომ მზად არის სხვადასხვა ჯგუფთან კომუნიკაცია დაიწყოს. კომუნიკაციის ნაკლებობას გაუსვა ხაზი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც.

„ხალხს ჰგონია ჩვენ გამდიდრება გვინდა“ – მძღოლები 80 თეთრამდე ითხოვენ მგზავრობის ფასის გაზრდას

დღეს, 4 მარტს, ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლები აჭარის ტელევიზიის წინ შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. მძღოლები აჭარის ტელევიზიისგან მოითხოვენ ღია ეთერს იმისთვის, რომ თავიანთი მოთხოვნები მიაწვდინონ საზოგადოებას და ხელისუფლებას. მძღოლები, რომლებიც ხელვაჩაურის მიმართულებით გადაადგილდებიან, მგზავრობის საფასურის გაზრდას მოითხოვენ.

„ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ გამდიდრება გვინდა და სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფას გვაყენებენ. აქ იმიტომ ვართ, რომ ტელევიზიამ მეტი დრო დაგვითმოს და ჩვენი პოზიცია გასაგებად გადასცეს ხალხს“, – ამბობს 39-ე სამარშრუტო ხაზის ნომრის ერთ-ერთი მძღოლი.

ტელევიზიის შემდეგ მძღოლებმა მერიის შენობის წინ გადმოინაცვლეს და კვლავ ითხოვენ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრას. მერიის ადმინისტრაციიდან მათ აცნობეს, რომ აქციის მონაწილეებს წარმომადგენელი შეხვდებათ, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, იქნება თუ არა ეს მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.

მძღოლები უკვე მეორედ მართავენ ამ საკითხზე აქციას, თუმცა პირველი აქციის დროს მათ მერიის წარმომადგენლები არ შეხვდნენ.

დღეს არსებული ტარიფი ბათუმში 50 თეთრია, მძღოლები კი ითხოვენ, რომ ტარიფი 70-80 თეთრამდე გაიზარდოს., რადგან განსაკუთრებით შემოერთებულ ტერიტორიებზე მათ უწევთ „12-13 კილომეტრის გავლა 50 თეთრად“. „6 კილომეტრის რადიუსში დარჩეს 50 თეთრი, უფრო დიდ მანძილზე კი ფასი უნდა გაიზარდოს – ჩვენც გვაქვს ბანკის ვალები და გვაქვს ოჯახები სარჩენი“, – აცხადებდნენ აქციაზე შეკრებილი მძღოლები.

მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმის 13-მდე სამარშრუტო ხაზის მძღოლია გაფიცული.

მგზავრობის საფასურის გაზრდას მძღოლები საწვავის ფასის ზრდას უკავშირებენ. „ცხოვრება ძვირდება და ჩვენ გაგვიძვირდა ყველაფერი. ამიტომ მგზავრობის ფასიც უნდა გაიზარდოს. ეს არის მინიმალური საარსებო წყაროს მოთხოვნა“, – ამბობს ლევან დუმბაძე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე მძღოლი.

მისი თქმით, მათ დაითვალეს ხარჯები, რის მიხედვითაც მგზავრობის რეალური ტარიფი 1,20 უნდა იყოს. „თუმცა, ჩვენც ვითვალისწინებთ მოსახლეობის მდგომარეობას და ვითხოვთ 80 თეთრამდე გაზრდა“, – ამბობს მძღოლი.

„ყველას ოჯახი გვყავს, პური ხომ უნდა მივუტანოთ ბავშვებს. ჩვენი პროტესტი არ შეწყდება, ჩვენი მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს მთავრობამ“, – ამბობს კიდევ ერთი მძღოლი.

მძღოლები ამბობენ, რომ საზოგადოებამ არასწორად გაიგო მათი მოთხოვნა, სწორედ ამიტომ გამოვიდნენ ქუჩაში: „გვინდა, რომ ჩვენს მუშაობას აზრი ჰქონდეს. ბანკის ვალიც გადავიხადოთ და ოჯახში პურიც მივიტანოთ“.

საპროტესტო აქცია მერიის წინ ამ დღისთვის [13:00 საათი] გრძელდება.

მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ მერია მგზავრობის საფასურის გაზრდის საკითხს 10 დღეში შეისწავლის. მძღოლების გაფიცვა გრძელდება.

“ნამახვანი ჰესი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია” – ნათია თურნავა

„მინდა ვთქვა, რომ ნამახვანი ჰესის პროექტი, არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის შეკითხვები მოსახლეობაში, ამ პროექტის უსაფრთხოებასთან, მნიშვნელობასთან, სარგებელთან დაკავშირებით,“-  განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ნამახვანი ჰესის შესახებ.

დღეს, 4 მარტს, საქართველოს მთავრობაში რამდენიმე განცხადება გაკეთდა ნამახვანი ჰესის შესახებ. ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც, რომელმაც გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს ნამახვანში ჩასვლა და ხალხისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა დაავალა.

„ჩვენ მზად ვართ კვირაში რამდენიმე შეხვედრა გავმართოთ ხოლმე მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან, ექსპერტებთან, მათ შორის, სხვადასხვა პლატფორმაზე. ჩავიდეთ რეგიონებში და უფრო მეტი ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცება. რამდენად დიდია ამ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საქმეში მსხვილი ჰესების როლი და რა სარგებელი მოაქვს კერძოდ ნამახვანი ჰესს, რომელიც უნდა გითხრათ, რომ ჩვენი იმპორტის დიდი ნაწილის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დავალების მიღების შემდეგ.

___

ამავე თემაზე: რა თქვა ნამახვანში ჰესის მშენებლობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა

რა წერია ნამახვანი ჰესის ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში – დოკუმენტის ანალიზი

 

“ყველა ცხარე კითხვას გაეცეს პასუხი,” – ღარიბაშვილმა მინისტრებს ნამახვანში ჩასვლა დაავალა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანი ჰესის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. ღარიბაშვილის თქმით, კითხვებს, რომლებიც მოსახლეობას აქვს, უშუალოდ მინისტრებმა უნდა გასცენ პასუხი.

„მინდა გამოვეხმაურო ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით შექმნილ წუხილს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდა. კითხვები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამ კითხვებს უნდა გაეცეს დასაბუთებული, პროფესიონალური, კვალიფიციური პასუხი. მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობაში არსებულ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდან გაეცეს პასუხი. ამიტომ,  მინდა ვთხოვო ქალბატონ თურნავას და ბატონ დავითაშვილს, პირადად ჩავიდნენ ადგილზე, ხვალ მაგალითად, დაიწყეთ თქვენ ადგილზე უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან. პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით, თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი. ასევე მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები პარლამენტშიც. პარლამენტშიც შეიძლება ამ საკითხის ირგვლივ მოიწვიოთ დაინტერესებულები და ყველა ცხარე კითხვას გაეცეს პასუხი,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 4 მარტს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ღარიბაშვილის განცხადებას წინ უძღოდა 28 თებერვალს ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია, რა დროსაც ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი გამოვიდა ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად.

დღესვე პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანაში ყოველ წელს მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი მაინც უნდა შენდებოდეს.

“მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია. პროგნოზები, რომელიც არსებობს ენერგეტიკის მიმართულებით არის შემდეგი, რომ ყოველ წელს, მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხორციელდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ უნდა ვიპოვით ოქროს შუალედი და ამ ოქროს შუალედის გამოსაძებნად აუცილებელია უშუალო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რათა არც ერთი კითხვა საზოგადოებაში არ დარჩეს პასუხგაუცემელი,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე:

რა წერია ნამახვანი ჰესის ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში – დოკუმენტის ანალიზი

200-ლარიანი კომპენსაცია ამჯერად 139 348 პირს ჩაერიცხება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით 200-ლარიანი დახმარების თებერვლის თვის ჩარიცხვა დაწყებულია და ის 33 268 ადამიანით მეტს ჩაერიცხება, ვიდრე იანვარში. კომპენსაცია ამჯერად 139 348 პირს ჩაერიცხება, ჯამში 27 869 600 ლარი.

რაც შეეხება იანვრის თვეს, სააგენტოს მონაცემებით, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 080 პირს, ჯამში 21 216 000 ლარი.

კომპენსაცია ეკუთვნის იმ დასაქმებულს, რომელიც 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, თუნდაც 2 თვეს მაინც მუშაობდა, იღებდა ხელფასს, მაგრამ პანდემიის გამო დაკარგა სამსახური/შვებულებაშია და არ აუღია ხელფასი 2020 წლის დეკემბერში, ვერ აიღებს ხელფასს 2021 წლის იანვარში ან თებერვალში. წინა თვის მონაცემების წარდგენა დამსაქმებელს ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით შეუძლია [6 თვის განმავლობაში].


200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, განაცხადის წარდგენა, შესაძლებელია მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან,

ამასთან, მოქალაქეს საშუალება აქვს გადაამოწმოს, არის თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში.

გადასამოწმებლად გადადით ბმულზე

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მიწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge.

ვის ეკუთვნის კომპენსაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

როდის მიიღებენ 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 100-ლარიან დახმარებას

კოვიდის დადებითობის კვირის მაჩვენებელი 1.25 პროცენტია, დღეს დადასტურდა 133 შემთხვევა

4 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარდა  10 678 კვლევა კორონავირუსზე, გამოვლინდა ინფიცირების 133 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

3 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.25 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.65 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.25%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 276 პირი, ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 553 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე საქართველოში 2 212 ადამიანია ინფიცირებული კოვიდით, აქედან 1 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი.

636 ინფიცირებული საკუთარ სახლში მკურნალობს.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 997 ადამიანი.

აჭარაში კოვიდის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 4 მარტი

4 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კლინიკა დატოვა 5-მა პაციენტმა.

ბოლო მონაცემებით აჭარაში კოვიდკლინიკაში 119 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა.

დაბრუნება არ გვიწერია, ჩვენ საქართველომ უკვე დაგვკარგა – 3 შვილის დედა ემიგრაციიდან

– დე, ჩემში რას შეცვლიდი, რა მოგწონს ჩემს ხასიათში, როგორი გინდა ვიყო?

– არაფერს არ შევცვლიდი დე, შენ ყველაზე საყვარელი გოგო ხარ. ტკბილი, მშვიდი ხასიათი მომწონს შენი, თვალები, ყველაფერი… ჯანმრთელი მინდა იყო, სკოლაში რომ კარგად ისწავლო…

______________

ეს ლალი მოცრაძის და მისი 5 წლის შვილის დიალოგია. 33 წლის ლალის სამი შვილი ჰყავს – 6, 5, და 14 წლის გოგოები. ლალი ემიგრანტია. ორი წელია, რაც იტალიის პროვინცია ლეჩეში ცხოვრობს. მის პატარა ქალაქში ქართველები არ არიან. მეგობრობს იტალიურ ოჯახებთან, ვისთანაც ამ ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.

ლალი მოცრაძე, 33 წლის, ემიგრანტი, სამი შვილის დედა:

საშინელი სამუშაო პირობები მაქვს. ვმუშაობ მინიმალურ ხელფასზე, აქ ცხოვრება ჯოჯოხეთია. ცხოვრება ყველაფრის გარეშე. მე ვარ ადამიანი, ვისაც აქვს ყველაფერი, მაგრამ თან არაფერი: მყავს საუკეთესო ოჯახი, საუკეთესო მეუღლე, საუკეთესო შვილები, მაგრამ არ მაქვს არაფერი, ყველა შორსაა.

18 ოქტომბერს ორი წელი გახდა, რაც წამოვედი. მახსოვს, როგორ ველოდებოდი ფრენას. ვუყურებდი ქუთაისს და ვგრძნობდი, რომ ვტოვებდი ჩემს გულს, სულს, ყველაფერს.

მე აქ მხოლოდ სხეული ვარ, რობოტად ქცეული. არაფერი მახარებს, არაფერი მიხალისებს ცხოვრებას.

ქართველები ამაყები ვართ, დავდივართ თავაწეულები, ამ დროს იმდენი დამცირების ატანა მიწევს… მაგრამ რას ვიზამთ, არ მაძლევს საქართველო ჩემს შვილებთან ყოფნის საშუალებას.

ხშირად ამბობენ ხოლმე – „შვილებს გადაჩვეული დედები“. გულზე მხვდება. რამდენჯერ გამღვიძებია და ბალიში გალუმპული დამხვედრია. ჩემი შვილი მესიზმრება ყოველ ღამე, 3 წლისაც არ იყო, რომ დავტოვე. ვერც ვიგებ როგორ და როდის ვტირი ღამით, სიზმარში.

ნუთუ სჯობდა, რომ ჩემი შვილები აღმოჩენილიყვნენ ფეისბუქპოსტებზე, როცა ღარიბი პატარებისთვის აგროვებენ სამოსს, საკვებს. ამისთვის ვარ წამოსული. მინდა ასეთი ბედი ავარიდო ბავშვებს.

დღეს ემიგრანტებით სულდგმულობს საქართველო. საქართველოში დარჩენილ ოჯახებს აქ დარჩენილი შვილები, დედები, ცოლები არჩენენ.

იტალიაში წამოსვლის უმთავრესი მიზეზი ჩემი სუსტი ჯანმრთელობის შვილი იყო. უკიდურეს გაჭირვებაში ვიყავით, მეუღლე ვერ მუშაობდა. ბავშვის წამლის ფული გამოგვქონდა ბანკიდან. ერთ ბანკს როცა ვერ ვიხდიდი, მეორედან გამომქონდა, მერე მესამეში გადავდიოდი და ასე… ერთის პროცენტს მეორე ბანკით ვფარავდი, ვეფლობოდი ვალების ჭაობში.

არ იყო არანაირი გამოსავალი. სამი შვილი მყავს. ორი დედამთილთან და ქმართანაა, მესამე – დედაჩემთან. გადავანაწილეთ ბავშვები. სამდურავი არაფერი მაქვს, ოჯახი ძალიან მიწყობს ხელს, ბავშვებს უვლიან ძალიან კარგად ჩემი დედამთილი და დედა, მეუღლეც.

ბედუკუღმართობაა, რომ არ ვარ ჩემს შვილებთან, მინდა უმცროსს დავეხმარო დილას ჩაცმაში, ბაღში წასვლაში…

33 წლის ვარ. 31-ის აქ გავხდი. შევეგუე ბედს, რომ ჩემი შვილების მომავლისთვის ასე სჯობს. უმჯობესი იქნებოდა არ დამეტოვებინა, მაგრამ არ იყო სხვა გამოსავალი.

ქვეყანაში, სადაც 25 ლარი ღირს 5 ლიტრი ზეთი და ჩემი ქმარი თვეში გამოიმუშავებს 500 ლარს… ბანკი გადავიხადო, შვილები გამოვკვებო, ვასწავლო მათ ამ 500 ლარით თუ რა გავაკეთო? არ მინდოდა ჩემი მეუღლე იძულებული გამხდარიყო გაჭირვებისგან ცუდ გზას დადგომოდა. ათასი ფიქრი და შიშია.

იტალიაში მუშაობა ჩვენთვის ციხეში ცხოვრებაა. ციხეში უბორკილოდ ცხოვრება, რასაც დასასრული არ აქვს.

რაც აქ ვარ, ღამე შემიყვარდა, უფრო მალე გადის, დღე კი არასდროს სრულდება. ყველაფრის ინტერესის გარეშე ვცხოვრობ.

მალე საბუთს ვაკეთებ და რა თქმა უნდა, ჩამოვალ საქართველოში. მინდა ყველასთვის სიურპრიზად დავბრუნდე სახლში, მინდა ჩემი შვილების თვალებში მოულოდნელი სიხარული დავინახო.

ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა საქართველოს ჰაერს ჩავისუნთქავ. ხმა მენატრება ქართული. ნეტა მე ვიყო ბოლო ემიგრანტი, ვინც საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ წამოვა, მაგრამ იმდენი ქალი მოდის აქ… მალე ალბათ საქართველო იქცევა ქვეყნად, სადაც ქალი აღარ დარჩება, დედა აღარ იარსებებს.

იქნებ ჩვენი ემიგრაციით შვილები მაინც დავიცვათ ემიგრაციისგან და სჯობს ვიყოთ მებრძოლი დედები, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

სტუდენტებს უნივერსიტეტებში, ყველას ჰყავს ვინმე ემიგრანტი, ვინც ეხმარება.

დიდი პატივისცემით მეპყრობიან იტალიელები. ყველასთან ვმეგობრობ, მაგრამ მოვალეობა უნდა შეასრულო. თუ თავს დაიცავ და მყარად დგახარ, პატივს გცემენ, გერიდებიან. ვიცავ ჩემს უფლებებს როგორც შემიძლია, მაგრამ აქ მარტო ხარ. სულ მარტო. ვერავის ენდობი. ქართველსაც კი.

შვილების საგაკვეთილო პროცესში აქედან ვერთვები. არასდროს ვსარგებლობ იმით, რომ ემიგრანტი დედა ვარ, თითქოს იქ ვიყო, საქართველოში. პედაგოგი სულ მეუბნება ყოჩაღ, ამას როგორ ახერხებო და მიხარია. ერთ-ერთი მოწინავე მშობელი ვარ, მეც ჩემი შვილების აღზრდა-განათლებაში ვარ ჩართული.

კი, ემიგრანტი დედა ვარ, მაგრამ პასუხს ვაგებ ჩემი შვილების ზრდილობაზე, სწავლა-განათლებაზე, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მათთან ახლოს ვიყო. ფიზიკურად ვერა, მაგრამ სულიერად სულ მათთან ვარ.

ვმუშაობ ადამიანთან, რომელსაც აღარაფერი ახსოვს. დიდი ფსიქოლოგიური ბრძოლა მიწევს საკუთარ თავთან. საკუთარ თავს ვნებს ჩემი მოსავლელი მოხუცი, ვდარაჯობ, რომ არაფერი დაიზიანოს. საკუთარი ოთახი კი არა, საწოლიც კი არ მაქვს. ისე კი იდეალურ დალაგებას არავინ მთხოვს, რადგან რთულად მოსავლელი მოხუცი მყავს, ვერ ხედავს, ვერ ლაპარაკობს, ვერც თავისით ჭამს.

მაქვს 12-საათიანი სამუშაო დღე, მაგრამ 24-საათიანი მუშაობა გამომდის. მისი დატოვება ღამითაც არ შემიძლია.

რა ვქნა. ასეთი პირობები შეგვიქმნა ჩვენმა ქვეყანამ. ჩვენ ვართ საქართველოს განწირული შვილები. ვიცით, რომ პრობლემები არასდროს დაილევა. ჩვენ საქართველომ უკვე დაგვკარგა. ჩამოვალთ, მაგრამ როგორც სტუმრები საკუთარ სახლებში. ქართველ ქალებს არ უნდათ ჩამოსვლა, რადგან გვაქვს სტაბილური სამსახური, უზრუნველყოფილი გვყავს შვილები. ჩვენ დაბრუნება არ გვიწერია.

ქალის ცემა – როგორ იცვლება შეხედულებები თაობების მიხედვით 11 კაცის მაგალითზე

რას ფიქრობთ კაცზე, რომელიც ქალს სცემს და ფსიქოლოგიურად ძალადობს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის ქუჩებში 11 კაცს ესაუბრა. ამჯერად თავად კაცებს ვკითხეთ, როგორ ესმით, მაგალითად,  ფსიქოლოგიური ძალადობა? ვის უნდა მიმართოს მსხვერპლმა დასახმარებლად, ან როგორი კაცია მოძალადე? პასუხების მოსმენის შემდეგ მკაფიოდ გამოჩნდა ერთი რამ: თაობებს შორის შეხედულებები იცვლება. იცვლება ლექსიკაც, რომლითაც თაობები ძალადობის შესახებ საუბრობენ.

მაგალითად, ხანში შესული კაცები ქალის მიმართ ხშირად ახსენებენ ფრაზებს: „მანდილოსანია და მოფერება სჭირდება“, „პოლიცია არაა საჭირო, მოითმინოს“, ან „თუ დამნაშავე არაა, რატომ სცემეს?“ შუა ასაკის კაცები ამ ტერმინებს ნაკლებად იყენებენ, ძალადობას ემიჯნებიან, თუმცა უჭირთ იმის აღწერა, თუ რა არის, მაგალითად, ფსიქოლოგიური ძალადობა.

სიტყვა „ფსიქოლოგს“ კი ახალგაზრდა კაცები ყველაზე ხშირად ახსენებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მოძალადეს და მსხვერპლ ქალსაც, პირველ რიგში, ფსიქოლოგი სჭირდება. ახალგაზრდების ლექსიკაში გაჩნდა სიტყვა „დაზარალებულიც“. ახალგაზრდები ამ თემაზე საუბარს უფრო იმაზე აქცენტირებით იწყებენ, რომ სურთ, დაზარალებულის მხარეს დადგნენ.

კიდევ ერთი ტენდენცია – ნებისმიერი თაობის კაცებს საერთო ჯამში ერთი რამ აერთიანებთ: ძალადობის თემაზე აღარავინ „ღლიცინებს“. ამ საკითხზე უფიქრიათ და არავინ გეტყვით ფრაზას, რასაც წლების წინ ხშირად მოისმენდით, როცა ანალოგიურად კითხვას დასვამდით: „პრობლემები დაილია?“

ხანში შესულები: „ქალს უნდა მოეფერო“ 

„ქალს უნდა მოფერება“, – გვითხრა ბათუმელმა ჯუმბერ რომანაძემ, რომელსაც ცენტრალურ პარკში ვესაუბრეთ ქალებზე ძალადობის შესახებ. მას მიაჩნია, რომ კაცი, რომელიც ქალზე ძალადობს, არაკაცია, თუმცა იმავდროულად მისთვის გასაგებია მიზეზი, რის გამოც ოჯახში კონფლიქტი შესაძლოა ხდებოდეს. ჯუმბერ რომანაძე დაუშვებლად მიიჩნევს, ძალადობის გამო ქალმა პოლიციას მიმართოს.

„თუ არ ჰყავს პატრონი ახლა და უპატრონოა, ძმა არ ჰყავს, მამა, მაშინ უნდა მიმართოს პოლიციას, აბა, რა უნდა ქნას, თუ ძმა ჰყავს, მიხედავს უპოლიციოდაც… ოჯახი ო-ჯახია, პრობლემები ყველგან არის, ხანდახან ხდება, მაგრამ სულ არაა საჭირო ჩხუბი. პოლიცია შორს. ქალები რომ ძალადობენ მამაკაცებზე, მაგას რატომ არ ამბობთ? ყველაფრის უფლება რომ მისცეს ქალებს?“ – კითხულობს ჯუმბერ რომანაძე.

რა შემთხვევაში არის ქალი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი? – კითხვის პასუხად რესპონდენტმა ასეთი შემთხვევა მოიყვანა: „მაგალითად, ქალს ფული არ მიაქვს ოჯახში, ბავშვებს ხო ჭამა უნდათ?“

თუკი ახალგაზრდები გეტყვიან, რომ ქალები თავად გააქტიურდნენ და მედიაც ხშირად აშუქებს ძალადობის შემთხვევებს, ხანში შესულებს მიაჩნიათ, რომ ოჯახში ძალადობის გაზრდილი სტატისტიკა ძირითადად სიღარიბეს უკავშირდება.

„გაჭირვებამ და უმუშევრობამ, უფულობამ მოიტანა ეს, როცა ადამიანი გამოუვალ სიტუაციაშია და აღარ იცის, რა ქნას… უკიდურეს სიტუაციაში უნდა მიმართოს ქალმა პოლიციას, ეს უნდა იყოს უკიდურესი გამოსავალი. აჯობებს ერთმანეთში გამონახონ საერთო აზრი, ვიდრე პოლიციას უთხრან,“ – გვიპასუხა ემზარ გოგიტიძემ. ქალებზე საუბრის დროს მანაც ახსენა, რომ საჭიროა „მოფერება და დარიგება“.

ემზარ გოგიტიძე

„ფსიქოლოგიური ძალადობა მოდის უფულობისგან, გაჭირვებიდან, კაცი ყველაფერზე ნერვიულობს… როცა კაცი კმაყოფილია ფულით, ცხოვრებით, იმას ძალადობა არ სჭირდება,“ – მიიჩნევს კაკო თურმანიძე. ისიც მიიჩნევს, რომ ძალადობა დაუშვებელია, თუმცა არ მიიჩნევს, მაგალითად, რომ ძალადობაა, როცა ქალს, ან თუნდაც საკუთარ ცოლს სამოქმედო სივრცედ მხოლოდ ოჯახი და სამზარეულო განუსაზღვრა.

„მე ვარ მამაკაცი და ოჯახს ვმართავ მე, ქალი უნდა იყოს სახლში, „კუხნაში“, კაცი წავიდეს, მოიტანოს, ქალმა მისი საქმე გააკეთოს, ქალის ბიზნესის და პოლიტიკის არ მჯერა მე… როგორც თანამედროვე კაცი, ასე მივიჩნევ,“ – კატეგორიულია კაკო თურმანიძე და დამატებითი კითხვების მოსმენა ამ საკითხზე აღარ სურს.

კაკო თურმანიძე დარწმუნებულია იმაშიც, რომ, მაგალითად, მის ცოლს არასდროს გასჩენია ან არ უნდა გაუჩნდეს პროტესტი მისი ამგვარი დამოკიდებულების გამო. კაკო თურმანიძეს ჩვენ ასევე ვკითხეთ, რატომ შეიძლება არ სურდეს ქალს აკეთოს ბიზნესი ან პოლიტიკა.

„ვარიანტი არაა, ჩემი ცოლი ისეთ ოჯახშია გაზრდილი, მაგას მან არ იტყვის, არც მისი შვილები და შვილიშვილები. ჩემს სიცოცხლეში მასეთი რამე არ მოხდება… თუ აქვს მაგის სურვილი, რომ მისმა ტვინმა მაი გაქაჩოს [ბიზნესი]… მე ჩემს ქალს – იამზე კახიძეს ვთხოვ, რომ ქუხნაში ცხელი საჭმელი დამახვედროს, სახლი სუფთად დამხვდეს,“ – გაცხარდა კაკო თურმანიძე.

კაკო თურმანიძე

განსხვავებულად ფიქრობს რეზო მიქელაძე, რომელსაც ბულვარში შევხდით. მასაც მიაჩნია, რომ სიღარიბეა ძალადობის მთავარი მიზეზი, თუმცა ბოლო პერიოდში ხშირად ქალებს სთხოვენ ოჯახის რჩენას.

„უმეტესად კაცის ბრალია ძალადობა… არაფერი არ შემოაქვს კაცს ოჯახში და ავალებენ ქალს, ასე ხდება უმეტეს შემთხვევაში,“ – ამბობს რეზო მიქელაძე.

რეზო მიქელაძე

„თუ დამნაშავე არაა, რატომ სცემს და ძალადობს? ესე იგი, რაღაცას აშავებს ქალი, რომ მამაკაცი უჯავრდება… გამოდის, რომ ან „იგულავა“ ქალმა სხვასთან, ან რამე არასწორი გააკეთა ისეთი, რაც ქმარს არ გაუხარდა,“ – გვიპასუხა რომან ნაკაშიძემ.

მისი აზრით, ძალადობა დაუშვებელია, თუმცა „პოლიციამდე არ უნდა მივიდეს საქმე“ და თუ კაცი არ გამოსწორდება, დაშორება ჯობია. რომან ნაკაშიძეს მტკიცედ სჯერა, რომ ძალადობას თავისი მიზეზი ანუ გამართლება აქვს.

შუა ასაკი: „ქალმა უნდა დათმოს ცოტა

მოძალადის გამართლებისკენ საუბრის წაყვანას რომ ცდილობენ, ასეთი კაცის პოვნა საშუალო ასაკის ადამიანებშიც არაა რთული.

„გააჩნია სიტუაციას, რა მხრივ ცემს, რა მიზნით ეჩხუბება… ყველა სიტუაციას გააჩნია თავისი მუხლი, მიზეზი, პუნქტი, არის სიტუაციები, როცა მამაკაცი მართალია, არის სიტუაციები, როცა მანდილოსანია მართალი,“ – გვიპასუხა რუსლან მამულაძემ. ის ჭავჭავაძის ქუჩაზე სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობს.

რუსლან მამულაძე მიიჩნევს, რომ შესაცვლელია ქალზე ძალადობის საიდუმლოდ შენახვის ტრადიცია.

„არ გვსურს ქართველებს გახმაურება, იხარშავს ბევრი თავისთვის გულში, რომ სხვამ არ გაიგოს, არ გაიგონოს, ცუდად არ იფიქროს, ვინ რას იფიქრებს, ეს ძალიან ცუდია… თუ ადამიანს ვერ გააგებინებ, ჯობია, ჩხუბს და ძალადობას, გაშორდე,“ – დაასრულა რუსლან მამულაძემ.

რუსლან მამულაძე

ფსიქოლოგიურ ძალადობად, მაგალითად, ჯაბა შაინიძეს კაცის მხრიდან „ცოტა ხმის წამოწევა“ მიაჩნია. მისი აზრით ეს ტრადიციის ნაწილია, რადგან „ოჯახის უფროსი კაცია და მთავარი სიტყვა კაცმა უნდა თქვას“.

„უნდა არსებობდეს შეთანხმება, მაგრამ თუ ვერ ეთანხმება წყვილი ერთმანეთს, პოლიციაში მიმართვამდე, ჯერ ერთმანეთში უნდა მოიძებნოს პრობლემა. ოჯახში მეტი პასუხისმგებლობა მამაკაცზეა… რაღაც მომენტში ქალმა უნდა დათმოს ცოტა,“ – ასრულებს ჯაბა შაინიძე.

ახალგაზრდები: შესაძლოა, არ მივმართო პოლიციას, მაგრამ ეს ცუდია 

„ძალადობა არ ნიშნავს მაინცადამინც იმას, რომ ფიზიკურად იძალადო. ძალადობაა, როცა მორალურ ზემოქმედებას ახდენ ქალზე და ბრძანებებს იძლევი, რადგან ფიქრობ, რომ მამაკაცი უფრო ჭკვიანია, ვიდრე ქალი,“ – მიიჩნევს ომარ ტუნაძე. ის სტუდენტია.

როგორი კაცია მოძალადე?

„ვფიქრობ, რომ უფრო გაუცნობიერებელია ის ადამიანი, ძირითადად კულტურამ განსაზღვრა მისი ცნობიერება… კაცს ჰგონია, რომ ის არის ყველაფრის მცოდნე, რაც, ბუნებრივია, არაა სწორი. ეს მხოლოდ მითოლოგიაა, რომ კაცი ყოველთვის ქალზე უფრო ჭკვიანია,“ – გვიპასუხა ომარ ტუნაძემ.

ის არ გვიმალავს, რომ მის გარშემოც ყოფილა ძალადობის შემთხვევა და კონფლიქტის მიჩუმების შემდეგ განცდა დარჩა, რომ რეალურად მოძალადე არ შეცვლილა. ომარი მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ქალს და მოძალადესაც, პირველ რიგში, ფსიქოლოგი სჭირდება და შესაძლებელია, გარკვეულ შემთხვევებში, მოძალადის შეცვლა ფსიქოლოგმა შეძლოს.

„ქალი, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად უნდა გაძლიერდეს… მოძალადის შემთხვევაში კი, მთავარი პრობლემა გაუნათლებლობაა,“ – დასძინა ომარ ტუნაძემ და მერე დანანებით იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ხშირად თავად ქალები არ აქტიურობენ, როცა მიაჩნიათ, რომ კაცი და მისი სურვილებია მთავარი.

ომარ ტუნაძე

ფსიქოლოგიაზე აკეთებს აქცენტს რომა ახალაძეც.

„ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელია ასეთი კაცი, ვინც ძალადობს. ალბათ, უნდა მიმართონ სპეციალურ დაწესებულებებს, სადაც მსგავს საკითხებს განიხილავენ. იმედია, არის მსგავსი დაწესებულებები,“ – მიიჩნევს რომა ახალაძე.

უფროსი თაობისგან განსხვავებით, რომა ასევე იყენებს ფრაზას „დაზარალებული ქალი“.

„თუ არის საჭირო, ჩავერევი და აუცილებლად დავეხმარები დაზარალებულ ქალს, მორალურად დავუდგები გვერდით,“ – აღნიშნა მან.

რომა ახალაძე

„მოძალადეებს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი, ციხე. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ეს პრობლემა… ვხედავ, რომ იმატებს ეს შემთხვევები. უფრო სწორად, ხშირად აშუქებს მედია და პოლიციისთვის მიმართვამაც იმატა. უნდა გადალახონ ქალებმა ეს პრობლემა, ჩვენ ბევრი რამ უნდა გადავლახოთ ერთად, ეს არაა სირცხვილი…“ – გვითხრა გურამ გოგოტიშვილმა.

გურამ გოგოტიშვილი

როგორ იმოქმედებთ, თუკი გაიგებთ, რომ რომელიმე თქვენი ახლობელი მოძალადეა?

„გულზე ხელი რომ დავიდო და სიმართლე გითხრათ, მეც რომ გავიგო, შესაძლოა, არ მივმართო პოლიციას, მაგრამ ეს ჩამორჩენილი მენტალიტეტია, ცუდია… მეც რაღაც მაკავებს, ეს უნდა გადავლახოთ. ცუდია შეხედულება, რომ ეს თითქოს სხვისი საქმეა,“ – გვიპასუხა გურამ გოგოტიშვილმა.

ყვავილები დედისათვის [ფოტო]

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. დღესასწაული უქმე დღედაა გამოცხადებული. დედის დღის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს უმაღლესმა საბჭომ 1991 წელს მიიღო და დააკანონა.

ბათუმის ქუჩებში დღეს ბევრგან იყიდებოდა მინდვრის ყვავილები. ბავშვები და მოზრდილები შინ თაიგულებით მიიჩქაროდნენ, ყვავილებს კი ძირითადად მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ადამიანები ყიდდნენ.

  • სევერიან კახიძე, ყვავილების გამყიდველი

„დედა სიკვდილის წინ ჩემს სახელს იმეორებდა. ავად რომ გახდებოდა, ღმერთს ვთხოვდი, ოღონდ გამოაჯანმრთელე, ვიმარხულებ-მეთქი. სოფელ კაპნისთავში ვცხოვრობ. გაზაფხულობით ჩამოვდივარ, აქ ვჯდები და ვუცდი მყიდველს. ამ ყვავილებს? ჩემი ბადიშები კრეფენ ტყეში, მე წყალში ვაწყობ, ზედმეტ ფოთლებს ვაცლი, შევკრავ ლამაზად და მომაქვს.

ამ სასტუმროსთან ვზივარ ხშირად. სახლივით მაქვს. პატრონმა მითხრა, შემოდი ხოლმე, დაისვენე და გათბიო. შევდივარ, მოვისვენებ ცოტას, გამოვდივარ და ვყიდი ყვავილებს”.

სევერიანი
  • ნინო რუხაძე

„ძალიან კარგი ქალი იყო დედაჩემი. იცით, როგორ მეხმარება იქედანაც? დედის ენერგია არსად ქრება. როცა ძალიან მიჭირს, მას ვთხოვ დახმარებას და ყოველთვის ჩემთანაა”.

ნინო
  • ჟუჟუნა კახიძე

„დღესასწაულებზე ყვავილები მომაქვს ქედიდან ბათუმში, ხან მე მოვდივარ, ხან ჩემი მეუღლე მოდის, ყველაფერს რომ გავყიდი, წავალ სადგურში და ვბრუნდები სახლში. წვიმდება, მაგრამ რა ვქნა, ეს კონები დამრჩა გასაყიდი”.

ჟუჟუნა
  • ელისაბედ ტაკიძე, 15 წლის

„დედაჩემი პედაგოგია, სულ სამსახურშია. ბევრს მუშაობს ჩვენთვის, ხელფასს სულ ჩვენთვის ხარჯავს. დღისით რომ ვერ გვხედავს, საღამოობით გვესიყვარულება, ცდილობს თავისუფალი დრო სულ ჩვენთან გაატაროს. სხვათა შორის, პანდემიაში ბევრი დრო გავატარეთ ერთად!”

ელისაბედი
  • დათო, ყვავილების გამყიდველი

„ქედის ტყეებში ვკრეფ ყვავილებს, ისეთი სიცივე იყო წელს… თან შორს უნდა წახვიდე, ტყისპირებზე არაა ყვავილი. 3 და 8 მარტს ჩამომაქვს ქედიდან ყვავილები გასაყიდად, ხშირად არ დავდივარ”.

დათო

 

  • მზეო ნოღაიდელი, ყვავილების გამყიდველი

„დილის შვიდზე ავდექი, დავკრიფე ქედის ტყეში და ახლა აქ ვყიდი, ცოტა დამრჩა, წავალ მალე სახლში”.

მზეო

ბათუმი, 3 მარტი, დედის დღე, 2021 წელი.
ბათუმი, 3 მარტი, დედის დღე, 2021 წელი.

ბათუმი, 3 მარტი, დედის დღე, 2021 წელი.

„წარმოუდგენელ რამეს ვთხოვთ ბავშვს“ – პედაგოგი სქელტანიანი ნაწარმოებების სწავლებაზე

რას შეცვლის მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლაში, ლიტერატურის სწავლებაში და რა არის ის დიდი გამოწვევა, რის წინაშეც დგას როგორც მასწავლებელი, ასევე ბავშვი? ითვალისწინებენ თუ არა პედაგოგების აზრს მესამე თაობის სასწავლო გეგმის შემუშავების დროს? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის ფინალისტს, ბათუმის №3 საჯარო და კერძო სკოლა „განათლების“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მაია მენაბდეს ესაუბრა.

  • ქალბატონო მაია, თქვენი აზრით რას შეცვლის ლიტერატურის სწავლების კუთხით მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რაში დაეხმარება მოსწავლეს, მასწავლებელს?

სკოლამ თვითონ უნდა შეიმუშაოს თავისი სამუშაო კურიკულუმი ამ სტანდარტზე დაყრდნობით და ეს კურიკულუმი მთლიანად ეყრდნობა კომპლექსურ დავალებებს, რომლებიც გულისხმობს ისეთი დავალებების შესრულებას, როდესაც ბავშვი შექმნის შემოქმედებით ან შემეცნებით პროდუქტს. ეს მიდგომა მე ძალიან მომწონს.

  • აქამდე მასწავლებელი შემოქმედებით მიდგომას არ ასწავლიდა მოსწავლეს?

აქამდე ეს იყო ცალკეული მასწავლებლის ინიციატივაზე დამოკიდებული, ახლა უკვე სისტემურად ინერგება. ყველა მასწავლებელი, ვინც ჩართულია ახალი სკოლის მოდელში, მუშაობს კომპლექსური დავალებებით. რადგან ეს სისტემურია, შესაბამისად, შედეგიც უკეთესი უნდა გვქონდეს. ასეთი მუშაობა ბავშვის ინტერესებზეა მორგებული, მის ყოველდღიურ ცხოვრებას, ნაცნობ გარემოს ითვალისწინებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

  • ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ სქელტანიანი ნაწარმოებები სკოლაში რთულად ისწავლება, რადგან მასწავლებელიც და მოსწავლეც დროშია შეზღუდული. ახალი სასწავლო გეგმით ეს პრობლემა დაიძლევა? შეძლებს მასწავლებელი სიღრმისეულად გაიაროს მნიშვნელოვანი ტექსტები? 

საშუალო საფეხურის ახალი სტანდარტი ჯერ არ დადებულა. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ სავალდებულო ნაწარმოებთა სია შეიცვლება, იმიტომ, რომ მართლა რთული პროგრამაა ბავშვებისთვის. ჯერ ერთი დიდტანიანია, ამას ემატება ისიც, რომ, ყველა ნაწარმოები ქრონოლოგიურად არის დალაგებული სახელმძღვანელოებში, რის გამოც ყველა რთული თხზულება ერთად იყრის თავს, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა როგორც მოსწავლისთვის, ასევე მასწავლებლისთვის.

ჩემი აზრით, კლასიკური ლიტერატურა ნამდვილად უნდა ასწავლოს მასწავლებელმა, როგორც კომპეტენტურმა ადამიანმა, რადგან ბავშვისთვის ეს სრულიად უცნობი, განსხვავებული ესთეტიკაა. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მიაწოდებს მას უფროსი. მაგრამ ეს ტექსტები უნდა ისწავლებოდეს დოზირებულად, მოზომილად, კონკრეტულ თემატურ კონტექსტში თანამედროვე ლიტერატურასთან და არა ქრონოლოგიურად.

აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ის პრობლემატიკა, რომელიც თანამედროვე ბავშვს აინტერესებს და შესაბამისად, უნდა იყოს ძველისა და ახლის შერწყმა.

  • „შუშანიკის წამების“ შემოტანა რომელ თემატურ კონტექსტში სჯობს?

„შუშანიკის წამებაში“ უმთავრესი კონტექსტი არის რელიგია, რწმენის არჩევანი, ეს არ უნდა ჩამოვაშოროთ, მაგრამ პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, პიროვნების თავისუფლება, მისი გზა, რომელსაც სხვები პატივს უნდა სცემდნენ და ამ კონტექსტში ვასწავლი „შუშანიკსაც“ და „აბოსაც“, ასე უკეთესად უახლოვდებიან ბავშვები ტექსტს და ხვდებიან რა არის პრობლემა.

ქალთა მიმართ ძალადობის საკითხის შემოტანაც, რა თქმა უნდა, გარდაუვალია. კონტექსტი თავისთავად მოდის, როდესაც ტექსტზე ვმუშაობთ, რადგან ბავშვებში თავისთავად ჩნდება პროტესტი, სხვა თვალით უყურებენ. ბავშვმა ისიც უნდა იცოდეს, რომ ეს მეხუთე საუკუნის ძეგლია და ის რეალობა უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ ის 21-ე საუკუნის მკითხველია და ძალადობის მიმართ ეს პროტესტი ბუნებრივად უჩნდება.

შესაბამისად, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება ამ პრობლემებზე, დააფიქროს ბავშვები, რომ სიღრმისეულად გაიაზრონ ტექსტი, გააცოცხლონ და დაუკავშირონ დღევანდელ რეალობას.

  • როდესაც ნაწარმოები თემების სახით ანუ კონტექსტურად შემოვა, მთლიანი ტექსტის წაკითხვა ხომ მაინც მოუწევთ ბავშვებს. 

ამიტომ ვამბობ, რომ თუ სტანდარტით გათვალისწინებული სავალდებულო ნაწარმოებების ჩამონათვალი არ შეიცვალა და არ შემცირდა, ისევ დარჩება ეს პრობლემა. აუცილებლად გასათვალისწინებელია ახალ სტანდარტში ეს საკითხი.

  • დღეს სასწავლო გეგმაში შეტანილი რომელი ტექსტების სიღრმისეული სწავლება ვერ ხერხდება მათი მოცულობის გამო?

მიმაჩნია, რომ დიდტანიანი ნაწარმოებები სკოლაში არ უნდა ისწავლებოდეს, რადგან თანამედროვე ბავშვები ძალიან დინამიკურები არიან, უყვართ ცვლილებები, სიახლეები, ურჩევნიათ ერთსა და იმავე თემაზე სხვადასხვა ტექსტი წაიკითხონ, სხვადასხვა კუთხით დაფიქრდნენ, ვიდრე ერთი ნაწარმოები იკითხონ, რომელიც გაიწელება დროში.

მაგალითად, „დიდოსტატის მარჯვენა“ ძალიან რთულია და გვინდა თუ არა, მაინც ვართ ნაწარმოების მოსწრებაზე ორიენტირებული და არა იმაზე, რომ ბავშვმა პრობლემები გაიაზროს, სიღრმისეულად, კრიტიკულად შეხედოს, თავისი სათქმელი თქვას ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით.

  • რითი ჩაანაცვლებდით ამ ნაწარმოებს?

გამსახურდიას რომელიმე ნოველით ჩავანაცვლებდი თუნდაც, ძალიან დიდი არჩევანია.

ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ რომ ავიღოთ, არაჩვეულებრივი ნაწარმოებია, მრავალმხრივი და საინტერესო, მაგრამ დროში ესეც იწელება. მასწავლებელი ვერაფერს გახდება, თუ ტექსტი არ წაიკითხა ბავშვმა. „ჯაყოს ხიზნებიდან“ შეიძლება გარკვეული მონაკვეთების ამოღება ისე, რომ ბავშვს მისი მთლიანად წაკითხვის ინტერესი გაუჩნდეს.

ვიღაცისთვის ის ერთი ეპიზოდი იქნება ბევრის მთქმელი და ამით დაკმაყოფილდება, ვიღაცას გაუჩენს სურვილს, რომ მთლიანი ნაწარმოები წაიკითხოს.

  • „ვეფხისტყაოსანი“ როგორ უნდა დარჩეს სასწავლო პროგრამაში, რომ იგივე დამოკიდებულება არ იყოს ამ ნაწარმოების მიმართ და მოსწავლეებმაც შეძლონ მისი კარგად გააზრება?

ბავშვების ძალიან დიდი პროცენტი სკოლის დამთავრების მერე აღარ შლის „ვეფხისტყაოსანს“. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ მათი უმეტესობა მაინც ითრგუნება დიდი მოცულობის, რთული ტექსტით.

მეათე კლასის განმავლობაში სწავლობენ ჰაგიოგრაფიას, გურამიშვილს, სულხან-საბას და „ვეფხისტყაოსანს“ – ურთულესი რამეა. წარმოუდგენელ რამეს ვთხოვთ ბავშვს! ვფიქრობ, დანაშაულს ჩავდივართ. არადა ,„ვეფხისტყაოსანი“ ისეთი ცოცხალი ტექსტია, იმდენი კუთხით შეიძლება დავანახვოთ ბავშვებს და დავაფიქროთ…

  • კრიტიკოსები ამბობენ, რომ ყველაფერი მაინც მასწავლებლის ოსტატობასა და მის კომპეტენციაზეა დამოკიდებული. ასეა?

მარტო მასწავლებელი ძალიან ცოდოა ამ პრობლემების წინაშე. ძალიან ბევრს ვცდილობ, უამრავ რამეს ვიგონებ მეათე კლასი როცა მყავს და მაინც მგონია, რომ უმწეო ვარ, რადგან რთულია ამ ტექსტებით დააინტერესო თანამედროვე ბავშვი მაშინ, როცა თან „მოსასწრები გაქვს“.

  • ბოლო კლასებში რომ გადანაწილდეს სქელტანიანი ტექსტები, მაინც იგივე პრობლემა იქნება?

გადანაწილებულია, მაგრამ მაინც პრობლემაა, რადგან დიდია მათი რაოდენობა.

  • თქვენ თქვით, რომ პრობლემაა ამ ტექსტების ქრონოლოგიურად დალაგება. თუ თემატიკის მიხედვით დალაგდება, ეს შეამსუბუქებს საქმეს?

ქრონოლოგიურად დალაგება იმიტომ არის პრობლემა, რომ მთელი ძველი ქართული ერთ კლასშია თავმოყრილი. შემდეგ მთელი მე-19 საუკუნე მოდის და შემდეგ – მეოცე. ჩვენ არ ვასწავლით ისტორიას, ჩვენ ვასწავლით და ვაყვარებთ ლიტერატურას, მთავარია, თემატურად იყოს ნაწარმოებები დაჯგუფებული.

ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე მწერლების შემოტანაც, რადგან როცა ცოცხალ მწერალს აცნობ ბავშვს, ამით აძლევ შესაძლებლობას, რომ მასთან შეხვედრა მოუნდეს, მისი ახალი ნაწარმოებები წაიკითხოს. ვფიქრობ, ეს ძალიან აკლია ჩვენს სკოლას.

  • თუ მიდის დისკუსია ამ საკითხებზე იმ ჯგუფთან, რომელიც მუშაობს მესამე თაობის ეროვნულ გეგმაზე და თუ იცნობენ პედაგოგების აზრს ამ ყველაფერზე? რამდენად ხართ ჩართული გეგმის შემუშავების პროცესში პედაგოგები?

აუცილებლად უნდა ისმოდეს ჩვენი ხმა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის სათავეში ისეთი ადამიანი უნდა იდგეს, რომელსაც უშუალო შეხება აქვს სკოლასთან. ვისაც მის მაჯისცემაზე უდევს ხელი. ამ კუთხით სასიკეთო ძვრები არის, მაგრამ არა იდეალური.

მე თვითონ ვარ „ახალი სკოლის მოდელის“ ერთ-ერთი ექსპერტი, მეგზური, მაგრამ ახალი სასწავლო გეგმის შემუშავებაში რეფორმის ავტორები არიან ჩართული. ვიცი, რომ მათ შორის არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვის დროს უშუალოდ შედიან სკოლაში და ატარებენ გაკვეთილებს.

თუმცა განათლების სისტემაში არის კომპლექსური პრობლემები და მხოლოდ კომპლექსური დავალებების შესრულებით ეს არ გადაიჭრება. მაგალითად, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე – ქართულში ტექსტების რაოდენობა, სახელმძღვანელოები, მრავალრიცხოვანი კლასები… ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლების სფეროში ახალი ძალა მოდიოდეს. სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ აინტერესებს ახალგაზრდებს სკოლით და ესეც პრობლემაა. გამოცდილებას თავისი წონა და ფასი აქვს, მაგრამ ახალი ძალის შემოსვლა განათლების სისტემაში, ჩემი აზრით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

ფულის ძალა – „ამბასადორის“ 16-სართულიანი მშენებლობა ბათუმის ბულვარში

რა გავლენა აქვს ბიზნესმენს, რომელმაც ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის ასაშენებლად ნებართვის მიღება მოახერხა, მაშინ როცა კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცალსახად არ უშვებს მსგავსი მასშტაბის მშენებლობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე?

როგორ მოხდა, რომ ყველა სამთავრობო სტრუქტურა, რომლებსაც ამბასადორის „დაჟინებულ მოთხოვნებთან“ შეხება ჰქონდა, მობილიზებული იყო მის დასახმარებლად?

„ამბასადორმა“ მიზანმიმართული უკანონო ქმედებების შემდეგ ჯერ ბულვარში გაფართოება, შემდეგ კი მიმდინარე მშენებლობის მასშტაბის გაზრდაზე ნებართვის მიღება მოახერხა. დიდი ალბათობით, სამომავლოდ ბულვარში გაფართოების სურვილს კომპანია ისევ გაახმოვანებს, რადგან სააგენტომ კომპანიას დაუმტკიცა 16-სართულიანი პროექტი [დამატებით – სამი მიწისქვეშა სართულით] პარკინგის ადგილის გარეშე. პარკინგის მოსაწყობად კი ბულვარში კომპანიას თანხმობის მიღების მზაობა ბათუმის ყოფილი მერისგან ჰქონდა.

„ამბასადორის“ მშენებლობას ბათუმში აქციებით აპროტესტებენ. მომზადდა პეტიცია, რომელსაც ხუთი ათასზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს, ბულვარში „ამბასადორის“ 16-სართულიანი მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მიმართეს აჭარის განათლების მინისტრს, შეაჩეროს მშენებლობა, ვიდრე მისი ქვემდგომი სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერებას არ შეისწავლის.

ბათუმში მშენებლობებზე ნებართვის გამცემი პირები ხშირად ფარად იყენებენ კანონს  კრიტიკის საპასუხოდ, როცა საქმე ეხება კონკრეტულ მშენებლობებს, რომლებიც ბათუმში არ მოსწონთ და მიუღებლად მიაჩნიათ.

ასე იქცევიან მერები, მერის მოვალეობის შემსრულებლები, მთავარი არქიტექტორები, სააგენტოს დირექტორები… „ეს გემოვნების საკითხი არ არის,“ – ამბობენ ისინი და განმარტავენ, რომ უარის თქმის შესაძლებლობას კანონი არ აძლევთ.

თუმცა კანონი არ აღმოჩნდა საკმარისი მშენებლობის ნებართვის გამცემთათვის ბათუმის ბულვარის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დასაცავად.

ბოლო პერიოდში ბულვარის დამცველებმა მშვიდობიანი პროტესტის  რადიკალური ქმედებებით შეცვლის აუცილებლობა  დაინახეს: „სხვანაირად ხელისუფლებას ჩვენი ხმა არ ესმის, როცა კომპანია დიდი ფულით და დიდი გავლენით მოდის.“
კომპანია, რომელიც ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს

„ამბასადორის“ პროექტი ბათუმის ბულვარში ეტაპობრივად ზრდადია, ისევე როგორც ყველგან, სადაც კომპანია ჩავიდა და საქმიანობა წამოიწყო. ჯერ არ ვიცით, არის თუ არა 16 სართული ბათუმის ბულვარში პროექტის სიმაღლის ბოლო ნიშნული, თუმცა დადასტურებულად ვიცით, რომ  პროექტი არ მოიაზრებს პარკინგის ადგილს და კომპანიას ამ პრობლემის მოსაგვარებლად ისევ ბულვარის ტერიტორიაზე უჭირავს თვალი.

შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში 40-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს – ამის შესახებ კომპანია თავისსავე  გავრცელებულ სარეკლამო მასალებში წერს. მიუხედავად იმისა, რომ „ამბასადორმა“ ოფიციალურად მოითხოვა ბათუმში მშენებარე კომპლექსისთვის სასტუმროს ფუნქციის დამატება, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ჯერ არ აჟღერებს და მშენებარე პროექტს ისევ ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს უწოდებს.

კომპანია „ამბასადორი“ ფლობს ასევე შპს „ელიტ სქიი რესორტის“ 100%-იან წილს, რომელმაც გოდერძის უღელტეხილზე  სასტუმროს მშენებლობა უკვე დაასრულა. ამ კომპანიის დირექტორიც „ამბასადორი ბათუმის“ დირექტორი ელგუჯა ქებურიაა.

 

ambasadori goderdzi
ამბასადორი გოდერძი

კომპანიის ყველაზე მსხვილი პროექტი სასტუმრო-დასასვენებელი კომპლექსი „ამბასადორი კაჭრეთია“, რომელიც რამდენიმე ჰექტარზეა გადაჭიმული და როგორც სასტუმროს, ასევე ღია დასასვენებელ სივრცეებს, რესტორნებს, სამორინეს, აუზებს, გოლფის მოედანს და საცხენოსნო კლუბს აერთიანებს. ტერიტორიას აქვს ასევე ხელოვნური ტბა, სადაც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში 15 779 კვ.მ  მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები ეკა კოპალეიშვილმა სახელმწიფოსგან 2016 წელს პირდაპირი წესით, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განკარგულების საფუძველზე, 100 000 ლარად მიიღო, ანუ 1 კვადრატულ მეტრში 6 ლარი გადაიხადა. ამავე განკარგულებით ეკა კოპალეიშვილმა ამ ნაკვეთზე 750 000 ლარი ინვესტიციის  განხორციელების ვალდებულება აიღო.

ქებურიები ამ ნაკვეთის გაგრძელებაზე ფლობენ ასევე შპს „მეღვინეობა ქებურიას“, სადაც თავად ელგუჯა ქებურია 50 პროცენტის მფლობელია. ამ კომპანიაში წილებს ფლობენ ასევე ბიზნესმენის შვილები, თორნიკე და ლია ქებურიები [25-25%].

ამბასადორი კაჭრეთი

ეკატერინე კოპალეიშვილი ფიქსირდება ასევე 2014 წელს დაფუძნებული შპს „კოსმოსის“  50 პროცენტის მესაკუთრედ. ამ კომპანიაში წილებს ფლობენ რუსეთის მოქალაქეები – ვადიმ ბერესლავსკი [16.65 %] და მარკ ლიტინსკი [16.65%], ამავე კომპანიაში 16.70 % – ის მფლობელია ასევე რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ფრიდი, მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში ქებურიებმა სწორედ მისგან იყიდეს.

„ამბასადორი“ კაჭრეთში ასევე ფლობს კომპლექსს „ვილა ამბასადორს“, რომელსაც შპს „ანაგი “აშენებს. ვილების კომპლექსი  26 შენობას და  45 ბინას მოიცავს. „ანაგი“  აშენებს ბათუმის ბულვარში 16-სართულიან შენობასაც.

ვილა ამბასადორი

მიწის ნაკვეთი კაჭრეთში პირველი ნაკვეთი არ არის, რომელიც ეკა კოპალეიშვილმა პირდაპირი წესით შეისყიდა. 2012 წლის იანვარში მას თბილისის საკრებულომ  ნაკვეთი შავთელის ქუჩაზე  პირდაპირი წესით და ვალდებულებით გადასცა, 2017 წელს კი ეკა კოპალეიშვილი ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდისგან გაათავისუფლეს.

შავთელის #17 ში სასტუმრო კომპლექსი „თბილისი ამბასადორი“ ფუნქციონირებს.

თბილისი ამბასადორი

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ რუსეთის ორ მოქალაქეს, მილიონერ ბიზნესმენს ელგუჯა ქებურიას [მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს] და ვართან ვართანოვს ეკუთვნის. პარალელურად ელგუჯა ქებურია კომპანიის დირექტორია. შპს „ამბასადორი ბათუმის“ კიდევ ერთი დირექტორი გოჩა კამკიაა. სწორედ ის წარმართავს მოლაპარაკებებს სახელმწიფო უწყებებთან სამშენებლო ნებართვების თაობაზე.

ელგუჯა [ბუბა] ქებურია
ელგუჯა ქებურიაა ასევე შპს „ამბასადორის“ დირექტორი, ამ კომპანიის 75 პროცენტს ეკა კოპალეიშვილი ფლობს [მასაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს], დარჩენილი 25 პროცენტის მფლობელი კი საბერძნეთის მოქალაქე ბექა ქებურიაა – ის ელგუჯა ქებურიას შვილია.

თორნიკე ქებურია ყვითელ პრესაში ხშირად ხვდება. წერენ მილიონერის ვაჟის ძვირადღირებული ავტომანქანებით გატაცებაზე და 460 000-ევროიან „ლამბორჯინზე“ საქართველოს ნომრებით,  რომელიც საზღვარგარეთ პარკირების წესებს არღვევდა.

მედიაში ამსტერდამის ერთ-ერთ ქუჩაზე, ველოსიპედის სავალ ნაწილსა და პარიზში, ეიფელის კოშკის ფონზე, დარღვევით გაჩერებული  „ლამბორჯინის“ ფოტოებიც გავრცელებულა, ამ დარღვევებისთვის თორნიკე [თოშა] ქებურიას ჯარიმის სახით დიდი თანხა გადაუხდია.

ელგუჯა ქებურიას საკმაოდ დიდი ქონება აქვს. მათ შორის რესტორნები: „ტიფლისი“, „თავადი ბაგრატიონი“, „ტიფლისკი დვორი“, ბიზნესცენტრი და 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ქებურ პალასი“. მასვე ეკუთვნის პარიზში რესტორანი „ქართული სახლი“.

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის პროცესმა და მასთან დაკავშირებულმა ამბებმა, რაც ამ სამშენებლო ნებართვის ეტაპობრივად მიღებასაც გულისხმობს, აჩვენა, რომ ხელისუფლება კანონით არ ხელმძღვანელობს მათთან, ვინც დიდი ფულითა და გავლენით მოდის.

 კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცალსახად ამბობს, რომ ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, 16 სართულის მშენებლობა დაუშვებელია. 

სპეციალისტების განმარტებით, კანონი ავტომატურად კრძალავს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე 16-სართულიან მშენებლობას. მსგავსი მასშტაბის მშენებლობა არც ძეგლის საზღვრიდან მინიმუმ 50 მეტრის რადიუსშია შესაძლებელი.

კანონი აწესებს ასევე ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალს, ძეგლის საზღვრიდან მინიმუმ 500 მეტრის რადიუსში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შეცვლილი პოზიცია  და ამბის თანმიმდევრულობა

„ჩვენ ჩვენს პოლიტიკაში ვართ აბსოლუტურად თანმიმდევრულები. თუ გადახედავთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ეს თანმიმდევრულობა იგრძნობა ყველაფერში ცალსახად. რაც შეეხება ბულვარის განაშენიანების გეგმას, ეს არის მიმდინარე დოკუმენტი, რომელზეც ძალიან კარგი რეპუტაციის მქონე პარტნიორები მუშაობენ. როცა დასრულდება, ეს ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს ბულვარში რაიმე სახის ხელოვნურ ჩარევას ან ხელოვნურ განაშენიანებას. რა თქმა უნდა, ამაშიც ჩვენ ვიქნებით პრინციპული და თანმიმდევრულები,“ – გვითხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ერთი წლის წინ, როცა მას ვკითხეთ, „ამბასადორის“ პროექტის მასშტაბის გაზრდის შემთხვევაში ეჭვქვეშ ხომ არ დადგებოდა გადაწყვეტილება ბულვარის განაშენიანების გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით.

თორნიკე რიჟვაძე

მართლაც გადავხედოთ თანმიმდევრულობას, როგორც ამას მთავრობის თავმჯდომარე გვთავაზობს:

  • 2020 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც „ამბასადორმა“ სამსართულიანი პროექტის 15-სართულიანით შეცვლა მოითხოვა, თორნიკე რიჟვაძე ამბობდა, რომ მისი აზრით უნდა აშენდეს მხოლოდ იმ მასშტაბის შენობა, რაზეც ნებართვა გაცემული იყო – „არც მეტი და არც ნაკლები, ერთმნიშვნელოვნად“.
  • ამ კომენტარიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის იანვარში, როცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობის ნებართვა გასცა, მთავრობის თავმჯდომარემ პოზიცია შეცვალა და თქვა, რომ „შენება კარგია“.

მოგვიანებით, ამ საკითხთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძემ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ „ამბასადორის“  ნაკვეთი  ბათუმის ბულვარში 2010 წელს წინა ხელისუფლებამ გაყიდა. კითხვაზე, თუ რამ შეაცვლევინა პოზიცია, თავის არიდება მან „ამბასადორის“ მიერ უკანონო სართულის დაშენების გახსენებით სცადა.

„ერთი წლის წინ საუბარი ეხებოდა იმას, რომ ობიექტი შენდებოდა ნებართვის მიღმა და ამ შემთხვევაში იყო სანქცია დაწესებული და [კომპანია] დაჯარიმდა, ვინაიდან მე განვაცხადე, რომ ეს მშენებლობაც და სხვა მშენებლობის შემთხვევაშიც ნებართვის მიღმა არც ერთი სართული არ დაემატება. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ობიექტს, აქ არის გაცემული პროექტი, რომელზეც იმსჯელა კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ. მე, ჩემი გადასახედიდან გამოვხატე პოზიცია. საბჭომ რაზეც იმსჯელა, ეს მათი გადაწყვეტილებაა და რა თქმა უნდა, ის დროც წარსულს ჩაბარდა, როცა თუნდაც მთავრობის თავმჯდომარე ან რომელიმე ცალკე აღებული პიროვნება განსაზღვრავს კონკრეტული საინვესტიციო პროექტის ბედს,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რაც შეეხება ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს,  ამჯერად თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ მისთვის თითოეული მოქალაქის გულისტკივილი გასათვალისწინებელია:

„ერთი ადამიანის, თითოეული ბათუმელის გულისტკივილი არის ჩემთვის გასათვალისწინებელი, მათ შორის ის პეტიციაც, რომელიც ჩვენთანაც არის შემოტანილი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დეტალებშიც ღრმად შევალთ, მაგრამ მე აგიხსენით ის პრეისტორიაც, რომელიც ამ გადაწყვეტილებებს და ამ პროექტის განხორციელებას წინ უძღოდა.“

„დეტალებში ღრმად ჩასვლის“ შესაძლებლობა თორნიკე რიჟვაძეს ლეგიტიმურად ექნება, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ბათომმა“ და EMC- იმ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზემდგომს, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს და ნებართვის კანონიერების დადგენამდე მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს. აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი კი, ვინც ეს საჩივარი უნდა განიხილოს, თორნიკე რიჟვაძის დანიშნული და მისი პოლიტიკის გამტარებელია.

მშენებლობის კანონიერება – ცვლილება პროექტში, თუ ახალი ნებართვა

2016 წლიდან დღემდე „ამბასადორი ბათუმი“ დაჟინებით ცდილობდა ბათუმის ბულვარში დაუშვებელი მასშტაბის მშენებლობაზე ნებართვის მიღებას და ამისთვის წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა. გამოჩნდა ისიც, რომ კომპანიას მხარდამჭერი და დამხმარეც ბევრი ჰყავდა.

16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობის პროექტს სააგენტომ ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი დაარქვა. კანონის თანახმად, თავისი მასშტაბების მიხედვით, ეს პროექტი ვერ ჩაითვლება რეაბილიტაციის პროექტად.

თუ შევადარებთ ორ პროექტს რენდერის მიხედვით, როგორი უნდა ყოფილიყო „ამბასადორი“ და რა შენდება ახლა, მარტივად მისახვედრია, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ცვლილებას კი არ დაუჭირეს მხარი, არამედ სრულიად სხვა, ახალი შენობის მშენებლობის ნებართვა გასცეს. ამას სპეციალისტებიც ადასტურებენ, მათივე განმარტებით სააგენტომ 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას რეაბილიტაციის პროექტი სწორედ იმიტომ დააქვა, რომ სხვაგვარად ძეგლის ტერიტორიაზე მსგავს ნებართვას ვერ გასცემდა.

„ამბასადორი ბათუმის“ შენობა ბულვარში პირველი ნებართვის თანახმად – ოთხი სართული, მსუბუქი კონსტრუქციის მქონე შენობა შუშის კედლებით.
„ამბასადორი ბათუმის“ 16-სართულიანი შენობის რენდერი.

„საპროექტო დოკუმენტაციას ჰქვია კორექტირებული პროექტი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან  სამსართულიანი [ერთი მანსარდული სართულით] შენობის ადგილას 16-სართულიანი შენობის აგება ახალი პროექტია, რაც ძეგლის ტერიტორიაზე აკრძალულია კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით“, – ნათქვამია „იკომოს-საქართველოს“ დასკვნაში.

16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობას ბათუმის ბულვარში დაუშვებლად მიიჩნევს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრიც.  დასკვნაში    ვკითხულობთ:

„ბოლო ათწლეულში ბულვარის მიმდებარე მონაკვეთში განხორციელებული აგრესიული ინტერვენციის შედეგად აშენებულმა მაღლივმა შენობებმა კანონით დადგენილი რეგულაციების დაცვის საჭიროება კი არ შეარბილა, პირიქით, მისი დაცვის აუცილებლობა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა. ცხადი გახადა, რომ ბათუმის ისტორიულ ნაწილში განხორციელებული მსგავსი უხეში ჩარევებით ქალაქის თვითმყოფადობას სრული გაქრობის საფრთხე შეექმნა. დაირღვა იქ არსებული და ჩამოყალიბებული მხატვრულ-არქიტექტურული, ლანდშაფტური და სივრცითი კონტექსტის ერთიანობა. ქალაქის ისტორიულ ნაწილში აღმოცენებულმა მსგავსმა მოცულობებმა უხეშად შელახა ჰომოგენური ურბანული ქსოვილი და ვერ ჩაეწერა არსებულ სტრუქტურაში. ეს მოცულობები სპეციალისტების მხრიდან შეუსაბამო ნაგებობებად შეფასდა, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის – დღემდე მიუღებელ უცხო სხეულებად რჩება. ამდენად, აღნიშნულ ახალ მაღლივ შენობებთან სწორების გზა გაუმართლებელია“.

EMC- ის აღმასრულებელი დირექტორის, იურისტ ლინა ღვინიანიძის განმარტებით, ბულვარში 16-სართულიანი შენობის აგებით სრულად ირღვევა კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მისი ყველა პუნქტი და ეს არის სრულიად შეუთავსებელი გადაწყვეტილება კანონთან მიმართებაში.

ადმინისტრაციული საჩივრის მომზადების პროცესში, რაც შესაძლებელია მომავალში სასამართლოში დავის წინაპირობაც გახდეს, EMC- ის იურისტებმა სრულად შეისწავლეს სანებართვო დოკუმენტები. ანალიზის შემდეგ ორგანიზაციის ხელმძღვანელი აქცენტს აკეთებს გავლენებზე და მისთვის ნაკლებად სავარაუდოა, საქმე კომპეტენციის ნაკლებობასთან გვქონდეს:

„ცხადია, ამ ტიპის უკანონობას შემთხვევით ვერ ჩაიდენს ვერცერთი საჯარო მოხელე. ჩვენ ვხედავთ იმდენად ცხად და აშკარა დარღვევებს, რომ შეუძლებელია ეს კომპეტენციის ნაკლებობას დავაბრალოთ.

მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს თავად კომპანიის, როგორც მესაკუთრის დაჟინება, რომლის მიზანიც წლების განმავლობაში ცხადად ჩანდა. ის ფორმები, ის კანონდარღვევები, როგორც იქნა ნებართვა გაცემული, აჩვენებს იმას, რომ აქ კომპეტენტურობის პრობლემასთან ვერ გვექნება საქმე, ეს არის ცხადი შეთანხმება, უკანონო გადაწყვეტილება, რომლის მიღმაც უნდა დავინახოთ – საბჭო და საბჭოს წევრები აცნობიერებენ იმ გადაწყვეტილებას, რას მისცეს ხმა. შეუძლებელია ეს მათ არ ესმოდეთ“.

____________________

მთავარ ფოტოზე: აქცია აჭარის განათლების სამინისტროსთან ბულვარში მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით.

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დაიცავი ბათუმი“, რომელსაც ახორციელებს საზოგადოება „ბათომი“ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.

საქართველოსთვის “ასტრაზენეკას” 129 600 და “ფაიზერის” 29 250 დოზაა გამოყოფილი – Covax

Covax პლატფორმაზე ვაქცინების განაწილების პირველი რაუნდის დოკუმენტი გამოქვეყნდა, სადაც ქვეყნების და მათთვის განკუთვნილი ვაქცინების დოზებია გაწერილი. ვაქცინების დოზები 139 ქვეყანას 2021 წლის თებერვალ-მაისის პერიოდში უდნა მიეწოდოს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის “ასტრაზენეკას” 129 600 და “ფაიზერის” 29 250 დოზაა განკუთვნილი.

დოკუმენტშივე მითითებულია, რომ ცხრილი განახლდება ამ კვირის ბოლოს, სადაც მითითებული იქნება 2021 წლის თებერვალი-მარტისა და აპრილი-მაისისთვის გამოყოფილი დოზების მიწოდების მოსალოდენელი ვადების შესახებ დამატებითი ინფორმაცია.

ეს ვადები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის არის ეროვნული მარეგულირებელი მოთხოვნები, მიწოდების ხელმისაწვდომობა, ასევე სხვა კრიტერიუმების შესრულება, როგორიცაა ვაქცინაციის დამტკიცებული ეროვნული გეგმა, ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულებები, ასევე ექსპორტისა და იმპორტის ნებართვები და სხვ.

დოკუმენტში მითითებულია, რომ ფაიზერის ვაქცინების დისტრიბუცია წევრი ქვეყნებისთვის 2021 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი. “ეს დოზები ასახულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში, რათა გამოჩნდეს დღეისთვის გადანაწილების გლობალური მიმოხილვა, მაგრამ არ არის განაწილების ამ რაუნდის ნაწილი”.

 

როგორ მოიპოვებთ დაფინანსებას ნერგებსა და სათბურებზე აჭარაში

აჭარის ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ხეხილის ნერგების შესაძენად, ასევე სათბურების მოსაწყობად თანადაფინანსება წელსაც შესაძლებელია, თუ მსურველი შესაბამის პროექტს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარადგენს. გამარჯვებულ პროექტებს კი, სპეციალური კომისია გამოავლენს.

განაცხადების [პროექტების] წარდგენის ბოლო ვადა 2021 წლის 10 მარტია, თუმცა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ვადა, დიდი ალბათობით, მარტის ბოლომდე გადაიწევს.

ნერგების შემთხვევაში მსურველს შეუძლია პროექტი წარადგინოს როგორც ახალი ბაღის გაშენებაზე, ასევე არსებული ბაღის აღდგენა-განახლებაზე.

ერთი პროექტის ფარგლებში დაფინანსდება [სუბსიდირდება] – 0.1 ჰა-დან 1 ჰა-ს ჩათვლით [ანუ, 1000 კვ.მ-დან 10 000 კვ.მ-მდე] სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე ბაღის მოწყობა/განახლება.

პროგრამის მიხედვით, ბენეფიციარმა სანერგე მეურნეობები [ანუ ნერგის მიმწოდებლები] უნდა შეარჩიოს მხოლოდ იმ მიმწოდებლებისგან, რომლებიც ჩართულნი არიან „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ პროგრამაში – „დანერგე მომავალი“. აუცილებელია შესაბამისი ინვოისების [შესაძენი პროდუქციის წინასწარი ანგარიშის] წარდგენაც.

ერთი პროექტის შემთხვევაში თანადაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ხოლო მაქსიმალური – 40 000 ლარს.

პროგრამით განსაზღვრულია ასევე კონკრეტული კულტურები და მათი სუბსიდირების ოდენობა.

მაგალითად, 1 ჰექტარზე შესაძლებელია 500 ძირი თხილის სუბსიდირება, იმავე ფართობზე 155 კაკლის ნერგის სუბსიდირება და ა.შ. ამასთან, თხილის ერთი ნერგი პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მხრიდან დაფინანსდება მაქსიმუმ 2 ლარით, ხოლო კაკლის ნერგი – 12 ლარით. დანარჩენ თანხას კი თავად ბენეფიციარი გადაიხდის.

ნერგების ჩამონათვალი და თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა:

ქვეპროგრამაში ჩართვის აუცილებელი პირობაა ბენეფიციარ ფიზიკურ და იურიდიულ პირ(ებ)ს აჭარის ტერიტორიაზე საკუთრებაში/თანასაკუთრებაში გააჩნდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების [საჯარო რეესტრში რეგისტრირებული] მიწის ნაკვეთ(ებ)ი ან/და მიღებული უნდა ჰქონდეს მიწის ნაკვეთ(ებ)ი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსგან/ მუნიციპალიტეტისგან / აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან [იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში].

ქვეპროგრამის მიხედვით შესაძლებელია შემდეგი ღონისძიებების თანადაფინანსება:

  • ნერგების შესყიდვა-გაადგილება [ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს “დანერგე მომავლის” პროგრამის ფარგლებში შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობ(ებ)ისგან];
  • აგროქსოვილის [მულჩიფირის] შესყიდვა-მოწყობა;
  • სარწყავი სისტემების შესყიდვა-მოწყობა;
  • საყრდენი სისტემების [მავთული, ბოძები და ა.შ.] შესყიდვა-მოწყობა;
  • სიცხისა და სეტყვისგან დამცავი საშუალებების შესყიდვა-მოწყობა;
  • პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებისათვის საჭირო შესაბამისი მანქანა-დანადგარებისა და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა-მოწყობა;
  • პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო წარმოების შესაბამისი მოცულობის სამაცივრე დანადგარებისა და სამაცივრე მეურნეობების შესყიდვა-მოწყობა.
  • ჩაი, ციტრუსები და სხვა სუბტროპიკული კულტურები;
  • ვაზის საღვინე და სასუფრე ჯიშები;
  • კურკოვანი და თესლოვანი კულტურები;
  • კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები;
  • დაფნა.

ასევე:

  • სამულჩე ფირის რაოდენობა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით – 5 000 მ2, თანადაფინანსების ოდენობა არაუმეტეს – 6 000 ლარი (მხოლოდ კენკროვანი კულტურების შემთხვევაში);
  • წვეთოვანი სარწყავი სისტემის თანადაფინანსების ოდენობა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით კენკროვანი კულტურებისათვის არაუმეტეს – 4 800 ლარი, სხვა კულტურებისათვის არაუმეტეს – 2 000 ლარი.

რაც შეეხება სასათბურე მეურნეობის მოწყობას, განახლებას, აღჭურვას – პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს:

  • სასათბურე კონსტრუქციის შესყიდვა-მონტაჟი;
  • სასათბურე ფირის შესყიდვა-მონტაჟი;
  • ჩითილებისა და ნერგების შესყიდვა;
  • სარწყავი სისტემების შესყიდვა-მოწყობა;
  • კლიმატის შემქმნელი ენერგომატარებლების შესყიდვა-მოწყობა [ენერგიის ალტერნატიული წყაროების დანერგვა: ბიოგაზი, მზის პანელები];
  • პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებისათვის საჭირო შესაბამისი მანქანა-დანადგარებისა და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა-მოწყობა;
  • პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო წარმოების შესაბამისი მოცულობის სამაცივრე დანადგარებისა და სამაცივრე მეურნეობების შესყიდვა-მოწყობა.

ამ შემთხვევაში სუბსიდირება ითვალისწინებს პროექტის მთლიანი ღირებულების 80%-ის დაფინანსებას სამინისტროს მიერ, ხოლო დანარჩენ 20%-ს იხდის თავად ბენეფიციარი.

ამავე პროგრამით შესაძლებელია ასევე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენისა და სხვა ღონისძიებების დაფინანსებაც. პროგრამისთვის კი, ჯამში 982 ათას 342 ლარია გათვალისწინებული აჭარის ბიუჯეტში. აქედან უშუალოდ ბენეფიციართა პროექტების დასაფინანსებლად – 907 ათას 342 ლარი.

სამინისტროში განმარტავენ, რომ წარდგენილი ყველა პროექტი [ეს იქნება ტექნიკის შეძენა, სათბურის თუ ნერგების შესყიდვა] ერთად იყრის თავს კომისიაში, რომელიც გამარჯვებულს გამოავლენს.

„ყველა პროექტი მოდის კონკურენციაში ერთმანეთთან… გააჩნია პროექტის კვალიფიციურობას, თუ როგორ არის წარმოდგენილი პროექტი და როგორ არის დასაბუთებული მისი მდგრადობა. ძირითადად, ამის მიხედვით და პროგრამით გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს კომისია პროექტებს“, – ამბობენ სამინისტროში.

დაფინანსების მისაღებად დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა ნახეთ აქ

როგორ შევავსოთ განაცხადი – ამ საკითხზე სამინისტროს განმარტება კი იხილეთ ამ ბმულზე:

როგორ შევავსოთ განაცხადი სოფლად დაფინანსების მისაღებად – სამინისტროს განმარტება

 

სოციალური სააგენტოს უფროსმა აჭარაში თანამდებობა დატოვა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა აჭარაში, თემურ ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ქარცივაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ის რეფერალურ საავადმყოფოში გადავიდა სამუშაოდ, სააგენტოს უფროსის მოვალეობას კი უფროსის მოადგილე, შაქრო ჯაფარიძე ასრულებს.

როგორც შაქრო ჯაფარიძემ გვითხრა, სააგენტოს უფროსის პოზიციის დასაკავებლად კონკურსი დაახლოებით ერთ თვეში უნდა გამოცხადდეს. „მე არ მაქვს ჯერ გადაწყვეტილი, მივიღებ თუ არა კონკურსში მონაწილეობას“, – ამბობს შაქრო ჯაფარიძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს  ბოლო დროს უფლებები შეეზღუდა, რადგან ცალკე გამოიყო ბავშვზე ზრუნვისა და დასაქმების სააგენტო. ამჟამად მის ფუნქციებში მხოლოდ სოციალური ქულების მინიჭება და საპენსიო საკითხები შედის.

კოვიდის 360 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 პაციენტი – 3 მარტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  25 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 742 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 607 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი შეადგენს 271 739-ს.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.42 %, ბოლო 14 დღის – 1.7 %, ხოლო 7 დღის – 1.3%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 265 805-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 541 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარაში – 14, იმერეთში – 50, ქვემო ქართლში – 9, შიდა ქართლში – 35, გურიაში – 11, სამეგრელოში – ზემო სვანეთში – 25, კახეთში – 8, მცხეთა-მთიანეთში – 8, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 367, მათგან 1 477 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 247 , მათ შორის, თბილისში – 96, აჭარაში – 30, იმერეთში – 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, მათგან თბილისში – 63, აჭარაში- 4, იმერეთში – 11.

151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 105 – თბილისში, 34 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 739 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 258 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 107, ხოლო აჭარაში – 24.

3 მარტის დილის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 6 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 2 871 პირი, აჭარაში – 407, იმერეთში – 688.

ხვალიდან ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მარტის 21 საათიდან 4 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – წვიმა, მაღალ მთაში კი – თოვა და ზვავსაშიშროება.

4 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო.
  • მთაში ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი: სამხრეთ დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით და დილით წვიმა, დღის მეორე ნახევრიდან – უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა: კარგი, ტალღის სიმაღლე: ღამით და დილით 15-20 დმ (4 ბალი), დღის მეორე ნახევრიდან 7-12 დმ.(2-3 ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა +8 გრადუსია.

5 და 6 მარტს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რა წერია ნამახვანი ჰესის ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში – დოკუმენტის ანალიზი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების ანალიზს აქვეყნებს.

ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ, ნამახვანი ჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას, კომპანიას აქვს შეუზღუდავი უფლებები ბუნებრივ რესურსებზე, კანონმდებლობის, გადასახადისა და ბაზრის წესების ცვლილებით გამოწვეულ ფინანსურ ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ანაზღაურებს, შეთანხმება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს, ფორსმაჟორული გარემოებებისას ყველა სახის ზიანისა და დანაკარგის ანაზღაურება სახელმწიფოს ვალდებულებაა, – ესაა ის ძირითადი მიგნებები, რომლებიც EMC-იმ გააკეთა ხელშეკრულების ანალიზის შედეგად.

EMC-ი ხელშეკრულებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ნამახვანი ჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას.

ამ ნაწილში EMC-ის მიგნებები შემდეგია:

ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად  შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება. სინამდვილეში, ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

ასევე ხელშეკრულების მიხედვით, გარანტირებული შესყიდვის შეთანხმება ვრცელდება წელიწადის 8 თვეზე (სექტემბერი – აპრილის პერიოდი) 15 წლის მანძილზე, 4 თვის განმავლობაში კი კომპანია თავისუფლად განკარგავს ენერგიას. გარდა ამისა, მთავრობა ვალდებულია, რომ 2022 წლის 1-ელ იანვრამდე თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის  გადამცემი ხაზის სიმძლავრე გაზარდოს.

15 წლის შემდგომ კომპანია არ არის ვალდებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზარზე გაყიდოს. რაც აბათილებს არგუმენტს, რომ ნამახვანი ჰესი  საქართველოს გაზრდილ ენერგო-საჭიროებებს მოემსახურება გრძელვადიან პერსპექტივაში. ასევე, გადამცემი ხაზების გაძლიერება საქართველოს ფინანსური ვალდებულებაა, ხოლო თუ სახელმწიფომ დროულად არ შეასრულა ეს ვალდებულება, კომპანიას კომპენსაცია სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს ქვეყნის ბიუჯეტიდან.

კომპანია აქვს შეუზღუდავი უფლებები ბუნებრივ რესურსებზე, კერძოდ მიწის და წყლის რესურსზე.

EMC-ის მიგნებები ამ ნაწილში ასეთია:

ხელშეკრულების მიხედვით,  კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს არა მხოლოდ რიონის და მისი შენაკადების, არამედ ასევე მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი. ამასთან, ხელშეკრულება შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ცხენისწყლიდან კომპანიისთვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფა მთავრობის ვალდებულებაა.

კომპანიას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ეკისრება საქართველოს წყლის რესურსის გამოყენებისთვის. მეტიც, სახელმწიფოს დასჭირდება დამატებითი საბიუჯეტო დანახარჯების გაწევა იმისთვის, რომ ჰესს საკმარისი ჰიდრორესურსი ჰქონდეს  მაქსიმალური გამომუშავების მისაღწევად სხვა მდინარის დახმარებით.

ასევე ხელშეკრულების მიხედვით, მთავრობა კომპანიას ათავისუფლებს კარიერებიდან ბუნებრივი რესურსების ან სხვა ნებისმიერი ბუნებრივი რესურსებისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისგან. ასევე, მთავრობა იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს კომპანიას მოჭრილი ხის მასალის დასაწყობების პროცესში.

კომპანიას უფლება ექნება, შესაბამისი დასაბუთებით, ნებისმიერი ბუნებრივი რესურსი მოიპოვოს ლიცენზიის გარეშე. ასევე, უნდა ვივარაუდოთ, რომ კომპანიას შეუძლია, თავის სარგებლობა/საკუთრებაში არსებულ  ნაკვეთებზე მოჭრას ხე-ტყე.

EMC-ის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“, შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნათელია, რომ პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.

„ხელშეკრულებიდან ასევე ჩანს, სახელმწიფოს მიერ კომპანიისათვის მიცემული არაერთი გარანტია და მხარდაჭერის პირობა, რამაც შესაძლებელი გახადა კანონმდებლობის მკაცრი მოთხოვნების გვერდის ავლით და ფორსირებულად, როგორც ძირითადი ნებართვების მიღების, ასევე მშენებლობის პროცესის დაწყება.

ხელშეკრულების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანია საქართველოს ბუნებრივ რესურსს  ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას, ენერგიის რეალიზება მოხდეს შიდა ბაზარზე, რაც აბათილებს ქვეყნის ენერგო-უსაფრთხოების თუ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტებსაც კი. იმ შესაძლო გარემოებების სია, რა შემთხვევაშიც კომპანია ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს სახელმწიფოსგან, განუსაზღვრელად ფართოა და უთანასწორო მდგომარეობაში ამყოფებს ქვეყანას იმის გამოც, რომ სახელმწიფოს კონტროლს მიღმა არსებული რისკების გადაზღვევას ითხოვს საბიუჯეტო სახსრებით. შეთანხმებით ფაქტობრივად ყველა შესაძლო ბიზნეს რისკი, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით არის დაზღვეული“, – ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ ხელშეკრულების ანალიზში.

ნამახვანი ჰესზე დადებული ხელშეკრულება 2021 წლის 7 თებერვალს გასაჯაროვდა, როცა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-მა დოკუმენტის ნაწილი მოიპოვა და გამოაქვეყნა. EMC-იმ სწორედ ეს დოკუმენტი შეისწავლა.

EMC-ის მიერ გავრცელებული დოკუმენტის ანალიზის სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

აჭარაში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 3 მარტი

დღეს, 3 მარტს, აჭარაში კორონავირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა. კრიტიკულად ანუ მართვით სუნთქვაზე იმყოფება 4 პაციენტი, კლინიკაში კი სულ  118 პაციენტი მკურნალობს.

გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი.  კლინიკა დატოვა 11-მა პაციენტმა.

როგორ მიულოცა პარლამენტმა ქალებს დედის დღე

დღეს, 3 მარტს, საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ. საქართველოს პარლამენტმა თავის ოფიციალურ გვერდზე დედის დღესთან დაკავშირებით შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნა.

„დედა ყველაზე მეტად მიყვარს, დედა ყველაზე საყვარელია, ის ყოველთვის ჩემს გვერდით არის როცა მჭირდება. მიყვარს მასთან ერთად სეირნობა როცა თავისუფალია. მაგრამ მაინც სუუულ დაკავებულია.

ჩემი ოცნება არის პანდემია დამთავრდეს და სადმე წავიდეთ ერთად სამოგზაუროთ“, – ეს არის ტექსტი, რომლითაც ულოცავს პარლამენტი დედებს დედის დღეს.

საქართველოს პარლამენტმა დედის დღე დედებს ასე მიულოცა

დედის დღეს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს აღნიშნავენ, საქართველოში კი  დედის დღე 1991 წელს დაწესდა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით. მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ დაადგინა, რომ დედის დღეს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა შეეცვალა.

იმიტომ, რომ ქალები ვართ, სახლის სახურავს ქვები დაუშინეს და დაგვიზიანეს 

ბათუმის ცენტრში, ძველი ბულვარიდან ზუსტად ერთ კვარტალში, ერთსართულიანი ბელეტაჟი დგას. სახლი ეკუთვნით დებს – ეთერ და ნათელა მანელიშვილებს. ახლახან ბელეტაჟის კრამიტის სახურავი დააზიანეს. დები დარწმუნებულნი არიან, რომ სახლის სახურავი განზრახ დაუზიანეს – აქ არაერთ ინვესტორს სურდა მაღლივი კორპუსის აშენება.

ათ დღეზე მეტია წვიმის დროს სახლში წყალი ჩადის.

“ბომბი რომ აფეთქდება, ისეთი ხმა გაისმა შუაღამისას. მე და ჩემს დას გვეძინა და ამ ხმაურმა გაგვაღვიძა. წამოვხტით ფეხზე. უცებ ვერ გავიაზრეთ რა მოხდა. მერე წყალი წამოვიდა ნიაღვარივით და მივხვდით, რომ სახურავს ქვები დაუშინეს და ჩამოგვიტეხეს. გარეთ ისე არ წვიმდა, როგორც ჩემს სახლში. მერე გათოვდა. გავიყინეთ მე და ჩემი და.

მეორე დღეს ვნახეთ, რომ სახურავზე ორი დიდი ხვრელია. უზარმაზარი დიდი ქვები ჩამოვიტანეთ ჭერიდან. ამ ქვებით დაგვიზიანეს სახურავი. მარსელის კრამიტია, ადვილი არაა ამის გატეხვა და ხელოსანმა გვითხრა, რომ ჩამომტვრეულია ჭერი.

რატომ გვექცევიან ასე?

თუ რამე საშუალება მქონდა, ვუვლიდი ამ სახლს. გავარემონტე, სახურავიც გავამაგრე რამდენჯერმე. ახლა ისევ დაგვინგრიეს. ამ წუთას არანაირი საშუალება არ მაქვს, რომ ეს სახურავი შევაკეთო,“ – უყვება „ბათუმელებს“ ეთერ მანელიშვილი.

ჩატეხილი სახურავი

ბელეტაჟის ტიპის სახლი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მანელიშვილების მამის აშენებულია. საგვარეულო სახლი მისი მესაკუთრეებისთვის იმდენად ძვირფასია, რომ სხვადასხვა ინვესტორის მიერ შეთავაზებულ არაერთ წინადადებაზე თქვეს უარი.

მანელიშვილები ამბობენ, რომ ბათუმური ბელეტაჟი არ იყიდება და არც არასდროს გაიყიდება.

„ჩვენი სახლი არ იყიდება. უბრალოდ, გვინდა ამ სახლში ვიცხოვროთ მშვიდად. აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ და ძალიან გვიყვარს ეს სახლი. ვუფრთხილდებით ამ სახლს.

იცით, რატომ მენანება? მამა მეუბნებოდა არასდროს გაყიდო ეს სახლიო. შვიდი წელი მე და დედაშენი უპალტოოდ დავდიოდით და რასაც ვნახულობდით, ამ სახლის აშენებას შევალიეთო.

მამას ცხრა მარტის ქუჩაზე სახლი ჰქონდა, დედაჩემმა კიროვის ქუჩაზე ჩააბარა მისი ბინა… წვალებით და სიყვარულით ააშენეს. ბედნიერად ვცხოვრობდით აქ.

მე და ჩემი დაც მთელი ცხოვრება ვშრომობთ. ვერაფრით მივაღწიეთ იმას, რომ დაგვანებონ თავი. ხომ შეიძლება, რომ დაგვანებონ თავი?

ბევრჯერ შემოგვითვალეს, ბევრჯერ მოვიდნენ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ – სახლი არ იყიდება.

შოთა გუჯაბიძემ ჩემი სახლი ერთსართულიანი ბათუმის კატალოგში შეიტანა. მაშინ კიდევ მკითხეს, თუ დაშლით სახლსო და მე ვუთხარი – სანამ ცოცხალი ვარ, არა. ძმა მყავს საზღვარგარეთ და იმანაც თქვა, რომ არა.

ჩვენ ვერ დავშლით ამ სახლს და არ ავაშენებთ აქ რამე უსახურ შენობას.

მთავაზობენ ბინებს – ვუთხარი, მე მაკლერი არ ვარ, რომ ბინები ვაქირაო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ეთერ მანელიშვილი.

მანელიშვილების სახლი

ეთერ და ნათელა მანელიშვილებს წლებია ავიწროებენ. როგორც ეთერ მანელიშვილი ჰყვება, არაერთხელ დაუზიანეს სახლი გვერდით მიმდინარე მშენებლობებიდან გადმოყრილი სამშენებლო ნარჩენებით. ამას გარდა, წაართვეს ეზოს მნიშვნელოვანი ნაწილი.

„ეტყობა ქართული მენტალიტეტია, რადგან ქალები არიან მარტო, ამათთან ყველაფერი შეიძლება გაგივიდეს და ხმას ვერ ამოიღებენო –  ფიქრობენ.

ადამიანი იბადები იმიტომ, რომ სიკეთე მოიტანო დედამიწაზე და არა იმიტომ, რომ სიბოროტე გააკეთო. მე ვფიქრობ უწიგნურებია ეს ვიღაც ბიზნესმენები, გაუნათლებელი ხალხია. ფულის იქეთ ვერაფერს ვერ ხედავენ. მოგება-წაგება და აი, ასე ცხოვრობენ. არ აზროვნებენ. იმ ფულის მიღმა არის კიდევ რაღაც – სინდისი, ნამუსი, ადამიანობა. როგორ შეგერგება? როგორ მიიტან იმ ფულს, თუ ადამიანი აწამე, აწვალე, წაართვი. ეს არავის არ შერჩენია და არც შერჩება.

ბედავენ ჩვენს შევიწროებას იმიტომ, რომ ქალები ვართ. არ შეგეშალოთ, რომ ჩვენ ქალები ვართ. მე ჩემი თავის დაცვა შემიძლია. სულ თავდაცვის ყოფაში ვარ. კანონი რომ კანონობდეს, სასამართლოსაც მივმართავდი,“ –  ამბობს ეთერ მანელიშვილი.

ბათუმური ბელეტაჟი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე

მწერალთა სახლში რეპრესირებული ქართველი მწერლების მუზეუმი გაიხსნება

საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 2021 წელს, მწერალთა სახლში ქართველ რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნება.

1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოებიდან მესამე დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა დავით სარაჯიშვილის სახლი, პაოლო იაშვილის ინიციატივითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა.1925-1926 წლის „ცნობათა კრებულში“, რომელიც ტიციან ტაბიძის რედაქციით გამოვიდა, ვკითხულობთ: „ხელოვნების სასახლე დაარსებულია 1921 წელს, გასაბჭოების პირველ დღეებში“.

„მწერალთა კავშირის დელეგაციის მიმართვის თანახმად სარევოლუციო კომიტეტმა განსაკუთრებული დეკრეტით ყოფილი სარაჯიშვილების სახლი, შემდეგ აკაკი ხოშტარიასი, გამოაცხადა ხელოვნების სასახლედ.

მიუხედავად იმისა, რომ შენობა ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს რევკომმა გადასცა, მოგვიანებით იმავე რეჟიმს ამ კედლებშივე გამოჰქონდა განაჩენი მწერლებისა და პოეტებისთვის. ამიტომაც ნიშანდობლივია, რომ რეპრესირებული მწერლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მუზეუმი სწორედ ამ სივრცეში განთავსდება.

რეპრესირებული მწერლების მუზეუმი საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა შესახებ არსებულ მეხსიერებასა და აქამდე უთქმელ ისტორიებს გააცოცხლებს; მოგვითხრობს პერიოდზე, კონტექსტსა და იმ მექანიზმებზე, რომლებსაც ტოტალიტარული სახელმწიფო იყენებდა მწერლობის მოსათვინიერებლად,” – წერია მწერალთა სახლის განცხადებაში.

რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის მხარდამჭერია „თბილისი – იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“.

Exit mobile version