მთავარი,სიახლეები

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი პროკურორებს სასამართლოში უჩივის

07.10.2019 • 2659
პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი პროკურორებს სასამართლოში უჩივის

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი ნინო ბასილაძე აჭარის პროკურატურას, ასევე გენერალურ პროკურატურას სასამართლოში უჩივის. ნინო ბასილაძე მიიჩნევს, რომ უსამართლოდ შეაფასეს, როგორც საჯარო მოხელე და ეს მას შემდეგ მოხდა, როცა კანონით გათვალისწინებული უფასო დეკრეტული შვებულებით სარგებლობა ითხოვა. რამდენიმე დღის წინ ამ საქმის განხილვაზე უარი თქვა მოსამართლე კობა გოცირიძემ და საქმე თბილისის სასამართლოს გადაუგზავნა.

ნინო ბასილაძე 2011 წლიდან მუშაობდა აჭარის პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის პოზიციაზე. მან ეს სამსახური 2019 წლის მაისში დატოვა. პროკურატურიდან წამოსული თანამშრომლის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს.

„2018 წელს ფასიანი დეკრეტული შვებულების 6 თვე როცა გავიდა, გადავწყვიტე, უფასო დეკრეტულითაც მესარგებლა, ისევ 6 თვით… თავდაპირველად მეგონა, რომ მხოლოდ განცხადების დაწერა იქნებოდა საკმარისი, მაგრამ მითხრეს, რომ ნათია სონღულაშვილს უნდა შევხვედროდი. ამ დროს უკვე ის აჭარის პროკურორი იყო. ქალბატონმა ნათიამ მითხრა, რომ მოსაფიქრებლად დრო სჭირდებოდა… საბოლოოდ, უფასო დეკრეტული შვებულებიდან მხოლოდ სამი თვით სარგებლობის უფლება მომცეს,“ – გვიყვება პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, ნინო ბასილაძე.

კანონით განსაზღვრული დეკრეტული შვებულებით რომ ვერ ისარგებლა, ეს ნინო ბასილაძეს აღარ გაუპროტესტებია. ამბობს, რომ დეკრეტული შვებულებიდან სამსახურში დაბრუნების შემდეგ ხელმძღვანელების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება იგრძნო. 2018 წლის 14 დეკემბერს ნინო ბასილაძეს ბათუმის რაიონულმა პროკურორმა, გიორგი ბახტაძემ, რომელიც მისი უშუალოდ ხელმძღვანელი იყო, საჯარო მოხელის პროფესიული შეფასება გააცნო [2018 წლიდან საჯარო მოხელეები წელიწადში ერთხელ ფასდებიან პროფესიული ნიშნით].

„ნინო ბასილაძე შეაფასეს დამაკმაყოფილებელი – 1,9 ქულით – მაქსიმალური ხუთი ქულიდან… პროკურატურა, სადაც ადამიანის უფლებებს განსაკუთრებით უნდა იცავდნენ, ისე შეაფასეს საჯარო მოხელე, რომ არც კანონით სავალდებულო გასაუბრება ჩაუტარეს და არც დასაბუთება წარმოუდგენია ვინმეს, კონკრეტულად რის საფუძველზე დაიმსახურა მან ეს შეფასება.

მნიშვნელოვანია, რომ ამ სამსახურში ადგენდნენ ყოველთვიურ რეიტინგებს, მაგალითად, ვის რამდენი კონსულტაცია ჰქონდა, შეხვედრა. ნინოს დაბალი რეიტინგი ჰქონდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის წინა თვეებში დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა,“ – აღნიშნავს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.

რადგან ნინო ბასილაძე დაბალ შეფასებას არ დაეთანხმა, პროკურატურაში გასაუბრება დანიშნეს.

„გასაუბრებას ესწრებოდნენ პროკურორები – გიორგი ბახტაძე და ნათია სონღულაშვილი, ასევე მთავარი პროკურატურიდან კადრების სამსახურის უფროსი… გიორგი ბახტაძეს ჰქონდა არგუმენტები, რომ ურთიერთობაში არ ვარ პოზიტიური, არ ვპასუხობ ტელეფონს, რასაც ვაკეთებ, მაძალებენ და ისე ვაკეთებ… მოვითხოვე, კონკრეტული ფაქტების დასახელება, რაც ვერ დამისახელეს,“ – აღნიშნავს ნინო ბასილაძე „ბათუმელებთან“.

პროკურორებთან გამართული ეს შეხვედრა ნინო ბასილაძემ საკუთარი ტელეფონით ჩაიწერა, თუმცა ამ ჩანაწერის მტკიცებულებად დაშვებაზე მოსამართლე კობა გოცირიძემ უკვე უარი თქვა. მოსამართლემ ასევე დაუშვებლად მიიჩნია მოწმის სახით პროკურორ გიორგი ბახტაძის გამოკითხვა.

„დაუსაბუთებლად მივიღეთ ეს უარი. მოსამართლემ თქვა, რომ საუბრის ჩაწერას ნებართვა სჭირდებოდა, მაგრამ ეს არ იყო სატელეფონო საუბარი, რომ ნინო ბასილაძეს ვინმე გაეფრთხილებინა. ეს იყო ოფიციალური სხდომა… ამ ჩანაწერიდან ჩანს, რომ კონკრეტული დასაბუთება არ არსებობს, რის გამო დაუწერეს დაბალი შეფასება საჯარო მოხელეს. ამ ჩანაწერში პროკურორი გიორგი ბახტაძე ასევე ამბობს, რომ გულმოწყალების გამო დაუწერა 1,9 ქულა. ეს კანონი არ შეიძლება გამოიყენოს ვინმემ არასასურველი საჯარო მოხელის მოსაშორებლად. საჯარო მოხელის შეფასება არ უნდა იყოს დამოკიდებული უფროსის გულმოწყალებაზე, არც სუბიექტურ შეფასებებზე.

მოსამართლემ ასევე უარი გვითხრა პროკურორის გამოკითხვაზე. კობა გოცირიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ სასამართლო ხელახლა ვერ შეაფასებს საჯარო მოხელეს. სასამართლოსგან, ბუნებრივია, ამას არავინ ითხოვს და საჯარო მოხელის შეფასება, ამ შემთხვევაში, პროკურატურის დისკრეციული უფლებამოსილებაა, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად კანონიერი იყო საჯარო მოხელის შეფასება,“ – გვითხრა ანა ბერძენიშვილმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა.

სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ნინო ბასილაძემ მიმართა გენერალურ პროკურატურასაც. შალვა თადუმაძის ხელმოწერით ახალი ბრძანება ნინო ბასილაძის შეფასების შესახებ 2019 წლის 23 აპრილს გამოიცა. ბრძანებაში წერია, რომ შეფასების ქულა უცვლელი უნდა დარჩეს.

„ეს ის შალვა თადუმაძეა, რომელსაც დღეს სურს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა, ამ ბრძანებაში კი, არაფერია ნათქვამი, რატომ უნდა დარჩეს ქულა უცვლელი. საერთოდ არ ჩანს, ვინმემ იმსჯელა თუ არა კონკრეტული საჯარო მოხელის შეფასებაზე. ეს კანონის უხეში დარღვევაა,“ – მიიჩნევს ანა ბერძენიშვილი.

გენერალური პროკურორის ამ რეაქციის შემდეგ ნინო ბასილაძემ საკუთარი სურვილით დატოვა პროკურატურა.

„იქ ვეღარ შევძლებდი მუშაობას… გადავწყვიტე, სასამართლოსთვის მიმემართა და მივმართე კიდეც. თუკი დაკმაყოფილდება სარჩელი, ჩემი მიზანი აღარაა ისევ პროკურატურაში დაბრუნება. ჩემთვის ახლა პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი შეფასება,“ – დასძენს ნინო ბასილაძე.

ამ საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება, რადგან წინა პროცესზე მოსამართლე კობა გოცირიძემ აჭარის პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე თბილისს გადასცა იმ მოტივით, რომ ერთ-ერთი მოპასუხე გენერალური პროკურატურაა, ხოლო ეს უწყება თბილისში მდებარეობს.

ანა ბერძენიშვილი: „ეს გაუგონარი ამბავია. კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ მოსარჩელე აკეთებს არჩევანს, როცა მას ორი მოპასუხე ჰყავს.“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: