მთავარი,სიახლეები

„ოცნება“ ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ დააბოლებს ევროპას“ – რას ცვლის შარლ მიშელის ვიზიტი

01.03.2021 • 1115
„ოცნება“ ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ დააბოლებს ევროპას“ – რას ცვლის შარლ მიშელის ვიზიტი

„პროგნოზირებადია ახლა უფრო ყველაფერი“, – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრია და დღეს, 1-ელ მარტს, ევროსაბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს ადევნებდა თვალს. დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დასავლეთიდან კრიტიკის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება, რომლის შემდეგაც „ივანიშვილს კომპრომისზე წასვლა მოუწევს“.

რა ჩანს ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის და ხელისუფლების მიერ დღეს გაკეთებული განცხადებებიდან? – „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა დავით ზურაბიშვილს.

  • ბატონო დავით, ევროსაბჭოს პრეზიდენტისგან მედიატორობის თანხმობის მიუხედავად, ხელისუფლება კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. თქვენ რამდენად გაქვთ ცვლილების მოლოდინი? 

ვფიქრობ, ახლა ყველაფერი პროგნოზირებადია. ჩანს, რომ გაიზრდება ეს ზეწოლა დასავლეთიდან და ხელისუფლების დაბნეულობაც გაიზრდება. ივანიშვილს მოუწევს კომპრომისზე წასვლა. რეალურად გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი… დასავლეთი კი მოუწოდებს ორივე მხარეს დიალოგისკენ და კომპრომისისკენ, მაგრამ, პირველ რიგში, ხელისუფლებას მოუწოდებენ ამისკენ. ხელისუფლებას მოუწევს კომპრომისზე წასვლა, თუ არადა, ცუდად დამთავრდება მათთვის ძალიან.

ევროპის შავ სიაში მოხვედრა არაა სახუმარო ამბავი. დასავლეთი არ მოქმედებს პირდაპირ და ჯიქურად, მაგრამ არ ავიწყდებათ არაფერი.

როდესაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა, მთელი დასავლეთი ამბობდა, რომ უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში მიუხედავად იმისა, თუ რა დარღვევები იყო არჩევნების დროს. თუმცა, როგორ კი მელია დააპატიმრეს, ეს სიტუაცია შეიცვალა 180 გრადუსით. ეს მოხდა არა იმიტომ, რომ მელიასკენაა დასავლეთი, როგორც ჰგონია აქ ზოგიერთს, არამედ ეს იმიტომ მოხდა, რომ მელიას საქმეში ხელისუფლებას ჰქონდა რამდენიმე არჩევანი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში, მაგალითად, არ მოეხსნა იმუნიტეტი. პროკურატურასაც შეეძლო სხვა გადაწყვეტილება მიეღო.

ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაციის ჩატარება არანაირად არ გამოიყურებოდა ნორმალიზებისკენ გადადგმულ ნაბიჯად.

  • შარლ მიშელს ჰქონდა აქცენტი ღია დემოკრატიაზე და ასევე დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე. თქვენი დაკვირვებით, დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტის მთავარი გზავნილი მაინც რა იყო? 

ამ შემთხვევაში და, ზოგადად, დასავლეთისთვის მთავარია სვლა დემოკრატიისკენ. შეშფოთების საგანია ის, როცა ხელისუფლება მიდის ავტორიტარიზმისკენ, რადგან ავტორიტარიზმისკენ წასვლა ბუნებრივად ნიშნავს რუსეთისკენ წასვლას. როგორც კი შენ ავტორიტარიზმისკენ მიდიხარ, ვეღარ რჩები იმ ჩარჩოში, რასაც ჰქვია დასავლეთთან ინტეგრაცია და რა მოლოდინებიც არსებობს ჩვენ მიმართ. ავტორიტარიზმის პირობებში გინდა თუ არა, რჩები რუსეთის გავლენის ქვეშ. გინდა თუ არა ასე მოხდება, თუ დასავლეთს მოვწყდით.

ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე არაფრის დათმობას არ ფიქრობს. ისინი თვლიან, რომ ჰა-ჰა, მელიას გაათავისუფლებენ.

  • ფიქრობთ, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს? 

რა თქმა უნდა, ეს კრიზისს ვერ განმუხტავს, მაგრამ ეს იქნება განმუხტისთვის გადადგმული ნაბიჯი… დასავლეთის კრიტიკა ყოველთვის არის ფაქტორი. ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ დასავლეთს აქვს ქმედითი ბერკეტები და სანქციები, ხოლო მისი ქონების 90 პროცენტი დასავლეთშია. ივანიშვილი რამდენად გაუწევს ამას ანგარიშს, ან არ გაუწევს, რთული სათქმელია, მთელი მისი გარემოცვა არ გამოირჩევა პოლიტიკური გამჭრიახობით და ნიკა მელიას საქმეც ამას აჩვენებს, არაფრისგან შექმნეს სკანდალი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ევროპის შავ სიაში მოხვედრა სახუმარო ამბავი არ არის.

ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ მშვიდობიანი რიტორიკით დ„დააბოლებენ“დასავლეთს, მაგრამ ეს ცოტა სასაცილოა. მათ ჯერ კიდევ არ ესმით, რომ ეს არ გამოვა. ზეწოლა დასავლეთიდან არ შეჩერდება, პირიქით, გაიზრდება.

  • მიშელთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროკავშირი არსად წასულა და ჩვენგან მეტი დემოკრატიაა საჭირო. 

ისე გვესაუბრებიან, თითქოს გვამადლიან. ევროკავშირი სალომე ზურაბიშვილის პარტნიორი კი არა, საქართველოს პარტნიორია და ამიტომაც გაიზრდება ზეწოლა. საერთოდ, ხელისუფლებას უჭირს დემოკრატიის ენის გაგება, დასავლეთში ამ ფორმით უბრალოდ ხდება გაფრთხილება. გარანტირებულად რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ დასავლეთიდან ეს კრიტიკული განცხადებები და წერილები არ შეწყდება, მინიმუმ მანამ, ვიდრე პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: