ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

როგორ შევავსოთ განაცხადი სოფლად დაფინანსების მისაღებად – სამინისტროს განმარტება

01.03.2021 • 5344
როგორ შევავსოთ განაცხადი სოფლად დაფინანსების მისაღებად – სამინისტროს განმარტება

პირველი მარტის მონაცემებით, 30-მა ფერმერმა სოფლებში დაფინანსების მისაღებად განაცხადი უკვე შეავსო. წელს ფერმერებს თავისუფალი არჩევანი აქვთ დაახლოებით 1 მილიონი ლარის ასათვისებლად. განაცხადების მიღება მარტის ბოლოს დასრულდება.

„ეს არის დღეს დილის მონაცემები. გაცილებით დიდია ინტერესი, მაგრამ განაცხადები ჯერ არ შეუვსიათ. ამ ეტაპზე ხელვაჩაურიდან არის დარეგისტრირებული ყველაზე მეტი განაცხადი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კარლო კეკელიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების განყოფილების ხელმძღვანელი.

ფერმერები წელს თავად იღებენ გადაწყვეტილებას რისი შეძენა სურთ: მოტობლოკის, რომელიმე სხვა სასოფლო ტექნიკის, სათბურის, ნერგის თუ სხვა რამის, რაც საოჯახო მეურნეობის განვითარებას შეუწყოს ხელს. მინიმალური თანხა 500 ლარია, მაქსიმალური – 40 ათასი. პროექტის 20 პროცენტი თავად ფერმერმა უნდა დაფაროს.

კარლო კეკელიძე განმარტავს, რომ ნებისმიერ ფერმერს შეუძლია დეტალური ინფორმაციის და კონსულტაციის მიღება როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ასევე სამინისტროს მიერ თითოეულ მუნიციპალიტეტში დაქირავებულ წარმომადგენელთან. ფერმერებს ადგილზე დაეხმარებიან განაცხადის შევსებასა და საჭირო დოკუმენტაციის მოძიებაში.

„ფერმერებს ასევე შეუძლიათ დეტალური ინფორმაციის მიღება ჩვენი ინტერნეტგვერდიდან – adjara.gov.ge, მარჯვენა კუთხეში ნახავთ გრაფას „საოჯახო მეურნეობის განვითარება,“ სადაც მოცემულია განაცხადის ფორმა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, ასევე წარმოსადგენი დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი… ფერმერს შეუძლია ჩამოტვირთოს ეს დოკუმენტები, შეავსოს და შემდეგ მივიდეს ჩვენს წარმომადგენელთან,“  – განმარტავს კარლო კეკელიძე.

განაცხადის ფორმა ნახეთ ამ ბმულზე

სავალდებულოა განაცხადის კანცელარიაში ფიზიკურად გატარება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ რადგან პროგრამა ამ ფორმით წელს პირველად ხორციელდება, შესაძლოა, ფერმერმა განაცხადის შევსების დროს ტექნიკური შეცდომა დაუშვას, რაც შეიძლება განაცხადის დახარვეზების საფუძველი გახდეს.

„კანცელარიაში ჩაბარების დროს კი, შემოწმდება ტექნიკურად განაცხადის გამართულობა… გარდა ამისა, ფერმერს მოძრაობა მაინც უხდება, მან უნდა იპოვოს მიმწოდებელი, შეამოწმოს მისი სანდოობა და წარმოადგინოს შესაბამისი ინვოისი. რადგან პირველი წელია, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ელექტრონულად არ შეივსოს განაცხადი 2021 წლისთვის. გააჩნია, რა შედეგი გვექნება წელს,“ – გვითხრა კარლო კეკელიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების განყოფილების ხელმძღვანელმა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იმისთვის, რომ აგრარული მეურნეობის კუთხით დაფინანსების მიღება შეძლოთ, ფერმერს დასჭირდება შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განაცხადი;
  2. განმცხადებლისა და პროექტის მონაწილეების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი;
  3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ა(ა)იპ-ს შემთხვევაში);
  4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში წესდება და კრების ოქმი ქვეპროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით; ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობა) შემთხვევაში ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ;
  5. მიწის ნაკვეთის საკუთრების/ იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში ამონაწერთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება. ამონაწერი წარდგენილი უნდა იქნეს როგორც განაცხადის წარმოდგენის, ასევე ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, ამასთან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოდგენილი ამონაწერი განახლებული უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმების ეტაპისთვის;
  6. თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში, ერთ-ერთი თანამესაკუთრე წარადგენს სხვა თანამესაკუთრეების ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას ან/და თანხმობას ან/და ყველა თანამესაკუთრის მიერ ხელმოწერილ თანხმობის დოკუმენტს, რომლის შინაარსისა და ხელმოწერების ნამდვილობაზეც პასუხისმგებელი იქნება დოკუმენტის წარმომდგენი;
  7. შესასყიდი საქონლის/მომსახურების ღირებულების ინვოის(ებ)ი, რომელშიც მითითებულია საქონლის/მომსახურების დასახელება, გადახდის პირობები, მიწოდების ვადები და მხარეთა რეკვიზიტები.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც საქმიანობას ეწევა აჭარის ტერიტორიაზე.

ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე:

  1. თანამონაწილეობის თანხის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე):
  • ცნობა ბანკიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ.
  1. სასათბურე კონსტრუქციის ტექნიკური მახასიათებლებზე, საჭირო მასალებსა და ხარჯთაღრიცხვაზე შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა (ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე);
  2. უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული შესასყიდი საქონლის საბაზრო ფასებთან შესაბამისობის დადებითი დასკვნა (ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე);
  3. სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელთა წარმოდგენის საჭიროებასაც განსაზღვრავს სამინისტრო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: