მთავარი,სიახლეები

კაზინომ „ჩაიც“ უნდა დათვალოს და აღრიცხოს – მინისტრის ბრძანება

02.03.2021 • 3011
კაზინომ „ჩაიც“ უნდა დათვალოს და აღრიცხოს – მინისტრის ბრძანება

სამორინესა და აზარტული კლუბის მფლობელები 2021 წლის პირველი მარტიდან ვალდებულები არიან სულ მცირე 36 საათში ერთხელ დათვალონ სალარო, შეავსონ სააღრიცხვო ფორმა და ის შევსებიდან 24 საათში ელექტრონულად წარუდგინონ შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 26 თებერვლის შესაბამისი ბრძანება პირველი მარტიდან შევიდა ძალაში.

ბრძანების მიხედვით, კაზინოსა თუ აზარტული კლუბის მფლობელმა ყოველდღიურად „ჩაის აღრიცხვის ფორმაც“ უნდა შეავსოს.

ჩაი კი, ბრძანებაში შემდეგნაირადაა განმარტებული: „ფული ან/და ჟეტონი, რომელსაც დილერს ან სხვა თანამშრომელს აძლევს მოთამაშე [კლიენტი] დამატებით საჩუქრად ან/და გაწეული მომსახურების სანაცვლოდ“.

წყარო: მინისტრის ბრძანება

მინისტრის ახალი ბრძანებით დამტკიცდა:

  • სალაროს გახსნის/დახურვის აღრიცხვის ფორმა
  • სალაროში სეიფიდან ან სალაროდან სეიფში თანხის/ჟეტონის დამატების/დაბრუნების აღრიცხვის ფორმა
  • მაგიდის გახსნის/დახურვის აღრიცხვის ფორმა
  • სალაროს დათვლის  აღრიცხვის ფორმა
  • ჩაის აღრიცხვის ფორმა

კაზინომ თითოეული სააღრიცხვო ფორმა უნდა აწარმოოს [ელექტრონულად, თანმიმდევრული ნუმერაციით] ყოველდღიურად, მის მიერვე დადგენილი სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით.

წესების დარღვევა ჩაითვლება სანებართვო პირობების დარღვევად, რაც ითვალისწინებს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

„ჩაიც ჩვეულებრივი შემოსავალია და ის იბეგრება. ასე ხდება ბევრ სხვა ქვეყანაში მოქმედ კაზინოებშიც. ამ ფორმების დამტკიცებით რაიმე ახალი ჩვენთან არ ინერგება, უბრალოდ იქნება, ერთიანი სისტემა, წესი, რომლითაც ყველა კაზინო ინფორმაციას ერთნაირად, სტანდარტულად მიაწვდის საგადასახადოს. ასეთ ინფორმაციას საგადასახადოს ისედაც აწვდიდნენ კაზინოები, მათ შორის ჩაის შესახებაც, ოღონდ სხვადასხვა ფორმით“, – გვითხრა ერთ-ერთმა ინფორმირებულმა პირმა. მისივე თქმით, ის შენიშვნები თუ მოთხოვნები, რაც კაზინოებს ჰქონდათ, უკვე დამტკიცებულ წესში 90%-ით არის გათვალისწინებული.

ახალი წესით, ნებართვის მფლობელი ასევე ვალდებულია:

  • „ჟეტონების ფულზე გადაცვლა განახორციელოს მხოლოდ სალაროს მეშვეობით;
  • უზრუნველყოს სააღრიცხვო ფორმების ელექტრონულად აღრიცხვა ისეთი ფორმით, რომელიც მისი საქმიანობის ხასიათის და მოცულობის პროპორციულია და კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოებს;
  • დაამტკიცოს იმ პირთა შეზღუდული წრე, ვინც უფლებამოსილია ჰქონდეს წვდომა ელექტრონულად წარმოებულ სააღრიცხვო ფორმებზე;
  • სალაროს დათვლა განახორციელოს მის მიერ განსაზღვრულ დროს, სულ მცირე 36 საათში ერთხელ, ხოლო შევსებული ფორმა, მისი შევსებიდან არაუგვიანეს 24 საათისა ელექტრონულად წარუდგინოს სსიპ – შემოსავლების სამსახურს. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, ინფორმაცია დააზუსტოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით;
  • სალაროს დათვლის დრო წინასწარ აცნობოს სსიპ – შემოსავლების სამსახურს;
  • შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ჟეტონების რაოდენობის და მათი ნომინალური ღირებულების შესახებ და მათი რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში დამატებით აცნობოს ამის შესახებ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
  • სააღრიცხვო ფორმებში ჟეტონის ნომინალის გრაფაში მიუთითოს ჟეტონზე დატანილი რიცხვი, ხოლო თანხის გრაფაში – ლარის ოდენობა ან მისი ეკვივალენტის ოდენობა იმ დღის არსებული შიდა კურსით ეროვნულ ვალუტაში;
  • სალაროში და მაგიდაზე რეალიზებული ჟეტონებისა და გაცემული თანხების შესახებ ინფორმაცია ასახოს სალაროს სისტემაში“.

ამ დროისთვის საქართველოში არც ერთი კაზინო არ მუშაობს. პანდემიის გამო მათი მუშაობა მთავრობამ 2020 წლის მარტში შეაჩერა.

აჭარაში პირველი მარტიდან, ხოლო სხვა რეგიონებში პირველი აპრილიდან სათამაშო ბიზნესს შეუძლია მუშაობა განაახლოს. თუმცა ბათუმში კაზინოები, დიდი ალბათობით, მუშაობას იქამდე არ განაახლებენ, ვიდრე თურქეთთან სახმელეთო საზღვარი [სარფი] არ გაიხსნება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარაში ჯერჯერობით მხოლოდ 2 სლოტკლუბი გაიხსნა.

ამ თემაზე:

როგორ მოგვარდება საპროტესტო აქციის მონაწილეთა პრობლემები – გეგმა ჯერ არ არსებობს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: