მთავარი,სიახლეები

როგორ ეხმარებიან მკითხველები 85 წლის ქალს, რომელიც შვილის გამო მოწყალებას ითხოვს

01.03.2021
როგორ ეხმარებიან მკითხველები 85 წლის ქალს, რომელიც შვილის გამო მოწყალებას ითხოვს

ტანია გორგილაძის შესახებ „ბათუმელებზე“ გამოქვეყნებულ სტატიას – „85 წლის ქალი, რომელიც მოწყალებას ითხოვს და შვილს სესხს უხდის“ – მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

არაერთმა ადამიანმა გამოხატა სურვილი დახმარებოდა ბათუმში მცხოვრებ მოხუცს, რომელიც 59 წლის შვილისა და მისი ოჯახის ვალების გადასახდელად ორი წელია მოწყალებას ითხოვს ქუჩაში.

სტატიის გამოქვეყნების დღესვე, „ბათუმელებმა“, მკითხველის თხოვნით, სტატიაში მიუთითა პარტნიორი ორგანიზაციის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ანგარიში, რომელზეც თანხის ჩარიცხვა იყო შესაძლებელი. ამ დროისთვის ანგარიშზე თანხის ჩამორიცხვა ისევ გრძელდება. საბოლოო მონაცემებს „ბათუმელები“ რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.

მანამდე კი 85 წლის ქალს ვკითხეთ, როგორ წარმოუდგენია საკუთარი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

ტანია გორგილაძემ გვითხრა, რომ პირველ რიგში სურდა შეშა, რადგან ძალიან ცივა და საწოლი, რადგან მოხუცს პატარა ტახტზე სძინავს. გარდა ამისა: თბილი ქურთუკი, წამლები, ექიმთან მისვლა და ა.შ.

თუმცა, მისი მთავარი თხოვნა შვილის დახმარებაა, რომელიც ორი წლის წინ ავარიაში მოყვა და სესხით გამოტანილი მანქანა დაამტვრია.

„ბაღნის ვალი გადამახდევინეთ“ – ეს ტანია გორგილაძემ რამდენჯერმე გაგვიმეორა.

დღეს ტანია გორგილაძეს „ბათუმელებმა“ მკითხველების მიერ შეგროვებული თანხით შეშა მიუტანა. მოხუცი აქამდე ძირითადად მეზობელთან თბებოდა, რადგან საკმარისი შეშა არ ჰქონდა.

„ბათუმელების“ მკითხველებმა ტანია გორგილაძეს სრულად დაუფარეს სესხი, რომელიც მას „ლიბერთი ბანკში“ ჰქონდა – 387 ლარი.

უახლოეს დღეებში გაკეთდება ტანია გორგილაძის ნაქირავებ ოთახში შესასვლელი კიბე, რომელიც საფრთხეს უქმნის მოხუცს.

ბათუმელების“ მკითხველის მიერ გადმორცხული თანხით დღეს ტანია გორგილაძეს შეშა მივუტანეთ

კიბე, რომლითაც ტანია ყოველ დღე სარგებლობს და რომელიც დანგრეულია

ასევე, ვგეგმავთ შევიძინოთ ტანია გორგილაძისთვის შევიძინოთ საწოლი, ტელევიზორი, მედიკამენტები და სხვა საჭირო ნივთები.

„ბათუმელების“ სტატიას გამოეხმაურნენ ერთ-ერთი ბანკიდან და გვითხრეს, რომ ტანია გორგილაძეს საჩუქრად გადასცემენ მაცივარსა და სურსათს.

„ბათუმელები“ რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს დაწვრილებით ანგარიშსა და ფოტო/ვიდეო მასალას, რამდენი თანხა შეგროვდა და რა დახმარება გავუწიეთ ტანია გორგილაძეს მკითხველების მიერ გაღებული თანხითა თუ სხვა ორგანიზაციების დახმარებით.

„ბათუმელები“ მკითხველის მიერ მოხუცის დასახმარებლად გაღებული თანხით შეეცდება ტანია გორგილაძისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნას.

_____________________

85 წლის ბათუმელი ტანია გორგილაძე ორი წელია ქუჩებში ითხოვს მოწყალებას ერთადერთი შვილის, 59 წლის მამუკას დასახმარებლად. მამუკა ორი წლის წინ ავარიაში მოხვდა სესხით გამოტანილი მანქანით, ამ ავარიისას დაიღუპა მამუკას პატარა შვილიშვილი. მამუკა თავადაც მუშაობს, თუმცა მისი ხელფასი, 430 ლარი, სესხის დასაფარადაც არ არის საკმარისი. ინსულტის შედეგად საწოლშია მამუკას მეუღლე.

ტანია გორგილაძე 37 წლის განმავლობაში მუშაობდა ბათუმის პირველ საავადმყოფოში სანიტრად.

ნახეთ ვიდეო:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: