მთავარი,სიახლეები

სარკოზის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

01.03.2021
სარკოზის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის დღეს, პირველ მარტს, განაჩენი გამოუტანა და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

სარკოზი 2007-2012 წლებში იყო საფრანგეთის პრეზიდენტი.

ის კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

სარკოზის 3-წლიანი პატიმრობიდან 2 წელი პირობითი სასჯელია. პროკურატურა კი თავდაპირველად 4-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

ნიკოლა სარკოზი და მისი ადვოკატი მხილებულები არიან მაღალი რანგის მოსამართლის მოქრთამვის მცდელობაში, ვისგანაც სანაცვლოდ ითხოვდნენ 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საქმის შესახებ ინფორმაციის გადაცემას.

2007 წლის საარჩევნო კამპანიისას  სარკოზის ბრალად ედებოდა პარფიუმერული კომპანია  L’Oreal-ის მფლობელის, ლილიან ბეტანკურისგან 800 000 ევ­როს მიღება შემოწირულობის სახით, გამოძიების მტკიცებით ეს თანხა შვეიცარიის ბანკების ანგარიშებზე გადარიცხეს, პარფიუმერული კომპანიის გიგანტის მფლობელი კი გადასახადებისგან გაათავისუფლეს – სწორედ ამ საქმის კონფიდენციალური მასალების მოპოვებას ცდილობდა გამოძიების ინფორმაციით სარკოზი მოსამართლისგან.

ბრალდების მხარის, საფრანგეთის ფინანსური პროკურატურის მტკიცებით, სარკოზი ყოფილ მოსამართლე ჟილბერ აზიბერს კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში პრესტიჟულ სამსახურს სთავაზობდა მონაკოში.

2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საქმის ძიებისას, ისმენდნენ ნიკოლა სარკოზის სატელეფონო საუბრებს, რამაც აჩვენა, რომ სარკოზი თავის ადვოკატს ყოველ ჯერზე  უკავშირდებოდა და ესაუბრებოდა სხვის სახელზე დარეგისტრირებული მობილურით.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სარკოზის შეუძლია სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: