Batumelebi | კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი: „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგია“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი: „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგია“ – Batumelebi
RU | GE  
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი: „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგია“

პირველი ქართული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 21 თებერვალს, საბჭოთა ანექსიამდე ზუსტად 4 დღით ადრე საქართველოს ლეგიტიმურმა დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამართალს, როგორც მეცნიერებას, დიდი ისტორია აქვს, შედარებით ახალგაზრდა დარგია კონსტიტუციონალიზმი. სწორედ ამ საქმის აღორძინებას და სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესების გააქტიურებას უდგას სათავეში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის სამეცნიერო ბაზაზეც უკვე წლებია, აქტიური სამეცნიერო-კვლევითი პროცესები მიმდინარეობს ქართველი თუ უცხოელი მეცნიერებისა და მკვლევრების ჩართულობით.

უნივერსიტეტმა 2019-2020 წლებში კონსტიტუციონალიზმის მიმართულებით ორი ტომი გამოსცა, მზადაა დასაბეჭდათ ტრილოგიის მესამე ტომიც.

აღნიშნულ გამოცემებზე ვესაუბრეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს, სამართლის დოქტორ ბექა ქანთარიას.

  • ბატონო ბექა, როგორ გაჩნდა კონსტიტუციონალიზმის საკითხებთან დაკავშირებით ტრილოგიის გამოცემის იდეა?

იდეას რაც შეეხება, კონსტიტუციონალიზმის საკითხების შესახებ კრებულის გამოცემასთან დაკავშირებით, 2009 წელს ჩაისახა. გაგვიჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ისეთი კრებული, რომელშიც გამოქვეყნდებოდა როგორც ქართველი, ისე – უცხოელი მეცნიერების, კონსტიტუციონალისტების შრომები საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. ამ გამოცემებს „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგია“ ბატონმა მინდია უგრეხელიძემ უწოდა. კრებულებს ამშვენებს ბატონი მინდიას ძალიან საინტერესო წინასიტყვაობები. საერთოდაც, მისი ხელმძღვანლეობითა და კონცეპტუალური გააზრებით ხორციელდება ეს პროექტები.

ამ დარგის ირგვლივ დაგროვილია ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც დღემდე შეუსწავლელია. საბჭოთა 70-წლიანმა რეჟიმმა განაპირობა ის, რომ ჩვენთან ფაქტობრივად არ არსებობდა კონსტიტუციონალიზმი, თანამედროვე სახელმწიფო სისტემისთვის დამახასიათებელი მმართველობის რეჟიმები, შესაბამისად, ამ საკითხებზე კვლევა-ძიებას აზრი არ ჰქონდა ამ პერიოდში. 90-იანი წლებიდან უკვე დაიწყო ასე თუ ისე კონსტიტუციონალიზმის იდეის კვლავ აღორძიება საქართველოში და დღემდე რამდენიმე ნაშრომი არის გამოცემული მონოგრაფიის ან სახელმძღვანელოს სახით, თუმცა ეს არაა საკმარისი იმისათვის, რომ კონსტიტუციონალიზმი, როგორც დარგი, როგორც მეცნიერება და კულტურული მოვლენა განვითარდეს.

  • მოგვიყევით უფრო დეტალურად სამტომეულის პირველ ნაწილზე.

2019 წელს გამოცემულ პირველ ტომში, „კონსტიტუციონალიზმი – მიღწევები და გამოწვევები“, თავიდანვე განვიზრახეთ, რომ მას უნდა მოეცვა კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური საკითხები. ამ კრებულში იქნებოდა წარმოდგენილი უცხოელი ავტორები. სხვათა შორის, ძალიან კარგი გამოხმაურება გვაქვს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისგან, შეფასდა რა ნაშრომი როგორც სოლიდურ გამოცემად, რომელიც ყველა ქვეყნის ბიბლიოთეკას უნდა ამშვენებდეს.

კრებულში, გარდა ქართველი ავტორებისა, შესულია 15 უცხოელი კონსტიტუციონალისტის, სამართლის მეცნიერისა თუ პოლიტოლოგის შრომები ამ საკითხებთან დაკავშირებით.

მინდა გამოვყო და ხაზი გავუსვა ერთ-ერთი ავტორის სტატიას, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველ კონსტიტუციას. იგი ეკუთვნის ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორს რეგინა კინერს, რომელიც ბოლო დროს მონაწილეობს ჩვენს საკონსტიტუციო რეფორმებშიც და არის მოწვეული უცხოელი კონსულტანტი.

როდესაც შევთავაზეთ მას ამ კრებულისთვის სტატიის დაწერა, მან თავისი სურვილით ის 1921 წლის კონსტიტუციას მიუძღვნა. ეს ნაშრომი ფაქტობრივად პირველი კვლევაა, რომელიც უცხოელი პროფესორის მიერ მომზადდა პირველ ქართულ კონსტიტუციაზე.

რეგინა კინერი ქართულ კონსტიტუციას დადებითად მიმოიხილავს და, რა თქმა უნდა, გარკვეულ კრიტიკულ მოსაზრებებსაც გამოთქვამს. აგრეთვე შედარებით ანალიზსაც აწარმოებს შვეიცარიის 1874 წლის კონსტიტუციასთან, რომელიც უდევს საფუძვლად ჩვენს კონსტიტუციას. ამ მხრივაც ეს ნაშრომი არის გამორჩეული.

ყველაზე მთავარი, რაც ამ პროექტმა გააკეთა, იყო ის, რომ ქართველი ავტორები გაეცნენ უცხოელი კონსტიტუციონალისტების შრომებს და პირიქით. ეს აუცილებელია ჩვენი მკვლევარების საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით და ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისათვისაც. მოგეხსენებათ, განათლების სისტემა რთულ მოთხოვნას უყენებს უნივერსიტეტებს და ერთ-ერთი მოთხოვნა არის ის, რომ მოხდეს აკადემიური პერსონალის ინტეგრაცია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

  • რაც შეეხება მეორე კრებული?

რიგით მეორე ტომი უკვე ქართული კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრობლემებს შეეხება. ეს ათასგვერდიანი ნაშრომი 1990-1995 წლებში გამოქვეყნებულ თითქმის ყველა სტატიას, ინტერვიუს თუ ნაშრომს აერთიანებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროცესში უდიდესი შრომა გასწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დიმიტრი ცანავას ხელმძღვანელობით. საუბარია დახლოებით 500-მდე სტატიაზე. ეს არის კრებული, რომელიც უზარმაზარ სამსახურს გაუწევს ყველა იმ მკვლევარს, რომელიც დაინტერესებულია ამ პერიოდის საკონსტიტუციო საკითხებით. – როგორც ბატონი მინდია უწოდებს, კრებული წარმოადგენს 1995 წლის კონსტიტუციის წინმსწრებ ანარეკლს ქართულ პუბლიცისტიკაში. დღესდღეობით ამ მასალების უმრავლესობა დაზიანებული ან გამქრალია, შესაბამისად, უდიდესი შრომა იქნა გაწეული ყველაფრის თავმოსაყრელად და ერთიანად გამოსაცემად.

  • უცხოელი კონსტიტუციონალისტები მაღალ შეფასებას აძლევენ პირველ ქართულ კონსტიტუციას. რა პროგრესულ იდეებზეა საუბარი? 

საქართელოს 1921 წლის კონსტიტუცია ძალიან რთულ პერიოდში დაიწერა. იმ დროს არ იყო არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ მშვიდობიანი პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური თუ სამრთლებრივი გარემო. მიუხედავად ამისა, ჩვენმა მამა და დედა დამფუძნებლებმა მოახერხეს და შექმნეს ერთერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია მთელი ევროპის კონტინენტზე.

თუკი პირველ რიგში სტრუქტურას დავუკვირდებით, იგი ძალიან კარგადაა ჩამოყალიბებული; 17 თავისაგან შემდგარი კონსტიტუცია ლოგიკურადაა დალაგებული.

რაც ყველაზე მეტად თვალში საცემია და ამას ყველა ამჩნევს და აფასებს, არის ის, რომ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. 4 თავი სწორედ ამ თემაზე საუბრობს. ეს თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ადამიანის უფლებები პრიორიტეტული იყო. მაგალითად, კონსტიტუცია ამბობს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია; კონსტიტუციაში წერია, რომ კონსტიტუცია უზენაესია და ყველა სხვა კანონი, დეკრეტი თუ განკარგულება უნდა შეესაბამებოდეს მას. ესეც თავისთავად არის სიახლე იმ დროისათვის.

ასევე უნდა აღვნიშნო სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი, რომელსაც ხაზს უსვამს  კონსტიტუცია და ის ემორჩილება მხოლოდ კანონს. სეკულარიზმის იდეებია ასევე წინ წამოწეული; ქალთა, ეროვნულ უმცირესობათა, სახელმწიფო მოხელეთა უფლებები – ეს ყველაფერი ასახულია პირველი რესპუბლიკის უზენაეს კანონში.

ასევე კონსტიტუცია ამბობს, რომ ხალხი არის ხელისუფლების წყარო და ამ ხელისუფლებას ხალხის სახელით ახორციელებს პარლამენტი. ასევე იქ არის საუბარი მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის, მთავრობის კოლეგიალური საქმიანობის პრინციპებზე, განმტკიცებულია დებულებები ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე.

  • როგორი იყო მაშინდელი გეოპოლიტიკური სიტუაცია და როგორ აისახა ის პირველი ქართული კონსტიტუციის შედგენის დროს?

როგორც აღვნიშნეთ, მაშინდელი კონსტიტუცია არის სინთეზი ევროპული კონსტიტუციებისა. შვეიცარიის მოდელი შედარებით რბილია, რადგან მთავრობის წარმომადგენლები 7 წლის ვადით ინიშნებიან და პოლიტიკურად პასუხისმგებლები არ არიან პარლამენტის წინაშე. ეს მოდელი ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობის გამო არ გამოგვადგებოდა. შესაბამისად, დადგინდა, რომ მთავრობა და მთავრობის თავმჯდომარე ემორჩილება პარლამენტს.

თუმცა მეორე მხრივ, არც მთავრობის დათხოვნა იყო ძალიან მარტივი საქმე და რთულ პროცედურებს უკავშირდებოდა.

რაც შეეხება პრეზიდენტის თანამდებობას, იგი უარყოფილი იქნა თავიდანვე, რადგან სოციალ-დემოკრატები პრეზიდენტს მონარქად განიხილავდნენ და საფრთხეს ხედავდნენ მასში, რომ მას უარი არ ეთქვა არჩეულ ხელისუფლებაზე.

მის ნაცვლად, პრეზიდენტის კომპეტენციების ნაწილი გადავიდა მთავრობის თავმჯდომარეზე, რომელსაც პრეზიდენტის ზოგიერთი უფლება-მოვალეობები დაეკისრა.

რაც შეეხება გეოპოლიტიკურ სიტუაციას ზოგადად, იმ პერიოდში, საქართველო ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში იმყოფებოდა. მთავრობის პასუხისმგებლობა იყო ის, რომ იგი უნდა ყოფილიყო პოლიტიკურად ძლიერი, რომ მრავალი გამოწვევისთვის ეპასუხა.

  • და ბოლოს, რაც შეეხება მესამე წიგნს – ტრილოგიის დასკვნით ნაწილს?

მესამე ტომი მიეძღვნება კონსტიტუციის ასი წლის იუბილეს, რომელიც 2021 წლის მაისში გამოვა. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც კონსტიტუციის იუბილის ამგვარი აღნიშვნა ხდება ხოლმე. ეს პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის თაოსნობით, მონაწილეობითა და მხარდაჭერით. ჩვენ ამისთვის მზადება 2020 წლის 21 თებერვლას დავიწყეთ, როცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩავატარეთ შეხვედრა ბატონ მინდია უგრეხელიძის ხელმძღვანელობით, სადაც გაცხადდა, რომ ერთი წლის თავზე მოვამზადებდით კიდევ ერთ კრებულს.

კრებულში 11 სახელმწიფოს 30-მდე უცხოელი პროფესორი და მკვლევარი საზეიმოდ ულოცავს ქართველ ხალხს კონსტიტუციის ასი წლის იუბილეს. თუმცა აქ მხოლოდ მილოცვას არ შეხვდებით, მათი უმეტესობა აფასებს იმდროინდელ კონსტიტუციას და მიაჩნიათ, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციაა მთელი ევროპის კონტინენტზე, რომელიც გაჯერებულია ადამიანის უფლებათა შესახებ პროგრესული იდეებით.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს კონსტიტუციონალიზმის, როგორც მეცნიერების განვითარებას საქართველოში და ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

კონსტიტუციონალიზმის საკითხების კვლევა ტრილოგიით არ დასრულდება.  მიზნად გვაქვს დასახული სამართლის ამ დარგში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანადგომით  განვახორციელოთ არაერთი საინტერესო პროექტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი