მთავარი,სიახლეები

დათუნიას ვუყვები, რომ ცუდ კაცუნას ვებრძვი – პატარა ნიკოს დიდი ომი

01.03.2021 • 2375
დათუნიას ვუყვები, რომ ცუდ კაცუნას ვებრძვი – პატარა ნიკოს დიდი ომი

„სტამბოლში სათამაშო თვითმფრინავები წამოვიღე. პილოტი უნდა გამოვიდე. მომენატრა საქართველო, მალე მინდა დავბრუნდე – მზია მასწავლებელი და ჩემი მეგობრები მეუბნებიან გელოდებითო. სათამაშო დათუნია მყავს, ძალიან მიყვარს და ყველაფერს ვუყვები: ცუდი კაცუნა უნდა დავამარცხო-მეთქი, ვეუბნები“, – გვიყვება 6 წლის ბიჭი.

ნიკუშას ცუდი კაცუნა ავთვისებიანი, სწრაფად პროგრესირებადი სიმსივნეა. მშობლები არაფერს უმალავენ. ეუბნებიან, რომ ცუდი კაცუნა მუცლის ღრუში ჩაუსახლდა და მის დასამარცხებლად ბრძოლაა საჭირო. ეუბნებიან, რომ ხანდახან პატარა ბავშვებსაც უწევთ დიდ ომებში ბრძოლა გადარჩენისთვის.

ნიკუშამ იცის, რომ უნდა გადარჩეს. იცის, რომ თერაპიებისგან თმა დასცვივდება, ხშირად დაიღლება, უფრო ემოციური გახდება. თუმცა არ იცის, რომ მისი მშობლები მეგობრების, ნაცნობების, უცნობების, ნათესავების, თანამშრომლების, სასწაულის იმედად არიან, რომ ყველაფერს ცდილობენ 42-კვირიანი ქიმიოთერაპიის, ასევე 24-საათიანი ქიმიოთერაპიის ხუთი კურსისთვის საჭირო თანხა შეაგროვონ, რაც 21 დღეში ერთხელ უტარდება 6 წლის ბიჭს. თუ მკურნალობა გაამართლებს, მერე ოპერაციის თანხა უნდა შეაგროვონ. მხოლოდ ქიმიოთერაპიებისთვის კი 42 ათასი დოლარია საჭირო.

ნიკუშა 1 წლის იყო, როცა მისი მშობლები თურქეთში წავიდნენ სამუშაოდ ოჯახის სარჩენად. ბავშვი ბებიამ გაზარდა. დედ-მამა მას ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უნახავს. მშობლებს ისეთი სამუშაო ჰქონდათ, 1 წელი საქმეს ვერ ტოვებდნენ, ბოლო წელს კი პანდემიის გამო ჩაიკეტა საზღვრები. ასე გავიდა 2 წელი.

„ბებო, მუცელი მტკივა” – ასეთი უწყინარი ჩივილით დაიწყო ყველაფერი 5 იანვარს. ნიკო იაშვილის კლინიკიდან სტამბოლში გაგზავნეს.

უსიამოვნო მიზეზით, მაგრამ ხანგრძლივი განშორების შემდეგ ნიკუშა მშობლებთან ჩავიდა. დიაგნოზი მუცლის ღრუს ემბრიონალური რაბდომიოსარკომა აღმოჩნდა. ავთვისებიანი, სწრაფადპროგრესირებადი სიმსივნე.

„ყველაფერს ვეუბნებით. რამეს თუ ვუმალავთ, გრძნობს და დარდობს. ახლა ქიმიოთერაპიის დროა, ახლა კათეტერია ჩასადგმელი, ექიმმა უნდა შეგვამოწმოს, სისხლის ანალიზი უნდა აგვიღონ – ასე ვუხსნით ყველაფერს და ვარქმევთ სახელებს. ვეუბნებით, რომ ავადაა და საჭიროა მკურნალობა, საქართველოში დაბრუნება და ცხოვრების ბედნიერად გაგრძელება რომ შევძლოთ“. – ამბობს ნიკოს მამა, გოჩა ხარაბაძე.

სტამბოლში ნიკუშას მშობლები ღამის ცვლაში მუშაობენ, ფაბრიკაში. დღისით დროს ბავშვთან ატარებენ. ბათუმიდან სტამბოლში ნიკუშას ბებიაც ჩავიდა, რომ ბიჭს მუდმივად უმეთვალყურეოს.

„ქიმიოთერაპიების შემდეგ ბავშვი ძალიან სუსტადაა. აუცილებელია მუდმივად მის გვერდით ყოფნა და კონტროლი – გვერდითი მოვლენები რომ არ განუვითარდეს. ძალიან გვეხმარებიან ასეთ დროს დამსაქმებლები, სამსახურიდან გვიშვებენ, ხანაც თანამშრომლები გვენაცვლებიან“, – ამბობს ნიკუშას მამა.

მისივე თქმით ხელფასი, რასაც ის და მისი მეუღლე სტამბოლის ფაბრიკაში გამოიმუშავებენ, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც რეალურად სჭირდება ოჯახს სხვა ქვეყანაში არსებობის, ნიკუშას მკურნალობისთვის.

„ადამიანების იმედად ვართ. ჩვენი ბედი ახლა ადამიანებზეა დამოკიდებული: მეგობრებზე, უცნობებზე, ნაცნობებზე“, – ამბობს ნიკოს მამა.

ექიმები ბიჭის მშობლებს არიგებენ, რომ ნიკოსთვის ოდნავი გაბრაზება, გაღიზიანება და აღელვებაც კი არ შეიძლება. დედ-მამაც ამხნევებს, რაც შეუძლიათ ყველაფერს უსრულებენ ბიჭს, რომ მხიარულად იყოს, კარგი განწყობა ჰქონდეს ყოველდღე და ბრძოლისუნარიანობა შეინარჩუნოს.

ნიკოც იბრძვის: პირველკლასელია და ონლაინგაკვეთილებში ჩვეულებრივად ერთვება, არ აცდენს, სწავლობს. მასწავლებელი იმასაც ეუბნება, თუ დილით დასწრება გიჭირს, როცა გინდა მაშინ ჩაგიტარებ გაკვეთილებსო, მაგრამ ნიკო ცდილობს კლასელებთან ერთად ისწავლოს, იკითხოს, იანგარიშოს.

მერე ისევ ქიმიოთერაპიებზე შევიდეს, ახალი კათეტერის ჩასადგამად გაუწოდოს მედდებს ხან ერთი, ხან მეორე მკლავი. თვითმფრინავებით ითამაშოს. დათუნიას ელაპარაკოს, რომ ომშია და უნდა გაიმარჯვოს.

ორი თვის წინ სამკურნალოდ სტამბოლში წასულ ბიჭს კლასელებმა ვიდეო ჩაუწერეს:

,,ნიკუშა, მალე გამოჯანმრთელდი, რომ ერთად წავიდეთ სკოლაში“, ,,როგორ ხარ ნიკოლოზ? ძალიან მომენატრე, გულში მომენატრე!“, ,,ყველა კლასელი გელოდება, მეც გელოდები, ძალიან მიყვარხარ!“.


  • ნიკოს დიაგნოზი – მუცლის ღრუს ემბრიონალური რაბდომიოსარკომაა (მდებარეობს მუცლის ღრუს სველ წერტილში C76,2) მუცლის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც ახასიათებს სწრაფი მეტასტაზირება.
  • დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ამერიკული პროტოკოლით გათვალისწინებული 42-კვირიანი ქიმიოთერაპიის კურსი.
  • საწყის ეტაპზე ჩანიშნულია 24-საათიანი 5 ქიმიოთერაპიის კურსი (46 000 აშშ დოლარის ღირებულების), კეთდება 21 დღეში ერთხელ. შუალედებში კი კვირაში ერთხელ ნიკოს უკეთდება ნახევარსაათიანი ქიმიოთერაპია.
  • ყოველი კურსის დაწყებამდე 4 საათით ადრე ტარდება გამოკვლევები, რის საფუძველზეც დგინდება, თუ რამდენად მზად არის ორგანიზმი 24-საათიანი ქიმიოთერაპიისთვის…(აქვე აუცილებელია ოჯახმა სრულად დაფაროს ერთი თერაპიის საფასური 9 200 აშშ დოლარი)
  • მეხუთე კურსის შემდეგ ჩანიშნულია სრული კვლევა, რის საფუძველზეც უნდა დადგინდეს ქირურგიული ჩარევის შესაძლებლობა.
  • ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ ნიკოს ესაჭიროება როგორც რადიო, ასევე ქიმიოთერაპია.
  • ოპერაციის და პოსტოპერაციის შემდეგ დანიშნული მკურნალობის საფასური ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის.

ნიკუშასთვის თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია. ბიჭის დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ ანგარიშის ნომერზე:

GE31BG0000000161107164 საქართველოს ბანკი. მიმღები : მირზა დიასამიძე (ნიკოს ბიძა)

საქველმოქმედო ზარი: 09 01 700 598

გადაბეჭდვის წესი


ასევე: