მთავარი,სიახლეები

როგორ მოგვარდება საპროტესტო აქციის მონაწილეთა პრობლემები – გეგმა ჯერ არ არსებობს

09.10.2020 •
როგორ მოგვარდება საპროტესტო აქციის მონაწილეთა პრობლემები – გეგმა ჯერ არ არსებობს

როგორ შეძლებს თორნიკე რიჟვაძე და აჭარის მთავრობა შესრულდეს საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები, რომლებიც ორი დღე – 6 და 7 ოქტომბერს აჭარის მთავრობის სახლის წინ ითხოვდნენ:

[checklist]

  • საბანკო და მიკროსაფინანსო სესხების გადავადებას 0% -ით;
  • სახელმწიფოს საკომპენსაციო თანხის მომატებასა და გაგრძელებას;
  • წინა გადავადებულ სესხებზე დაკისრებული პროცენტების ჩამოწერას;
  • ქირით მცხოვრებთათვის დახმარებას;
  • ბავშვების სკოლაში დაბრუნებას;
  • საპენსიო დანაზოგის დაბრუნებას;
  • საზღვრების გახსნას;
  • სამუშაო ადგილების დაბრუნებას.

[/checklist]

უშუამდგომლებს თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მოქალაქეებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რა ფორმით და როგორ აპირებს ის ამ პრობლემების მოგვარებას, კონკრეტულად რომელი საკითხის მოგვარებაა უშუალოდ აჭარის მთავრობის პრეროგატივა და რა დროში გაეცემა პასუხები მოქალაქეთა კითხვებს – ამ კითხვებით აჭარის მთავრობის პრესსამსახურს მივმართეთ.

მათი ინფორმაციით, ჯერ საპროტესტო აქციის მონაწილეების ინდივიდუალური პრობლემების შესწავლა და დამუშავება მიმდინარეობს, რის შემდეგაც უნდა გამოიკვეთოს, როდის და როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხები.

7 ოქტომბერს, ორდღიანი საპროტესტო აქციის შემდეგ თორნიკე რიჟვაძე სამსახურდაკარგულ 7 მოშიმშილეს და საპროტესტო აქციის მონაწილეთა ათ-ათკაციან ჯგუფებს შეხვდა მთავრობის სახლში.

შეხვედრების დასასრულს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქეთი თუთბერიძემ გვითხრა, რომ მას საბანკო ვალდებულებები აქვს, 10 ოქტომბრიდან ვადაგადაცილების გამო ჯარიმები დაერიცხება და  სესხის გაყინვას ითხოვს, სანამ მუშაობას არ დაიწყებს:

„შეხვედრაზე დამპირდნენ, რომ 2 დღეში დამიკავშირდებიან, თუ ეს გონივრულ ვადაში არ მოხდება, ვივლი ყოველდღე აჭარის მთავრობაში, სანამ ჩემი საჭიროება არ დაკმაყოფილდება“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ქეთი თუთბერიძე „ბათუმელებთან“.

გიორგი გორგილაძე აქციის ერთ-ერთი მონაწილეა. ის ორი დღე შიმშილობდა და შიმშილობა გუშინ, 8 ოქტომბერს შეწყვიტა. მას შემდეგ, რაც მთავრობისგან დაპირება მიიღო, რომ მათ პრობლემებს უახლოეს დღეებში შეისწავლიან და დაუკავშირდებიან. გიორგი ამბობს, რომ პასუხებს მაქსიმუმ ორშაბათისთვის ელის. 

გიორგის საბანკო ვალდებულება სესხის და პროცენტის ჩათვლით, როგორც ის გვეუბნება, 40 ათასი ლარია. ერთ-ერთ სამორინეში ტექნიკოსად მუშაობდა, იხდიდა ბანკის გადასახადს და რესურსი ცხოვრებისთვისაც რჩებოდა. მარტის შემდეგ სამსახური დაკარგა და 6 თვეა მისი შემოსავალი ყოველთვიურად სახელმწიფო კომპენსაცია: 200 ლარია. ეს დახმარებაც უწყდება და უსახსროდ რჩება.

„თავიდანვე მქონდა პროტესტი, მაგრამ არ მქონდა ფუფუნება პროტესტის ნიშნად მეთქვა უარი ამ კომპენსაციაზე, სამწუხაროდ. ვითხოვ ბანკის პროცენტების ჩამოწერას და სესხების გადავადებას, გაყინვას სამსახურების დაბრუნებამდე. ეს პროცენტები უსამართლობაა. 

უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ თუ რაიმე დაბალხელფასიან სამსახურს მაინც ვიპოვი, მთელი ჩემი სახსრები ბანკის პროცენტში არ წავა და შემიჩერდება ვალდებულება სამორინეების გახსნამდე. ჩვენ ვითხოვთ გვიშუამდგომლონ ბანკებთან, გაუყინონ სესხი ყველას, ვინც ეპიდსიტუაციის გამო სამსახური დაკარგა. უამრავ ადამიანს აქვს ეს პრობლემა, ჩვენ მარტო არ ვართ. პასუხებს მოვუცდით მაქსიმუმ ორშაბათამდე”, – ამბობს გიორგი. 

თორნიკე რიჟვაძემ აქციის მონაწილეებს შეხვედრისას გამოუცხადა, რომ რესურსი, რაც მთავრობას ამჯერად აქვს, ამ ეტაპზე შესაძლოა გაწვდეს მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებს.

„თუ ვინმეს ილუზია გაქვთ, რომ ყველას პრობლემას გადავჭრით, ამის პირობას ვერ მოგცემთ. ვიმოქმედებთ შესაძლებლობის ფარგლებში”, – უთხრა თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრისას აქციის მონაწილეებს.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ, ნათია ლუაშვილმა, თორნიკე რიჟვაძეს მთავრობის სახლში შეხვედრისას მიმართა, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად არ იყვნენ მასთან მისული. მისი მოთხოვნაც ანალოგიური იყო – დროებით შეუჩერონ საბანკო ვალდებულებები ყველა მოქალაქეს, ვინც სამსახური დაკარგა პანდემიის გამო და დარჩა სახელმწიფო კომპენსაციის ამარა.

ნათია ლუაშვილს ამაზე თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა, რომ ის მას ამის პირობას ვერ მისცემს, თუმცა აქციის მონაწილეთა საბანკო ვალდებულებების შესაძლო, ინდივიდუალური გადავადების საკითხს განიხილავს.

მოქალაქეთა ნაწილმა თორნიკე რიჟვაძესთან 7 ოქტომბრის შეხვედრაზე განაცხადა, რომ პრობლემების ინდივიდუალურად ჩანიშვნა და შემდეგ განხილვები შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძესაც შეხვდნენ 10 დღის წინ და პრობლემებიც ჩაანიშნინეს. დაპირების მიუხედავად მოქალაქეებს სამინისტროდან არავინ დაკავშირებია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: