მთავარი,სიახლეები

პატიმრობა შეუფარდეს კაცს, რომელმაც ცოლი აწამა | პროკურატურა

02.03.2021
პატიმრობა შეუფარდეს კაცს, რომელმაც ცოლი აწამა | პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურა იუწყება, რომ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინეს გ.ხ.-ს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს თბილისში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით აწამა მეუღლე, რადგან მიიჩნია, რომ მის მეუღლეს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერისა და საკუთარი თანხის დამოუკიდებლად განკარგვის უფლება.

„გ.ხ. მეუღლეს 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

იატაკზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. შემდეგ კი ძალის გამოყენებით სააბაზანოში შეიყვანა და ცივი შხაპის ქვეშ ამყოფებდა.

გ.ხ.-ს ქმედებები მიზნად ისახავდა ს.მ.-ს იძულებას, ეღიარებინა ღალატი და დაესახელებინა პირი, ვისაც თანხა ასესხა,“ – წერს პროკურატურა.

უწყების ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 25 თებერვალს ბრალდებული გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, მეუღლის მშობლებსა და ძმას, ხოლო გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად იძალადა მეუღლის მამაზე და ძმაზე.

გ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -144 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11′-151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: