სიახლეები

ბათუმის გენგეგმის მომზადებაზე კონკურსი ჩაიშალა

02.03.2021 • 1799
ბათუმის გენგეგმის მომზადებაზე კონკურსი ჩაიშალა

ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსი ჩაიშალა. კონკურსში ხუთი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ბულგარეთში, ასევე ესტონეტში დაფუძნებული კომპანიები. შესყიდვის ღირებულება 2 მილიონ 118 644 ლარი იყო, შეთავაზებებების მიხედვით, ყველაზე დაბალი თანხა ბულგარეთში დაფუძნებულმა კომპანია „ПРОАРХ“ АД – მა დააფიქსირა.

სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის მომზადებაზე ტექნიკური დავალების მიხედვით, რომელიც მერიამ ასევე სპეციალისტების ჩართულობით მოამზადა, კონკურსში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამწლიანი დოკუმენტურად დასაბუთებული საერთაშორისო ან ადგილობრივი გამოცდილება პოლიტიკის, განვითარების, დარგობრივი სტრატეგიებისა და კვლევების მომზადების სფეროში.

საკონკურსო დოკუმენტაციით იგივე მოთხოვნებია ქვეკონტრაქტორის მიმართაც, ასეთის არსებობის  შემთხვევაში.

ეს დოკუმენტი ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის [გრგ] ნაწილი უნდა გამხდარიყო. გრგ ბათუმს ჯერ კიდევ არ აქვს.

სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტები შედგება სამი ძირითადი დოკუმენტისგან, მათ შორისაა ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმა, რაც ბათუმს ამ დრომდე არ გააჩნდა.

ბათუმის გენერალური გეგმა, იგივე ქალაქის ტერიტორიების გამოყენების დოკუმენტია, რომელიც ფუნქციური ზონირების მეშვეობით ადგენს ქალაქის ტერიტორიების ათვისების წესს, პრიორიტეტებსა და რიგითობას.

საპროექტო მომსახურების პროცესში კონკურსანტმა მერიას უნდა წარუდგინოს შუალედური დოკუმენტები: გეგმარებითი ერთეულების კვლევის შედეგები, ტერიტორიების განვითარების დროებითი შეზღუდვების რუკა, ბათუმის ფუნქციის დივერსიფიკაციის კვლევა.

გენგეგმის მომზადებაზე საუბარი ბათუმში 2004 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული მის მომზადებაზე მუშაობის დაწყების პირობას თითქმის ყველა მერი დებდა, მათ შორის ბათუმის ყოფილი მერი ლაშა კომახიძე, თუმცა ვერცერთმა მათგანმა დღემდე ეს პირობა ვერ შეასრულა.

გეგნგემის მომზადების აუცილებლობაზე მისი მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისთანავე განაცხადა არჩილ ჩიქოვანმაც, მოგვიანებით კი იგივე ფრაზა ყოფილი პრემიერისგან გიორგი გახარიასგანაც მოვისმინეთ, გიორგი გახარიამ თქვა ის, რასაც მანამდე ისინი ამბობდნენ, ვინც ბათუმში ქაოსურ განაშენიანებას აპროტესტებდა: „მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, ბათუმს სჭირდება განაშენიანების გეგმა“ .

14 წელი და მეხუთე მერი – ბათუმი გენერალური განვითარების გეგმის გარეშე

გადაბეჭდვის წესი