მთავარი,სიახლეები

85 წლის ქალი, რომელიც მოწყალებას ითხოვს და შვილს სესხს უხდის

23.02.2021 • 6418
85 წლის ქალი, რომელიც მოწყალებას ითხოვს და შვილს სესხს უხდის

85 წლის ტანია გორგილაძე ბათუმში, სულაბერიძის ქუჩაზე, ორსართულიან სახლში, ორ პატარა ოთახში ცხოვრობს.

ფარღალალა ოთახებში ცივა. ფანჯარასთან ღუმელი დგას, რომელსაც ტანია მხოლოდ მაშინ ანთებს, თუ ძალიან შესცივდება, ასე შეშის ნაჭრებს იზოგავს. აქვს გაზის პატარა ბალონიც, რომელსაც, როგორც ამბობს, გასათბობად იყენებს, მაგრამ გაზის პატარა ბალონი ოთახს, რომელსაც ღრიჭოები აქვს, აშკარად ვერ ათბობს.

თითქმის ყოველ დღე ტანია ქუჩაში გადის და მოწყალებას იმისთვის ითხოვს, რომ 59 წლის ერთადერთ შვილს ვალის დაფარვაში დაეხმაროს.

„ხან ინასარიძის ქუჩაზე ვარ, ხან ბონის ბაზრის წინ… ზოგი გეტყვის – შვილი არ გყავს? პენსია არ გაქვს? მრცხვენია დედა, მრცხვენია, მაგრამ ვაძალებ ჩემს თავს.

ორი წლის წინ, ნაქირავები მანქანით, ავარია მოუხდა ჩემს შვილს, მისი შვილიშვილი, ჩემი შვილთაშვილი დაიღუპა ავარიის დროს, მანქანაში იყო ბავშვი.

შვილს ასთმა აქვს, ორ კაპიკს გავაკეთებო – იფიქრა და მთლად დავიღუპეთ. რძალი ავადაა, პარალიჩი აქვს გადატანილი და წევს. არ მისცეს სოციალური დახმარება. ვეცოდები, მაგრამ კიდევ შენი იმედი მაქვსო, მეუბნება ჩემი რძალი.

ჩემი შვილი მუშაობს, ხვეტავს და მანქანის ვალს ვიხდით დედა-შვილი, აბა რა ვქნა, დავეხმარო უნდა,“ – ცრემლებს იწმენდს ტანია.

ტანია გორგილაძე

პატარა ოთახებს, სადაც ცხოვრობს, ტანია ქირაობს და ყოველ თვე ას ლარს იხდის ბინისთვის. ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს მისი შვილის ოჯახიც, ოღონდ სხვა ქუჩაზე. ვერ მითმენს გული, თითქმის ყველა დღე დავდივარო – ამბობს ტანია.

ორი წლის წინ, შვილის ავტოავარიის შემდეგ, ტანიამ ბანკიდან 2 000 ლარი გამოიტანა, რომ შვილს დახმარებოდა. „ამ თანხას ვიხდი, ვიხდი და არ მთავრდება“, – წუხს და გვაჩვენებს ფურცელს, რომელიც ბანკში მისცეს. ფურცელზე წერია, რომ ტანიას კიდევ 387 ლარი აქვს გადასახდელი ამ წლის ბოლომდე.

ვალის გამო ტანია პენსიის მხოლოდ ნახევარს იღებს და სოციალურ დახმარებას – თვეში 60 ლარს. ამბობს, რომ ეს თანხა არაა საკმარისი მისთვის და შვილის დასახმარებლად, ამიტომაც გახდა იძულებული ქუჩაში გასულიყო მოწყალების სათხოვნელად.

ტანიას ოთახი

„ხელი მიკანკალებს. ხუთჯერ ვარ ნაავარიევი, მხარი გატეხილი მქონდა. ხანდახან მეუბნებიან ნაცნობები – „აფსუს ტანია, სად ზიხარ შენო“…

რა ვქნა, გამიჭირდა და თხოვნა დავიწყე, გაჭირვება ძალიან ცუდია

მე რაფერი ქალი ვიყავი იცი? მსოფლიო მაფასებდა, საავადმყოფოში რომ ვმუშაობდი, პატივს მცემდნენ, ნდობა ჰქონდათ ჩემი“, – ამბობს ტანია. იგი მიყვება, რომ 37 წელი მუშაობდა სანიტრად საავადმყოფოში, სამსახური დატოვა, როცა მუშაობა უკვე აღარ შეეძლო, მაგრამ ახლა იძულებული გახდა ქუჩაში გასულიყო.

ტანიას შეშის ღუმელთან ახლოს, პატარა ტახტზე სძინავს. ძველი მაცივარი წლების წინ გაფუჭდა და აღარ მუშაობს, არც ტელევიზორი აქვს. ოთახში, მაგიდაზე ჭურჭელი და სხვადასხვა ნივთია. აქვე დევს ერთი ფილა შოკოლადი და კანფეტები, რომელიც ტანიას ქუჩაში აჩუქეს.

ბევრი კეთილი ადამიანი მხვდება ქუჩაშიო – ამბობს ტანია, ხან პურს მჩუქნიან, ხან ყიდულობენ რამეს და მატანენო.

„მრცხვენია, ასეთი ოთახი რომ მაქვს. ადრე ყველაფერი გარეთ გამქონდა,  ვასუფთავებდი, მაგრამ აღარ შემიძლია უკვე. ახლა სიკვდილს ველი, რომ დავისვენო“, – ამბობს ტანია.

იგი მიყვება, რომ სამეგრელოში, აბაშაში დაიბადა და შემდეგ გადმოვიდა ბათუმში საცხოვრებლად.

„ქმარი მყავდა აჭარელი. რაფერი ქმარი მყავდა იცი?! ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, მე ასე არ ვიქნებოდი,“ – ცრემლს იწმენდს ქალი.

სახლში, სადაც ტანია ცხოვრობს, მეპატრონეს ოთახები აქვს გაქირავებული. ტანია მეუბნება, რომ აქ ყველა სოციალურად დაუცველია და მეზობელს მაცნობს, ნატოს, ესაა ჩემი იმედიო.

„ესაა ჩემთვის მეზობელიც და ქალიშვილიც, ამის იმედი მაქვს, ყოველ დილას ეს შემომძახებს – ბებო, როგორ ხარ? კოფესაც არ დალევს დილას უჩემოდ“, – ამბობს ტანია.

სულ მალე, აპრილში, 86 წლის გავხდებიო, ამბობს.

„ერცახე გამიხარდება, ერცახე მეწყინება – ასეთი გავხდი ამ ბოლო დროს. რას იზამ, მოვხუცდი… ასეთ წვალებაში და გაწამაწიაში ვარ“, – ამბობს ტანია.

კითხვაზე, რაში სჭირდება დახმარება, ტანია ცოტა ხანს ფიქრობს.

„ბინას მომცემენ ნეტა?“ – მეკითხება და იმედიანად მიყურებს.

ტანია მისი ოთახის შესასვლელთან

____________________

ნახეთ ვიდეო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: