განათლება,მთავარი,სიახლეები

აჭარის განათლების სამინისტრო ღარიბი ბავშვებისთვის დაპირებულ კომპიუტერებს აღარ იყიდის

02.03.2021
აჭარის განათლების სამინისტრო ღარიბი ბავშვებისთვის დაპირებულ კომპიუტერებს აღარ იყიდის

აჭარის განათლების სამინისტრო სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დაპირებულ კომპიუტერებს აღარ ყიდულობს. ამის შესახებ დღეს, 2 მარტს, უთხრეს სამინისტროში „ბათუმელებს“.

კითხვაზე, თუ რატომ გადაიფიქრა სამინისტრომ კომპიუტერების ყიდვა, სამინისტროში ამბობენ, რომ „რადგან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, ეს პროექტი გაჩერდა“.

სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 550 ათასი ლარი უნდა გამოეყო სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, რომლებიც პანდემიის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ სასწავლო პროცესში ჩართვას ინტერნეტისა და კომპიუტერის უქონლობის გამო. ასეთი ბავშვი, კვლევის მიხედვით, აჭარაში 7 ათასზე მეტია. სამინისტრო კი პირველ ჯერზე 1086 ბავშვისთვის აპირებდა ტექნიკის ყიდვას.

სამინისტროში ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ამბობდნენ, რომ ეს თანხა 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო და იანვარში ტექნიკის შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადებას აპირებდნენ. ახლა ირკვევა, რომ სამინისტრომ ტენდერი არ გამოაცხადა. შესაბამისად, 1700-ზე მეტი ბავშვი ისევ კომპიუტერული ტექნიკის გარეშეა.

აჭარის განათლების სამინისტროს არც მეორე ინიციატივა გამოუვიდა. დეკემბრის ბოლოს „ბათუმელებს“ უწყებაში უთხრეს, რომ ბავშვებისთვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, სპეციალურ ფასად შეისყიდიან ინტერნეტპაკეტს. თუმცა დღეს სამინისტროში გვითხრეს, რომ არც ეს პროექტი განხორციელდება – „პროვაიდერებთან მოლაპარაკებები არ შედგა“.

აჭარის განათლების სამინისტროში თავს იმითაც იმართლებენ, რომ ინტერნეტი ბავშვებისთვის საქართველოს განათლების სამინისტრომ შეისყიდა და ეს პროექტი, როგორც გვითხრეს, ისევ გრძელდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში საარსებო შემწეობას 49 478 პირი იღებს, სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა კი 19 284-ია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: