განათლება,მთავარი,სიახლეები

კერძო სკოლას თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსწავლის სკოლიდან გაშვება შეეძლება – ინიციატივა

01.03.2021 • 2037
კერძო სკოლას თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსწავლის სკოლიდან გაშვება შეეძლება – ინიციატივა

საქართველოს პარლამენტში შესულია ინიციატივა, რომელიც კერძო სკოლებს უფლებას აძლევს მოსწავლეს შეუჩეროს სტატუსი, თუ მას სწავლის გადასახადის დავალიანება აქვს.

როგორც საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლის დოკუმენტაცია მოთხოვნისთანავე გადასცეს მშობელს.

რას ცვლის ეს საკანონმდებლო ინიციატივა კერძო სკოლებისთვის და ირღვევა თუ არა ბავშვის უფლება?

„ბათუმელები“ ამ საკითხზე კერძო სკოლა „ევრო 2000“-ის იურისტს, ელენე კალანდაძეს ესაუბრა და ჰკითხა, რაში დაეხმარება აღნიშნული ცვლილება კერძო სკოლებს და ხომ არ შეზღუდავს ბავშვის განათლების უფლებას.

„ჩვენ როგორც გავიგეთ, ეს საკანონმდებლო ცვლილება კერძო სკოლებს მოგვცემს უფლებას შევუჩეროთ მოსწავლეს სტატუსი, თუ მშობელი დიდი ხნის განმავლობაში ვერ იხდის სწავლის გადასახადს, რისი უფლებაც ამჟამად კერძო სკოლებს არ გვაქვს.

ეს არ არის ვალდებულება, ეს არის საშუალება კერძო სკოლებისთვის. შეიძლება მშობელმა ვერ გადაიხადოს თანხა, მაგრამ თუ ის ზოგადად, კეთილსინდისიერი გადამხდელია, მაგრამ გარკვეული მიზეზით შეექმნა პრობლემა, ჩვენ ასეთ მშობლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, სწავლის საფასური ეტაპობრივად დაფარონ.

თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როცა მშობელი  ორი-სამი და მეტი წელია ვერ იხდის სწავლის გადასახადს და არც ბავშვი გაჰყავს სკოლიდან. „როცა მექნება მაშინ გადავიხდი“ – ამბობს მშობელი და ასე გრძელდება წლები. სკოლას კი არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ ბავშვი სკოლიდან გაუშვას ან არ მისცეს გაკვეთილებზე დასწრების საშუალება“, – ამბობს ელენე კალანდაძე.

მისი თქმით, გადაუხდელი დავალიანებების ამოღება სკოლას მაინც სასამართლო დავებით უწევს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ცვლილება ვერ ეხმარება. თუმცა, თუკი სკოლას უფლება ექნება მოსწავლეს დროულად შეუჩეროს სტატუსი, ასე მშობელს დავალიანება აღარ დაუგროვდება.

„როცა დავინახავთ, რომ მშობელს აღარ აქვს გადახდის უნარი და ერთი სემესტრის განმავლობაში ვერ ფარავს სწავლის გადასახადს, სკოლა შეუჩერებს მოსწავლეს სტატუსს და მშობელი იფიქრებს იმაზე, რომ სხვაგან გადაიყვანოს შვილი“, – ამბობს იურისტი.

როგორც ელენე კალანდაძე ამბობს, კერძო სკოლა მაშინვე აღუდგენს სტატუსს მოსწავლეს, როდესაც ის მიიღებს წერილობით მოთხოვნას მიმღები სკოლიდან, რომ გადასცეს ბავშვის პირადი საქმე.

„როცა ეს შეტყობინება მოგვივა, რომ სხვა სკოლაში გადადის ბავშვი და ითხოვენ მოსწავლის დოკუმენტაციას, ჩვენ აღვუდგენთ მოსწავლის სტატუსს და ვაძლევთ ბავშვის პირად საქმეს“, – ამბობს ელენე კალანდაძე.

იურისტის თქმით, ასეთ შემთხვევაში არც ბავშვის კონსტიტუციური უფლება იზღუდება, რომ მან უწყვეტად მიიღოს განათლება და კერძო სკოლასაც ექნება ბერკეტი მოაგვაროს ფინანსური დავა მშობელთან.

საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში სტატუსის შეწყვეტის შესახებ სკოლამ შეტყობინება უნდა გააგზავნოს განათლების სამინისტროში, მანამდე კი მშობელმა ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანის თაობაზე განცხადება უნდა დაწეროს და მიმართოს იმ კერძო სკოლას, საიდანაც გადაჰყავს შვილი.

ელენე კალანდაძე ამბობს, რომ კერძო სკოლებს მაინც უწევთ საშემოსავლოს გადახდა, იმის მიუხედავად, იხდის თუ არა მშობელი სწავლის საფასურს.

„ამიტომ ეს ცვლილება დაგვეხმარება იმაში, რომ არ მოგვიწევს დიდი ხანი ლოდინი. როცა დავინახავთ, რომ მშობელი აღარ არის გადახდისუნარიანი, მოსწავლეს სტატუსს შევუჩერებთ. ეს იქნება ერთეული შემთხვევებისთვის ხელსაყრელი, როდესაც მშობელს აქვს დიდი ხნის დავალიანება“, – ამბობს ელენე კალანდაძე.

კერძო სკოლებთან დაკავშირებული ინიციატივა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს, პირველ მარტს, უნდა განიხილოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: