მთავარი,სიახლეები

„ხშირად შეთანხმებულზე ზედმეტ საქმეს გავალებენ“ – ძიძების დაუფასებელი შრომა რეგულაციებს მიღმა  

02.03.2021 • 1525
„ხშირად შეთანხმებულზე ზედმეტ საქმეს გავალებენ“ – ძიძების დაუფასებელი შრომა რეგულაციებს მიღმა  

ზრუნვის შრომა საქართველოს არაფორმალური ეკონომიკის ნაწილია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანების საქმიანობა სახელმწიფო რეგულაციებსა და მისი დაცვის მიღმა რჩება. ძიძები ოჯახებში ძირითადად მუშაობენ ზეპირი შეთანხმებით და არა ხელშეკრულების საფუძველზე. ამის გამო ისინი მუშაობენ არანორმირებული გრაფიკით ანუ კვირაში 40 საათზე მეტს, მათი მოვალეობები კი ხშირად სცდება “მხოლოდ ბავშვზე ზრუნვას”.

36 წლის მედეა მიქელაძე ჰყვება, რომ მას ძიძადაც უმუშავია და მომვლელადაც, ორივეგან კვირაში  ექვსი დღე, დილიდან საღამომდე უწევდა შრომა. “ძალიან ხშირია, როცა შეთანხმების მიღმა, ზედმეტ საქმეებს გავალებენ, რაც ანაზღაურებაზე არ აისახება. როცა დიაბეტიან პაციენტს ვუვლიდი, მათ შორის ნემსსაც ვუკეთებდი და ა.შ. შეთანხმება იყო, რომ მომევლო ბებოსთვის, მაგრამ შემდეგ დამავალეს კარადის გაწმენდა, სახლის დალაგება… ზოგჯერ ისე გამოდიოდა, რომ ჩემითაც, უთქმელადაც ვაკეთებდი საქმეებს, რომლებიც არ მევალებოდა, მაგრამ არავის დაუნახავს, არ დაუფასებია. ხელფასი მხოლოდ 300 ლარი იყო”, – ჰყვება მედეა.

ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი მუშაობს საოჯახო მშრომელად, უცნობია. ამ საკითხით დაინტერესებული საინიციატივო ჯგუფის – “ალტერნატივა სოციალური განვითარებისთვის” ხელმძღვანელის, სოფო შუბითიძის თქმით, საქართველოში ამ სფეროში დაახლოებით 20 000 ადამიანი მუშაობს.

ქალების დაუფასებელი შრომა

საქართველოში ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის სფეროებში უმეტესად ქალები არიან დასაქმებული, შესაბამისად საოჯახო მშრომელთა ანუ ძიძების, მომვლელების, დამლაგებლების… სრული უმრავლესობა ქალია.

იმის გამო, რომ პატრიარქალურ კულტურაში საშინაო შრომა ქალსა და კაცზე თანაბრად არ ნაწილდება, ძიძებად და მომვლელებად მომუშავე ქალების შრომა სამსახურის შემდეგ უკვე მათსავე ოჯახებში ანაზღაურების გარეშე გრძელდება. ეს მათ, ფაქტობრივად, არ უტოვებს დროს დასვენებისა და, მით უმეტეს, თვითგანვითარებისთვის, ან სხვა ისეთი აქტივობებისთვის, რომლებიც სრულდება არა საჭიროებიდან, არამედ მათი სურვილებიდან გამომდინარე.

“6 წლის ბავშვთან ძიძად ერთი თვე ვიმუშავე და წამოვედი. დილის 08:30-დან საღამოს რვა საათამდე ვმუშაობდი, 300 ლარად. გადაითვალეთ, 11 საათი გამოდის? სულ ფეხზე უნდა იდგე, სრულად მობილიზებული, რომ ბავშვი არ წაიქცეს, ფანჯარასთან არ მივიდეს… როგორც  საკუთარ შვილს ზრდი, სხვისი ბავშვიც ისე უნდა გაზარდო. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

ძალიან გადატვირთული ვიყავი, რვა საათზე სახლში რომ ვბრუნდებოდი, არაფრის თავი არ მქონდა, იმდენად დაღლილი ვიყავი და ვცდილობდი ჩემი ბავშვებისთვის საკვები მომემზადებინა. საჭმლის კეთება და დალაგება ღამის ორ საათამდე მიგრძელდებოდა, მერე დილას, რომ ვდგებოდი და მივდიოდი სამსახურში, უკვე დაქანცული ვიყავი. ასეთ შრომაში 300 ლარი არაფერი არ არის”, – ამბობს მადონა მიქელაძე.

სახელმწიფოსთვის უხილავი მშრომელები

ზრუნვის სფეროში დასაქმებული ქალების ანაზღაურება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს არაპროპორციულია. საშინაო მშრომელთა საათობრივი ანაზღაურება დაახლოებით 4-5 ლარია. სოფო შუბითიძე ამბობს, რომ ძიძების საშუალო თვიური ანაზღაურება დედაქალაქში 650 ლარია, “500-დან იწყება და 800-მდე ადის საშუალოდ, თუმცა გააჩნია დასვენების დღეების რაოდენობას”. ძიძების ანაზღაურება შედარებით უფრო დაბალია რეგიონებში, საშუალოდ 400-500 ლარი.

ბათუმში საძიებო განცხადებებსაც რომ გადახედოთ, ისეთ ანაზღაურებას გთავაზობენ, თითქოს არ აქვთ გააზრებული რამხელა პასუხისმგებლობაა ძიძობა და უბრალოდ ბავშვის დამტოვებელს ეძებენ.

“მაგალითად, ტყუპი ჩვილის ძიძობაში, დილიდან საღამომდე განრიგით, 500 ლარს მთავაზობდნენ დასვენების გარეშე. ასევე, ოთხი წლის ანუ ფეხადგმულ ბავშვთან, რომელთანაც უამრავი საფრთხეა, 11 საათიდან რვამდე განრიგით ანაზღაურება მითხრეს 400 ლარი, საიდანაც ტაქსიში დამეხარჯებოდა თვეში 180 ლარი. თანაც მითხრეს, რომ სამომავლოდ შაბათ-კვირასაც მომიწევდა მუშაობა”, – ჰყვება 22 წლის მედეა კორძაია, რომელსაც ძიძად მუშაობის ორწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის აუტისტური სპექტრის ბავშვთანაც.

“300 ლარი დღეს ისეთი თანხაა, თვიდან თვემდე ვერ გაიტან თავს, არ არის ეს ანაზღაურება შრომის ადეკვატური, თან როცა მოვალეობები ემატება. მაშინ საათები უნდა დააკლონ, ან დღეები, ან საქმე …” – ამბობს მადონა მიქელაძე.

იმის გამო, რომ საშინაო შრომა არაფორმალური ეკონომიკის ნაწილია და რომ დამსაქმებელი უმეტესად კერძო პირია, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, საოჯახო მშრომელები ვერ სარგებლობენ შრომის ან რაიმე სახის სოციალური დაცვის გარანტიებით. საუბარია კუთვნილ (როგორც ანაზღაურებად, ისე ე.წ. უხელფასო) შვებულებაზე და თუნდაც მინიმალური ხელფასის ზღვარზე. თუმცა ამ უკანასკნელთან მიმართებაში სახელმწიფოს ფორმალურად დასაქმებულებისთვისაც ბევრი ვერაფერი აქვს შესათავაზებელი, რადგან საქართველოში სახელმწიფოს მიერ დაწესებული მინიმალური ხელფასი 1999 წლის შემდეგ არ შეცვლილა და იგი დღემდე თვეში 20 ლარია.

სწორედ ამიტომ, პანდემიის პერიოდში, ამ ქალების უმრავლესობა სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამების მიღმა დარჩა:

 “პანდემიის პირველი ტალღის დროს ყველაზე მეტად გაუჭირდათ თვითდასაქმებულებს, მათ ვერ მოახერხეს სახელმწიფოსთვის იმის დამტკიცება, რომ რეალურად სადმე მუშაობდნენ, რადგან არსად იყვნენ დარეგისტრირებულნი. ეს ადამიანები რახან კონტრაქტით არ მუშაობენ, საშემოსავლოს არ იხდიან და არ ჩანან სახელმწიფოსთან, დარჩნენ ყურადღების მიღმა.

ჩვენ გვქონდა შეხვედრები ამ ადამიანებთან იმ დროს, როცა ტრანსპორტიც შეიზღუდა, მათგან ძალიან ცოტა იყო, ვინც დარჩა სამუშაოზე: სამსახურის დატოვება მოუწიათ, ქალაქებიდან რეგიონებში დაბრუნება, ზოგი დღემდე იქ დარჩა.

მეორე ტალღის დროს ზოგმა გვითხრა, რომ დარეგისტრირდა დახმარებაზე, ზოგმა კი რეგისტრაციაც ვერ მოახერხა. ძირითადად დახმარება იმ ადამიანებმა მიიღეს, რომელთა დამსაქმებლებიც ერკვეოდნენ ამ საკითხებში“, – ამბობს სოფო შუბითიძე.

საქართველოს მასშტაბით ძიძების რამდენიმე სააგენტო მუშაობს, მათგან კიდევ უფრო ცოტა უზრუნველყოფს დამსაქმებელსა და მშრომელს შორის ხელშეკრულების გაფორმებას. ამის სანაცვლოდ ისევ ძიძის პირველი ხელფასის დაახლოებით 50% მიაქვს.

ევროპის ქვეყნებში ძიძათა გაერთიანებები წევრებს ფასიან და უფასო სერვისებს სთავაზობენ, მათ შორის, კუნსულტაციებსა და იურიდიულ მხარდაჭერას სამსახურებრივ საკითხებში; წვდომას ონლაინრესურსებზე, ასევე თემატურ სემინარებსა და ვორქშოფებში მონაწილეობას. საქართველოში საშინაო მშრომელების გაერთიანება არ არსებობს, არ არსებობს არც საკომუნიკაციო პლატფორმა, სადაც ამ დარგის მშრომელები ონლაინსივრცეში მაინც შეძლებდნენ გაერთიანებასა და გამოცდილების გაზიარებას.

გადაბეჭდვის წესი