მთავარი,სიახლეები

ხიხაძირი-ბაკოს გზის მშენებლობაზე 144 000 ლარის გაფლანგვისთვის ბიზნესმენი 7 წლით დააპატიმრეს

02.03.2021
ხიხაძირი-ბაკოს გზის მშენებლობაზე 144 000 ლარის გაფლანგვისთვის ბიზნესმენი 7 წლით დააპატიმრეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე, შპს „ორბიტას“ დირექტორი მ.კ დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში, „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ორბიტას“ დირექტორმა მ.კ.-მ, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას, წარადგინა ერთ-ერთი კომერციული ბანკის სახელით დამზადებული ყალბი საბანკო გარანტიები, რის საფუძველზეც შპს „ორბიტას“ საბანკო ანგარიშზე ავანსის თანხა 188 000 ლარი ჩაერიცხა.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნული თანხიდან მ.კ.-მ მხოლოდ 43 535 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა, ხოლო ავანსის დარჩენილი თანხა – 144 465 ლარი, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით გაფლანგა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა.

შპს „ორბიტას“ დირექტორი 2020 წლის 8 ივნისს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (გაფლანგვა, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით და დიდი ოდენობით), წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მ. კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამავე თემაზე:

ბიუჯეტიდან გადარიცხული 188 000 ლარიდან ხიხაძირი-ბაკოს გზაზე 145 000 ლარი გაქრა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: