კულტურა,მთავარი,სიახლეები

Art-Covid – აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა

02.03.2021 • 1595
Art-Covid – აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა

2 მარტს აჭარის ხელოვნების მუზეუმში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, პირველი გამოფენა გაიხსნა. სახელი და კონცეფციაც სიმბოლურად პანდემიასთანაა კავშირში -“Art-covid – მხატვრები პანდემიის პირისპირ”.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები ბათუმელი მხატვრების მიერ იზოლაციის პირობებშია შესრულებული.

ნინო ნიჟარაძე, ხელოვნების მუზეუმის დირექტორი

„პანდემიის პერიოდში მხატვრები ძირითადად სახლში ისხდნენ და ბევრი დრო ჰქონდათ მუშაობისა და ახალი აღმოჩენებისთვის. განაცხადის მიხედვით გასული თვის 12 რიცხვში მხატვრებს უნდა მოეტანათ თავიანთი ნამუშევრები და ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა, როცა უმეტესობამ მოიტანა 2-3 და უფრო მეტი ნამუშევარი. ჯამში 23 მხატვარია წარმოდგენილი, ნამუშევრებს შორისაა სკულპტურა და კერამიკაც” – აღნიშნა ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, ნინო ნიჟარაძემ.

გამოფენაზე ნინო ნიჟარაძის პანდემიის პერიოდში შექმნილი ნამუშევრის ნახვაც შეგიძლიათ.

მხატვრების უმეტესობამ აღნიშნა, რომ ეს პერიოდი, ერთი მხრივ რთული იყო, თუმცა მათ ასევე მიეცათ დრო წარსულის გაანალიზებისა და ახალი აღმოჩენებისთვის. მათ შორისაა ელგუჯა ხაზარაძეც, რომელიც გეგმავს პერსონალური გამოფენის მოწყობასაც.

ელგუჯა ხაზარაძე

„პანდემიის პერიოდში დავიწყე გრაფიკული პორტრეტების ხატვა. მთელი ეს წლები პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდი და უშუალოდ შემოქმედება თითქოს წარსულში იყო დარჩენილი. ახლა კი ვაპირებ ამ მხრივ უფრო აქტიურად ვიმუშაო”- ამბობს მხატვარი ელგუჯა ხაზარაძე.

მხატვარმა ეკა ცინცაძემ გამოფენაზე ორი ნამუშევარი წარმოადგინა შავი ზღვის თემაზე. მისი თქმით, ეს ნამუშევრები გასული წლის სექტემბერში შექმნა, ფოთში ყოფნის დროს, სადაც ბათუმელი, თბილისელი და სოხუმელი მხატვრების ერთობლივი პლენერი იმართებოდა.

ეკა ცინცაძე

ლაშა მახარაძე პანდემიის გამო ესპანეთიდან ბათუმში დაბრუნდა, მისი სამი ნამუშევარი შეგიძლიათ ნახოთ გამოფენაზე, რომელიც ერთიანდება სახელის – Tendidos ქვეშ. ნამუშევრების სერია შერეული ტექნიკითაა შესრულებული.

ლაშა მახარაძე

ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გამოფენის Art-Covid ნახვა დამთვალიერებელს თვის ბოლომდე შეუძლია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: