მთავარი,სიახლეები

მოქალაქეები პეტიციით ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას ითხოვენ

02.03.2021 • 1396
მოქალაქეები პეტიციით ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას ითხოვენ

მოქალაქეები პეტიციით ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით პეტიცია 22 თებერვალს მოამზადეს და მას უკვე მოაწერა ხელი 800-ზე მეტმა ადამიანმა.

„ნოვრუზი არ არის რელიგიური დღესასწაული. ეს გაზაფხულის სახალხო დღესასწაულია, როცა 21 მარტიდან დედამიწის გაცოცხლებას ზეიმობს ყველა ერთად. სიტყვა სპარსულიდან მომდინარეობს და ,,ახალ დღეს“ ნიშნავს.

დიდი ხანია საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების სურვილია ნოვრუზბაირამი იყოს ეროვნული დღესასწაული და უქმე დღედ გამოცხადდეს. საინტერესო იქნება ჩვენს ქვეყანაში ნოვრუზის აღნიშვნა ტურისტული თვალსაზრისითაც. ნოვრუზს მრავალათასწლოვანი ისტორია აქვს, ნახსენებია ვეფხისტყაოსანშიც და ვფიქრობ, საქართველოში, ჩვენს საერთო ოჯახში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნოსს ეს დღესასწაული კიდევ უფრო დაგვაახლოვებს. ჩემთვის ძვირფასია ის ამბავი, რომ პეტიციაზე ხელმომწერები არიან არამხოლოდ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები, არამედ ქართველებიც და სომხებიც”, – ამბობს ადამიანის უფლებათა დამცველი და სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა.

ადამიანის უფლებათა დამცველი და სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა

მარნეულის სოფელ ალგეთში მცხოვრებმა სამირამ პეტიცია, რითაც ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას ითხოვენ, აზერბაიჯანული თემის სხვა აქტივისტებთან ერთად შეადგინა.

პეტიციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველო გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით და ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში ვერ განხორციელდა ისეთი ინტეგრაციული პოლიტიკა, რაც ამ ქვეყნის ეთნიკური უმცირესობებს  თავს აგრძნობინებდა საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად. საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები საქართველოს საკუთარ სამშობლოდ თვლიან, მაგრამ მათი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ თუ კულტურულ  ცხოვრებაში თითქმის შეუმჩნეველია.

მიგვაჩნია, რომ სწორედ კულტურა აკავშირებს და აერთიანებს საზოგადოებას. ამ ერთიანობის აღსანიშნად შესანიშნავი მაგალითია ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც შეტანილია იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. ნოვრუზის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის. ამას მოწმობს ბრწყინვალე ქართული პოემა „ვეფხისტყაოსანიც“. ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მეგობრობის განმტკიცებაში, კულტურული და სოციალური კავშირების  გაძლიერებაში. სახელმწიფოს მიერ ამ  გადაწყვეტილების მიღება, იქნება ჩვენი ქვეყნის მულტიკულტურული წარსულის და აწმყოს აღიარებისკენ და სამომავლოდ მისი განმტკიცებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: