Batumelebi | მოქალაქემ პროკურატურას სასამართლო დავა მოუგო მოქალაქემ პროკურატურას სასამართლო დავა მოუგო – Batumelebi
RU | GE  

მოქალაქემ პროკურატურას სასამართლო დავა მოუგო

ბათუმელმა ნინო ბასილაძემ საქართველოს მთავარ პროკურატურას სასამართლო დავა მოუგო. მოსამართლე დავით წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაადგინა, რომ პროკურატურა უკანონოდ მოიქცა.

ნინო ბასილაძე 2011 წლიდან მუშაობდა აჭარის პროკურატურაში. მან ეს სამსახური 2019 წელს საკუთარი სურვილით დატოვა მას შემდეგ, როცა ჯერ უფასო დეკრეტული შვებულებით, შემდეგ კი, შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა არ მიეცა. ნინო ბასილაძემ უკანონოდ მიიჩნია მისი, როგორც საჯარო მოხელის შეფასება [2018 წლიდან საჯარო მოხელეები წელიწადში ერთხელ ფასდებიან პროფესიული ნიშნით]. ნინო ბასილაძეს პროკურორებმა დაბალი, თუმცა დამაკმაყოფილებელი შეფასება დაუწერეს.

„სასამართლომ თქვა, რომ ნინო ბასილაძის შეფასება იყო არასწორი და დაავალა საქართველოს პროკურატურას მისი შეფასება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ანა ბერძენიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“. იგი სასამართლოში ნინო ბასილაძის ინტერესებს იცავდა. სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს ჯერ არ ჩაბარებიათ, თუმცა მათ მოსამართლის შეფასება სასამართლო დარბაზში უკვე მოისმინეს.

„სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ეს გადაწყვეტილება იყო უკანონო, რადგან საჯარო მოხელის შეფასების დროს დარღვეული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, შეფასება არ იყო გამჭვირვალე და ობიექტური. პროკურატურის გადაწყვეტილება იყო იმდენად დაუსაბუთებელი, რომ სასამართლომ ის გააუქმა,“ – გვიყვება იურისტი ანა ბერძენიშვილი.

სასამართლო პროცესზე პროკურატურის არგუმენტი იყო ის, რომ კანონის მოთხოვნების დაცვით შეაფასეს ნინო ბასილაძე და ახლა მის შეფასებას აქტუალობა დაკარგული აქვს, რადგან ბასილაძემ საკუთარი ნებით დატოვა სამსახური.

„ამ ნაწილში ნინო ბასილაძემ აღნიშნა, რომ საჯარო მოხელის შეფასების შესახებ მონაცემები საჯარო სამსახურის ბიუროში ინახება და ეს მნიშვნელოვანია,“ – დასძინა ანა ბერძენიშვილმა. იურისტი განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში სამართლიანი და ობიექტური შეფასება მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა სხვა საჯარო სამსახურმა კონკრეტული პირის დასაქმებაზე უარი მარტივად თქვას – წინა სამსახურში დაბალი შეფასების მოტივით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის – თუკი ვინმე მათ უკანონოდ ჩამოშორებას გადაწყვეტს, სასამართლოში დავას აზრი აქვს.

„ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ პროკურატურა, რომელიც არის მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანო, რომელიც უნდა იძიებდეს დანაშაულს და იცავდეს ადამიანის უფლებებს, თვითონ არღვევს უხეშად მასთან დასაქმებული ქალის უფლებას, რომელიც ითხოვს დეკრეტულ შვებულებას. მისი ეს მოთხოვნა გახდა შემდეგ მისი დისკრედიტაციის და დევნის საფუძველი. ის, რომ ნინო ბასილაძემ თავისი ნებით დატოვა სამსახური, არაფერს ცვლის – გამოდის, რომ მას აიძულეს ამ სამსახურიდან წასვლა,“ – აღნიშნავს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.

ნინო ბასილაძე პროკურატურაში დაბრუნებას არ აპირებს. 2019 წელს, როცა მან სასამართლოს სარჩელით მიმართა, „ბათუმელებთან“ თქვა, რომ მისთვის მთავარი სიმართლის დადგენაა.

2019 წელს ნინო ბასილაძის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე კობა გოცირიძემ არ განიხილა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ სარჩელი განსჯადობის მიხედვით თბილისს უნდა განეხილა, რადგან სასამართლოში წასვლამდე, პროკურატურის თანამშრომელმა გენპროკურორ შალვა თადუმაძესაც მიმართა.

„მთავარ პროკურატურას ერთი წინადადებითაც არ უმსჯელია, რატომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ნინო ბასილაძის ადმინისტრაციული საჩივარი,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

ბათუმში მოსამართლე კობა გოცირიძემ ასევე უარი თქვა მტკიცებულების სახით მიეღო ნინო ბასილაძის პროკურორებთან შეხვედრის აუდიოჩანაწერი. მოსამართლემ აღნიშნს, რომ საუბრის ჩაწერას ნებართვა სჭირდებოდა. იგივე ჩანაწერი თბილისის საქალაქო სასამართლომ მტკიცებულებად დაუშვა. მოსამართლე დავით წერეთელს მიიჩნია, რომ საჯარო სხდომაზე ჩანაწერის გაკეთებას ნებართვა არ სჭირდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი