მთავარი,სიახლეები

აქცია ბულვარის დასაცავად – ვითხოვთ ამბასადორის მშენებლობის შეჩერებას

12.02.2021
აქცია ბულვარის დასაცავად – ვითხოვთ ამბასადორის მშენებლობის შეჩერებას

დღეს, 16:00 საათზე ბათუმის ბულვარის დამცველები შპს „ამბასადორი ბათუმის“ 16-სართულიან მშენებლობაზე ნებართვის გაცემას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ, საპროტესტო აქცია ბულვარის კოლონადებთანაა დაგეგმილი.

ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნა ბულვარში მშენებლობის შეჩერებაა. მათივე განმარტებით, ამ მოთხოვნის საფუძველი პეტიციაა, რომელსაც 5 ათასზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს.

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ 5 ათასი ხელმოწერა შეგროვდა

პეტიციის მოთხოვნა ბათუმის ძველ ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის შეჩერებაა, ასევე ის, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე აღარ გაიცეს ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერი მშენებლობის ნებართვა.

პეტიციით გათვალისწინებული ხელმომწერების რაოდენობა სულ 4 დღეში შეგროვდა. მოძრაობა „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრის, ნათია აფხაზავას ინფორმაციით, პეტიცია ოფიციალურად გაგზავნილია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტთან, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში, განათლების სამინისტროში, აჭარის მთავრობაში, აჭარის განათლების სამინისტროში.

ბათუმის ბულვარში ოთხსართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებარე პროექტში ცვლილება, რომელიც ოთხიდან – 16 სართულამდე გაზრდას და ნაწილობრივ მისი ფუნქციის შეცვლასაც ითვალისწინებდა [ბალნეოლოგიური ცენტრი და სასტუმრო] აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ შეითანხმა, სააგენტოს დირექტორმა კი შესაბამისი ნებართვა გასცა.

ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას კანონი იცავს.

ბულვარის დამცველები მიიჩნევენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა თუ სხვა გავლენიანი ბიზნესმენებისგან ბათუმის ბულვარი ამჯერადაც თავად უნდა დაიცვან.

ბათუმის ბულვარში სასტუმროს აშენებას რუსეთის მოქალაქეები აპირებენ. შპს „ამბასადორი ბათუმის“ 50% წილის მფლობელი ვართან ვართანოვია, 50 % კი ეკუთვნის ელგუჯა ქებურიას, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა. ელგუჯა ქებურია საქართველოს მოქალაქეცაა.

ბულვარი ისევ ჩვენი დასაცავია – საპროტესტო აქცია ბათუმში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: