განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმში საბავშვო ბაღებში ბავშვების 54% არ გამოცხადდა

01.03.2021 • 1589
ბათუმში საბავშვო ბაღებში ბავშვების 54% არ გამოცხადდა

დღეს, პირველ მარტს, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც საბავშვო ბაღების გაერთიანებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, პირველ დღეს ბავშვების 54 პროცენტი საბავშვო ბაღში არ გამოცხადდა. „8 ათასი ბავშვია სულ რეგისტრირებული ბათუმში, დღეს მხოლოდ 3 766 ბავშვი მოვიდა“, – გვითხრეს ბაღების გაერთიანებაში.

კანონმდებლობის მიხედვით, თუ ბავშვი ათი დღის განმავლობაში ბაღში არ გამოცხადდება, ადმინისტრაციას უფლება აქვს ბავშვი ამორიცხოს, თუმცა პანდემიის პერიოდში ეს ნორმა შეზღუდულია და საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას უფლება არ აქვს ბავშვი გამოუცხადებლობის გამო ამორიცხოს.

რაც შეეხება პროტოკოლს, როგორც ბათუმის მე-3 საბავშვო ბაღის გამგე, ნანა თედორაძე ამბობს, ჯანდაცვის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია.

„280 ბავშვიდან დღეს ადგილზე გამოცხადდა 125 ბავშვი. იმიტომ კი არა, რომ არ მოიყვანეს მშობლებმა, უბრალოდ, ეტაპობრივად ვიღებთ. რადგან პირველი დღეა, მშობელი შენობაში ვერ შემოდის და როცა ბავშვი პირველად მოდის, შესაძლოა იტიროს, ამიტომ ბავშვებმა რომ არ ინერვიულონ და არც მშობლებმა, ეტაპობრივად ვიღებთ. დღეს 15-15 ბავშვი დავიბარე ყველა ჯგუფიდან, ხვალ 5-5 ბავშვს დავიმატებ, შემდეგ კიდევ 5-ს და ნელ-ნელა, კვირის ბოლომდე შევაჩვევთ“, – ამბობს ნანა თედორაძე.

მისი თქმით, ბავშვებს შორის დისტანციის დაცვას არ ითვალისწინებს ჯანდაცვის რეკომენდაციები, თუმცა ჯგუფებს შორის დისტანციის დაცვას შეძლებენ.

„სადილის დროს ბავშვები ერთ კუთხეში ისხდნენ ხოლმე, ამჯერად სააქტივო კუთხეებში რომ მაგიდები მიდგას, იმის დეზინფექცია გაკეთდება და სადილის დროს ამ მაგიდებზეც გადავანაწილებთ ბავშვებს. სათამაშოების დეზინფექცია გათვალისწინებულია ყოველ საღამოს, ძალიან კარგი ხსნარი შემოგვიტანეს, აქამდე ეს ხსნარი არ გვქონია, გარეცხილი სათამაშოები ამ ხსნარით მუშავდება. ხსნარი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა“, – ამბობს თედორაძე.

რაც შეეხება ოთახების განიავებას, თედორაძის თქმით, რადგან ამ ეტაპზე სიცივეა, ცდილობს ოთახების განიავების დროს გამოიყენოს შენობის დარბაზები. „ორი დიდი დარბაზი აქვს შენობას, ასევე, ოთახების განიავების დროს შესაძლოა ნახევარი საათით ბავშვები ფოეშიც გავაჩეროთ“.

ბაღის გამგე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სასკოლო ასაკის ბავშვები უფრო გამოცხადდნენ, „გვინდა ეს სამი თვე მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რომ ეს ბავშვები სკოლაში მთლად მოუმზადებლად არ წავიდნენ“, – ამბობს ის.

„ბათუმელები“ მე-14 საბავშვო ბაღის გამგეს, ეკა კიწმარიშვილსაც ესაუბრა. ამ ბაღში 210 ბავშვიდან დღეს 89 ბავშვი გამოცხადდა. როგორც კიწმარიშვილი ამბობს, მშობლების გარკვეული ნაწილი კორონავირუსის გამო შიშობს და არ სურს ბავშვის ბაღში გაგზავნა.

„მათ აქვთ უფლება, რომ ბავშვი არ მოიყვანონ. ბავშვების არ ამოვრიცხავთ, თუმცა ჩვენ ვცდილობთ ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინოთ და უსაფრთხო გარემო შევთავაზოთ“, – ამბობს კიწმარიშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: