მთავარი,სიახლეები

ქუთაისის მაჟორიტარი კომპანიას მოუწოდებს, ჰესის მშენებლობაზე ადგილობრივები დაასაქმოს

02.03.2021
ქუთაისის მაჟორიტარი კომპანიას მოუწოდებს, ჰესის მშენებლობაზე ადგილობრივები დაასაქმოს

დღეს, 2 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები გამოეხმაურნენ.

პარლამენტის ტრიბუნიდან ნამახვანი ჰესის საკითხი მხოლოდ მას შემდეგ გაისმა, რაც 28 თებერვალს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი გამოვიდა ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად.

დღეს პარლამენტარები ამბობდნენ, რომ მოსახლეობასა და მთავრობას შორის სწორი კომუნიკაცია არ არის და არაინფორმირებულია ხალხი, რომელიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

ქუთაისის მაჟორიტარმა, ზაზა ლომინაძემ კი დასაქმების ნაწილს გაუსვა ხაზი და თქვა, რომ კომპანიამ საკმარისი ადგილობრივები არ დაასაქმა.

„მინდა გამოვეხმაურო 28 თებერვალს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე ჩატარებულ აქციას და კიდევ ერთხელ მოვუწოდო დეპუტატებს და თქვენც ბატონო თავმჯდომარე, აუცილებელია არ დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა მოსახლეობისთვის. იმიტომ, რომ დღეს ვხედავთ სიტუაციას, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც აიტაცეს ეს თემა და აპროტესტებენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რაც საქართველოში ხდება, რაც აუცილებელია ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის. ვიყოთ ჩართული ამ თემაში ჩვენ, პარლამენტარები, მთავრობა და ადგილობრივი მოსახლეობა.

მოვიწვიოთ დამატებით ჩვენთან, ტელევიზიაში, პრესა, რომ მაქსიმალური ინფორმირებულობა გვქონდეს საქართველოს მოსახლეობაში.

შთაბეჭდილება რჩება ისეთი, რომ ზუსტად არაინფორმირებულობა არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე იყო ჩასული ჩვენი მოსახლეობა, რომელიც აპროტესტებდა უმნიშვნელოვანეს ჰესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, ნამახვანის მშენებლობას.

ასევე მოუწოდოთ იქ ხელმძღვანელობას, ვისაც გაუფორმეთ ხელშეკრულება, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ჩვენი მოსახლეობის დასაქმება იქ.

დღევანდელი ინფორმაციით, სამწუხაროდ, არ არის ეს ყველა პირობა შესრულებული მათი მხრიდან, ამიტომ გთხოვთ, რომ დეპუტატებსაც და თქვენც მხარი დაუჭიროთ ამ შეხვედრას, რაც ფართო მასშტაბით გადაიცემა პირდაპირი ეთერით და გაგრძელდება ეს თემა სხვადასხვა ტელევიზიებში,“ – თქვა ზაზა ლომინაძემ თავის გამოსვლაში.

ზაზა ლომინაძეს დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც.

„მთავრობა არ იტყვის უარს, თუ პარლამენტისგან ასეთი მოთხოვნა იქნება. მიმდინარე კვირაში დაგეგმილი გვქონდა მინისტრის საათი, სადაც შს მინისტრის უნდა მოვუსმინოთ. თუ იქნება კონსულტაციები და შეთანხმება, შეგვიძლია პლენარულ ან საკომიტეტო ფორმატში მოვუსმინოთ სწორედ სხვა პროფილის მინისტრებს, მთავრობას ზუსტად ამ თემაზე და არა მართლწესრიგის საკითხებზე, რაც შეიძლება მომდევნო კვირისთვის გადაიდოს,“ – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

განცხადება გააკეთა პარლამერნტარმა ბექა ოდიშარიამ და ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი მანაც „კომუნიკაციურ პრობლემად“ შეაფასა.

„არ დავიწყებ ნამახვანი ჰესთან წარმოშობილ კომუნიკაციურ პრობლემასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრების გაზიარებას. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ მხარს ვუჭერ თითოეულ აქ დარბაზში მყოფ კოლეგას, რომელმაც განაცხადა, რომ მეტი კომუნიკაცია, ახსნა-განმარტება, მეტი ურთიერთობა ადამიანური იმ ადამიანებთან… საქართველო ყველას გვეკუთვნის, მაგრამ იმ კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს ის განსაკუთრებით ეკუთვნით და, შესაბამისად, ვიდრე არ ვიქნებით ჩვენ ერთმანეთის წინაშე პირნათელნი და ვიდრე კითხვები არ იქნება მოხსნილი, ცხადია ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი პოლიტიკა, იმ ხელწერით, როგორიც გვქონდა აქამდე ადამიანებთან დამოკიდებულებაში.

ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, რომ სულაც არ გვეთაკილება, როდესაც ვამბობთ, რომ რაღაცას ხალხის ხმას ვუსმენთ, რაღაცას ხალხის კარნახით ვაკეთებთ და პირიქით არ ვუჯინიანდებით ჩვენს მოქალაქეებს,“ – თქვა ბექა ოდიშარიამ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: