როდის გადაიკეტება ბაგრატიონის ქუჩის ერთი მონაკვეთი ცალმხრივად

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩა, ვაჟა-ფშაველასა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის, ამავე მიმართულებით, ცალმხრივად ორშაბათს, 19 აპრილს გადაიკეტება. ბაგრატიონის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის ხელშეკრულება კომპანია „ზიმო-7“-თან 8 646 623 ლარზეა გაფორმებული.

ბათუმის მერიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაგრატიონის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი 15 აპრილს გადაიკეტებოდა.

„ვინაიდან ახლოს იყო შაბათ-კვირა, გადავწყვიტეთ ქუჩის ეს მონაკვეთი 19 აპრილს გადავკეტოთ“ – უთხრეს „ბათუმელებს“ „ზიმო-7“-ში.

„ამ მონაკვეთში მოძრაობა 2 თვის განმავლობაში შეიზღუდება. შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. გადაადგილება შესაძლებელი იქნება გურამიშვილისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებით“ – აცხადებს ბათუმის მერია.

ბაგრატიონის ქუჩის (შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე) რეაბილიტაცია, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ეტაპობრივად განხორციელდება და სამუშაოები 2022 წლის 15 ივნისამდე უნდა დასრულდეს.

ბაგრატიონის ქუჩა / 17.04.2021 / ამ ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველადან-მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში და ამავე მიმართულებით, მოძრაობა 19 აპრილიდან 2 თვით შეიზღუდება
ბაგრატიონის ქუჩა / 17.04.2021 / ბაგრატიონის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთა
ბაგრატიონის ქუჩა / 17.04.2021 / ამორტიზებული ფილების ნაცვლად ამ ქუჩაზე ბეტონის საფარი დაიგება

❗ ახალი სქემით სამ თვეზე მეტია ცალმხრივი გახდა გორგილაძისა და ჭავჭავაძის ქუჩების მონაკვეთები, მალე ცალმხრივი გახდება მოძრაობა გრიბოედოვის ქუჩაზეც: https://bit.ly/2RJBE29

❓ თქვენი აზრით, რა შეიცვალა ბათუმში მოძრაობის ახალი სქემით? – მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში:

მოგვარდა თუ არა საცობების პრობლემა ბათუმში ახალი სქემით? | გამოკითხვა

რა მისამართებზე დაამონტაჟებენ საბავშვო ატრაქციონებს ბათუმში

ბათუმში 15 ადგილზე საბავშვო ატრაქციონებს დაამონტაჟებენ. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მრავალსართულიანი სახლების ეზოებისთვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისა და რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი 392 149 ლარით აქვს გამოცხადებული. წინადადებების მიღება 19 აპრილს დასრულდება.

ატრაქციონების მონტაჟი/რეაბილიტაცია დაგეგმილია შემდეგ მისამართებზე:

ბაგრატიონის 138
გოგებაშვილის 2
გუდიაშვილის 18-20
თაყაიშვილის 62
პუშკინის 124
პუშკინის 13
აფსაროსის III შეს. 2-4-8
აღმაშენებლის 34
აღმაშენებლის 36
აფსაროსის III შეს. 5
აფსაროსის III შეს. 12
აფსაროსის III შეს. 20
აღმაშენებლის 20
აღმაშენებლის 32
თამარის დას. 2

სატენდერო [ტექნიკური] დავალება შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

სამუშაოები ყველა მისამართზე 2021 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით უნდა დასრულდეს.

საგარანტიო ვადა კაუჩუკის საფარის შემთხვევაში არის სამუშაოების დასრულებიდან 24 თვე; საბავშვო ატრაქციონებზე – 12 თვე.

პირობის მიხედვით, „საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან“.

აჭარაში კოვიდის გამო 12 სკოლა და 4 ბაღია დახურული

18 აპრილის მდგომარეობით ბათუმში, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ჯამში 12 სკოლაა დახურული. ამავე მიზეზით დაიხურა 4 საბავშვო ბაღიც.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდის გამო, ბათუმსა და აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სკოლის 25 კლასია გადასული ონლაინსწავლებაზე .

„ეს კლასები არა 25 სკოლაში, არამედ, ზოგ სკოლაში რამდენიმე კლასია დახურული. განახლებულ მონაცემებს ორშაბათიდან გავავრცელებთ“ – გვითხრეს ჯანდაცვის ცენტრში.

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა გაზრდილი მაჩვენებელი სკოლებში არსებულ ვითარებაზეც აისახა, თუმცა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.

მათივე ცნობით, მიმდინარე კვირაში, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია:

სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა ვითარება კონტროლს ექვემდებარება – სამინისტრო

ბათუმში 25 გრადუსამდე დათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 18 აპრილის 21 საათიდან 19 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო,
  • მთაში ღამით 7-12 გრადუსი, დღისით 18-23 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ, უნალექოდ. ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე 5-10 დმ(2-3ბალი);
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსი.

სინოპტიკოსების პროგნოზით მომდევნო ორ დღეს, 20 და 21 აპრილს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

აჭარაში კოვიდის 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი – 18 აპრილი

18 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში  კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აჭარაში საავადმყოფოებში მკურნალობს 357 პაციენტი, მათ შორის მძიმეა – 69, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 5 პაციენტი.

აჭარაში კოვიდსასტუმროებში 205 პაციენტია. ბინაზე მკურნალობს 505 პირი.

საკარანტინე სივრცეში  მოთავსებულია აჭარაში 3 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში, აჭარაში, 2 314 პირი იმყოფება.

18 აპრილის დილის მდგომარეობით, საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 818 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გარდაიცვალა 14 პაციენტი.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ბათუმში კოვიდსასტუმროს მოსაწყობად კომპანია „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმთან“ ახალი ხელშეკრულება 300 ათას ლარზე გააფორმა:

აჭარაში კოვიდის 103 ახალი შემთხვევაა | 15 აპრილი

კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა, დაფიქსირდა 818 ახალი შემთხვევა

18 აპრილის დილის მდგომარეობით, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 818 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გარდაიცვალა 14 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 822 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 197 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად,  ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  295 358-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 280 915-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 939 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 818 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარა – 75, იმერეთი – 57, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 29, გურია – 18, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 18, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 478, საიდანაც:

2 982 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 577, აჭარაში – 405, იმერეთში – 371.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 512 პირი, მათ შორის, თბილისში – 256, აჭარაში – 69, იმერეთში -75.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 67, აჭარაში – 7, იმერეთში – 6.

439 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 228 – თბილისში, 196 – აჭარაში.

7 057 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 262, ხოლო აჭარაში – 3.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 452 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 317 პირი, აჭარაში – 2 314, იმერეთში – 1 180.

სააღდგომო არდადეგების პერიოდში, 30 აპრილიდან 3 მაისამდე, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეჩერდება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს:

https://netgazeti.ge/news/535992/

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების მიზნით მისულ პოლიციელებს გ.ნ.- მ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს – 1980 წელს დაბადებულ ჭ.ა.-ს მინის ბოთლის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული სამართალდამცველი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. პოლიციამ გ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავა.“ – აცხადებს შსს.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

„ამ ყველაფერთან კავშირი არ გვაქვს“ – ვარლამ გოლეთიანი მაჩალიკაშვილის აქციიდან გაძევებაზე

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ქუთაისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციიდან მალხაზ მაჩალიკაშვილი მათ არ გაუძევებიათ და ამ ფაქტთან რიონის ხეობის დამცველებს კავშირი არ აქვთ. გოლეთიანის კომენტარს ინტერნეტგამოცემა „პუბლიკა“ ავრცელებს.

„ინტერნეტ სივრცეში ისტერიულად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რიონის ხეობის მცველებმა ბატონი მაჩალიკაშვილი გააძევეს აქციიდან, რაც არის მიუღებელი აბსოლიტურად, არანაირი კავშირი არ გვაქვს ამ ყველაფერთან.

ბატონი მალხაზსაც შევეხმიანეთ და მასაც ავუხსენით ეს ყველაფერი. ზოგადად, აქ მოსვლას რაც შეეხება, არავისთვის აკრძალული არაა. თუ რამე დაპირისპირება მოხდა ჩვენ ყველანაირ დაპირისპირებას ვემიჯნებით“-ამბობს ვარლამ გოლეთიანი „პუბლიკასთან“ საუბარში.

ის, რომ რიონის ხეობის დამცველთა წინააღმდეგ პროვოკაციები იგეგმებოდა, ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა ჯერ კიდევ 15 აპრილს გააკეთა განცხადება, სადაც ამბობდა რომ ხეობაში თავს იყრიდნენ ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები, რამაც მათ პროტესტს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას.

„გამომდინარე აქედან, არ გვინდა რომ ამ თემას მოჰყვეს შემდეგი გაგრძელებები ინტერნეტსივრცეში, რომ თითქოს ჩვენ დაპირისპირება გვაქვს ამა თუ იმ ადამიანთან. გვინდოდა ამასთან დაკავშირებით გაგვეკეთებინა განცხადება, რომ აღარ იყოს სპეკულაცია ამ თემებთან დაკავშირებით“-ამბობს გოლეთიანი.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია გუმათში დღესაც გრძელდება. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ გუმათჰესთან პოლიციის მიერ აღმართული რკინის კედლის აღებას, რაც მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხეობის დამცველების განცხადებით, პოლიციამ ბოლომდე უნდა გაათავისულოს გზა რომ ადამიანებს არ შეეზღუდოდ გადაადგილება.

საქართველოში კოვიდით 9 ადამიანი გარდაიცვალა – 17 აპრილი

ბოლო 24 საათში  საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა თბილისში – 676 შემთხვევა, შემდეგ კი აჭარაში – 126 შემთხვევა.

იმერეთი – 61, ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 55, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 123, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთი – 29, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 34 046 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 21 754 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 292 PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.58 პროცენტია. ბოლო 7 დღის მანძილზე – 3.26 პროცენტი იყო.

სკოლებში შესასვლელად სამინისტრომ 28 სოცმუშაკი შეარჩია

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ კონკურსის საფუძველზე შეარჩია 28 სოციალური მუშაკი, რომლებიც მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრებში განთავსდებიან და მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაბამის სოციალურ მომსახურებას გაუწევენ.

შერჩეული სოციალური მუშაკები თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარა-გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ოფისებში აპრილიდან განაწილდებიან.

სამინისტრო ამბობს, რომ დამატებით კიდეც აპირებს 22 სოციალური მუშაკის შერჩევას და ამის შემდეგ ყველა რეგიონის ცენტრს ეყოლება სოციალური მუშაკი.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამით სკოლებში სახელმწიფო ზრუნვის კომპონენტი გაძლიერდება.

„სისტემაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება შეამცირებს და აღმოფხვრის საგანმანათლებლო პროცესებში ბავშვების ეფექტიანი ჩართულობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს. ისინი აქტიურად ჩაერთვებიან მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის პროცესში.

კერძოდ, სოციალური მუშაკები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ცნობიერების ასამაღლებლად, სკოლებსა და ოჯახებში, ბავშვებთან, მათ მშობლებთან, კანონიერ წარმომადგენლებთან, მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან  საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებსაც გამართავენ“, – ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.

ეკა დგებუაძის შეხვედრა სოცმუშაკებთან

„ბათუმელებმა“ კითხვები დასვა ბიუჯეტის და სოციალური მუშაკების ხელფასის შესახებ, თუმცა სამინისტრო ამ დეტალებზე არ საუბრობს. ჯერჯერობით არც ის არის ცნობილი, შერჩეული კანდიდატებიდან ვინ, რომელ რეგიონში გადანაწილდა, როგორი იქნება მათი მუშაობის გრაფიკი და გაწვდება თუ არა ერთი სოციალური მუშაკი გაზრდილ მოთხოვნებს.

როგორც ვიცით, საკმაოდ ბევრია ისეთი ბავშვები, რომლებიც სკოლის მიღმა არიან დარჩენილები ან ნაკლებად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში.

ასევე გაზრდილია მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში მოსწავლეების მიმართვიანობა. მაგალითად, 2018-19 წლებში ფსიქოლოგთან სამი ათასამდე ბავშვი იყო გადამისამართებული. გაიზარდა თუ არა ეს რიცხვი პანდემიის პირობებში, ჯერჯერობით უცნობია.

განათლების მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით, ასევე შეიცვალა მოსწავლის სტატუსის შეჩერების ვადები – 90 დღის ნაცვლად, ახლა მოსწავლეებს შესაძლოა სტატუსი შეუჩერდეს თუკი ის 45 დღის განმავლობაში არ გამოცხადდება სკოლაში ან ჩაერთვება ონლაინგაკვეთილებზე.

ამავე დროს, სკოლას და სოციალურ მუშაკს განესაზღვრათ კონკრეტული ვადები, თუ როგორ უნდა იმოქმედონ და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან იმისთვის, რომ დაადგინონ ყველა ის მიზეზი და გარემოება, რის გამოც მოსწავლე ვერ ახერხებდა სასკოლო პროცესში ჩართვას. ასევე, იზრუნოს იმაზე, რომ მოსწავლემ შეძლოს გატარებული ღონისძიებების შემდეგ სკოლაში დაბრუნება.

_________________________________

მთავარი ფოტო: განათლების სამინისტროს მიერ შერჩეული სოცმუშაკები

წულუკიძეებს და ჭელიძეებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმში დაკავებულ ძმებ წულუკიძეებს და ჭელიძეებს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომა გუშინ, 16 აპრილს, ღამით ჩატარდა.

წულუკიძეების ადვოკატის, ირაკლი შავაძის ინფორმაციით, მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა 20 წლის ბრალდებულსაც, როცა კანონით არასრულწლოვნის შემთხვევაში მძიმე დანაშაულებზე განრიდება უნდა განიხილონ. კანონის ეს ნორმა 21 წლამდე ასაკის ადამიანებს ეხებათ.

გუშინ, 16 აპრილს, ვიდრე მოსამართლე ქეთევან თხელიძე გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვეს. პროცესი დატოვეს ადვოკატებმა – დალი სულაქველიძემ და ირაკლი შავაძემაც.

სასამართლო სხდომა 16 აპრილს პროცესში სახელმწიფო იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტების ჩართვის მოტივით გადაიდო.

“სხდომა ღამით ჩატარდა და ჩვენ აღარ დაგვიშვეს სხდომაზე. მე სხდომა დავტოვე დღისით, იმიტომ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა დატოვეს სხდომა და უნდა გამერკვია აცილების საკითხი. სხდომიდან მოსამართლეს არ გავუძევებივარ და არც შენიშვნა მოუცია, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც უკანონოა, “- ამბობს ადვოკატი ირაკლი შავაძე.

ირაკლი შავაძემ გუშინ სხდომაზე პროცესის გადადება ითხოვა, თუმცა ამ შუამდგომლობაზე, ასევე მოსამართლის აცილებაზე უარი მიიღო.

ადვოკატებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ სასამართლომ ერთ საათში ჩანიშნა სხდომა, როცა იქ აღკვეთი შეფარდების შესახებ შუამდგომლობა შევიდა, ამ დროში კი 6 ბრალდებულის საქმის გაცნობა მოსამართლისთვის ფიზიკურად შეუძლებელი იყო. სასამართლოს შეეძლო ეს საქმე დღეს დღის 4 საათამდე განეხილა.

სპორსტმენები რეზო და ფირუზ წულუკიძეების, ასევე თამაზ, ირაკლი, თორნიკე და გელა ჭელიძეები რიონის ხეობის დაცვის აქციაში 12 აპრილს მონაწილეობდნენ. ბრალდებულებს გამოძიება 225-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 12 აპრილს ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

ბრალდებულები ბათუმში 15 აპრილს დააკავე.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მირზა ნოზაძე ამბობს, რომ აქციაზე მყოფი ადამიანები, რომლებიც დააკავეს, პროვოკაციას წამოაგეს რელიგიური ნიშნით.

ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

ადვოკატი ირაკლი შავაძე ყურადღებას ამახვილებს ერთ გარემოებაზე – გამოძიება 225-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დაიწყო:

“მეორე ნაწილი გულისხმობს მონაწილეობს ჯგუფურ ძალადობაში, მაგრამ თავად ჯგუფურ ძალადობაზე, ანუ ამ მუხლის პირველი ნაწილით საერთოდ არ არის დაწყებული გამოძიება. ერთია, რომ შესაძლოა ამას ვერ ამტკიცებდეს პროკურატურა, მაგრამ გამოძიება არ არის საერთოდ დაწყებული,”- აღნიშნავს ადვოკატი ირაკლი შავაძე.

_____________

რევაზ და ფირუზ წულუკიძეები არაერთხელ მიუციათ წარსულში სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ისინი მიიჩნევენ, რომ მათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო სჯიან.

ბოლო შემთხვევის დროს სპორტსმენი და ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში ფირუზ წულუკიძე ამბობდა, რომ მისი ძმა – რეზო წულუკიძე იმიტომ დასაჯეს, რომ მან ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დახმარებაზე უარი უთხრა.

რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ, აჭარის მთავრობის აპარატთან გამართულ ერთ-ერთ აქციაზე თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ამ საქმეზე საბოლოოდ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ძალადობა დაადგინა და არა ჯგუფური ხულიგნობა, რასაც პროკურატურა ედავებოდა რეზო წულუკიძეს ელდარ ანთაძესთან ერთად.

დადასტურდა კოვიდის 1219 ახალი შემთხვევა, 9 პაციენტი გარდაიცვალა

17 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 219 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 34 046 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდით გარდაიცვალა 9 პაციენტი.

16 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.58 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.91%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.26%

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურდა თბილისში, აჭარაში და სამეგრელო-ზემო სვანეთში.

ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 10 457 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 2 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი.

7 182 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღეის მონაცემებით, საქართველოში თვითიზოლაციაში იმყოფება 16 042 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 987 პირი, აჭარაში – 2 475, იმერეთში – 1 137.

პოლიციამ ქობულეთში ძმის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1969 წელს დაბადებული ბ.გ. დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა ქობულეთში.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ძმა – 1977 წელს დაბადებული ბ.გ. სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო“ – წერს შსს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

__________

ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან.

63 წლის კაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, 1958 წელს დაბადებული თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით  დააკავეს.

შსს-ს პრესრელიზში საუბარია გარყვნილი ქმედების ორ ეპიზოდზე.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 7 წლის ლ.ბ.-ის მიმართ. ამასთან, 2021 წლის 8 აპრილს, არასრულწლოვანმა ლ.ბ.-მ ქუჩაში დაინახა თ.ს., შეეშინდა და გაიქცა, შემდგომ კი თხრილში ჩავარდა.

გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ 2021 წლის იანვარში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა ლ.ბ.-ის მეგობრის, მისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, მ.ზ.-ის მიმართ.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს“-ნათქვანმია შსს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარაში კოვიდის 126 ახალი შემთხვევა დადასტურდა

17 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 338 პაციენტი მკურნალობს და მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

187 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში.

რჩევები ბინის ყიდვის მსურველთათვის – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ბინის ყიდვა გსურთ და დაახლოებით მაინც იცით, როგორ გარემოში გინდათ ცხოვრება, წარმოგიდგენიათ როგორი უნდა იყოს ოთახები: ნათელ ფერებში გადაწყვეტილი თუ შედარებით მუქი და ექსტრავაგანტური. ინტერიერის დიზაინი გემოვნების საკითხია, მაგრამ ბინის ყიდვისას, სანამ ინტერიერამდე მივა საქმე, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ კორპუსის სამშენებლო მასალების ხარისხს, ბინამდე მიყვანილ კომუნიკაციებს, სადარბაზოს სტანდარტს, ლიფტის ხარისხს, პარკინგის ხელმისაწვდომობას და ა.შ.

ბინის ყიდვისას უამრავი წვრილმანია გასათვალისწინებელი, რაც სამომავლოდ მყარ გარანტიებს და უსიამოვნო სიურპრიზებისგან თავის არიდებას ნიშნავს. არქიტექტორი გიორგი რამიშვილი იმ ძირითად საკითხებზე გვიზიარებს პროფესიონალურ რჩევებს, რასაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება საცხოვრებელი ბინის შეძენისას.

 

სამშენებლო მასალები

აუცილებლად უნდა შემოწმდეს ქვა, ე.წ. ბლოკი, რითაც სახლი შენდება. არის ქვა, რომელიც ხელითაც კი იმტვრევა. გასათვალისწინებელია კორპუსის, ბინის გარე კედლის სისქე. გარე კედელი 25 სმ-იანი სიგანის „ბლოკით“ უნდა იყოს ნაშენი. საქართველოში ძირითადად 20 სმ-იანი ქვით აშენებენ გარე კედელს, რაც არ არის იდეალური, რადგან კონდენსატს – ნესტსა და ობს იდებს ასეთი სისქის კედელი.

ზოგადად, თბური დაცვის ხარისხი სხვადასხვა სამშენებლო მასალას სხვადასხვაგვარი აქვს. ყველაზე ხელსაყრელი ამ მხრივ აგურია, მაგრამ მაღალი ფასის გამო საქართველოში იშვიათად ვხვდებით აგურით ნაშენ გარე კედლებს ახალ კორპუსებში. თუ ასეთს იპოვით – საუკეთესო შემთხვევისთვის მიგიგნიათ.

თბომედეგობა სხვადასხვა მასალას სხვადასხვა აქვს, კარგ საშენ მასალად მიიჩნევა გარე კედლისთვის მსუბუქი პემზა, რომელიც კარგად უზრუნველყოფს გამტარობას.

 

სამშენებლო კომპანიის სანდოობა

თუ მშენებარე ბინას ყიდულობთ, აუცილებელია გადაამოწმოთ სამშენებლო კომპანიის სანდოობა, არსებობს სპეციალური ბაზები, სადაც ამა თუ იმ კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების სია შეგიძლიათ ნახოთ და ადგილზევე დაათვალიეროთ შენობა, ასევე შესაძლებელია მოძიება რამდენად კეთილსინდისიერად წარმართავს კომპანია მშენებლობის პროცესს, აქვს თუ არა დარღვევები მშენებლობის პროცესში და დროულად, გათვალისწინებულ ვადაში ასრულებს თუ არა მშენებლობებს. თუ სამშენებლო კომპანია ბევრჯერაა დაჯარიმებული, არღვევს წესებს და აქვს ანგარიშზე რამდენიმე შენობა, რომლებიც ვერ დაასრულა, არსებობს შანსი, რომ თქვენი მშენებარე ბინაც ვერ ჩაბარდეს დროულად.

სამწუხაროდ, საქართველოში არ ფუნქციონირებენ შუამავალი საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც დაეხმარებოდნენ ბინის მყიდველებს მთელ ამ პროცესში და შესაბამისად ბინის მყიდველს უწევს თავად გაარკვიოს ნაცნობი სპეციალისტების დახმარებით ბევრი რამ.

მნიშვნელოვანია იურიდიული მხარე, ხომ ნამდვილად თავისუფალია ბინა, არავის სახელზეა და ხომ არ არსებობს გადაყიდვის შესაძლებლობა – უმარავი თაღლითია, ვინც ერთსა და იმავე ბინას რამდენიმე ადამიანზე ყიდის, ყველასგან იღებს თანხას და გარბის. მნიშვნელოვანია იცოდეთ, ბინა ჩაბარებულია თუ არა ქალაქის მერიას, ანუ მიღებულია თუ არა ექსპლუატაციაში. ჩაუბარებელ ბინაში ცხოვრება არასახარბიელოა: ეს ნიშნავს, რომ მშენებელს ჯერ არ აქვს დასრულებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები.

ლიფტი

მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ლიფტს: რომელი და როგორი კომპანიის ლიფტია დამონტაჟებული, ხომ არ არის თვითნაკეთი, აქვს თუ არა გავლილი შემოწმება, სასურველია, თუ შენობის ყველა დანადგარის შემოწმების დოკუმენტს გავეცნობით, რადგან ხშირად სახელმწიფო ზერელედ ასრულებს ამგვარ სამუშაოებს.

 

როცა ბინა ლიფტის გვერდითაა

სასურველია ბინა ლიფტის გვერდით არ იყოს. საბჭოთა ეპოქაში იყო სტანდარტი, რომ საძინებელი და მისაღები ოთახი არ ყოფილიყო ლიფტთან ახლოს. მაგრამ თუ ეს ასე მოხდა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოსალოდნელია მუდმივი ხმაური, რაც გაღიზიანებას იწვევს. ლიფტთან საერთო კედელი თითქმის გარე კედელია. თუმცა არსებობს ულტრათანამედროვე ლიფტები, რომლებსაც ხმა თითქმის არ აქვთ, მაგრამ ასეთ კედელს, რომელიც ლიფტის გვერდითაა, მაინც სჭირდება სპეციალური დამუშავება ხმაურის და ტემპერატურის ცვალებადობისგან დასაცავად.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლიფტის შახტის კედელი შენობაში ყოველთვის მდგრადია და ჩამოსხმული კედლისგანაა ნაშენი.

 

ვენტილაცია

დერეფნის ტიპის კორპუსებში, როგორებიც ახლა შენდება საქართველოში, ძირითადად არის ბინები, რომლებსაც ფანჯრები მხოლოდ ერთ მხარეს აქვს და არ არის გამჭოლი.

არ აქცევენ ხშირად ყურადღებას შენობის სანიტარულ პირობებს, განათებას, განიავებას, ვენტილაციას, გამჭოლ განიავებას, ყველაზე ცუდ შემთხვევაში მინიმუმ უნდა იყოს კუთხის განიავება ბინაში.

თუ დერეფნული სისტემისაა კორპუსი, აუცილებლად უნდა იყოს დამონტაჟებული  ვენტშახტები გასანიავებლად.

თანამედროვე მიდგომებით სადარბაზოს სასურველია ჰქონდეს სივრცე: ველოსიპედის, საბავშვო ეტლების გასაჩერებლად, ფოსტის ყუთების განსათავსებლად და ა.შ. დაუშვებელია სადარბაზოს ფასადზე ღიად გადიოდეს  სხვადასხვა კომუნიკაციის მილები.

აუცილებელია ასევე მოვითხოვოთ დენის, გაზისა თუ წყლის კომუნიკაციების გამოცდის აქტი, რაც აჩვენებს, რომ ამ ყველაფრის მილები გამოცდილია და ექსპლუატაციისთვის უსაფრთხოა.

 

ინსოლაცია

ბინაში მინიმუმ 2-საათიანი განუწყვეტელი ინსოლაცია უნდა იყოს, ეს არის აუცილებელი დრო,  რომ მზემ მიკრობები და ბაქტერიები გაანადგუროს საცხოვრებელ სივრცეში.

იმისთვის, რომ მზე კარგად ეფინებოდეს სახლს, სამხრეთ აღმოსავლეთის მხარეა საუკეთესო, სამხრეთ დასავლეთის მხარეც არ არის ურიგო ამ მხრივ, ჩრდილოეთით მდებარე ბინას ცხადია მზე არ მიადგება.

განვითარებულ ქვეყნებში არის პრაქტიკა ხელოვნური კლიმატის რეგულირებისა სასტუმროებში – ძირითადად, ხანდახან საცხოვრებელ ბინებშიც. რაც ნიშნავს, რომ რეგულირდება ტენიანობა, გათბობა-გაგრილება სტანდარტულად და გარკვეული პერიოდულობით იცვლება ოთახში ჰაერი სპეციალური დანადგარებით.

 

ქუჩის თუ ეზოს მხარე?

როგორც გიორგი რამიშვილი გვეუბნება, ჰქონია შემთხვევა, როცა კორპუსში ეზოს მხარეს ბინებს მხოლოდ უცხოელები ყიდულობდნენ, ადგილობრივები კი არჩევდნენ ბინას ქუჩის მხარეს. რატომღაც მიიჩნევა, რომ ბინა ქუჩის მხარეს სჯობს, თუმცა ასეთი მდებარეობის საცხოვრებელში ხშირად ხმაურია, მაღალ სართულებზეც. ეზოს მხარეს ბინა შედარებით მშვიდია. მყუდროდ ცხოვრების მოყვარულები, თუ ბინას ეზოსა და ქუჩის მხარეს თანაბარი მოცემულობები აქვს, არჩევენ ბინას ეზოს მხარეს. თუმცა ბინა ქუჩის ხედით გაცილებით ინტერაქციულია და ვისაც ხმაური არ აღიზიანებს, შეიძლება ძალიანაც მოსწონდეს ასეთ ბინაში ცხოვრება.

 

ჭერის სიმაღლე

არსებობს გაბატონებული აზრი, რომ მაღალი ჭერი კარგი და პრესტიჟულია. ვიზუალურად ეს მართლაც ასეა: სივრცე ჩანს დიდი. თუმცა თუ ასეთ ბინას ვარჩევთ საცხოვრებლად, უნდა გვახსოვდეს, რომ დაგვჭირდება სახლის იმაზე მეტად გათბობა, ვიდრე საშუალო სიმაღლის ჭერის მქონე ბინას დასჭირდებოდა. მაღალჭერიანი ბინა ნაკლებად ენერგოეფექტურია – ზამთარში თბილი ჰაერი მაღლა ადის და გათბობის  მაღალ ტემპერატურაზე ჩართვა დაგჭირდებათ მუდმივად, ოთახების თანაბრად გასათბობად. ამერიკაში ჭერის სიმაღლის სტანდარტი სწორედ ენერგოეფექტურობის შესანარჩუნებლად არცისე მაღალია: 2,40 მ. საერთოდ კი, ოპტიმალურ სიმაღლედ, ზოგადად, მიიჩნევა 2,70-დან 3 მეტრამდე ჭერი.

თუ  ბინის ფართობი დიდია, შესაბამისად ჭერიც მაღალი სჯობს. მაღალჭერიან ბინას ასევე სჭირდება გაცილებით მეტი ჰაერი და უფრო ხშირი, ხანგრძლივი განიავება.

 

წინ რამეს ხომ არ ამიშენებენ?

არანაირი გარანტია არ გაქვთ, რომ თქვენი საცხოვრებელი ბინის წინ რაიმეს არ ააშენებენ, მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ წინ კერძო სახლები ან სულაც ცარიელი ადგილია. თქვენივე ბინის მშენებელი კომპანიის დაპირება, რომ „წინ არაფერი აშენდება“ ფუჭია. ასეთი დაპირების გაცემა შეუძლებელია. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, დაკვირვებაა: თუ წინ კერძო სახლებია ან ცარიელი ნაკვეთი, დიდი ალბათობით თქვენ წინ ერთხელაც რამეს ააშენებენ.

 

ღია გრუნტი კორპუსის ეზოში

ყველა  ცალკე აღებულ სამშენებლო ადგილას უნდა დარჩეს ღია გრუნტი, რომელიც გაატარებს ამ ნაკვეთზე მოსული ნალექისგან დარჩენილ წყალს, ანუ გრუნტში გაჟონავს,  ნაკვეთზე მოსული ნალექი წვიმისა და თოვლის სახით, მთლიანად არ უნდა მოხვდეს სანიაღვრე ქსელში. სანიაღვრე ქსელი, რომელიც მთელ ქალაქში მოსულ ნალექს დაიტევს, გაატარებს და სადმე გადაისვრის, არსად არსებობს.

კარგად დააკვირდით, არის თუ არა მიწის დაუბეტონებელი გრუნტი დატოვებული თქვენს ეზოში. ასეთი გრუნტი სამშენებლო ნაკვეთის  10, 15 % -ს უნდა შეადგენდეს. ამ მოცულობის მიწას შეუძლია მოსული ნალექისგან წარმოქმნილი წყლის 40%-ის გატარება, თანაც ისე უნდა იყოს მოწყობილი სივრცე, რომ წყლის ნაკადი მიემართებოდეს გრუნტისკენ.  წინააღმდეგ შემთხვევაში წვიმისა და თოვლის შემდეგ ეზოში მუდმივად დაგუბებულ ტბებს უნდა ელოდოთ.


არსებობს ფორმალური მოთხოვნები ახალი კოდექსის ამოქმედებასთან ერთად, რომ უკვე ექსპლუატაციაში შესული სახლის მონიტორინგიც განხორციელდეს და გაკონტროლდეს რა როგორ მუშაობს, მაგრამ ამ საქმის შემსრულებელი რეალური სამსახური ჯერ არ არსებობს, მხოლოდ მშენებლობის პროცესში ხდება ბინის შემოწმება.

სამწუხაროდ სამშენებლო მასალების სერტიფიცირებაც საქართველოში ნებაყოფლობითია, უმეტეს მასალაზე ასეა. უკეთეს შემთხვევაში სამშენებლო კომპანია არმატურას ცდის სპეციალური დანადგარებით – გაწყვეტასა და ბეტონშეკუმშვაზე, რაღაც პერიოდულობით ცდიან უძლებს თუ არა ნორმატიულ დაწოლას არმატურა, ეს საკითხები შეეხება შენობის საიმედოობას, სიმტკიცესა და მდგრადობას – კარგია, თუ ჰკითხავთ ბინის ყიდვისას მენაშენეს, აქვს თუ არა ჩატარებული ძირითად სამშენებლო მასალებზე მსგავსი ცდები.

გოლეთიანი წულუკიძეების საქმეზე: მუსლიმი ძმების უარყოფითი განწყობა მოწინააღმდეგების ინტერესშია

„ის, რაც ჩვენ გვაზიანებს, არის ის, რომ ჩვენს მუსლიმ ძმებს ჩვენი მისამართით უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდათ, ეს არის დამაზიანებელი მოძრაობისთვის, ამ საქმისთვის, ამიტომ ეს შედის ჩვენი მოწინააღმდეგების ინტერესებში და მათგან არის მართული,“ – მიმართა დღეს, 16 აპრილს ფეისბუქლაივით რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა დაკავებულ წულუკიძეებს და ჭელიძეებს, რომლებიც 12 აპრილს ნამახვენჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, 15  აპრილს კი, დააკავეს. ძმები წულუკიძეებისა და ჭელიძეებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს დღეს, 16 აპრილს განიხილავს ქუთაისის საქალაქო სასამართლო.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 12 აპრილს ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ის არ იცნობს ავთანდილ ახვლედიანს, რომელიც ამ საქმეზე დაზარალებულია და გამოძიების ვერსიით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ბრალდებულებმა.

„ვიღაც ავთო ახვლედიანი ამბობს, რომ კავშირი აქვს ჩვენს აქციებთან, ხშირად დადის და შემდეგ მან იჩივლა, ჩვენ ამ ყველაფერთრან არანაირი კავშირი არ გვაქვს, არც ბატონ ავთოს არ ვიცნობთ, არანაირი კავშირი ამ ამბავთან არ გვაქვს,“ – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

რიონის ხეობის მცველმა ფეისბუქლაივის დროს მიმართა, როგორც ავთანდილ ახვლედიანს, ასევე ბრალდებულებს:

„მინდა ვთხოვო ჩემს მუსლიმან ძმეს, რომ არანაირი კავშირი ჩვენ ამ ამბავთან არ გვაქვს და გთხოვთ, არასწორი შეფასებები ნუ მოჰყვება ამ ყველაფერს… მინდა ბატონ ავთო ახვლედიანს მოვუწოდო, რომ თუ ის გვიცნობს ჩვენ და ზოგადად ჩვენს აქციებზე დადის, მოვიდეს და მოგვიყვეს ამბავი, რა მოხდა იმ დროს, რადგან მე პირადად ნამდვილად არ ვიცი ამ ცემის ფაქტის შესახებ, არ შევსწრებივარ და არც უახლოეს ჩვენს გარემოცვას არ მოუყოლია აქ ამის შესახებ,“ – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

 

ქობულეთში ძმამ სანადირო თოფით ძმა მოკლა

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 40 წლამდე ასაკის კაცი სანადირო თოფით მოკლეს. სოფლის რწმუნებულის თქმით, კაცი მისმა ძმამ მოკლა და ის ჩაბარდა პოლიციას.

სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, ძმები ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა რამ გამოიწვია მათ შორის კონფლიქტი, ამის შესახებ არ იცის: „ორივე ძმა წარსულში ნასამართლევია“.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.

დაიწყო თუ არა გამოძიება – პასუხს „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება.

საპენსიო ფონდში 1.37 მილიარდი ლარია – სააგენტო

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის 12 აპრილის მდგომარეობით საპენსიო აქტივების მოცულობამ 1 მილიარდ 37 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 140 მილიონი ლარი დარიცხული სარგებელია.

„საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური 10.7% სარგებელი. საპენსიო აქტივების 65% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 35% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე.“ – აცხადებენ სააგენტოში.

დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 765-მა ადამიანმა. მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით ისარგებლა 323-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსით – 321-მა, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო 1-მა და მემკვიდრის უფლებით 120-მა პირმა.

12 აპრილის მდგომარეობით საპენსიო სქემაში სულ ჩართულია 1 137 380 პირი. სქემაში ჩართულ კერძო ორგანიზაციათა რაოდენობა კი 74 646-ია. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, თვეში საშუალოდ 11 000-ზე მეტი ადამიანი ემატება სქემას.

საპენსიო სააგენტო გეგმავს შეიძინოს Bloomberg-ის ტერმინალი, რისთვისაც 63 563 აშშ დოლარს გადაიხდის. სააგენტოს განცხადებით, „Bloomberg-ტერმინალს აქვს მომსახურების სხვადასხვა პაკეტები, რომლებსაც შესაბამისი ღირებულება აქვთ. აღნიშნული მომსახურების პაკეტებიდან შერჩეულ იქნა მინიმალური ღირებულების პაკეტი“.

„აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს პროგრამას, რომელიც საინვესტიციო რისკების გაზომვისა და შეფასების საუკეთესო საშუალებაა. საპენსიო სააგენტოს რისკის კონტროლის სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საინვესტიციო რისკების იდენტიფიცირება, გაზომვა, შეფასება, კონტროლი და მონიტორინგი. აღნიშნული საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებისათვის აუცილებელია Bloomberg-ტერმინალის გამოყენება.“ – აცხადებს სააგენტო.

საპენსიო სააგენტოს დირექტორად 2021 წლის 15 დეკემბრიდან გიორგი დანელია მუშაობს, რომელიც ამ დრომდე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო:

საპენსიო ფონდში ახალ დირექტორს 1.1 მილიარდი ლარი დახვდა

„ბაუ დიზაინი“: ბულვარის გენგეგმა ჩავაბარეთ – ბულვარის ადმინისტრაცია: სრულად არ ჩაუბარებიათ

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია დღესაც ამტკიცებს, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმა სრულად არ ჩაჰბარებია, კომპანია „ბაუ დიზაინი“ კი ამტკიცებს, რომ ჩააბარა. დოკუმენტი არც ინსპექტირების ჯგუფის წევრებს მიუღიათ.

დღეს, 16 აპრილს, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში განგვიმარტეს, რომ შპს „ბაუ დიზაინს“ ბულვარის განაშენიანების გეგმა სრულად  ისევ არ ჩაუბარებია მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის ჩაბარების ბოლო ვადა იყო 14 აპრილი. „ბათუმელებმა“ ამ დოკუმენტის ასლი 15 აპრილს გამოითხოვა, თუმცა ის არ მოგვაწოდეს იმავე მიზეზით, რომ ის არ არის ჩაბარებული სრულად.

კომპანია „ბაუ დიზაინმა“ კი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ პარტნიორთან ერთად დაასრულა ბულვარის განაშენიანების გეგმაზე მუშაობა და დოკუმენტი დამკვეთს, ბულვარის ადმინისტრაციას გადასცა. კომპანია დაახლოებით ერთ  კვირაში დოკუმენტის საჯარო განხილვის მოწყობას გეგმავს. სატელეფონო საუბრისას იგივე ინფორმაცია კომპანიის დირექტორმა, მიხეილ ბალიაშვილმა „ბათუმელებსაც“ დაუდასტურა.

ბულვარის ადმინისტრაციაში კი გვარწმუნებენ, რომ კომპანიას მათთვის დოკუმენტი სრულად არ ჩაუბარებია:

„ნამდვილად ასეა, სრულად არ არის ჩაბარებული. რაღაც ნაწილი ინგლისურ ენაზეა, ყოველ თითო საათში რაღაც-რაღაცებს ამატებენ და ტვირთავენ. ჩვენთან არ არის მოსული და თქვენთან რას ამბობენ,  ნამდვილად არ ვიცი. ალბათ იტყუებიან, ჩვენთან დოკუმენტი ნამდვილად არ არის მოსული სრულად. შეგიძლიათ გადაამოწმოთ“.

ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დავით სურგულაძე არც იმას გამორიცხავს, რომ კომპანია დოკუმენტის ჩაბარების დაგვიანებისთვის დააჯარიმონ:

„დედლაინი იყო 14 აპრილს, იმ დროიდან ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე არის საჯარიმო სანქცია. ჩვენი მიზანია ეს დოკუმენტი მივიღოთ, გავასაჯაროოთ და საჯარო განხილვაც მოვაწყოთ, როგორც წესი და რიგია.“

იმის გასარკვევად, თუ ვინ ამბობს სიმართლეს, დავუკავშირდით ინსპექტირების ჯგუფის წევრს, ნათია აფხაზავას. ნათიას თქმით, დოკუმენტი არც ინსპექტირების ჯგუფისთვის გადაუციათ. ნათია ამ ჯგუფში შედის როგორც „ბათომის“ წარმომადგენელი.

მას შემდეგ, რაც მიმწოდებელი კომპანია დოკუმენტის საჯარო განხილვას მოაწყობს, დამკვეთის შენიშვნებისა და საჯარო განხილვის შედეგად დაფიქსირებული მოსაზრებების საფუძველზე, დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს, რაც საბოლოო ვერსია იქნება.

კომპანია აღიარებს ასევე, რომ გარკვეული მიზეზების გამო, დოკუმენტის მცირე ნაწილის მიწოდება დამკვეთისთვის 1 დღით დააგვიანა:  „თუმცა ამ მომენტისთვის ის სრულად არის ჩაბარებული“.

აგროკონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა, საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაცია „მერსი ქორპსი“-ს მხარდაჭერით, აგროჟურნალისტიკისა და აგროგანათლების საერთაშორისო კონფერენციას ონლაინრეჟიმში უმასპინძლა. მასში მონაწილეობას იღებდნენ სამეზობლო აგროგილდიის წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ისე უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ასევე, ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ დასავლელი კოლეგები შვეიცარიიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

შეხვედრაზე, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო, რის საფუძველზეც ფორუმისადმი ინტერესი მაღალი იყო. მონაწილეთა თქმით, პანდემიით გამოწვეული ონლაინფორმატის მიუხედავად, კონფერენციის მუშაობა საქმიანად წარიმართა. პლენარული პანელის შემდეგ მუშაობა სექციებში გაგრძელდა. სექციები კი თემატურად იყო დაყოფილი. გამომსვლელებმა აგროჟურნალისტიკის სწავლების მიზნებსა და აგროგანათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და აგროკონფერენციის სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ნათია კუპრაშვილმა აღნიშნა, კონფერენციის მოხსენებები როგორც კვლევითი, ისე პრაქტიკული ანალიზის ნაწილში, ძალიან მაღალ დონეს აჩვენებდა. მისივე თქმით, კონფერენციაზე წარმოდგენილი თემებით შეიქმნა ზოგადი სურათი, თუ რა ხდება აგრომიმართულებით რეგიონში.

„აღნიშნული კონფერენცია, თავისი შინაარსითა და მნიშვნელობით, ძალიან მაღალი დონის იყო. ის ფაქტი, რომ ფორუმი წარმატებით შედგა, არა მხოლოდ საკუთრივ აგროჟურნალისტიკის, არამედ მთლიანად დარგის განვითარებისთვის წინგადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეიძლება, ჩაითვალოს. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მსჯელობასა და საერთო პროექტების კუთხით პრაქტიკულ მუშაობას უფრო დიდ შედეგებზე გავყავართ, ვიდრე მხოლოდ სამეცნიერო მიზნებია. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, რომელიც თავის სახელს ზედმიწევნით ამართლებს, გამოვცემთ ჩვენს პრაქტიკულ და სამეცნიერო შრომებს“, – აღნიშნა ნათია კუპრაშვილმა.

კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჭალაგანიძის თქმით, დარგის ექსპერტებმა, მათ შორის აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, კონფერენციის მუშაობას მაღალი შეფასება მისცეს.

„საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც 13 აპრილს ჩატარდა, აგროკომუნიკაციების დარგის განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მყარი ნაბიჯია. მოხარული ვართ, რომ კონფერენციის თემატიკით დაინტერესდნენ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები, არამედ საზღვარგარეთელი კოლეგებიც.  ჩვენ ვგეგმავთ, მიღებული მოხსენებები კრებულად გამოვცეთ, რათა დარგით დაინტერესებულ მკითხველს კიდევ ერთი სასარგებლო დოკუმენტი შევთავაზოთ“, – აღნიშნა ნინო ჭალაგანიძემ.

ALCP-ის (Alliances Caucasus Programme) ჯგუფის ხელმძღვანელმა, ელენ ბრედბერმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება ინტერპერსონალურ გარემოში შეხვედრა და აგრომიმართულების განვითარებისათვის სამომავლო გეგმების დასახვა. მისი თქმით, კონფერენციაზე გაჟღერებული მესიჯები ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი იყო. ვიდეოსიუჟეტში ბრედბერიმ აგროჟურნალისტიკის მიმართულებით განხორციელებულ საგულისხმო პროექტებზეც ისაუბრა: 2017 წლიდან აგროჟურნალისტიკის განვითარებისათვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტენსიური მუშაობა დაიწყო. 2018 წელს ჩართულობა რეგიონული მასშტაბით გაიზარდა. 2019 წელს კი „კონსტრუქციული აგროჟურნალისტიკის“ ხუთენოვანი სახელმძღვანელო გამოიცა. როგორც ბრედბერმა აღნიშნა, აგროჟურნალისტიკის კურსი წარმატებით დაინერგა საქართველოს მედიასკოლებში.

საერთო ჯამში, აგროკონფერენცია რამდენიმე ძირითად მიზანს ემსახურებოდა: კავკასიის რეგიონში აგროკომუნიკაციების განვითარების წახალისებას, აგროჟურნალისტიკის სწავლებაში თანამედროვე მეთოდების დამკვიდრებას, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების უმაღლეს სკოლებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს ხელშეწყობას.

სოსო გაზდელიანი

სალომე შალიკაშვილი

 

ქუთაისში დაიწყო ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების სასამართლო პროცესი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი აღკვეთის ღონისძიების შესახებ.

პროკურატურა მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლითაა დაწყებული.

ბრალდებულების ინტერესებს ორი ადვოკატი – ირაკლი შავაძე და დალი სულაქველიძე იცავს.

ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო სხდომა პროკურატურის შუამდგომლობიდან ერთ საათში ჩაინიშნა, ეს დრო კი არასაკმარისი იქნებოდა საქმის მასალების გასაცნობად.

სხდომის დაწყებისას დაკავებულების ადვოკატმა ირაკლი შავაძემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. მიზეზად კი დაასახელა, რომ არასაკმარისი დრო ჰქონდა მტკიცებულებების გასაცნობად.

ადვოკატმა მოსამართლეს მოუწოდა, რომ უზრუნველყოს დაკავებულთა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის უფლება.

„მხოლოდ ფირუზ წულუკიძის გამოკითხვის ოქმი 13 ფურცელია. მარტო იმის წასაკითხად გჭირდებათ დრო. არ იცნობთ კარგად საქმის მასალებს. გთხოვთ, აიცილოთ საქმე ან გადადოთ მისი განხილვა, რომ კვალიფიციურად მოვახერხოთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების დაცვა,”- უთხრა მოსამართლეს ირაკლი შავაძემ.

მოსამართლის აცილების საკითხი დააყენა ჭელიძეების ადვოკატმაც.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან თხელიძემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმის განხილვა დაიწყო.

მოსამართლის მიერ აცილებაზე უარის მიღების შემდეგ ადვოკატმა პროცესის გადადება მოითხოვა. “არ მქონდა შესაძლებლობა სრულად გავცნობოდი საქმის დეტალებს. გთხოვთ, გადადოთ პროცესი 17 აპრილის დილის 11 საათისთვის”, – უთხრა მოსამართლე ქეთევან თხელიძეს ადვოკატმა ირაკლი შავაძემ. მოსამართლემ არც ეს მოთხოვნა გაითვალისწინა.

ბრალდებულები რიონის ხეობის დაცვის აქციაში მონაწილეობის შემდეგ 15 აპრილს დააკავეს. დღეს, 16 აპრილს დაკავებულების მხარდასაჭერად ქუთაისის სამხარეო პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.

ფირუზ და რეზო წულუკიძეს, ასევე კიდევ 4 ბრალდებულს დღეს, 16 აპრილს, წარუდგინეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას.

________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

„ხალიჩაში გაახვია და ჭოროხის პირას დააგდო“ – ბათუმში მომხდარი მკვლელობის განაჩენი

„…ჭარნალიდან გირეკავთ, ჭოროხისპირას ვარ და აქ მოკლული კაცის გვამია… მე მონადირე ვარ… ის ნოხშია გახვეული, ფეხები ზეწრით შეკრული, დანაც აქვე გდია, სამანქანე გზიდან 200 მეტრი იქნება, მეტი არა,“ – ეს შეტყობინება 112-ზე გასული წლის 12 მაისს შევიდა. ამ დროისთვის პოლიციელები უკვე 13 დღე ეძებდნენ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ ნეჯეთ ე. – ს. გამოძიება 30 აპრილს იყო დაწყებული თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

მოკლული კაცი – ნეჯეთი თურქეთის მოქალაქე იყო. თურქეთიდან იყო მურადიც, რომელსაც ნეჯეთთან ერთად ბიზნესი ჰქონდა ბათუმში და ბოლო რამდენიმე წელი საქართველოში ცხოვრობდა. განაჩენის მიხედვით, კონფლიქტი ფინანსური უთანხმოების მოტივით 2020 წლის 29 აპრილს მოხდა.

სასამართლო სხდომაზე მკვლელობაში ბრალდებულმა მურად შ.-მ ბრალი არ აღიარა, ექსპერტებმა კი, ნეჯეთის გვამის შესწავლის შემდეგ დაწერეს, რომ „შორს წასული ლპობის გამო სიკვდილის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ვერ დადგინდა“.

პოლიციელებისთვის ნეჯეთის გაუჩინარების შესახებ 30 აპრილს გახდა ცნობილი. ამ დღეს ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში ბენო პ.-მ განაცხადა, რომ მისი მდგმური – ნეჯეთი საერთოდ აღარ ჩანს. გამოძიება მეორე დღეს დაიწყო.

12 მაისამდე, ვიდრე მონადირე ნეჯეთის გვამს შემთხვევით აღმოაჩენდა ჭოროხისპირას, გამოძიებამ ორჯერ გამოკითხა მურადი, თუმცა იგი არ დაუკავებია. ბრალი მას შემდეგ წარუდგინეს, როცა ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერში გამოჩნდა ავტომანქანა, რომლის საჭესთან მურადი იჯდა, ხოლო უკანა სავარძელზე – ვარდისფერ ნოხში გახვეული საგანი. როცა სათვალთვალო კამერამ ეს დააფიქსირა, 30 აპრილი თენდებოდა, დილის შვიდს ათი წუთი აკლდა.

„…ჩილიმს ვეწეოდით ერთად იმ საღამოს,“ – უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით დაკითხულმა უ.ი.-მ. ის მოკლული კაცის მეგობარი იყო, – „მოწევის დროს ნეჯეთს ტელეფონზე დაურეკეს და ეკრანზე მურადის ფოტო ამოვარდა, არ ვიცი რაზე საუბრობდნენ, მაგრამ ტელეფონი როცა გამორთო, მითხრა, რომ მურადთან წავიდოდა და რძეს აიღებდა. მანამდეც ვიცოდი, რომ ნეჯეთი მურადის მეზობლებისგან ყიდულობდა რძეს, ამიტომაც არ გამკვირვებია… დამიბარა, ერთად ვივახშმოთ, დამელოდეო, თუმცა აღარ გამოჩენილა. „კომენდანტის საათი“ მოქმედებდა და აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ არსად ჩანდა, ტელეფონს აღარ პასუხობდა…“

მოწმეებმა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს უთხრეს, რომ თურქეთის ამ მოქალაქეების ბიზნესი ძირითადად ქათამს და კვერცხს უკავშირდებოდა. მოწმეების თქმით, ნეჯეთი მურადთან მეგობრობდა, თუმცა ფულის გამო ხშირად ჩხუბობდნენ.

„მათ შორის გულწრფელი მეგობრობა აღარ იყო მას შემდეგ, როცა ნეჯეთმა გაიგო, რომ მურადს თურქეთში ეძებდნენ პატარა გოგოს გაუპატიურების გამო,“ – უთხრა მოსამართლეს ს.უ.-მ და მანაც გაიხსენა, როგორ ნერვიულობდა ნეჯეთი, როცა მურადი მას ტელეფონზე ურეკავდა.

„…ისინი არაბულად საუბრობდნენ და ეს მე არ მესმის. ვხედავდი, რომ ნეჯეთს კანკალი დაეწყო და ტელეფონის გათიშვის შედეგ ნერვიულობისგან ლაპარაკი უჭირდა. ვკითხე, რატომ ნერვიულობდა ასე. მითხრა, რომ მურადი ბინის ფულის გადახდას სთხოვდა – 300 დოლარს. მე კი ვუხსნი, რომ აღარ მაქვს ფული და ვერ მივცემო… ნეჯეთი ძალიან მშვიდი და სანდო ადამიანი იყო,“ – დაასრულა მოწმემ.

„რამდენიმე ხალიჩა იყო პოლიციის განყოფილებაში გვერდი-გვერდ დაწყობილი, თითოეულს ნომერი ჰქონდა თავისი, შევხედე თუ არა, მაშინვე ამოვიცანი ჩემი სახლის ვარდისფერი ხალიჩა წითელი ტიტებით და გვერდზე კანტებით“, – უთხრა მოსამართლეს რომან ბ.-მ. ის იმ სახლის მესაკუთრეა, სადაც მურადს ჰქონდა ბინა ნაქირავები. მკვლელობაც, განაჩენის მიხედვით, ამ ბინაში მოხდა.

რომანის თქმით, მას კერძო სახლი აქვს, ხოლო სახლის ეზოში ძველი გარაჟი მოაწყო საცხოვრებელ ადგილად.

„ეს ბინა იქირავა მურადმა, 2019 წლის ზაფხული იქნებოდა… მარტო ცხოვრობდა, მანქანაც ჰყავდა… ზოგჯერ მისი ცოლ-შვილიც ჩამოდიოდა თურქეთიდან,“ – განაგრძო რომან ბ.-მ ჩვენების მიცემა.

სახლის მესაკუთრის თქმით, მას ნეჯეთი ხშირად უნახავს მისი სახლის ეზოში, სადაც მურადი ცხოვრობდა.

„ერთხელ ბინის ქირაც ნეჯეთმა გადამიხადა. მთხოვა, თუ მურადს ქირასთან დაკავშირებით რამე პრობლემა ექნება, მე მომმართეო… 29 აპრილს გვიან ღამით დავიძინეთ, დედა მყავდა ახალი გარდაცვლილი და მეორე დღეს მოხსენიების დღისთვის ვემზადებოდით… ღამის ოთხ საათზე დავინახე მურადი ეზოში იდგა, ნერვიულობა ეტყობოდა, ხელის მოძრაობით რაღაცას ესაუბრებოდა საკუთარ თავს… 3 მაისს ჩემთან პოლიციელები მოვიდნენ, მურადი სახლში არ იყო და ბინის გაღება მთხოვეს, მე სათადარიგო გასაღები გამოვიყენე და გაქირავებული ბინის კარი გავაღე…“, – ჰყვებოდა მოწმე.

ვიდრე პოლიციელები ბინაში დანაშაულის კვალს ეძებდნენ, რომანმა შენიშნა, რომ იატაკზე აღარ იყო მისი ვარდისფერი ხალიჩა, დივნის გადასაფარებელი და ფარდაც გამქრალიყო, თუმცა არ მიიჩნია საჭიროდ ეს პოლიციელებისთვის ეთქვა.

„ვიფიქრე, ალბათ, გასარეცხად წაიღო-მეთქი, ან იქნებ აღარ მოეწონა საერთოდ ჩემი ნოხი, აკეცა და სადმე, სხვაგან შეინახა-მეთქი,“ – განაგრძო რომან ბ.-მ იმ შთაბეჭდილებების მოსამართლისთვის გაზიარება, როცა მდგმურის ბინაში შევიდა. -„შესასვლელში, კარადაში ფარდის ნახევიც ეგდო და თოკიც, მაგრამ რას ვიფიქრებდი… ამ დროს პოლიციელები მუშაობდნენ, რაღაც სითხეს ასხურებდნენ ყველაფერს და აკვირდებოდნენ, ფარდები ჩავხუროთ, სიბნელეა საჭიროო, სითხე აბაზანასა და ხელსაბანში შეასხურეს და ციცინათელებივით მანათობელი ადგილები ჩნდებოდა…“

3 მაისს მურადი მახოში ყოფილა თავის მეგობართან – ვიტალი კ.-სთან. ვიტალიმ მოსამართლეს უთხრა, რომ ბათუმში თევზაობის დროს გაიცნო მურადი და დამეგობრდნენ. 3 მაისს მურადი მასთან აპირებდა დარჩენას, თუმცა მოულოდნელად სახლთან პოლიციელები გამოჩნდნენ.

„სტუმრად ვიყავით ჩემს დასთან, იქვე ცხოვრობს, მიწის დახვნაში ვეხმარებოდი, მურადიც დამეხმარა, საღამოს ვივახშმეთ ჩემს დასთან და ისევ ჩემს სახლში ვბრუნდებოდით, დის სახლიდან როცა გამოვდიოდით, პოლიციის ფორმიანი ორი კაცი დავინახეთ, დავინახეთ თუ არა, მურადი ტყისკენ გაიქცა, ბევრი ვეძახე, გაჩერდი, დაბრუნდი-მეთქი, მაგრამ ხმას არ მცემდა…“ – თქვა მოწმემ.

იმ საღამოს ვიტალის პოლიციელებთან ერთად დაუთვალიერებია მისი სახლის ეზოში გაჩერებული მურადის ავტომანქანა, სადაც შავი ფერის იზოლენტით შეუცვლიათ სახელმწიფო ნომრის და სერიის აღმნიშვნელი სიმბოლოები.

„ნეჯეთმა საქართველოში ქათმის ბიზნესის დაწყება შემომთავაზა, 20-30 ათასი დოლარი იქნება საჭიროო, მაგრამ ამდენი არ მქონდა და 10 ათასი მივეცი,“ – მიმართა მოსამართლეს მკვლელობაში ბრალდებულმა მურადმა, – „თურქეთში ჩემი მეუღლის მიწა გავყიდეთ, ფული ვისესხეთ და ნეჯეთს მივეცი… მისი ტყუილების გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ვალებს ვეღარ ვისტუმრებდი, დადებით პიროვნებად რომ ახასიათებენ, სულაც არაა ასე, პროფესიონალი თაღლითი იყო, ბოროტად ისარგებლა ჩემი ნდობით, მაგრამ მე ის არ მომიკლავს, 29 აპრილს მხოლოდ რამდენიმე წუთით ვნახე… ტელეფონზე დაურეკეს და მალე უკან წავიდა. ჩვენ იმ დღეს არ გვიკამათია,“ – აღნიშნა ბრალდებულმა.

ბრალდებულს პროკურორმა ჰკითხა ავტომანქანის შეცვლილ ნომრებზე, რაზეც მურადმა თქვა, რომ „არ სურს აზრის გამოხატვა“. შემდეგ მას სათვალთვალო კამერის ჩანაწერიც აჩვენეს, სადაც ბენზინგასამართ სადგურთან გაჩერებულ ავტომანქანაში ჩანს საჭესთან, უკანა სავარძელზე კი დახვეული ვარდისფერი ხალიჩაა.

ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე ასევე თქვა, რომ ბათუმში, ნაქირავებ სახლში ცხოვრების დროს ხელი არ გაუჭრია და რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ მიუღია.

მურადის თქმით, მას დაკითხვის დროს პოლიციელებმა სცემეს, „წიხლებით შედგნენ და იქამდე ურტყეს, სანამ გული არ აერია და გონება არ დაკარგა“.

ბრალდებულის თქმით, ის სკამის ფეხით გააუპატიურეს კიდეც.

მოსამართლემ ამ ნაწილში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მურადი პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ შინ ბრუნდებოდა, ხოლო სამედიცინო დახმარებაზე მას არავისთვის მიუმართავს.

საბოლოოდ, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მურადს განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა დაუდგინა და 11 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.

მერიის ხელახალი კონკურსი ბათუმის გენგეგმის შედგენაზე 2,1 მილიონი ლარით

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის“ შემუშავებაზე მერიამ კონკურსი ხელახლა გამოაცხადა. ბათუმის გენგეგმის მომზადებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 118 640 ლარია გამოყოფილი.

კონკურსში წინადადებების მიღება 2021 წლის 12 მაისს დაიწყება და 17 მაისს დასრულდება.

საკონკურსო დოკუმენტაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

თავდაპირველად გამოცხადებული ტენდერი მერიამ 2021 წლის 26 თებერვალს შეწყვიტა.

ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებული დოკუმენტის შესყიდვის ჩავარდნა მერიამ პანდემიის გამო კომისიაში სპეციალისტების ჩართულობის პრობლემით ახსნა.

კონკურსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოქმში ჩაწერეს, რომ კომისიის რამდენიმე წევრი, მათ შორის, დარგის სპეციალისტები ჯგუფიდან თავიანთი განცხადების საფუძველზე გავიდნენ.

კონკურსის შეწყვეტის ოქმში არ ჩაუწერიათ, რომ რამდენიმე მათგანს ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა და მაღალი იყო რისკი, რომ კონკურსის ბოლო ეტაპზე ეს ყველაფერი სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდებოდა:

როგორ აირიდა ბათუმის მერმა „დიდი სკანდალი“ – ინტერვიუ ქალაქის ყოფილ მთავარ არქიტექტორთან

ქუთაისის პოლიციასთან ძმები წულუკიძეების და კიდევ 4 პირის გათავისუფლებას ითხოვენ – Live

ქუთაისის სამხარეო პოლიციის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რიონის ხეობის დაცვის აქციაში მონაწილეობის შემდეგ 6 პირის და, მათ შორის, ძმები წულუკიძეების დაკავებას აპროტესტებენ. ისინი 15 აპრილს დააკავეს.

ფირუზ და რეზო წულუკიძეს, ასევე კიდევ 4 ბრალდებულს დღეს, 16 აპრილს, წარუდგინეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 12 აპრილს ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. ადვოკატების თქმით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. აქციის მონაწილეები ქუთაისში ძირითადად ბათუმიდან ჩავიდნენ.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მირზა ნოზაძე ამბობს, რომ აქციაზე მყოფი ადამიანები, რომლებიც დააკავეს, პროვოკაციას წამოაგეს რელიგიური ნიშნით.

ადვოკატი ირაკლი შავაძეც ადასტურებს იმას, რომ საქმე პროვოკაციასთან გვაქვს.

„მათ არანაირი პოლიტიკური გაცნხადება არ გაუკეთებიათ აქციაზე, დაზარალებულები ადასტურებენ ჩვენებაში, რომ დაკავებულებს უთხრეს, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები ხართ და არ უნდა იყოთ ამ აქციაზეო…

___

რეზო და ფირუზ წულუკიძეები არაერთხელ მიუციათ წარსულში სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ისინი მიიჩნევენ, რომ მათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო სჯიან. ბოლო შემთხვევის დროს სპორტსმენი და ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში ფირუზ წულუკიძე ამბობდა, რომ მისი ძმა – რეზო წულუკიძე იმიტომ დასაჯეს, რომ მან ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დახმარებაზე უარი უთხრა. რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ, აჭარის მთავრობის აპარატთან გამართულ ერთ-ერთ აქციაზე თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ამ საქმეზე საბოლოოდ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ძალადობა დაადგინა და არა ჯგუფური ხულიგნობა, რასაც პროკურატურა ედავებოდა რეზო წულუკიძეს ელდარ ანთაძესთან ერთად.

 

საპროტესტო აქცია ქუთაისში

„ბულვარისა და სამოქალაქო ღირსების დასაცავად“ – კვირას ბათუმში აქცია გაიმართება

18 აპრილს, კვირას, 14:00 საათზე, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან აქცია იგეგმება.

„ვიკრიბებით ბულვარისა და სამოქალაქო ღირსების დასაცავად.

ბულვარი არის საქართველოს თითოეული მოქალაქის საკუთრება და არა ფულიანი ხალხის, რომლებმაც მიიტაცეს ჩვენი საგანძურის უნიკალური ტერიტორიები, დგამენ იქ ცათამბჯენებს და სახინკლეებს, ღობავენ სანაპიროებს და იზომავენ უნიკალურ მწვანე სივრცეებს საკუთარ ეზოდ. ამის წინააღმდეგ მებრძოლი ბულვარის დირექტორი კი სამსახურიდან უსამართლოდ გაუშვეს. რითაც თითოეული ბათუმელის ღირსება და თავისუფლება შელახეს! შეწყდეს ბულვარის განადგურება და ადამიანების უსამართლოდ ჩაგვრა! ბათუმი აღარ ითმენს უკიდურეს უსამართლობას და უკანონობას,“ – ვკითხულობთ ფეისბუქზე, ღონისძიების გვერდზე.

აქციის ორგანიზატორია საზოგადოება „ბათომი“.

ბათუმის ბულვარში მშენებლობებისა და პლაჟის გასხვისების წინააღმდეგ, ასევე, ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის მხარდასაჭერად აქცია 14 აპრილსაც გაიმართა აჭარის მთავრობასთან.

ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე 12 აპრილს გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

ჯინჭარაძის გათავისუფლებას წინ უძღოდა მისი კრიტიკული განცხადება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე იმის შესახებ, რომ ბათუმის ბულვარში პლაჟების გასხვისება არ შეიძლება.

ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად აჭარის მთავრობამ 2019 წლის აუდიტის დასკვნა დაასახელა, სადაც, მთავრობის განცხადებით, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა იკვეთება, თუმცა მოქალაქეები, იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ბულვარის დირექტორის გათავისუფლება შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს.

ბულვარის დირექტორის გათავისუფლებაზე საქართველოს სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შესწავლა უკვე დაიწყო.

______________

ფოტო: საზოგადოება „ბათომი“

რიონის ხეობის მცველებს მხარს უჭერენ ავსტრიაში მცხოვრები ქართველები

ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველებმა რიონის ხეობის მცველებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და საპროტესტო აქცია გამართეს.

„ბრძოლა ღირსებისთვის”, „სახალხო ინტერესი პირად ინტერესებზე მაღლა! ყველამ ერთად განვსაზღვროთ ქვეყნის ენერგოპოლიტიკა“, „საქართველო არის ხალხის და არა რომელიმე მთავრობის საკუთრება”, „რიონის ხეობა საფრთხეშია”, „არა ნამახვანჰესს!” – წერია პოსტერებზე, რომლებსაც ავსტრიაში მცხოვრები ქართველები ავრცელებენ სოციალურ ქსელში.

„ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველებმა გადავწყვიტეთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ რიონის ხეობის მცველებს. ჩვენ ვგმობთ ყველა იმ უკანონობას, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს რიონის ხეობაში და მოვუწოდებთ საქართველოს მთვარობას, შეწყვიტოს რიონის ხეობის მცველების წინააღმდეგ რეპრესიული მექანიზმებით მოქმედება და მათი კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებების შეზღუდვა.

ხელისუფლება უნდა იცავდეს მოსახლეობის ინტერესს. აქედან გამომდინარე, ყოვლად გაუმართლებელია კერძო კომპანიის ინტერესის დასაცავად საკუთარი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვა,” – წერია განცხადებაში, რომელსაც ავსტრიაში მცხოვრები ქართველები ავრცელებენ.

კოვიდის 61 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა თურქეთში – ბრძოლა მესამე ტალღასთან

თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ისევ იზრდება.

15 აპრილს ქვეყანაში კოვიდის 61 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ინფიცირდა ვირუსით, 35 031 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსზე ვაქცინაცია ჩინური „სინოვაკით“ თურქეთში 2021 წლის 14 იანვარს დაიწყო. თურქული მედიის ცნობით, ამ დროისათვის 11,6 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის პირველი, ხოლო 7,72 მილიონმა – ვაქცინის ორივე დოზა.

კოვიდის ახალი შემთხვევების ზრდის გამო თურქეთში 14 აპრილიდან ამოქმედდა შეზღუდვა გადაადგილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებში საღამოს 7-დან დილის 5 საათამდე.

ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა, რომელიც თურქეთში 30 მარტს ამოქმედდა დიდ ქალაქებში.

გარდა ამისა, სამუშაო დღეებში საღამოს 7 საათიდან დილის 5 საათამდე და შაბათ-კვირას, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მოქალაქეებს ეკრძალებათ საქალაქთაშორისო მიმოსვლა.

_____________

ფოტო: „ანადოლუ“/aa.com.tr

 

რა უნდა გააკეთოთ, როცა ქალზე ძალადობენ – დისკუსია FB-ში დღეს გაიმართება

რა უნდა იყოს ჩვენი რეაქცია ძალადობის შემთხვევებზე – ამ თემაზე დღეს, 16 აპრილს, ფეისბუქში ლაივშეხვედრა გაიმართება. დისკუსია საღამოს 7 საათზე დაიწყება.

Facebook Live დისკუსიის დროს კითხვებს უპასუხებენ უფლებადამცველი თამარ გურჩიანი,  ექსპერტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე  – გოგა ხატიაშვილი და თამარ დეკანოსიძე – ორგანიზაცია „თანასწორობა ახლა“.

შეხვედრის მოდერატორი იქნება ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი თეონა დიასამიძე.

ამ დისკუსიის მიზანი მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა, რომელმაც ყოფილი მეუღლე ოჯახში ძალადობაში ამხილა.

დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ფეისბუქის ამ გვერდზე 

ბათუმში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გაქურდვა სცადეს

15 აპრილის ღამეს ბათუმში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გაქურდვა სცადეს. ჩამტვრეულია ტაძრის სარკმლის მინა, თუმცა ტაძრიდან, „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკარგული არაფერი არ არის.

ტაძრის ქურდობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ ბათუმის და ლაზეთის ეპარქიაში. წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, სერგი რუხაძემ კი გვიპასუხა, რომ წირვის შემდეგ შეძლებს საუბარს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო. დაკავებული ამ დროისთვის არავინაა.

სამეცნიერო ფონდის განმარტება აუდიტის კრიტიკულ დასკვნაზე

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება. მათ მიერ მოწოდებულ ტექსტში აღნიშნავენ, რომ დარღვევები, რაზეც სახელმწიფო აუდიტი თავის დასკვნებში საუბრობს, იმ პერიოდს ეხება, როცა ფონდს სხვა ხელმძღვანელი ჰყავდა. „წინა ხელმძღვანელი“, ანუ ფონდის გენერალური დირექტორი მაშინ ზვიად გაბისონია იყო.

8 მლნ ლარი გამოუყვეს ფონდს, სადაც აუდიტმა დარღვევები აღმოაჩინა

„აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აგვისტოდან ფონდს ჰყავს ახალი ხელმძღვანელობა, რომელსაც აქვს ახალი ხედვები და მიდგომები, რომელიც ითვალისწინებს როგორც ფონდის სტრუქტურულ რეორგანიზაციას, რეფორმირებას, ასევე სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ადმინისტრირების შეცვლას,“ – მოგვწერეს ფონდიდან.

ფონდის გენერალური დირექტორი ამ ეტაპზე ჯაბა სამუშიაა, თუმცა ის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო 2018 წელს.  სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ამ წელში ჩატარებულ კონკურსებზეც არის საუბარი.

ფონდიდან გვწერენ, რომ მომავალში დაგეგმილია ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ორიენტირებული  სხვადასხვა თემატური ახალი კონკურსების გამოცხადება. ამისთვის 8 მილიონი ლარია გამოყოფილი და აღნიშნული კონკურსები ახალი სტანდარტებით ჩატარდება.

„მთლიანად შეცვლილია დარგობრივი კლასიფიკატორი, შეფასების კრიტერიუმები,“ – გვწერს ფონდი.

რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკულ დასკვნას, ფონდში ამ საკითხზე დასმულ კითხვებს პირდაპირ არ პასუხობენ. ზოგადი ხედვა კი ასეთია: „რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, მასში საუბარია 2017-2018 წლების კონკურსებზე და, შესაბამისად, შენიშვნებიც ამ პერიოდს ეხება. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აგვისტოდან ფონდს ჰყავს ახალი ხელმძღვანელობა, რომელსაც აქვს ახალი ხედვები და მიდგომები, რომელიც ითვალისწინებს როგორც  ფონდის სტრუქტურულ რეორგანიზაციას, რეფორმირებას, ასევე სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ადმინისტრირების შეცვლას. მომავალში დაგეგმილია ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ორიენტირებული  სხვადასხვა თემატური ახალი კონკურსების გამოცხადებაც“.

მოგვიანებით დაგვიკავშირდა ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, რომელიც ამბობს, რომ წინა წლებში დაშვებულ შეცდომებზე ახალი მენეჯმენტი ვერ იქნება პასუხისმგებელი.

„თუ წინა წლებში ვინმემ რაიმე დააშავა, მე ამაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს, მე შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წლის აგვისტოში ჩემი მოსვლის შემდეგ, თავიდან ბოლომდე შეიცვალა კრიტერიუმები და მიდგომები, ამიტომ 2017-18 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებებთან მე არ მქონდა არანაირი შემხებლობა. ამის შემდეგ კი, ბუნებრივია მე ვაგებ პასუხს ნებისმიერ საკითხზე რომელიც ფონდს შეეხება“-ამბობს სამუშია.

____________________

ამ თემაზე:

8 მლნ ლარი გამოუყვეს ფონდს, სადაც აუდიტმა დარღვევები აღმოაჩინა

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 16 აპრილის 21 საათიდან 17 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 18 აპრილს მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა, მომდევნო 2 დღეს კი – უნალექო ამინდი.

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვაში მხილებული 79 პირიდან 44 დაკავებულია – სამი თვის სტატისტიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალ-მარტში, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 77 ფაქტი გამოვლინდა, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 79 პირი, რომელთა შორის 44 დაკავებულია.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 106 532 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 446 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

 

დადასტურდა 1077 ახალი შემთხვევა, 8 პაციენტი გარდაიცვალა – კოვიდი საქართველოში

Stopcov.ge-ს ცნობით, 16 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის  1 077 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 31 645 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდით 8 პაციენტი გარდაიცვალა.

15 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.4 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.04 %. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 548, საიდანაც 2 720 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი.

რეგიონებს შორის დღეს ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში.

 

აჭარაში კოვიდის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 16 აპრილი

16 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 344 პაციენტი მკურნალობს და მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

165 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში.

ქობულეთში გვარას საჯარო სკოლა კოვიდის გამო დაიხურა

დღეს, 16 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ გვარას საჯარო სკოლა დაიხურა კორონავირუსის შემთხვევის გამო.

ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი მასწავლებელს და ორ მოსწავლეს დაუდასტურდა.

16 აპრილის მდგომარეობით ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში 12 სკოლაა უკვედახურული. ონლაინსწავლებაზე იმყოფება 21 ცალკეული კლასი.

Exit mobile version