მთავარი,სიახლეები

მთავრობა ბობოყვათის სანაპიროზე 28 ჰექტარს ყიდის – საწყისი ფასი 48 მილიონია

28.05.2021 • 3799
მთავრობა ბობოყვათის სანაპიროზე 28 ჰექტარს ყიდის – საწყისი ფასი 48 მილიონია

ბობოყვათის სანაპიროს გასწვრივ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მომხიბვლელ სარეკრეაციო ზოლში, აჭარის მთავრობა 28,5 ჰექტარს ელექტრონული აუქციონით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 48 მილიონი ლარია, ხოლო ბიჯი – 450 000 ანუ თითქმის ნახევარი მილიონი.

ეს ტერიტორია განსაკუთრებული რეგულირების ზონას მიეკუთვნება და მისი განვითარებაც წინასწარ განსაზღვრული დეტალური განაშენიანების გეგმით უნდა განხორციელდეს, ეს აუქციონის ერთ-ერთი პირობაა.

ნაკვეთი მნიშვნელოვანია ასევე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, აქ აღმოჩენილია ანტიკური ხანის დიუნური ნამოსახლარები, თუმცა ტერიტორია სრულად შესწავლილი არ არის.

გასაყიდ ტერიტორიას რამდენიმე კერძო ნაკვეთიც ესაზღვრება, რომლებზეც ორსართულიანი საცხოვრებელი სახლები და მათი დამხმარე ნაგებობებია განთავსებული. თუმცა აუქციონის პირობებში მხოლოდ ერთი სახლის შესახებ არის მითითებული და იქვე აღნიშნულია, რომ ამ ქონების ნაწილი დაკავებულია [შემოღობილია] ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

საკადასტრო კოდს, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს მითითებული, ორი კერძო საკუთრება ესაზღვრება. მათ შორის ერთი გასაყიდად აუქციონზე გატანილი ქონებით მთლიანადაა შემოსაზღვრული და ამ ქონების გაყიდვის შემთხვევაში, მეპატრონეს, ფაქტობრივად, სხვის ტერიტორიაზე მოუწევს გავლა სახლში შესასვლელად, ხოლო მეორე სახლი მხოლოდ ნაწილობრივ ესაზღვრება გასაყიდ ნაკვეთს.

მწვანედ მონიშნულია გასაყიდი ტერიტორია – კიდევ ერთი შენობა კი, რომელიც ფოტოზე ჩანს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზეა. ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, ცხოვრობენ  თუ არა ამ შენობაში

ეს მეორე კერძო საკუთრებაა, რომელიც, ერთი მხრივ, გასაყიდ ტერიტორიას ესაზღვრება, ქვედა მხარეს კი მონიშნულია შპს “აჭარა რიალ ისთეითის” საკუთრება, თუმცა ამ სახლს გზაზე გასავლელი რჩება.

ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე მცირე ზომის შენობაა, თუმცა არ ვიცით გამოიყენება თუ არა ისინი საცხოვრებლად. ნაკვეთი, სადაც ეს შენობებია განთავსებული, მთავრობის ბალანსზეა.

       საინვესტიციო პირობები

მყიდველმა შეძენილი 28 ჰექტარის განვითარების კონცეფცია აჭარის მთავრობის მიერ შემუშავებული საინვესტიციო ოფერტის (teaser) დაგეგმარების გათვალისწინებით უნდა შექმნას და ნაკვეთების შეძენიდან 12 თვეში წარუდგინოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს – ეს ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

პირობების ჩამონათვალშია ასევე საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ტერასული განვითარება, საპლაჟე სექტორის გასწვრივ საფეხმავლო გზის, ე.წ. პრომენადის მოწყობა თავისი ველობილიკით. პრომენადიდან სამშენებლო მიწის ნაკვეთამდე კი უნდა დაიგეგმოს მწვანე ზოლი, შეუფერხებელი საზოგადოებრივი წვდომის პირობით.

პირველ ზოლში, ზღვიდან გზის მიმართულებით, საკუთრებაში გადაცემული ქონებიდან რიგის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 80 მ, სადაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვილების, ე.წ. “Beach House”-ის ან და სასტუმროს [გარდა სასტუმრო ტიპის აპარტამენტებისა] ან საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების განთავსება, როგორიც შეიძლება იყოს  კაფე, რესტორანი, გასართობი სივრცე.

მეორე ზოლში რიგის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 80 მ. აქ  შესაძლებელია განთავსდეს ვილები, აპარტამენტები ან საცხოვრებელი სახლები – ე.წ. “SEMI-DETACHED HOUSE” ან საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები, როგორიცაა: კაფე, რესტორანი, გასართობი და კომერციული სივრცე ან სასტუმრო.

მესამე ზოლში შესაძლებელია განთავსდეს პირველი და მეორე ზოლის ობიექტები, აგრეთვე, სხვა ტიპის ობიექტები.

აუქციონის პირობით  განსაზღვრულია ასევე პირველ, მეორე და მესამე ზოლში განსათავსებელი შენობების პარამეტრები:

პირველ ზოლში შენობა-ნაგებობების სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან არ უნდა აღემატებოდეს 10 მეტრს, მეორე ზოლში – 15 – ს, ხოლო მესამე ზოლში- 30 მეტრს.

ამ ყველაფერთან ერთად დასაშვებია, რომ ტერიტორიაზე გამოიყოს სპეციალური ადგილი, მათ შორის, პირველ და მეორე ზოლში, სადაც შესაძლებელი იქნება არაუმეტეს 2 მაღლივი სასტუმროსა და აგრეთვე, კომერციული ობიექტების განთავსება, თუმცა ეს პირობა არ ითვალისწინებს სასტუმრო ტიპის აპარტამენტების განთავსებას.

გასაყიდად გამოტანილ ტერიტორიაზე, კონკრეტულ ზოლებში, დაწესებული პარამეტრების გათვალისწინებით, უნდა განთავსდეს მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც უნდა მოიცავდეს, მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს:

არანაკლებ 300-ნომრიან სასტუმროს ან სასტუმროებს, დასასვენებელ და გასართობ სივრცეს და შესაბამის ინფრასტრუქტურას – აუზი, სკვერი, პარკი, სპორტული მოედნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ან  სარეაბილიტაციო ცენტრი, ცალკე მდგომი საზოგადოებრივი ან სავაჭრო დანიშნულების ობიექტები.

აუქციონის პირობის მიხედვით, ტერიტორიის არანაკლებ 75% უნდა წარმოადგენდეს რეკრეაციულ ზონას – ღია ტიპის შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი აუზი, პარკი, სკვერები, ღია სათამაშო მოედნები, სასეირნო ბილიკები, ველობილიკები, სარბენი ბილიკები, დასასვენებელი ზონები, გზები, პარკინგები, წყალსაცავები და წყლის არხები.

სასტუმრო ტიპის აპარტამენტის წილი არ უნდა იყოს ტერიტორიაზე განსათავსებელი ასაშენებელი შენობების საერთო ფართობის 65%-ზე მეტი.

პირობების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია ასევე მოეწყოს ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედანი და არანაკლებ 30 მცურავ საშუალებაზე [ნავი, იახტა და ა. შ.] გათვლილი ნავმისადგომი და პირსი. უნდა მოეწყოს ასევე არანაკლებ 500 ავტომობილისთვის გათვლილი საპარკინგე ადგილი. 

ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში მყიდველმა უნდა უზრუნველყოს ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] შემუშავება და დამტკიცება, გდგ უნდა მოიცავდეს შეთანხმებული კონცეფციით გათვალისწინებულ ობიექტებს. ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში ქონების მყიდველმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უნდა წარუდგინოს საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზი – ოთხი მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტის გაბარიტებისა და ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ჩვენებით, ასევე მიწის ნაკვეთზე საპროექტო ობიექტების დასმის გეგმა.

              კომპლექსის მართვა

აუქციონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მყიდველმა უნდა უზრუნველყოს მრავალფუნქციური კომპლექსის  მართვა სასტუმროს საერთაშორისო ბრენდის მიერ ან იმ სასტუმრო ოპერატორის მიერ, რომელიც კომპლექსის ამოქმედების მომენტისათვის OECD -ის წევრ ქვეყანაში ახორციელებს სასტუმრო ქსელის ოპერირებას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებები

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე არტეფაქტებისა და კულტურული ფენების აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებები უნდა გაატაროს. ეს, სპეციალისტების თქმით, უმეტესწილად ვერ უზრუნველყოფს საკვლევი ტერიტორიის დაცვას, რადგან ინვესტორების უმეტესობა დაინტერესებულია შეძენილ ნაკვეთზე მშენებლობის ოპერატიულად განხორციელებით და არქეოლოგიური კვლევების გამო დროის გაჭიანურება მის ინტერესებში არ შედის.

აუქციონი 25 ივნისს უნდა დასრულდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: