მთავარი,სიახლეები

ბსუ-ს კანცლერი თავის იმპიჩმენტზე – პროკურატურას გადავეცი მასალები

07.06.2021 • 2149
ბსუ-ს კანცლერი თავის იმპიჩმენტზე – პროკურატურას გადავეცი მასალები

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ალექსანდრე მითაიშვილი დღეს, 7 ივნისს, თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარის, დავით ბარათაშვილის განცხადებით, კანცლერმა ამ დრომდე არ წარადგინა გასული წლის ბიუჯეტის ხარჯვის და მიმდინარე წლის ანგარიშები.

მისი გადაყენების ოფიციალური მიზეზი სწორედ ეს ორი საკითხია.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ალექსანდრე მითაიშვილს. ის დღეს არ დასწრებია საბჭოს სხდომას, რომელიც მისი იმპიჩმენტით დასრულდა. ყოფილი კანცლერი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის არ ეთანხმება ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას. „ჩემს უფლებებს დავიცავ ბოლომდე. დღეს მივმართე პროკურატურას და გადავეცი შესაბამისი დოკუმენტაცია, ვაპირებ მივმართო სასამართლოსაც“, – ამბობს მითაიშვილი.

კითხვაზე, თუ რა დოკუმენტები გადასცა პროკურატურას და თუ დარღვევები არსებობდა უნივერსიტეტში, რატომ აქამდე არ ჰქონდა მას რეაქცია, მითაიშვილი ამბობს, რომ ჯერ საავადმყოფო ფურცელზეა და მიზებზე ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემდეგ ისაუბრებს საჯაროდ.

„ჯერ იმაზე უნდა მიპასუხონ, რამდენად ჰქონდათ ჩემი გათავისუფლების უფლება, რადგან საავადმყოფო ფურცელზე ვარ. გავეცანი ჩემი გადაყენების მიზეზებს და არც ერთს არ ვეთანხმები“, – ამბობს ის.

დავით ბარათაშვილი თავის მხრივ აცხადებს, რომ ყოფილ კანცლერს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი საავადმყოფო ფურცელი უნივერსიტეტისთვის არ წარუდგენია და მან მხოლოდ სიტყვიარად მიაწოდა უნივერსიტეტს ამის შესახებ ინფორმაცია.

ყოფილ კანცლერს ვკითხეთ, თუ რატომ არ წარადგინა ბიუჯეტის ფინანსური ანგარიში, რაზეც მითაიშვილმა გვიპასუხა, რომ „ბიუჯეტის წარდგენას შეზღუდული ვადები არ აქვს. მე არ მახსოვს, რომ რექტორს წარედგინა მისი ანგარიში და მასაც უპირებენ გადაყენებას?“

ასევე გავრცელდა ინფორმაცია უნივერსიტეტის შიდა აუდიტის დასკვნაზე, სადაც საუბარია, რომ ალექსანდრე მითაიშვილმა პანდემიის პერიოდში 4 ათას ლიტრზე მეტი საწვავი დახარჯა. ასევე, ავტომანქანის რემონტისთვის დახარჯული თანხა აღემატება ავტომანქანის თვითღირებულებას.

ალექსანდრე მითაიშვილი არც ამ ბრალდებას ეთანხმება და ამბობს, რომ სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებს: „სრული სიყალბეა ეს. აუდიტის დასკვნაში ნახსენები იყო წლიური ლიმიტი. მე ამ წლიური ლიმიტიდან ერთი წლის განმავლობაში დახარჯული მაქვს 159 ლიტრი საწვავი და აუცილებლად გავასაჯაროვებ ამ დასკვნას. სარემონტო ხარჯებს რაც შეეხება, ამაზე მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას.“

ალექსანდრე მითაიშვილი უნივერსიტეტის კანცლერად 2019 წელს აირჩიეს. მანამდე ის ბათუმის ვიცე-მერი იყო.

_______________

ამავე თემაზე:

რატომ მოუწყეს იმპიჩმენტი ბსუ-ს კანცლერს – უნივერსიტეტის განმარტება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: