მთავარი,სიახლეები

„რომ შემოვედი და ბატონი არჩილი დავინახე, გამიხარდა“ – მადლობები მერს საკრებულოსგან

25.06.2021 • 1979
„რომ შემოვედი და ბატონი არჩილი დავინახე, გამიხარდა“ – მადლობები მერს საკრებულოსგან

„რომ შემოვედი და ბატონი არჩილი დავინახე, გამიხარდა“, „დღეს შესანიშნავი დღეა“, „პანდემიის შემდეგ რაც ჩვენ გადავიტანეთ, მართლა კარგი დღე გვაქვს“, „მივესალმები ქალაქ ბათუმის მერს, შესანიშნავი დღე გვაქვს“ – ასე აღფრთოვანებით შეხვდნენ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ ჩიქოვანს დღეს, 25 ივნისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე.

აღფრთოვანების მიზეზი გაზრდილი ბიუჯეტი იყო.

გაზრდილი ბიუჯეტისთვის, ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესახებ დაწვრილებით მოხსენებისთვის, კარგი გუნდისთვის, კარგი მუშაობისთვის და ასე შემდეგ – „ოცნების“ უმრავლესობისგან არჩილ ჩიქოვანმა ბევრი მადლობა მიიღო, მას დღეს საკრებულოში ტაშიც დაუკრეს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკრებულოს წევრების ჩართულობა ბიუჯეტის განხილვისას ძირითადად მერისთვის გადახდილი მადლობებით შემოიფარგლა.

ოპოზიცია გაზრდილი ბიუჯეტით კმაყოფილია, მაგრამ მერიის მუშაობით უკმაყოფილო, არჩილ ჩიქოვანმა კი მათ ტრიბუნიდან „ხალხის ოპოზიცია“ უწოდა.

ბათუმის ბიუჯეტი ცვლილების დამტკიცების შემდეგ 48 მილიონით გაიზარდა, მათ შორის 28 მილიონ 766 800 აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერია, 11 მილიონ 807 800 ლარი კი სპეციალური ტრანსფერი. 1 მილიონ ლარზე მეტი ბათუმის ბიუჯეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაითვალისწინეს ტრანსფერის სახით, ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შესყიდული საქონლისა და მომსახურების დღგ-ის 50% გადახდის მიზნით.

„დიდ მადლობას მოგახსენებთ ბატონო არჩილ ასეთი კარგი ბიუჯეტის, ასე დაწვრილებით მოხსენებისთვის… შენიშვნა არა მაქვს, მადლობა მინდა მოგახსენოთ იმ სიკეთისათვის, რაც თქვენამდე ვერავინ ვერ გააკეთა და თქვენ გაითვალისწინეთ, ეს არის ბონი-გარადოკის ტერიტორიაზე ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღება და ბიუჯეტში გათვალისწინება. ჩემი და მოსახლეობის სახელით მადლობას გიხდით“- ეს „განსაკუთრებული მადლობა“ მერიის მოვალეობის შემსრულებელმა საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარისგან, გოჩა მგელაძისგან მიიღო.

იმდენად პოზიტიური დღეა, რომ მადლობის თქმა მხატვრულად მინდოდა, გადავიფიქრე, მაგრამ მაინც ვიტყვიო – განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნატალია ზოიძემ:

„იმდენად პოზიტიური თემაა, ყველას გვინდა რაღაცის თქმა, კარდიოგრამას რომ შევადარო ჩემი გულისცემა, მინდა ვთქვა, რომ 2016 წლიდან გვქონდა ბიუჯეტის ზრდა და ეს ყოველთვის იყო ჩემთვის სასიამოვნო. პანდემიამ ეს შეაჩერა, თუმცა დღეს არის ულამაზესი ტეხილი გაკეთებული, იმიტომ, რომ ძალიან მსხვილი დანამატია.“

ამ განცხადების შემდეგ ნატალია ზოიძემ არჩილ ჩიქოვანს გუნდი შეუქო – პირადი კომუნიკაციების დროს ძალიან მოკლე, ლაკონურ და შედეგზე ორიენტირებულ პასუხებს გვცემენო. მისი შექება მუნიციპალურმა ინსპექციამაც დაიმსახურა.

საკრებულოს სხდომა

ნატალია ზოიძემ გააჟღერა ასევე ინიციატივა საზოგადოებრივ სივრცეებში ვიდეოკამერების დამონტაჟების საჭიროებაზე ვანდალური ფაქტების აღსაკვეთად.

მადლობის სათქმელად ჩაეწერა მომხსენებელთა სიაში საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ ბესარიონ გოგოტიშვილიც. ბოლოს მრავალშვილიან ოჯახებს რომ ბინები გადაეცით, ძალიან გახარებულები არიან და დიდი მადლობაო – უთხრა მან მერის მოვალეობის შემსრულებელს.

არჩილ ჩიქოვანმა იურიდიული კომისიის თავმჯდომარის დავით მახარაძის პერსონალური მადლობაც დაიმსახურა, მან მერს ერთი ღარიბი ოჯახის დახმარებაც სთხოვა.

მადლობებს დაემატა საკრებულოს წევრის, ნერიმან ცინცაძის განსაკუთრებული მადლობაც:

„ძალიან კარგად მოგვაწოდეთ ბიუჯეტი, მადლობა. ადამიანები, რომლებსაც ეჭვი ეპარებოდათ, დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად გაკეთდება , სოციალურ დაცვაში გადანაწილებულ თანხას აბსოლუტურად ვეთანხმები, ვისურვებდი, რომ ქრონიკული დაავადებულების მქონე პაციენტებს დავეხმაროთ მედიკამენტების შეძენაში“ – თქვა ნერიმან ცინცაძემ.

მერმა მიიღო ასევე საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარის, ზურა ნაკაიძის განსაკუთრებული მადლობა „ინტენსიური შრომისათვის“ და „ხალხზე მორგებული ბიუჯეტისთვის.“

„პანდემიის შემდეგ რაც ჩვენ გადავიტანეთ, მართლა კარგი დღე გვაქვს, რამ გამოიწვია ეს? – იმან, რომ უკვე დაწყებულია ეკონომიკური ზრდა საქართველოში“ – განაცხადა ზურა ნაკაიძემ.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა მიიღო ასევე საკრებულოს წევრის, მიშა ართმელაძის მადლობა ბიუჯეტის გაზრდისა და „სხვა, კარგი გადაწყვეტილებების“ გამო. მიშა ართმელაძემ არჩილ ჩიქოვანის დანახვით გამოწვეული სიხარულის შესახებაც განაცხადა:

„რომ შემოვედი და ბატონი არჩილი, ასევე ბატონი ედნარი დავინახე, გამიხარდა“ – თქვა მან.

ედნარ ნატარიძე მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსია. ჩიქოვანმა ასევე მიიღო განათლების კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარაძის პერსონალური მადლობა: „მივესალმები ქალაქ ბათუმის მერს, შესანიშნავი დღე გვაქვს!“

საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძემ გაზრდილ ბიუჯეტს „არჩევნებზე მორგებული“ უწოდა.

„კარგი იქნებოდა ყველა წელს იმართებოდეს არჩევნები საქართველოში, იმიტომ, რომ მაშინ გახსენდებათ მოსახლეობის კეთილდღეობა, გზების დაგება, ინფრასტრუქტურის მოწყობა… ჩანს, რომ ეს არის საარჩევნო ბიუჯეტი, კარგია, რომ ამ ყველაფერს აკეთებთ, მოასწრებთ არჩევნებამდე, იმიტომ, რომ რომ გარდაუვალია თქვენი წასვლა“.

საკრებულოს სხდომა

საკრებულოს ახალი წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნაზი ფუტკარაძე [მან ლევან ანთაძე ჩაანაცვლა] დაინტერესდა, რატომ დააბრუნა ბაღების გაერთიანებამ სამსახურში თანამშრომელი, რომელსაც ბაღიდან პროდუქტის მოპარვაში დასდეს ბრალი:

„ასევე მაინტერესებს, რატომ მიდიან პროფესიონალები სამსახურებიდან და მოდიან ოცნების მხარდამჭერები?“ – იკითხა მან.

მერმა მას უპასუხა, რომ ოპოზიციის რიტორიკას არ აჰყვება:

„ახლა რაც შეეხება ხალხის ოპოზიციას, რომლებიც ვერ მალავენ სიძულვილის ენას, პიროვნულ შეურაცხყოფებს. ეს ძალიან მიუღებელია ჩემთვის, ვერანაირად ვერ აგყვებით რიტორიკაში, პირიქით საქმიანად გაგცემთ პასუხს და გეტყვით, რომ დაწყებული ბაღების გაერთიანებით, დამთავრებული ყველა საკადრო გადაწყვეტილებით ჩვენი მუნიციპალური პოლიტიკა არის გამჭვირვალე.

ყველასთან დაკავშირებით შესაძლებელია კონკრეტული დოკუმენტაციის მოძიება და თუ თქვენს წარმოსახვაში რაიმე ტიპის დარღვევები არის, შესაძლებელია, რომ მიმართოთ შესაბამის უწყებებს. შეურაცხმყოფელ რიტორიკას მე არ ავყვები, გაქვთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ დამნაშავეა ის ქალბატონი? – თქვენ არ ხართ მსაჯული და ვერ იქნებით, ამიტომაც გეძახით  ხალხი ხალხის ოპოზიციას და ძალიან ცუდია, რომ ბათუმის ოპოზიციაც ვიხილეთ დღეს ამ დარბაზში“ – მიმართა მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ნაზი ფუტკარაძეს.

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილება საკრებულოს უმრავლესობამ ერთხმად დაამტკიცა. წინააღმდეგი მხოლოდ ორი წევრი იყო ოპოზიციიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: