მთავარი,სიახლეები

გახარიას პარტიას ბათუმში ოფისს იძულებით ატოვებინებენ

26.06.2021
გახარიას პარტიას ბათუმში ოფისს იძულებით ატოვებინებენ

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მიქელაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ პარტია „საქართველოსთვის“ იძულებულია ბათუმში ცოტა ხნის წინ გახსნილი ოფისი დატოვოს: „მივმართავთ მოქალაქეებს, რომ თუ ვინმე აქირავებს ოფისს, დავინტერესდებით.“

ირაკლი მიქელაძის თქმით, გახარიას პარტიამ ტელეკომპანია „იმედში“ გასული სიუჟეტით შეიტყო, რომ შენობის მესაკუთრე მათგან ოფისის დაცლას ითხოვდა. პარტიას მეპატრონესთან უშუალო კონტაქტი ჯერ არ ჰქონია. ირაკლი მიქელაძე დარწმუნებულია, რომ ოფისის მეპატრონე ზეწოლის ქვეშაა და ის სახელისუფლებო გუნდმა დააშინა.

„არამხოლოდ ტელევიზიით, ეს ჩვენ გავიგეთ სახელისუფლებო ტელევიზიის მეშვეობით, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურად ტირაჟირებდა იმ სიცრუეს, რომელსაც ჩვენ ყველანი ვხედავდით. ის, რომ ეს ადამიანი დაწერილი ტექსტით საუბრობდა, მგონი არავისთვის გასაკვირი არ იქნება. ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ იძულებული გახდა ჩვენთვის ეს მოეთხოვა. ჩვენ თანავუგრძნობთ ამ ადამიანს და აბსოლუტურად გვესმის მისი“, – განაცხადა ირაკლი მიქელაძემ ბრიფინგზე, რომელიც მან „იმედზე“ სიუჟეტის გასვლის შემდეგ ჩანიშნა.

პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ შენობის მეპატრონე, როგორც ამას ტელევიზიასთან აცხადებდა, პარტიას ოფისის დატოვებას უახლოეს მომავალში მოსთხოვს: „ჩვენ დავტოვებთ ოფისს ხელშეკრულების მიხედვით, მოთხოვნიდან ერთი თვის ვადა გვაქვს, რომ დავტოვოთ ფართი“.

ინფორმაცია, რომ გახარიას გუნდს ბათუმში შესაძლოა ოფისის დაცლა მოუწიოს, დღეს, 26 ივნისს, ტელეკომპანია „იმედმა“ ექსკლუზიურად გაავრცელა.

ოფისის მეპატრონე სატელეფონო საუბარში აცხადებდა, რომ ის გახარიას პარტიასთან გაფორმებული კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს. მისი თქმით, „სურათი, რაც იყო დაქირავების დროს, შეიცვალა“ და ეს მისთვის „კატეგორიულად მიუღებელია“.

„რასაც ვხედავ ტელევიზორში, არის ჩემთვის მიუღებელი, რაზეც თქვენი ტელევიზია საუბრობს, რისიც მე მჯერა და სხვა ტელევიზიებიც, არ მომწონს, მიუღებელია“, – განაცხადა ქონების მესაკუთრემ, ლაშა ახალაიამ „იმედთან“ სატელეფონო საუბარში.

„იმედის“ ინფორმაციით, ოფისის მეპატრონე ყოფილ პრემიერსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შესაძლო კავშირზე გაჟღერებულ ინფორმაციას გულისხმობს.

პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხელშეკრულება ოფისის დაქირავებას 1-ელ ნოემბრამდე ითვალისწინებდა. თუმცა პარტია არ აპირებს მესაკუთრეს უჩივლოს, რადგან დარწმუნებულია, რომ მასზე ზეწოლა განახორციელეს და ეს ყველაფერი მას 2012 წელს ახსენებს, როცა „ოცნებას“ ოფისებს აცლევინებდნენ.

ირაკლი მიქელაძის ინფორმაციით, მსგავსი პრობლემა, როცა კონკრეტული შეთანხმების შემდეგ პარტიას მოულოდნელად უარს ეუბნებიან ოფისი მიქირავებაზე, სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: