მთავარი,სიახლეები

„სიცოცხლე მინდა, დამეხმარეთ“ – 45 წლის კაცი გულის გადანერგვისთვის ფულს აგროვებს

30.07.2020 • 8600
„სიცოცხლე მინდა, დამეხმარეთ“ – 45 წლის კაცი გულის გადანერგვისთვის ფულს აგროვებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში 45 წლის როლანდ ნოღაიდელი უკვე ყოველ დღე სიცოცხლისთვის იბრძვის. მას გულის გადანერგვა სჭირდება, ამისთვის კი 100 ათასი დოლარია საჭირო.

ხუთსულიანი ოჯახის შემოსავალი ახლა მხოლოდ როლანდის და მისი დედის, 74 წლის ნანული თურმანიძის პენსიაა, ოპერაციისთვის საჭირო თანხა ოჯახს არ აქვს. როლანდი ამბობს, რომ ოპერაციისთვის საჭირო თანხის ნაწილს, 80 ათას ლარს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დაჰპირდა, თუმცა საჭიროა კიდევ მინიმუმ 220 ათასი ლარი.

როლანდის დიაგნოზია დილატაციური კარდიომიოპათია.

„2018 წელს გადავიტანე ინფარქტი, მაშინ დამიდგინეს დიაგნოზი. გულის გადანერგვის გარეშე არაფერი გამოვა. კეთილ ხალხს მინდა მივმართო, სიცოცხლე მინდა, დახმარებას ვითხოვ.

ექიმი იყო ბელორუსიდან ჩამოსული, მნახა თბილისში რომ ვიწექი, მე უნდა ჩავსულიყავი და თვითონ ჩამოვიდა, ასეთი მძიმე ავადმყოფი არ უნდა ჩამოვიდეს, მე ჩავალო. თქვა – ეს ადამიანი გადასარჩენია, გულის გარდა ყველა ორგანო ჯანმრთელიაო, მაგრამ ძალიან დიდი თანხაა საჭირო და ვერ ვწვდები ვერანაირად. 600-700 ლარის მედიკამენტი მჭირდება თვეში, რას გავწვდები?!

საავადმყოფოებში ვარ ხშირად, რეანომობილს მივყავარ. ჟანგბადის ბალონზე ვარ დამოკიდებული, ვწვალობ“, – ამბობს როლანდი.

ოთახში ორი ჟანგბადის ბალონია, ამის გარეშე როლანდის აღარ შეუძლია ცხოვრება. მთელი დღეები საწოლშია, ფანჯრიდან ხედავს სოფლის მთებს და ფიქრობს.

„ყველას მივმართე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროც დამეხმარა, 80 ათასი ლარის გამოყოფას დამპირდნენ. მაგრამ გულის გადანერგვისთვის დიდი თანხაა საჭირო. 300 000 ლარზეა საუბარი. თანხა რომ მქონდეს, წავიდოდი, დონორიც გვყავს, მაგრამ ფული არ არის.

ძალიან ძნელია, როცა იცი, რომ შეგიძლია გადარჩე, მაგრამ ფული არ გაქვს… იცი, რომ გადარჩები, მაგრამ ვერანაირად ვერ ახერხებ, რომ სიცოცხლე შეინარჩუნო.

არ ვიცი, რატომ დამემართა ეს დაავადება. ექიმებიც მეუბნებიან, ვერ ვხდებით, რატომ არის შენი გული ასე დაზიანებულიო“.

როლანდის პენსიონერი დედა, მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. როლანდის მეუღლე, ხათუნა, გვიყვება, რომ 17 წლის სოფო ფეისბუქზე ყველა ფონდს, ყველა ჯგუფს სწერს, რომ მამა გადაარჩინოს:

„ჩემს შვილებს სხვა სათხოვარი აღარ აქვთ. ერთადერთი გზა დაგვრჩა, რომ როლანდმა გული გადაინერგოს და იცოცხლოს, სხვა რამეზე ფიქრი არ შეგვიძლია.

გულის დონორი უკვე არის, მაგრამ უფულობის გამო ვერ მივდივართ. ყველას ვთხოვ, მოქალაქეებს, კომპანიებს, ემიგრანტებს, თუნდაც ერთი ლარი ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია“, – ამბობს ხათუნა.

როლანდის გულში სპეციალური აპარატი, დეფიბრილატორი აქვს ჩადგმული. როლანდის დედა, 74 ნანული თურმანიძე ამბობს, რომ როცა მათ ეზოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შემოდის, რცხვენია, რადგან დახმარება მას კი არა, მის შვილს სჭირდება:

„ყველაზე მეტად ალბათ ის დედები გამიგებენ, რომლებიც ჩემს დღეში არიან. ძალიან ძნელია, როცა შვილს უყურებ ასეთ მდგომარეობაში. შვილს, რომელსაც სიცოცხლე უნდა, მხოლოდ თანხაა პრობლემა და ვერ ეხმარები.

სამი წელია არ დამიძინია, შვილს რომ სუნთქვა უჭირს, როგორ დაიძინებ“.

როლანდი გვიყვება, რომ ამჟამად მისი გულის განდევნის ფრაქცია 12-ია, ეს კი დაბალი მაჩვენებელია.

„ძალიან ვშიშობ, ქვემოთ არ წამოვიდეს განდევნის ფრაქცია. რა ხდება თუ ქვემოთ წამოვა?! მაშინ ადამიანი უკვე თავისუფალია, მორჩება ყველაფერი“, – გვეუბნება როლანდი და ცრემლის შეკავებას ცდილობს.

_____________________________

როლანდ ნოღაიდელის დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ გადარიცხონ შემდეგ ანგარიშზე:

TBC ბანკი – GE46TB7951745061100097 – მიმღები ხათუნა ნოღაიდელი 

ლიბერთი ბანკი – GE65LB0711196925985000 – მიმღები ხათუნა ნოღაიდელი 

საქართველოს ბანკი – GE72BG0000000162394877 – მიმღები ხათუნა ნოღაიდელი 

მაგთისა და ბილაინის აბენენტებისთვის – 0901 701 543

გადაბეჭდვის წესი


ასევე: