რა ნომრებით იმოძრავებენ ლურჯი ავტობუსები – ახალი ხაზი „ჭაობის უბნისთვის“


ლურჯი ფერის მუნიციპალური ავტობუსი ბათუმში N10 მარშრუტზე იმოძრავებს. ახალი ავტობუსები ახალ ხაზზეც იმოძრავებენ, რომელიც არსებულ მარშრუტებს პირველი სექტემბრიდან დაემატება.

ახალი მარშრუტის სქემაა: ბათუმის ყინულის მოედანი/ორბელიანის ქუჩა-ლერმონტოვის ქუჩა-გრიბოედოვის ქუჩა-ჯავახიშვილის ქუჩა-გორგილაძის ქუჩა-ბარათაშვილის ქუჩა-თბილისის მოედანი. ამ ხაზზე რა ნომრით იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი.

ახალი ავტობუსები ამ ეტაპზე სხვა ხაზებზე არ იმოძრავებენ.

მერიის განცხადებით, ახალი, ლურჯი ავტობუსებით მგზავრობა პირველ სექტემბერს, „ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, უფასო იქნება.

ავტობუსების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [EBRD] გამოაცხადა. ბათუმის მერიაში სატენდერო პაკეტი 2018 წლის 15 მარტს გაიხსნა. წინადადება, მერიის ინფორმაციით, უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ  – „ჩერკასკი ავტობუსმა“ წარმოადგინა. კომპანია მერიას „ისუზუ ატამანის“ მოდელის 40 ავტობუსის მიწოდებას სთავაზობს. 15 ავტობუსი კომპანიამ უკვე შემოიტანა და ხელშეკრულების ფარგლებში, წელს კიდევ 25 ახალი ავტობუსი უნდა შემოიტანოს.

დიზელზე მომუშავე 40 ავტობუსში მერია ჯამში 3 მილიონ 137 ათას ევროს, ანუ, ერთ ავტობუსში 78 ათას 425 ევროს გადაიხდის.

ბათუმის მერიის განცხადებით: „ავტობუსი 60 ადამიანზე [ჯდომით და დგომით] არის გათვლილი და არსებულ ავტობუსებთან შედარებით ახალი სატრანსპორტო საშუალება 50%-ით ეკონომიური იქნება. ბათუმის ავტობუსების პროექტის დასაფინანსებლად ბათუმის მერიამ დაბალპროცენტიანი სესხი [5,5 მილიონი ევრო] და 1,5 მილიონი ევრო მიიღო გრანტის სახით. ჯამში ავტობუსების შესაძენად 7 მილიონი ევრო დაიხარჯება. პროექტის განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის სასესხო ხელშეკრულება 2017 წლის 13 ივლისს გაფორმდა“.

აღნიშნული თანხით მერიამ ქალაქისთვის 10 ელექტროავტობუსიც უნდა შეისყიდოს, რისთვისაც ტენდერი, როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, მიმდინარე წლის ბოლომდე გამოცხადდება. ახალი ელექტროავტობუსების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერს კვლავ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი [EBRD] გამოაცხადებს.

ახალი ავტობუსების პრეზენტაცია ბათუმში / 29.08.2018 / ბათუმის მერიის ფოტოები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com