მეუფე სტეფანეს მიერ დასჯილმა ბერ-მონაზვნებმა შესაძლოა მსოფლიო საპატრიარქოში იჩივლონ

საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესიის უახლეს ისტორიაში პირველად, შესაძლოა ქართველმა სასულიერო პირებმა სამართლის საძიებლად მსოფლიო საპატრიარქოს მიმართონ.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი წმინდა სინოდი, რომელიც აღდგომის შემდეგ უნდა შეიკრიბოს, ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დასჯილ სასულიერო პირებს დაკისრებულ სასჯელს არ გაუუქმებს.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან (1917 წელი) დღემდე არ ყოფილა შემთხვევა, როცა საპატრიარქოს აპელაცია მიეღოს თავის მიერ დასჯილი სასულიერო პირისგან და შემდეგ ამ სასულიერო პირს აპელაცია გაეგზავნოს მსოფლიო პატრიარქთან.

რა მოხდა?

2021 წლის 5 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში 16 სასულიერო პირის სააპელაციო მიმართვა შევიდა. აპელაციის ხელმომწერები ითხოვდნენ, მეორე ინსტანციის სასამართლომდე ანუ სინოდის სხდომამდე, წმინდა სინოდს შეეჩერებინა ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს ბრძანება, რომლითაც ოთხ მღვდელს მსახურება აუკრძალა, ერთი კი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა.

8 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში მღვდელმთავართა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც 15 მღვდელმთავარი ესწრებოდა, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები იყო.

საპატრიარქოს პრესსამსახურის თანახმად, შეკრებაზე მყოფმა მღვდელმთავრებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მიტროპოლიტ სტეფანეს. ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე ამბები კი შეაფასეს, როგორც „გარკვეული სასულიერო პირების დესტრუქციული ქმედებები, უხეში დარღვევა საეკლესიო კანონიკისა და ამბოხი ეკლესიისა და მისი ერთობის წინააღმდეგ“.

„იმ სასულიერო პირებს, ვინც მეუფე სტეფანესგან მიიღო სხვადასხვა ეპიტიმია, დაემორჩილონ და შეასრულონ მღვდელმთავრის მითითებსა და გადაწყვეტილებებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მათ სააპელაციო წერილი აქვთ გაგზავნილი საპატრიარქოში. აღნიშნულ წერილს წმინდა სინოდი განიხილავს და სწორედ ამ აპელაციის შედეგს უნდა დაელოდონ სასულიერო პირები. მღვდელმთავართა თქმით, აპელაციის შედეგის დადგომამდე ისინი ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებებსა და კურთხევებს,“ – ვკითხულობთ საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებაში.

რატომ დასაჯა მიტროპოლიტმა სტეფანემ სასულიერო პირები

მიტროპოლიტმა სტეფანემ 11 თებერვლიდან დღემდე 6 ბრძანება გამოსცა. ამ ბრძანებების თანახმად, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო სასჯელი დაადო – ზოგს ღვთისმსახურება აუკრძალა, ზოგს – ზიარების მიღების უფლება, არქიმანდრიტ ათინოგენს წოდება ჩამოართვა და სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, გადააყენა მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი სოსანა, მოგვიანებით კი მისი სხვა მონასტერში გადაყვანის ბრძანება გამოსცა. მიტროპოლიტი სასულიერო პირებისთვის დასჯას „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების მცდელობასა და დაუმორჩილებლობის ქმედებებში მონაწილეობის“ მოტივით ხსნის.

თეოლოგი ზვიად ცაბაძე ამბობს, რომ მიტროპოლიტის ბრძანებები პროცედურული ნორმების დარღვევითაა გამოცემული, რაც ამ გადაწყვეტილებებს უკანონოს ხდის.

„[მეუფე სტეფანეს ბრძანებებში] პროცედურული დარღვევებია, რადგან მეუფე სტეფანემ არ მოიწვია ადგილობრივი სასამართლო, რომელსაც თავად უხელმძღვანელებდა, სადაც გამოკითხავდა მამა ათინოგენესა და სხვა სასულიერო პირებს, მოუსმენდა მათ, გაიგებდა რაზე იყო საუბარი. თუ მოწმეები არსებობდა, მოწმეებს მოუსმენდა. ამ მოსმენის შემდეგ, თუკი ჩათვლიდა საჭიროდ, როგორც მღვდელმთავარს ჰქონდა უფლება ეს [საეკლესიო სასჯელის დადება] ერთპიროვნულად გადაეწყვიტა. მაგრამ რადგან მან პროცედურები დაარღვია, ეს ფაქტი უკანონოს ხდის მის გადაწყვეტილებას,“ – ამბობს თეოლოგი.

თეოლოგის თქმით, მიტროპოლიტმა სტეფანემ პროცედურული დარღვევებით გადააყენა დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან მონაზონი სოსანაც.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარს, დედა სოსანას წინამძღვრობა 29 მარტს ჩამოართვა.

„მეუფე სტეფანემ დედა სოსანას წინამძღვრობა ჩამოართვა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, სჯულის კანონი აქ თავისუფლებას აძლევს ეპისკოპოსს. ამ ნაწილში მეუფე სტეფანეს ვერ შევედავებით, მას ამის უფლება ჰქონდა, მაგრამ არა ისე, როგორც მან გააკეთა. მან ეს გააკეთა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ყოველგვარი დაწვრილებითი გამოკითხვისა იმ პრობლემებისა, რაც დედა სოსანას ჰქონდა. ეს იყო მიკერძოებითი, დედა სოსანასადმი წინასწარი ნეგატიური განწყობით მიღებული გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაშიც პროცედურების დარღვევასთან გვაქვს საქმე.

მიტროპოლიტი სტეფანე აკეთებს ყველაფერს ვითომ კანონით, მაგრამ კანონით დადგენილ პროცედურებს არ ითვალისწინებს. წინამძღვრობა რომ ჩამოართვა, იქ მხოლოდ მონაზვნები არ უნდა ყოფილიყვნენ. იქ უნდა ყოფილიყო ყველა, ეპარქიის სამღვდელოებიდან, ყველა მონაზონი. ეს გაწერილია როგორც სჯულის კანონში, ისე დებულებაში. საეპარქიო საბჭოზე უნდა მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების მიღება იმის შემდეგ, რაც დედა სოსანას მიეცემოდა თავის მართლების საშუალება,“ – განმარტავს თეოლოგი ზვიად ცაბაძე.

ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის შემდეგ, მიტროპოლიტმა სტეფანემ ბრძანება გამოსცა და ორი მონაზონი ლასურიის დედათა მონასტერში გადაიყვანა. ბრძანება უჩვეულო ვითარებაში გამოიცა – მაშინ, როცა მონაზონი სოსანა მორჩილ ნინოსთან ერთად დედათა მონასტრის კართან იდგა და მონასტრის კარის გაღებას ითხოვდა.

მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზვნის და მორჩილის სხვა მონასტერში გადაყვანის ბრძანება, 1-ელ აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე გამოსცა. ბრძანებაში, რომელიც ეპარქიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე 23:18 საათზე გამოქვეყნდა, წერია: „მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაში ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში“.

ბრძანება კომენდანტის საათის დროს გამოიცა. მაშინ, როცა მონაზონი და მორჩილი მარტვილის დედათა მონასტრის კართან იდგნენ და კარის გაღებას ითხოვდნენ. მიტროპოლიტ სტეფანეს ბრძანებით მათ არ გაუღეს იმ მონასტრის კარი, რომლის აშენებაშიც დიდი წვლილი ჰქონდათ შეტანილი, როგორც სასულიერო პირებს.

ამ გადაწყვეტილების მიღებიდან მალევე, 4 აპრილს, მიტროპოლიტმა სტეფანემ „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისათვის“ სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი) და ჩამოართვა არქიმანდრიტის წოდება. ასევე მღვდელმსახურება აუკრძალა 4 სასულიერო პირს – იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელ მირიან მესხაძეს, მღვდელ-მონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი), დიაკონ ანანია კალანდიას.

სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა სასულიერო პირების სააპელაციო მიმართვა, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ დასაშვებად ცნო და მიიღო.

როგორც თეოლოგი ზვიად ცაბაძე ამბობს – „სჯულის კანონის მიხედვით, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თუკი დასჯილი პირები წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი იქნებიან, სრული უფლება აქვთ მიმართონ მსოფლიო საპატრიარქოს საბოლოო განაჩენისთვის. საპატრიარქოს არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი ამ პროცესის შესაჩერებლად“.

სად მდებარეობს და ვინ მართავს ჭყონდიდის ეპარქიას

ჭყონდიდის ეპარქია დასავლეთ საქართველოში ორ მუნიციპალიტეტს – მარტვილს, აბაშას და ამ მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებს მოიცავს.

დღევანდელი ჭყონდიდის ეპარქია მიტროპოლიტ პეტრე (ცაავას) სახელს უკავშირდება. ის 13 წლის განმავლობაში, 2006 წლის 21 დეკემბრიდან 2019 წლის 31 ოქტომბრამდე იყო ეპარქიის ხელმძღვანელი. თეოლოგთა თქმით, მეუფე პეტრე იყო პატრიარქის ფავორიტი მღვდელმთავარი. ამას ადასტურებს ისიც, რომ ეპარქიის პარალელურად მეუფე პეტრე 2008 წლიდან ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“.

მიტროპოლიტ პეტრეს შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) იყო. მიტროპოლიტი გრიგოლი ეპარქიაში 2019 წლის 31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის შემდეგ განაწესეს.

წმინდა სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიას ორი თვის წინ კიდევ ერთხელ შეეცვალა მმართველი. ეპარქიას 2021 წლის 11 თებერვლიდან მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ხელმძღვანელობს. ის ამავდროულად არის ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსიც.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე

რა მოხდა 2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე

2019 წლის 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის ეპარქიის მაშინდელ ხელმძღვანელს, მიტროპოლიტ პეტრე (ცაავას) მღვდელმთავრობა ჩამოართვეს. სინოდის სხდომიდან გამოსულმა პეტრე ცაავამ ჰომოფობიური ენით განაცხადა, რომ პატრიარქმა, მღვდელმთავრობიდან ეკლესიაში „მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო განაყენა”.

თუმცა მიტროპოლიტ პეტრეს ჩამოშორების პროცესი 2017 წლიდან დაიწყო. 2008 წლიდან 2017 წლამდე მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც მეუფე პეტრემ საქართველოს საპატრიარქოში არსებული სიტუაციის საჯარო კრიტიკა დაიწყო, სინოდმა ის ტელევიზიის დირექტორობიდან გადააყენა.

რა აკავშირებთ მიტროპოლიტ პეტრესა და დასჯილ მღვდელმსახურებს 

მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) და ჭყონდიდის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი ათეულობით სასულიერო პირი საჯაროდ თუ პირად საუბრებში ჰომოფობიური ენის გამოყენებით ამბობენ, რომ საქართველოს პატრიარქი ჰომოსექსუალია.

იმ მღვდელმსახურთა უმრავლესობა, რომლებიც მიტროპოლიტმა სტეფანემ დასაჯა, მიტროპოლიტ პეტრეს უჭერს მხარს. ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელ-მონაზვნები სვამენ კითხვებს, ითხოვენ სინოდმა გამოიძიოს და განიხილოს ის ბრალდება, რომელიც პატრიარქს აქვს წაყენებული. თუმცა ამ დრომდე საკითხის განხილვა არ დაწყებულა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ არსებულ ბრალდებებზე საუბრისას სასულიერო პირები ამბობენ, რომ არსებობენ მოწმეები, ვისაც პირადი ისტორიები აქვთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. მათივე თქმით, ასევე არსებობს კადრები, რომლებიც პატრიარქის პირად ცხოვრებას ასახავს.

რატომ არ სურთ სასულიერო პირებს მიტროპოლიტ სტეფანესთან ერთად მღვდელმსახურება

ჭყონდიდის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფ სასულიერო პირთა ერთი ჯგუფი ღიად ამბობს, რომ მათ აქვთ კითხვები და სჭირდებათ ამ კითხვებზე პასუხები.

სამი თვის განმავლობაში, რაც მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიას ხელმძღვანელობს, მიტროპოლიტსა და სასულიერო პირებს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ყველა შეხვედრა დაპირისპირებით დასრულდა.

პატრიარქის მიმართ არსებული ბრალდების შესახებ კითხვების დასმა გახდა მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვრის, მონაზონ სოსანას დასჯის მიზეზიც.

სასულიერო პირთა ნაწილი მიტროპოლიტ სტეფანეს ღიად უწოდებს „ცრუ მიტროპოლიტს“. ისინი უარს აცხადებენ მასთან ერთად მსახურებაზე. ზოგიერთი კი ითხოვს, რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ ნება დართოს, თავიან ლოცვებში აღარ მოიხსენიონ პატრიარქი.

რის საფუძველზე უყენებენ ბრალდებას სასულიერო პირები პატრიარქს – ბერი ათინოგენის მონაყოლი

ბერი ათინოგენი (მდივანი) ბალდის მონასტრის უკვე ყოფილი წინამძღვარია. მას მღვდლობა 2020 წელს შეუჩერეს, მაშინ, როცა ეპარქიას მიტროპოლიტი გრიგოლი (კაცია) მართავდა.

2021 წლის 4 აპრილამდე არქიმანდრიტის ხარისხი ჰქონდა, თუმცა მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებით ის სამღვდელო ხარისხიდანაც განკვეთეს.

ახლახან ბერმა ათინოგენმა მონაწილეობა მიიღო „გირჩი TV“-ის გადაცემაში „დიდი ამბები“. ის სწორედ ამ გადაცემაში ჰყვება, რომ ყველაფერი, რაც ახლა საპატრიარქოს ირგვლივ ხდება, 2016 წელს „მისგან“ დაიწყო, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი სტიქაროსანი მასთან მივიდა და საპატრიარქოში მომხდარი ამბავი მოუყვა.

„ეს ადამიანი [სტიქაროსანი], თავისი ხელსაქმით შრომობდა, ცხოვრობდა. საპატრიარქოში სამუშაოდ მიიყვანეს, სადაც თავისი ხელსაქმით დაკავდა და უხაროდა, რომ იქ ადამიანებთან ურთიერთობით მეტი გაიცნობდა და თან პატრიარქთან ურთიერთობაც ექნებოდა,“ –  ასე ახასიათებს ბერი ათინოგენი სტიქაროსანს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან მომხდარი ინცინდენტის შესახებ მოუყვა.

„როცა ის საპატრიარქოში შრომობდა, ერთ დღეს დაიბარეს მარხვის პერიოდში… [სტიქაროსანი] ამბობს: – „უშუალოდ პატრიარქმა მე ეს საძაგელი ცოდვის განცდა შემომთავაზაო“. შემეხოო, ასე ვთქვათ და მან ძლივს გამოასწრო იმ ოთახიდან. [ეს სტიქაროსანი] მივიდა ერთ-ერთ ეპისკოპოსთან, მოუყვა და მან უთხრა – შენ უშიშროების მოგზავნილი ხარ. მეორე ეპისკოპოსთან იყო მისული, მოუყვა თავისი გასაჭირი. ისევ უთხრეს, შენ ფული გაქვს ამაში აღებული და მოგზავნილი ხარო. მოკლედ, ეს ადამიანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში [იყო]. მთხოვა მეუფე პეტრემდე მიმაწვდენიე ხმაო“, – ჰყვება ბერი ათინოგენი.

ბერი ათინოგენის თქმით, თავდაპირველად თვითონ აპირებდა წასვლას საპატრიარქოში. თუმცა შემდეგ თავისი ეპარქიის მღვდელმთავართან, მიტროპოლიტ პეტრესთან (ცაავა) მივიდა და ყველაფერს მოუყვა.

„მეუფემ მითხრა: „მამაო, ვიცი მე ეს თემები, რამდენიმე ადამიანი არსებობს ასეთი. გპირდები, რომ აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს და სინოდზე ამას განვიხილავთ“. სამი წელი დასჭირდა ამას. მანამდე, ამ სამი წლის განმავლობაში მე ვხედავდი, როგორ იყო ზრუნვა, რომ ეს ყველაფერი შიდა სამზარეულოში დარჩენილიყო და იქ გვესაუბრა ამ ყველაფერზე. შემდეგ ამ ციანიდის საქმე დაერთო ამ ყველაფერს,“ – ჰყვება ბერი ათინოგენი.

ბერი ათინოგენი და მიტროპოლიტი სტეფანე მარტვილის ეპარქიაში გამართული ერთ-ერთი შეხვედრის დროს

სამი წლის შემდეგ, 2019 წელს, ამ საკითხის სინოდზე დაყენებას მიტროპოლიტ პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენება მოჰყვა. სინოდმა პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში გაუშვა „მოსანანიებლად“.

ჭყონდიდის ეპარქიაში ახალი მღვდელმთავარი დანიშნეს – მიტროპოლიტი გრიგოლი. 2019 წლის შემდეგ ის სასულიერო პირები, რომლებიც ეპარქიაში მდებარე სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში მსახურობდნენ, პერიოდულად ხვდებოდნენ მიტროპოლიტ გრიგოლს და ითხოვდნენ – სინოდს განეხილა ის ბრალდებები, რომლებიც პატრიარქის მიმართ არსებობს. ბერ ათინოგენს კითხვების დასმა მღვდლობის შეჩერებად დაუჯდა.

„ჩემს ეკლესიაში, რომელთანაც მივედი და მთელი ჩემი ცხოვრება ეკლესიის წინაშე გავშალე, გავფინე და მივენდე, ამ ეკლესიაში ასეთი ბრალდებების ნაკადი ისმის. მე ვეღარ გავუძელი ამას. ჩემს ადგილას სხვა რას იზამდა? ასეთი ბრალდებების განცდაში როგორ უნდა ვილოცო? როგორ დავდგე ტრაპეზის წინ? ვერ წარმომიდგენია, იდგე, იძახოდე ტიტულებს, თან იცოდე, რომ ეს ბრალდებებია და არავის გამოძიება არ უნდა. თან გეუბნებიან – შენ ვინ გეკითხება ამას? როგორ მეუბნებით ამას, რომელიმე იერარქი, როცა ქრისტემ თავის მოწაფეებს ასე უთხრა – „მე ყოველივე განგიცხადეთ თქვენ, ამიტომ მონებს არ გიწოდებთ. მონამ არ იცის რას აკეთებს თავის ბატონი. მე თქვენ მეგობრად გიწოდეთ, მე თქვენ ყოველივე განგიცხადეთო“.

როგორ მეუბნებით რომელიმე იერარქი ამას, რომ მე არ უნდა ვიცოდე რა ხდება ჩვენს ოჯახში. როგორ მეუბნებით ამას, რომ მე არ უნდა ვიცოდე თქვენ როგორ ცხოვრობთ? ვერ დავეთანხმები, როდესაც იერარქი მეუბნება – ვინ გეკითხება შენი პატრიარქი როგორია. მე ვფიქრობ, რომ ეს ქრისტიანული სწავლება არ არის.

აქედან გამომდინარე მივედი მეუფე გრიგოლთან და ვუთხარი – მე ვეღარ ვლოცულობ, ვეღარ მოვიხსენიებ [ლოცვებში] ამას [პატრიარქს]. აქედან გამომდინარე გაარკვიეთ, მიშველეთ, მეც, რადგან მეც ეკლესიის შვილი ვარ. [მეუფე გრიგოლმა] მითხრა ასეთი რამე – მოხსენებითი ბარათი დაწერე და მე უფროსებთან წავიღებო. გამოვართვი ეს. მოხსენებითი ბარათი დავწერე, აღვწერე ყველაფერი და ვითხოვე – მომეხმარეთ, ვეღარ ვლოცულობ, ვეღარ ვიხსენიებ ამ ადამიანს [პატრიარქს]. არ ვიხსენიებსა და ვეღარ ვიხსენიებს შორის ხომ არის განსხვავება? არ შემიძლია ასე. წაიღო ეს უფროსებთან. რამდენიმე დღეში ფურცელი მომიტანეს, სადაც ეწერა, რომ მღვდლობა შემიჩერდა,“ – იხსენებს ბერი ათინოგენი ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ამბებს.

რას ნიშნავს, როცა სასულიერო პირები პატრიარქს ლოცვებში აღარ იხსენიებენ

თეოლოგი ზვიად ცაბაძე განმარტავს, რომ კანონიკურად, როდესაც ღვთისმსახური შეწყვეტს პატრიარქის მოხსენიებას ლოცვებში, რომელიც მისი ვალდებულებაა, ის ექვემდებარება მღვდელმთავრისგან სასჯელს.

„ვისაც ადანაშაულებს ეს მღვდელი და არ იხსენიებს [ლოცვებში], სანამ მას [ბრალდებულს] კრება არ განსჯის, მღვდელს არ აქვს უფლება, რომ მასზე ლოცვა შეწყვიტოს.

ჩვენ რა ვითარება გვაქვს – ბრალდებულია პატრიარქი. გამოდიან საპატრიარქოს წარმომადგენლები, იგივე მეუფე სტეფანეც, სხვადასხვა მღვდელმთავრები და ამბობენ, რომ კრება, რომელმაც პატრიარქის ბრალეულობა უნდა განიხილოს, არ გაიმართება. ლაფსუსია ეს კანონიკურად. არ შეიძლება ბრალდებული ეპისკოპოსი დარჩეს ბრალდებულად და კრებამ ეს არ განიხილოს.

ამ შემთხვევაში იმ მღვდლებს ნამდვილად ჰქონდათ უფლება, როდესაც ეს ფაქტები გაჟღერდა, რომ მასზე ლოცვა შეეწყვიტათ. იმიტომ, რომ მათ წინასწარ უთხრეს – კრება ამას არ განიხილავს. მათთვის რომ ეთქვათ, რომ კრება განიხილავს ამ ამბავს და სანამ კრება განიხილავდა, მანამდე შეეწყვიტათ, მაშინ ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ საეკლესიო სასჯელს,“ – განმარტავს თეოლოგი.

სინოდის მოლოდინში – რა მოხდება თუკი სინოდი არ განიხილავს დასჯილი სასულიერო პირების საკითხს

საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სინოდის სხდომა აღდგომის შემდეგ გაიმართება. ჯერ არ არის ცნობილი საკითხები, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ სინოდი დასჯილი სასულიერო პირების აპელაციასაც განიხილავს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი სინოდი აღდგომის შემდეგ დადგენილ კრებაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტის მიერ დასჯილ სასულიერო პირებს არ მოუსმენს. თეოლოგი ზვიად ცაბაძე ამბობს, რომ ამ შეთხვევაში მღვდელ-მონაზვნებს საშუალება ექნებათ აღარ დაელოდონ სინოდს და პირდაპირ მიმართონ მსოფლიო საპატრიარქოს.

„პირველ რიგში წინასწარ უნდა იყოს ცნობილი სინოდის თარიღი. ამის გაჭიანურება ეკლესიაში სიმშვიდის დასამყარებლად არ შეიძლება. თუ წმინდა სინოდი ამ საკითხს არ განიხილავს და იტყვის, რომ აი, მერე, მომდევნო სხდომაზე განვიხილავ, ეს უკვე სრულ უფლებას აძლევს დასჯილ მღვდლებს, რომ პირდაპირ მიმართონ მსოფლიო საპატრიარქოს. აღარ უნდა დაელოდონ მომდევნო სინოდს იმიტომ, რომ ეს არის ბრალდების/საჩივრის აცილება, უარის თქმა. დასჯილ სასულიერო პირებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეს სინოდის განჩინების გამოქვეყნებისთანავე,“ – განმარტავს თეოლოგი.

„ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი გვაწუხებს“ – ბავშვები გარემოსა და ქალაქზე

„ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი მაღიზიანებს. შემაწუხებელია. ეს პრობლემა ვფიქრობ იმით უნდა მოგვარდეს, რომ უფრო ხშირად ვიმოძრავოთ ქალაქში ფეხით და არა ტრანსპორტით,“ – ამბობს ანრი ხოზრევანიძე, ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლე.

გარემოს დაცვაზე, ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასა და ურნაბულ განვითარებაზე „ბათუმელებთან“ სწორედ ამ სკოლის მოსწავლეები საუბრობენ.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ბავშვების აზრით, დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა დედამიწისთვის დაბინძურებული ჰაერი, შემცირებული მწვანე სივრცე და არასწორი განაშენიანებაა, რასაც თან ერთვის ბუნების მიმართ ადამიანის მომხმარებლური დამოკიდებულება.

ელენე და ლიკა

ელენე კაკალაძემ თავის ნახატში კორონავირუსით ინფიცირებული დედამიწა და მისი გრძნობები ასახა:  „რატომ მექცევით ასე, მე ხომ არაფერს გიშავებთ? თქვენ კი თითქოს ჯინაზე, რაც მწვანე მაქვს, მიშავებთ“.

ლიზი და დიანა

„კორონავირუსმა ერთი კარგი ის გააკეთა, რომ ლოქდაუნის დროს ადამიანების გადაადგილება შეიზღუდა და ჰაერი შედარებით გაიწმინდა ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისგან,“ – გვეუბნება გიგი ბოხაშვილი. ის ასევე საუბრობს ადამიანების მიერ დაბინძურებულ ზღვებსა და ოკეანეებზეც, რასაც უამრავი ცოცხალი არსება ეწირება.

გიგი და ანრი

„არაერთი ვიდეო, ფოტო გვინახავს, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებში მოყოლილ დაღუპულ ცხოველებს გვაჩვენებენ. პლასტიკატითაა გავსებული ოკეანის სივრცეები და ზედაპირები ბევრ განვითარებად ქვეყანაში. ბათუმის სანაპიროზეც არაერთხელ მინახავს გამორიყული დელფინი და ეს დაბინძურებული გარემოს ბრალია,“- ამბობს გიგი.

გიორგი

ბავშვები ბათუმის განაშენიანებაზე

„დღეს ჩვენი ქალაქი ძალიან გადატვირთულია მშენებლობებით. უამრავი კორპუსია ირგვლივ და გამწვანებული ადგილი მცირდება. ვფიქრობ, ჩემს უბანშიც მეტი უნდა იყოს გამწვანება და არა ამხელა და ამდენი შენობა,“ – ამბობს ნინი ცინცაძე.

ნინი ცინცაძე

გუგა შათირიშვილიც მომხრეა, რომ ბათუმში უფრო მეტი მოედანი და სიმწვანე ჰქონდეთ ადამიანებს.

„ერთი მოედანი გვაქვს უბანში, მაგრამ მოუწესრიგებელია,“ – ამბობს ის.

გიორგი მომხრეა, რომ ხელოვნური ბალახი ბუნებრივით შეიცვალოს, მწვანე სივრცე გაიზარდოს ქალაქში და შემცირდეს ავტომანქანების გამონაბოლქვი.

გიორგი, გუგა და გიორგი

ელენე იმნაძე საუბრობს გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეულ საფრთხეებზე და ამბობს, რომ ხშირად ადამიანები სათანადოდ ვერ იაზრებენ იმ საშიშროებას, რაც გლობალურ დათბობას მოჰყვება.

„დადნება მყინვარები, მდინარეები ადიდდება და ეს ძალიან საშიშია ჩვენთვის. ქალაქში და დასახლებულ პუნქტებში ძალიან ბევრ ხეს ჩეხავენ და ეს აისახება კიდეც გარემოსა და კლიმატურ ცვლილებებზე.

გული მტკივა, როცა ბულვარში მშენებარე ცათამბჯენების გამო გვიწევს ხეების გაჩეხვა, რადგან ჰაერში მცირდება ჟანგბადი და სილამაზეც იკლებს,“ – გვეუბნება ის.

ელენე

ელენეს აზრით, შენობებეში, სადაც ბუნებრივი განათება არ აღწევს, ადამიანები იძულებული არიან მეტი ელექტროენერგია გამოიყენონ, „რაც ბუნებრივი რესურსების არარაციონალური ხარჯვაა.“

ბავშვების აზრით, ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ ის რისკები, რასაც ბუნების დაზიანება გამოიწვევს. „ვფიქრობ, რომ კორონავირუსიც გაბრაზებული დედამიწის რეაქციაა“-გვეუბნება დიანა. ლიზი კი ამბობს, რომ ადამიანების გულგრილი დამოკიდებულება იმ ხეებიდანაც ჩანს, რომელთა ამწვანებულ ტოტებზე პოლიეთილენის პარკები ფრიალებს.

მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები

____

 

რა არის ცისტიტი – მითები და რეალობა

ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებაა, რომელიც შემთხვევათა უმეტესობაში გამოწვეულია საშარდე გზების ბაქტერიული ინფექციით. დაავადების ძირითადი გამომწვევია ნაწლავური ჩხირი (Escherichia coli).

ხშირად ცისტიტი მხოლოდ ქალების დაავადება ჰგონიათ, თუმცა იგი ორივე სქესის ადამიანებთან გვხვდება.

ცისტიტის მიმდინარეობა შესაძლოა იყოს მტკივნეული და საკმაოდ შემაწუხებელიც, მიუხედავად ამისა, იგი ხშირად მნიშვნელოვან  პრობლემად არ მიიჩნევა, თუმცა ექიმი უროლოგი როსტომ ხალვაში ამბობს, რომ უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა დაავადება გართულდეს და სერიოზული საფრთხე შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას.

  • ხშირად ქალებს/გოგოებს აფრთხილებენ, რომ ცივ ქვაზე დაჯდომას მოერიდონ, რამდენად რეალურია ეს, ასე შეიძლება განვითარდეს ცისტიტი?

ზოგად იმუნიტეტზე კი არის დამოკიდებული ცისტიტის განვითარება, მაგრამ გაციების ფაქტორი ცალკეულად ცისტიტთან არ ასოცირდება.

შეცივების ფაქტორით ყურის ანთებაც შეიძლება დაემართოს ადამიანს, ამიტომ ასე ვერ იტყვით. ანუ მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს სიცივე, თუმცა მისი ძირითადი გამომწვევი არის ნაწლავური ჩხირი (Escherichia coli).

ზოგადად, ცისტიტი უფრო გავრცელებულია ქალებთან, რისი მიზეზი ქალების შარდსასქესო ორგანოების ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებია, კერძოდ კი ის, რომ ქალებთან საშარდე მილი არის მოკლე და ნაწლავის ჩხირი უფრო ადვილად ხდება საშარდე გზებში. შესაბამისად პირადი ჰიგიენის სწორი დაცვა მნიშვნელოვანი პრევენციაა.

მაიო კლინიკა, აშშ: მცირეწლოვან ბავშვებში დღისით მიმდინარე უნებლიე შარდვის ეპიზოდები შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექციის ნიშანი.

  • რა სიმპტომები ახასიათებს ცისტიტს?

როგორც წესი, ცისტიტის ამოცნობა რთული არ არის, ძირითადად ეს არის გახშირებული, მცირე პორციობით შარდვა, წვა შარდვის დროს და ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში.

მაიო კლინიკა, აშშ:: ცისტიტის სხვა ნიშნები და სიმპტომები

  • შარდვის ძლიერი, ხშირი სურვილი
  • შარდის დროს წვის შეგრძნება
  • ხშირი,  მცირე დოზით შარდვა
  • სისხლი შარდში
  • მღვრიე ან მკვეთრი სუნის მქონე შარდი
  • დისკომფორტი მენჯის არეში
  • ზეწოლის გრძნობა მუცლის ქვედა ნაწილში
  • დაბალი ცხელება

 

  • რამდენად საშიშია ცისტიტის თვითმკურნალობა?

თვითმკურნალობა, რა თქმა უნდა, არასწორი მიდგომაა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მედიკამენტების თვითნებურად მიღება.

ცისტიტის მკურნალობის პრინციპები შეიცვალა, აღარ ხდება მასიურად ანტიბიოტიკური თერაპია. ხშირ შემთხვევაში პაციენტები თვითნებურად იღებენ ანტიბიოტიკებს, რაც საბოლოოდ სავალალო მდგომარეობამდე მიდის და ყველა ვარიანტში საჭირო ხდება კონსულტაცია სპეციალისტთან.

ამ დროს რაც შეიძლება სახლის პირობებში გაკეთდეს, არის სითბოში ყოფნა და არაგაზირებული სითხის ჭარბი რაოდენობით მიღება.

  • რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ცისტიტს?

დაავადება შესაძლოა გართულდეს, ინფექცია შეიძლება აღმავალი გზით წავიდეს თირკმლებში და განვითარდეს თირკმლების ანთება, რომელიც უკვე სტაციონარულ მკურნალობას მოითხოვს.

  • როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

როგორც კი პირველი სიმპტომები გამოჩნდება, როგორც კი აღენიშნებათ მცირე პორციობით გახშირებული შარდვა, წვა შარდვის დროს, აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს. ასეთ დროს კეთდება შარდის ანალიზი და ტარდება ექოსკოპიური კვლევა, რადგან ამ სიმპტომებით შესაძლოა იყოს სხვა დაავადებები, რომლებიც უნდა გამოირიცხოს.

ცისტიტის დროს დისკომფორტის შესამცირებლად სპეციალისტები გირჩევთ:
  • გამოიყენეთ სათბურა (ე.წ. გრელკა). მუცლის ქვედა ნაწილზე სათბურა (ე.წ. გრელკის) მოთავსებას შეუძლია შეამციროს შარდის ბუშტზე ზეწოლის ან ტკივილის შეგრძნებები
  • მიიღეთ ბევრი სითხე, მაგრამ მანამ, სანამ ინფექცია არ გაქრება, მოერიდეთ ყავას, ალკოჰოლს, კოფეინის შემცველ გამაგრილებელ სასმელებს და ციტრუსის წვენებს, ასევე ცხარე საკვებს. ამ პროდუქტებს შეუძლიათ შარდის ბუშტის გაღიზიანება და შარდვის ხშირი ან გადაუდებელი სურვილის გამოწვევა
  • ტკივილისა და დისკომფორტის შესამსუბუქებლად 15-20 წუთის განმავლობაში მიიღეთ (დამჯდარი) აბაზანა თბილი წყლით

მაიო კლინიკის რამდენიმე რჩევა ჰიგიენის დასაცავად:

  • დეფეკაციის შემდეგ გაიწმინდეთ წინიდან უკანა მხარეს. ეს ხელს უშლის ბაქტერიების მოხვედრას საშოსა და შარდსადენში.
  • მიიღეთ უმეტესად შხაპი და არა აბაზანა.
  • სქესობრივი აქტის შემდეგ რაც შეიძლება მალე დაცალეთ საშარდე ბუშტი. დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, რათა დაეხმაროთ ბაქტერიას გამოდევნაში.

30 წლის პატიმარი ბათუმის საპყრობილედან თვითდაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 20 აპრილს, ბათუმის №3 საპყრობილეში 30 წლის მსჯავრდებულმა მუცლის არეში თვითდაზიანება მიიყენა.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, თვითდაზიანება მსჯავრდებულმა „აღელვების ნიადაგზე“ მიიყენა.

„დაწესებულების მედპერსონალის მიერ მას დაუყოვნებლივ გაეწია სამედიცინო  დახმარება და ორჯერ  შეეთავაზა სამედიცინო სექტორის კლინიკაში გადაყვანა, რაზეც მსჯავრდებულმა  განაცხადა უარი.

ამ პერიოდის განმავლობაში იგი დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.  მხოლოდ მოგვიანებით, მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ  მსჯავრდებული დათანხმდა ბათუმის ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, სადაც  მას ჩაუტარდა ოპერაცია.

მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილურია და სამოქალაქო სექტორის მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება,“ – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

სამსახურის ცნობით, ფაქტის შესახებ ეცნობა იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.

მსჯავრდებული 2013 წლიდან იხდის სასჯელს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, მას ამ პერიოდში არაერთხელ აქვს თვითდაზიანება მიყენებული და ჩატარებული აქვს  მრავალჯერადი ლაპარატომია.

ქედა 243 ათას ლარად ელექტრომიკროავტობუსს იყიდის – ტენდერი

ქედის მუნიციპალიტეტმა ერთი ელექტრომიკროავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 243 000 ლარია. წინადადებების მიღება 2021 წლის 10 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება.

ტექნიკური პარამეტრების მიხედვით, ერთ დამუხტვაზე მიკროავტობუსმა არანაკლებ 130 კმ უნდა გაიაროს. რაც შეეხება სრულად დატენვის დროს, უნდა იყოს არაუმეტეს 6 საათი, სწრაფი დატენვის დრო კი – 50 წუთი. სიჩქარე – არანაკლებ 80 კმ/სთ, ადგილების რაოდენობა – არანაკლებ 8+1 [მათ შორის 1 შშმ პირთა ეტლის გათვალისწინებით].

ტენდერში გამარჯვებულმა მუნიციპალიტეტს ელექტრომიკროავტობუსი ხელშეკრულების დადებიდან 120 დღეში უნდა მიაწოდოს.

ელექტრომიკროავტობუსს ქედის მუნიციპალიტეტი იაპონიის საელჩოდან მიღებული გრანტით შეიძენს. გრანტი 77 235 აშშ დოლარია.

თუ სატენდერო და შესყიდვის პროცედურები რაიმე მიზეზებით დროში არ გაიწელა, საზოგადოებრივი მიკროავტობუსი ქედაში 2021 წლის აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გამოჩნდება. საწყის ეტაპზე მიკროავტობუსით მგზავრობა დაბაში უფასო იქნება.

ამ თემაზე ვრცლად:

ქედაში ადაპტირებულ ელექტრომიკროავტობუსს შეიძენენ – იაპონიის საელჩოს გრანტი

მარაგი იწურება – NCDC 2 მილიონი ლარის 100 ათას სწრაფ ტესტს იყიდის

COVID 19-ის საწინააღმდეგო ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი-მარტივი 100 ათასი ტესტის შესყიდვას საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი [NCDC] ტენდერის გარეშე,  2 122 800 ლარად გეგმავს.

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შესყიდული ანტიგენის განმსაზღვრელი 1 მილიონი ტესტის მოწოდებამდე (რომელიც ბოლო ინფორმაციით დაგეგმილია აპრილის ბოლოს), ქვეყანაში იქმნება ტესტების გარკვეული დეფიციტი. კერძოდ, ცენტრის საწყობში დღეის მდგომარეობით არსებული ტესტების მარაგი შეადგენს 25 ათასს, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მარაგი – დაახლოებით 140 ათასს, რომელიც დეფიციტური ხარჯვის პირობებში საკმარისი იქნება მაქსიმუმ ერთი კვირა. შესაბამისად, შესყიდული ტესტების ახალი პარტიის მიღება/დისტრიბუციამდე აუცილებელია ადგილზე არსებული მარაგების მინიმუმ 100 ათასი ერთეულით შევსება, რათა თავიდან ავიცილოთ წყვეტა ტესტების მომარაგებაში და შესაბამისად გართულებული ეპიდსიტუაციის პირობებში ტესტირებისადმი საყოველთაო ხელმისაწვდომობის შემცირება,“ – აღნიშნულია NCDC-ის განაცხადში, რომლითაც ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

ცენტრის ინფორმაციით, „ქვეყანაში ბოლო ერთი თვის მანძილზე მკვეთრად გაუარესდა კორონავირუსის ეპიდსიტუაცია ყველა მიმართულებით“. კორონავირუსის ეპიდემიის შეკავების მიზნით კი, „ქვეყანაში დაწესებულ სხვადასხვა სახის შემზღუდავ ღონისძიებებთან ერთად, აუცილებელია ტესტირებების გაინტენსიურება, რათა დროულად გამოვავლინოთ ინფიცირებულები, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფ პირებს მიეცეთ თვითიზოლაციის რეკომენდაცია“.

პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის 24 მარტამდე პერიოდში საქართველომ, ჯამში, 29 826 110 აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის [როგორც PCR, ასევე სწრაფი] ტესტი შეიძინა.

20 აპრილის დილის მონაცემებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, საქართველოში ბოლო 24 საათში ჩატარდა 30 940 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 684 PCR ტესტით. ამავე პერიოდში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 792 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.79 %-მდეა გაზრდილი.

ამ თემაზე:

საქართველოში კოვიდის 1 792 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

 

 

 

ცვლილება პირველკლასელთა რეგისტრაციაში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება შევიდა 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის ვადებში.

კერძოდ, გახანგრძლივდა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების შეფასების პროცესი.

„ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო შეფერხდა პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვების მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების პროცესი. შესაბამისად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადა 5 ივნისამდე გახანგრძლივდა,“- აცხადებს სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის მიერ 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების გამო ცვლილება შეეხო პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპსაც, რომელიც 2021 წლის 20 აპრილიდან 29 აპრილამდე გახანგრძლივდა.

II ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:

  • რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;
  • რომელთა მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
  • რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

სამინისტროს განცხადებით, დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

14 წლის ნინის საქმეს PHR ჩამოშორდა, რა დარღვევებზე საუბრობს ორგანიზაცია

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR], რომელიც ქობულეთში გარდაცვლილ, 14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავდა, ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით ჩამოშორდა სისხლის სამართლის საქმეს.

ნინი ცეცხლაძის უფლებამონაცვლე მისი უფროსი დაა.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანხმობით.

საქმეში PHR-ის იურისტების ჩართვის შემდეგ ორგანიზაციამ აღმოაჩინა არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა და განახორციელა შემდეგი რეაგირება:

  • PHR-მა მოითხოვა საქმეს ჩამოშორებოდა პროკურორი, გამომძიებელი და სოციალური მუშაკი, რადგან მათ შეეძლოთ და არ მიიღეს შესაბამისი სავალდებულო ზომები ნინი ცეცხლაძის დასაცავად. აღნიშნული მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქმე ჩამოერთვა ბათუმის რაიონულ პროკურატურას და  გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას;
  • PHR-მა რამდენჯერმე მიმართა გენერალურ პროკურატურას და მოითხოვა პროკურორის, გამომძიებლისა და სოციალური მუშაკის მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიების დაწყება, თუმცა აღნიშნულ მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია;
  • PHR-მა განცხადებით მიმართა საქმისმწარმოებელ პროკურორს და მოითხოვა ნინი ცეცხლაძის მიმართ განხორციელებული ქმედების გაუპატიურებად შეფასება, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალის გამოყენებას, ამავდროულად, საქმეშია არასრულწლოვნის ნების დამთრგუნველი არაერთი გარემოება. თუმცა PHR-ის საქმიდან ჩამოშორების დროისთვის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა არ მომხდარა;
  • PHR-ის ჩართულობით საქმეში გამოიკვეთა, რომ საჯარო სკოლამ არ მიიღო შესაბამისი ზომები ნინი ცეცხლაძის მიმართ ბულინგის პრევენციისა და საგაკვეთილო პროცესში უსაფრთხო დაბრუნების მიზნით. ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი რეაგირებისთვის;
  • PHR, საქმეში მტკიცებულებების გათვალისწინებით, ითხოვდა ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას, ვინც რაიმე ფორმით ძალადობა განახორციელა ნინი ცეცხლაძის მიმართ. თუმცა ამ დრომდე ბრალდებულ პირთა რაოდენობა გაზრდილი არ არის.

PHR-ის შეფასებით პროკურორმა, გამომძიებელმა და სოციალურმა მუშაკმა, ნინი ცეცხლაძის დასაცავად, არ მიიღეს შემდეგი სავალდებულო ზომები:

  • არ მოხდა მტკიცებულებების საწყის ეტაპზევე შეგროვება, მათ შორის მოწმეების გამოკითხვა, ნინი ცეცხლაძის ტანსაცმლის ამოღება, გამოძიებამ არ დანიშნა ექსპერტიზა ნინი ცეცხლაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასების მიზნით;
  • ნინი ცეცხლაძე გამოიკითხა რამდენჯერმე, ბავშვისთვის შეუსაბამო გარემოში, ადვოკატისა და ფსიქოლოგის მონაწილეობის გარეშე;
  • გამოძიებამ არ მიიღო შესაბამისი ზომები ნინი ცეცხლაძის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოშობის დადგენის მიზნით;
  • გამოძიებამ იგნორირება მოახდინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, სადაც ექსპერტები ნინი ცეცხლაძის მონათხრობზე დაყრდნობით უთითებდნენ, რომ სექსუალური აქტი განხორციელდა ფიზიკური ძალის გამოყენებით;
  • გამოძიებამ გაუმართლებლად დააყოვნა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება;
  • გამოძიებამ არ უზრუნველყო ნინი ცეცხლაძის დაცვის მიზნით შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის, შემაკავებელი ორდერის სახით;
  • ნინი ცეცხლაძეს არ მიეწოდა შესაბამისი დამხმარე, სარეაბილიტაციო სერვისები სახელმწიფოსგან და სხვა.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აღნიშნული საქმე ცხადი დასტურია საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის სისუსტის. ის მიუთითებს არსებით, სისტემურ პრობლემებზე, რისი აღმოფხვრაც მხოლოდ სრულყოფილი რეფორმის გზით შეიძლება მოხდეს.

______________

9 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგომ, წინასწარი ინფორმაციით, თავი მოიკლა. ოჯახის თქმით, ტრაგიკულ შემთხვევას წინ უძღოდა მისი გაუპატიურება.

გოგოს დაღუპვიდან მალევე 23 წლის კაცი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 140-ე და 115 მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას   წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში და თვითმკვლელობამდე მიყვანას.

ამ საქმეზე 15 თებერვალს პოლიციამ ასევე დააკავა დაღუპული გოგოს ბაბუა, მუქარისა და ძალადობის ბრალდებით.

14 თებერვალს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ პოლიციამ რაც შეძლო ყველაფერი გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ 14 წლის ნინის საქმეზე გამოძიება ორი თვის წინ დაიწყო და ბრალდებული მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, როცა მოზარდმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

ორგანოგადანერგილი პაციენტები ფაიზერით აცრას 21-23 აპრილს შეძლებენ თბილისში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ორგანოგადანერგილი პირების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც „ფაიზერის“ ვაქცინით აცრას საქართველოში მცხოვრები ორგანოგადანერგილი პირები სამი დღის განმავლობაში თბილისში შეძლებენ.

„ორგანოგადანერგილ პირებს ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუძლიათ ჩაიტარონ თბილისში, 2021 წლის 21-23 აპრილს აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ადგილზე მისვლით (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ.#29).

მათი რეგისტრაცია დაცული წესით განხორციელდება ადგილზე,“ – წერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ პორტალზე ყველაზე მეტი სწორედ „ფაიზერის“ ვაქცინაა  დაჯავშნილი.

ტაქსი „მაქსიმის“ მძღოლები ტარიფის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ – Live

დღეს დილიდან ტაქსი „მაქსიმის“ მძღოლები გაიფიცნენ, ისინი ტარიფის გაზრდას ითხოვენ. „კატავი“ გამოგვდისო“, – აცხადებენ მძღოლები. მძღოლები ამბობენ, რომ ამ ფასად ვერ იმუშავებენ, მით უფრო „კომენდანტის საათის პირობებში“.

„ლარ-ნახევრიანი დაკვეთა მოგდის ცხრა საათისკენ. შეიძლება ამ დროს 2000 ლარით დაგაჯარიმონ“, – წუხს ერთ-ერთი მძღოლი.

„ახლანდელი ფასების მიხედვით, როგორ ვიცხოვროთ. მთელი დღე მგზავრებს ვარბენინებთ ტყუილად. როცა ნორმალური ფასი იყო, ხელფასის სახით ოჯახში შემოსავალი მრჩებოდა. ახლა საწვავში 2,80 ლარს იხდი – ფიზიკურად არაფერი გრჩება. ძალიან მიზერულ თანხაზე ვმუშაობთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ კიდევ ერთმა მძღოლმა.

„მაქსიმის“ ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ

ამ დროისთვის [14:30] მძღოლები საპროტესტო მსვლელობით „მაქსიმის“ ოფისისკენ მიემართებიან.

გაფიცული მძღოლები ფასების გაზრდას ითხოვენ. მათი გათვლებით ათვლის საწყისი ფასი უნდა იყოს 2 ლარი მაინც, შემდეგ ყოველ კილომეტრზე 25 თეთრიდან 80 თეთრამდე. ერთი გამოძახება 5-6 ლარი მაინც რომ იყოს – ასეთია „მაქსიმის“ გაფიცული მძღოლების პოზიცია.

ამ ეტაპზე გაფიცულია 200 მძღოლი.

სააკაშვილი: შემოდგომაზე ჩამოვალ საქართველოში

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩამოვა საქართველოში.

„მეც, მიხეილ სააკაშვილი, წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისთვის და ჩემი თავისუფლებისთვის.

მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი,“ – განაცხადა სააკაშვილმა დღეს, 20 აპრილს.

მან დღეს მოუწოდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ 2021 წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად, „პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე“.

„ეს არის უკვე დაშვება რიგგარეშე არჩევნების, ეს არის რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობაზე. შემოდგომაზე იქნება ეს რეფერენდუმი და ჩვენ ის უნდა მოვიგოთ ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად.

ამისათვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ჩვენ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ და მოპარული არჩევნების შედეგად, გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტიც, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმა, დემოკრატიულობის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკვეთრი

ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ქმედუნარიანები, მობილიზებულები,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

45,5 ტონა უხარისხო ხახვი საქართველოდან თურქეთში უკან გააბრუნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი – „სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, 45 500 კილოგრამი ხახვით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა.

„საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, საქონლის მიმართ კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, გამოვლინდა, რომ აღნიშნული ტვირთი არ შეესაბამებოდა მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებს.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ქობულეთში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია – დაშავდა 2 ადამიანი

ქობულეთში, მესხიძის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, – დაშავდა ორი მოქალაქე. “ბათუმელების” ინფორმაციით, დაშავებული ადამიანები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

ამ დრომდე ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის ცნობით, გზის გასაწმენდად სამუშაოები მიმდინარეობს.

წაქცეულმა ხემ გზა ჩაკეტა ფოტო: ედო მჟავანაძე

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკისა და იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ე. დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, კუთვნილი ავტომობილის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი 535 აბი ნარკოტიკული საშუალება, „ბუპრენორფინის“ და „მეტადონის“ შემცველი ხსნარებით 4 საინექციო შპრიცი, „COMBAT-PP“-ის და „ZORAKI M906“-ის მოდელების ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ხელყუმბარა და ხელყუმბარის შვიდი ფალია და 82 ვაზნა. ასევე, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა,“ – იუწყება შს სამინისტრო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 273-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

_________

ფოტოზე: კადრი შსს-ს ვიდეომასალიდან

საქართველოში კოვიდის 1 792 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

20 აპრილს, დილით, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, საქართველოში ბოლო 24 საათში ჩატარდა 30 940 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 684 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 792 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  297 728-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 959 პირი გარდაიცვალა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.24%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.92%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 663 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 282 237-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარაში – 164, იმერეთში – 96, ქვემო ქართლში – 75, შიდა ქართლში – 85, გურიაში – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 163, კახეთში – 63, მცხეთა-მთიანეთში – 33, სამცხე-ჯავახეთში – 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

  • ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 506, მათგან: 3 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 793, აჭარაში – 420, იმერეთში – 390.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 581, მათ შორის, თბილისში – 296, აჭარაში – 74, იმერეთში -79.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 63, აჭარაში – 7, იმერეთში – 9.
  • 513 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 271 – თბილისში, 224 – აჭარაში.
  • 7 723 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
  • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 308 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 276, ხოლო აჭარაში – 5.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 389 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 923 პირი, აჭარაში – 2 374, იმერეთში – 1 001.

კაპრეშუმის საჯარო სკოლა დაიხურა – კოვიდი მოსწავლეს დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 20 აპრილს, აჭარაში კიდევ ერთი სკოლა დაიხურა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლაში კოვიდი მოსწავლეს დაუდასტურდა. ბათუმში კი ონლაინსწავლებაზე ოთხი კლასი გადაიყვანეს.

ამ დროისთვის სულ 6 სკოლაა აჭარაში დახურული – 2 ბათუმში, 2 – ხელვაჩაურში და 2 სკოლაც ქობულეთში.

ონლაინსწავლებაზე მთლიანობაში 29 კლასია გადასული ამავე მუნიციპალიტეტებში.

დროგამოშვებით წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 20 აპრილს ჭარის ტერიტორიაზე 17-22 მ/წმ-მდე სიძლიერის ქარი 17:00 საათამდე შენარჩუნდება.

რაც შეეხება ამინდის პროგნოზს 20 აპრილის 21 საათიდან 21 აპრილის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; დროგამოშვებით წვიმა; შესაძლებელია ელვა-ჭექა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში ღამით 12-17 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო,
  • მთაში ღამით 7-12 გრადუსი, დღისით 13-18 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა. ხილვადობა 4-10 კმ, ტალღის სიმაღლე 7-12 დმ(2-3ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა, 23 და 24 აპრილს კი – ძირითადად უნალექო ამინდი.

 

აჭარაში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა – გარდაიცვალა 1 ადამიანი

20 აპრილის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  გარდაიცვალა 1 ადამიანი,  7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია , 70 კი გამოჯანმრთელდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, კლინიკებში ამ დროისთვის 353 ადამიანი იმყოფება, კოვიდსასტუმროში კი – 224. ონლაინკლინიკაში 558 ადამიანი მკურნალობს.

ვის საქმიანობას შეისწავლის აუდიტი აჭარაში წელს და რა მასალებია გადაგზავნილი პროკურატურაში

სახელმწიფო აუდიტს აჭარაში 2021 წელს 6 აუდიტის ჩატარება აქვს დაგეგმილი. შემოწმება შეეხება როგორც აჭარის ბიუჯეტს და ამ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საჯარო ორგანიზაციებს, ასევე მუნიციპალიტეტებსაც.

აუდიტმა აჭარაში ჩატარებული 7 შემოწმების მასალები გასულ წელს გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა.

აუდიტი მიმდინარე წელს შეისწავლის კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი საკარანტინე ზონების მართვასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის აჭარაშიც.

„COVID19 პანდემიის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით შეიქმნა საკარანტინე სივრცეები, რომლებიც 2020 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ რისკჯგუფებს მიკუთვნებული პირების დროებით იზოლირებას. აუდიტის მიზანია შეისწავლოს პროექტის მართვის ეფექტიანობის საკითხები“, – აცხადებს აუდიტი.

[red_box]2021 წელს აუდიტი აჭარაში შეისწავლის:[/red_box]

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების 2020 წლის ნაერთ (კონსოლიდირებულ) ფინანსურ ანგარიშგებას

ფინანსური აუდიტის მიზანი: „აუდიტმა მიიღოს გონივრული რწმუნება იმის შესახებ, შეიცავს თუ არა ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგება რაიმე არსებით უზუსტობას, მომზადდა თუ არა ფინანსური ანგარიშგება კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და შესაბამისი სტანდარტების მიხედვით“.

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ 2020 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი

მიზანი: აუდიტის საგნის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან (კრიტერიუმებთან) შესაბამისობის საკითხების შესწავლა.

  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი

აუდიტის მიზანი: შეისწავლოს მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში 2019-2020 წლებში გაწეული საქმიანობის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან (კრიტერიუმებთან) შესაბამისობის საკითხები.

  • სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი

აუდიტის მიზანი: უნივერსიტეტის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან (კრიტერიუმებთან) შესაბამისობის საკითხების შესწავლა. ეს აუდიტი გარდამავალი ტიპის აუდიტია, რომელიც დაიწყო 2020 წელს და დამთავრდება 2021 წელს.

  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი

აუდიტის მიზანი: ორივე მუნიციპალიტეტის შემთხვევაში შეისწავლოს მუნიციპალიტეტების საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში 2019-2020 წლებში გაწეული საქმიანობის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან (კრიტერიუმებთან) შესაბამისობის საკითხები, მათ შორის, ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქონების განკარგვისა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული იურიდიული სუბიექტების მართვის მიმართულებები.

სახელმწიფო აუდიტი მასალებს აგზავნის სამართალდამცავ სტრუქტურებშიც. 2020 წელს გენერალურ პროკურატურას აჭარაში ჩატარებული 7 აუდიტის მასალები გადაეცა.

ეს მასალებია:

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის მასალები
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები
  • ქალაქ ბათუმის მერიის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის საქმიანობის 2016-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის მასალები
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების“ პრიორიტეტისათვის 01.01.2019-31.12.2019 პერიოდში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების შესაბამისობის აუდიტი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიშის მასალები
  • ქედის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები
  • ხულოს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები

აუდიტის მასალებს იშვიათად, მაგრამ მაინც იყენებენ საჯარო მოხელეებიც. მაგალითად, ამ ბოლოს ბათუმის ბულვარის დირექტორის გათავისუფლების მთავარ მიზეზად აუდიტის კრიტიკული დასკვნა დაასახელეს, მაშინ, როცა ასეთივე კრიტიკული დასკვნისა და თითქმის იდენტური შეფასების გამო თანამდებობა არ დაუტოვებია სხვა არც ერთ ჩინოვნიკს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ სახელმწიფო აუდიტის კრიტიკული შეფასების გამო ბულვარის დირექტორის სამსახურიდან დათხოვნა გაამართლა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზეც გააკეთა აქცენტი. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რას წერს და როგორ აფასებს აუდიტის სამსახური თავად ჯაბა ფუტკარაძის უწყების მუშაობს.

ამ თემაზე:

როგორ მუშაობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – აუდიტის შეფასება

 

ავტოავარია ბათუმში, ხალვაშის გამზირზე

ბათუმში, 20 აპრილს, დილით, ავტოავარია მოხდა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. მსუბუქი ავტომანქანა ტროტუარზე შევარდა, სადაც სალონი და სუპერმარკეტია და იქვე განთავსებულ კონსტრუქციას შეეჯახა.

როგორც „ბათუმელებს“ შემთხვევის ადგილიდან უთხრეს, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიცია.

ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 20.04.2021

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ხვალ ისევ ჩამოვა საქართველოში

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხვალ, 20 აპრილს, ისევ ეწვევა საქართველოს.

„ხვალ ჩამოვალ საქართველოში და შევხვდები თითოეულ თქვენგანს… შემდეგ ნაბიჯებზე ჩვენ ერთად ვისაუბრებთ, როგორ გავაძლიეროთ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის,” – აღნიშნა შარლ მიშელმა.

დღეს, 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს: “ლელომ”, “რესპუბლიკელებმა”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა”, “ქართულმა ოცნებამ”. დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი სალომე სამადაშვილმა ენმ-დან, დავით ბაქრაძემ, “ევროპული საქართველოს” ყოფილმა თავმჯდომარემ.

ამ თემაზე:

ვინ [არ] მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს

„7 აფთიაქში ვიყავი და წამალი არ მომცეს“ – რატომ ვერ იღებენ პენსიონერები „უფასო წამლებს“

„7 აფთიაქში ვიყავი და წამალი არ მომცეს. ვიცი, რომ ეს მედიკამენტები უფასოდ უნდა მივიღო, მაგრამ მითხრეს, რომ თუ ფულს გადავიხდი, მაშინ მომცემენ, ისე ვერა,“ – ამბობს ნინო ხინთიბიძე. ის 72 წლის ასიე ჯინჭარაძის შვილია. დედა-შვილი მარტო ცხოვრობს. ისინი სოციალურად დაუცველები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებს და სხვადასხვა ჯგუფს მედიკამენტებს უფასოდ აწვდის, ზოგიერთი პენსიონერი წამალს უფასოდ ვერ იღებს. აფთიაქებში, სადაც პროგრამის მიხედვით პენსიონერებს მედიკამენტები უფასოდ უნდა მისცენ, ურთიერთსაპირისპირო პასუხი მიიღო „ბათუმელებმა“: მაგალითად, თუკი ერთი აფთიაქი ამბობს, რომ კონკრეტული მედიკამენტები აპრილში აღარ ფინანსდება, მეორე აფთიაქში გვიპასუხეს, რომ სახელმწიფოს ტენდერის ჩატარება დააგვიანდა, მესამეში კი ირწმუნებიან, რომ მედიკამენტების უფასოდ გაცემის პრობლემა არ აქვთ. თუმცა პენსიონერმა მედიკამენტი ვერც დღეს მიიღო, სტატიის მომზადების პროცესში.

ამ ვითარებაში კი, ჯანდაცვის სამინისტრომ დღის განმავლობაში ვერ მოიცალა „ბათუმელების“ კითხვებზე საპასუხოდ.

ნინო ხინთიბიძე, რომელიც ბათუმში ცხოვრობს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია [მეორე ჯგუფის სტატუსი აქვს], ამბობს, რომ ბათუმის თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელი მოიარა, დედისთვის წამლები რომ ეყიდა.

„აქამდე დედას არ დასჭირვებია ეს მედიკამენტები, წინა კვირას გამოგვიწერა ექიმმა ხუთი მედიკამენტი და აქედან ორი: „ლორისტა“ და „ეგილოგი“ ვერ ვიშოვე, არადა, ექიმმა თქვა, კომლექსურად ყველას მიღებაა საჭიროო,“ – გვიყვება ნინო ხინთიბიძე. – „PSP-ში მითხრეს გვაქვსო, მაგრამ უფასოდ ვერ მოგცემთო, „ფარმადეპომ“ არ ფინანსდება ეგ საერთოდო, ავერსში მითხრეს, თქვენ რაც გინდათ, ის რაოდენობა არ გვაქვსო… რამდენიმე ფილიალი მოვიარე აღმაშენებელზე, ჭავჭავაძეზე, გორგილაძეზეც ვიყავი… დედამ სამი თვე უნდა მიიღოს ეს წამლები. მთლიანობაში რომ დამიჯამეს, 500 ლარი გამოვიდა, ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ჩემი და დედაჩემის პენსიაა, ასევე სოციალური შემწეობა.

მეც ყოველთვიურად მჭირდება მედიკამენტი, რომელიც 80 ლარი ღირს, მაგას არავინ აფინანსებს,“ – ასრულებს ნინო ხინთიბიძე.

რა უთხრეს კონკრეტულად „ბათუმელებს“ აფთიაქებში? 

ნინო ხინთიბიძის მიერ დასახელებული „ლორისტა“ და „ეგილოგი“ რომ უფასოდ აღარ აქვთ, ეს „ფარმადეპოსა“ და „ჯიპისი“-ში დაგვიდასტურეს.

„სია პერიოდულად ახლდება სამინისტროსთან შეთანხმებით. აპრილში აღნიშნული მედიკამენტები არ არის სიაში,“ – მოგვწერეს კომპანია „მეფას“ პრესსამსახურიდან. ეს კომპანია აერთიანებს „ჯიპისის“ და „ფარმადეპოს“.

PSP-ს პრესსამსახურში კი განმარტეს, რომ სახელმწიფო ტენდერით შესყიდვები ზოგჯერ გვიანდება და ხარვეზს ეს იწვევს.

„სამინისტრო იღებს ამ გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვერაფერს ვწყვეტთ… კვოტებზეც სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას, სად რამდენი მედიკამენტი უნდა წავიდეს ამ პროგრამის ფარგლებში, შესაძლოა, ბათუმში არ არის და სხვაგან იყოს,“ – გვიპასუხეს PSP-ში.

რაც შეეხება კომპანია „ავერსს“, აქ თქვეს, რომ „ლორისტა“ და „ეგილოგიც“ ქსელში არსებობს, თუმცა არ გამორიცხეს შესაძლო ტექნიკური ხარვეზიც.

„მივიდეს მოქალაქე ბათუმის რომელიმე ფილიალში და მისცემენ, არის ქსელში,“ – გვიპასუხეს „ავერსში“

„დღეს მითხრეს, რომ საერთოდ არ გვაქვს ქსელში „ლორისტაო“, მენეჯერსაც ვესაუბრე, მაგრამ არაფერი,“ – ამბობს ნინო ხინთიბიძე, რომელიც დღეს „ავერსის“ გრიბოედოვის ქუჩაზე არსებულ ფილიალში მივიდა.

საბოლოოდ „ავერსის“ პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ მედიკამენტები ქსელში არის, მაგრამ არაა საკმარისი რაოდენობა.

„შეფერხებაა სამინისტროდან… როგორც კი გვექნება და შეივსება მარაგი, თავად დავუკავშირდებით მოქალაქეს“, – დაგვპირდნენ „ავერსში“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ბათუმელებს“ მოქალაქეები უყვებიან, როგორ ვერ სარგებლობენ „უფასო მედიკამენტების პროგრამით.“ 2021 წლის 19 თებერვალს ასევე პენსიონერის შესახებ ვწერდით, ვის შვილსაც აფთიაქში უთხრეს, რომ მედიკამენტი აქვთ, მაგრამ უფასოდ არა.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური კითხვებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს „ბათუმელებმა“ წერილობით 2021 წლის 23 თებერვალს მიმართა. სამინისტროდან პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

რაც შეეხება ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოს, ამ საკითხზე მათი პასუხი ნახეთ აქ

მთავარი ფოტო: ასიე ჯინჭარაძე

ტრაგედიაა, რომ ჩემს შვილსაც სჭირდება რეპეტიტორი – მასწავლებელი

რას მიიჩნევს განათლების სისტემის მარცხად, რას ელოდება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმისგან და როგორ უნდა მიაღწიოს მასწავლებელმა გაკვეთილზე მიზანს – სოფელ წყალთაშუას საჯარო სკოლის ისტორიის წამყვანი მასწავლებელი თეა თავაძე სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა „ბათუმელებს“. ის „ახალი სკოლის მოდელში“ სასკოლო სასწავლო გეგმების და დანერგვის ექსპერტიცაა.

  • ქალბატონო თეა, როგორია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა [ესგ], აქვს მას ხარვეზები, ისე როგორც ძველს? 

მე ერთი პატარა სოფლის სკოლაში ვასწავლი ისტორიას, თუმცა როგორც კოორდინატორი, ჩართული ვარ ახალი სკოლის მოდელში და ვეხმარები ვანის მუნიციპალიტეტის სკოლებს. საგნობრივ სიღრმეებში შესვლის საშუალება დიდად არ მაქვს, მაგრამ, ფაქტობრივად, ყველა სკოლასთან მიწევს შეხება.

ეროვნული სასწავლო გეგმა ნებისმიერი პედაგოგისთვის არის სამაგიდო დოკუმენტი და ყველაფერი:  მიზანი, შინაარსი, რა საკითხი უნდა ვასწავლო, რა რესურსი გამოვიყენო, მეთოდები, სტრატეგიები, შეფასების ყველა კომპონენტი, ამ სასწავლო გეგმით მაქვს გაწერილი.

ხარვეზი, ნაკლი ალბათ ამ დოკუმენტსაც ექნება, მაგრამ როცა, ვთქვათ, დღეს შეიტან რაღაც მასალას, განხილვის შემდეგ კიდევ უფრო ამუშავდება. ეს არ არის დოგმა. რაღაც არ ამართლებს? რაღაც განსხვავებული წამოვა პედაგოგებისგან, რომელიც მისაღები და გასათვალისწინებელია, მათ პრაქტიკულ გამოცდილებაზეა დაყრდნობილი? – ასეთ შემთხვევაში ეს ყველაფერი იცვლება და იხვეწება.

  • თქვენ როგორ მუშაობთ მოსწავლეებთან და რაში გეხმარებათ ახალი ესგ?

მე სოფლის პატარა, მცირეკონტინგენტიან სკოლაში ვასწავლი, სადაც კლასში 8-9 მოსწავლე გვყავს. გვაქვს კლასკომპლექტებიც. შესაბამისად, ყველა სკოლაში განსხვავებული პრობლემებია. თუმცა ამოსავალი წერტილი არის ის, რომ დავეყრდნო მოსწავლის წინარე ცოდნას – რითი მოვიდა მოსწავლე ჩემამდე. ყველა ბავშვს ვერ ექნება ერთნაირი ცოდნა და, შესაბამისად, მე ყველა ბავშვთან მისასვლელად განსხვავებული გზა და მეთოდი მჭირდება.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა მაძლევს იმის საშუალებას, რომ განვსაზღვრო ეს გზა, რომელზეც გავივლი ჩემს მოსწავლესთან ერთად და ეს გზა ვერ იქნება იდენტური, მაგალითად, სხვა რომელიმე რეგიონის მასწავლებლის და მოსწავლისთვის, რადგან მე ინდივიდუალურად უნდა განვსაზღვრო კურიკულუმი ამ კონკრეტული ბავშვისთვის და ახალი ესგ სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ არც ერთი მოსწავლე არ უნდა დარჩეს მასწავლებლის ყურადღების მიღმა, არც ერთი მოსწავლის ხმა არ უნდა დაიკარგოს. მე ასე მიმაჩნია.

  • ეს ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი ხილვადი გახდება კლასში და არა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების?

წარმოუდგენელია, რომ მხოლოდ წარმატებულ ბავშვთან იმუშაოს მასწავლებელმა. მე მშობლის პოზიციიდანაც მინდა ვისაუბრო, რადგან მეც მყავს შვილი და ჩემთვის ტრაგედიაა, რომ მას სკოლის მიღმა სჭირდება სხვადასხვა საგანში მომზადება, ანუ რეპეტიტორი. სწორედ ეს არის ჩვენი განათლების სისტემის კრახი.

მე ერთი შვილი მყავს, მაგრამ ვისაც 4-5 ან მეტი ჰყავს, რა ქნას? როგორ უნდა გაწვდეს ოჯახი ფინანსურად ამდენი ბავშვის მომზადებას, განათლება ხომ უნდა მიიღონ ბავშვებმა. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი უფლება, რომ განათლება მივიღოთ და თუ ჩვენ, სკოლა ამ უფლებას უგულებელვყოფთ, მაშინ რა გამოდის?

ჩემთვის, როგორც ისტორიის მასწავლებლისთვის, რა უნდა იყოს მთავარი, რაღაც მასალა დავაზუთხინო ბავშვებს, რაღაც სარჩევი უნდა მოვასწრო, თუ მივცე ცოდნა, რომელსაც ცხოვრებაში გამოიყენებს.

  • რამდენი მოსწავლე გყავთ კლასში?

ყველაზე ბევრი გვყავს 9 მოსწავლე კლასში. შეიძლება იყოს 7 -8 მოსწავლეც. გვაქვს კლასკომპლექტებიც. ქალაქის სკოლებს ამ მხრივ სხვა გამოწვევები აქვთ, მცირეკონტინგენტიან სკოლებს – სხვა, თუმცა პრინციპი არის ერთი, რომ ჩემი საგაკვეთილო პროცესი წარვმართო არა განყენებულად, არამედ ცხოვრებასთან, მის ყოველდღიურობასთან კავშირში.

  • მესამე თაობის ესგ მისცემს ბავშვს ისეთ ცოდნას, რომ მას ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეპეტიტორი არ დასჭირდება?

რომ არ გვქონდეს მოლოდინი და ჩვენი საქმიანობა არ იყოს გათვლილი გრძელვადიან მიზანზე, მაშინ ჩვენს საქმიანობას აზრი დაეკარგებოდა.

მესამე თაობის ახალ სასწავლო გეგმაში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია კომპლექსური დავალება, რომელიც მოსწავლის შემოქმედებითი პროდუქტია. მოსწავლე მას ვერ შექმნის, თუ ვერ შეძლო მასალის ათვისება, ან შექმნის იმ ხარისხით, რა ხარისხითაც შეძლო ცოდნის მიღება. შესაბამისად, ამ დავალების შესრულების დროს ზუსტად ხედავს პედაგოგი მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს სოლო ტაქსონომიით (სწავლებაზე დაკვირვების შესაძლებლობა) შეფასებისას.

კომპლექსური დავალება მაშინ ითვლება კარგად, როდესაც მოსწავლე ახალ ცოდნას იძენს.  აქ ცოდნის სამივე კომპონენტი უნდა იყოს დაკმაყოფილებული – დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეულზეც უნდა მოხდეს სწორება. ანუ – რა ვიცი, როგორ შემიძლია ეს გამოვიყენო და როგორ ვიყენებ პრაქტიკაში.

  • კომპლექსური დავალება ქულებით ფასდება?

უნდა ვაღიაროთ, რომ შეფასება ჩვენი განათლების სისტემის აქილევსის ქუსლია. შეფასება და მით უმეტეს, განმსაზღვრელი შეფასება ამ ეტაპზე არაფრის მომცემია. განმავითარებელ შეფასებას მეტი დატვირთვა აქვს და უფრო მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს.

  • ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი ესგ დანერგვის შემდეგ შეფასების სისტემაც შეიცვლება? ანუ ნიშნებით შეფასება უნდა დარჩეს თუ არა?

ეს ცოტა გრძელვადიანი პროცესია, რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ სკოლების ნაწილია ჩართული ახალი სკოლის მოდელში, 2024 წლამდე უნდა დაიფაროს ყველა სკოლა. როდესაც ყველა სკოლის კურიკულუმი შემუშავდება,  ყველა სკოლა გადავა კომპლექსური დავალებებით საქმიანობაზე,  ეს ბუნებრივად და ლოგიკურად მოიტანს იმას, რომ აქცენტი გადავა  იმაზე, რა იცის მოსწავლემ და არა – რა ნიშანი უწერია. შესაბამისად, განმავითარებელ შეფასებაზე გადასვლა, განმსაზღვრელ შეფასებას ნელ-ნელა უფუნქციოს გახდის.

  • მაგალითად, ლიტერატურის მასწავლებლები ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა გადაიხედოს სავალდებულო ნაწარმოებების ჩამონათვალი და მათ ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა. თქვენ თუ ხედავთ ისტორიის მიმართულებით რაიმე ცვლილების აუცილებლობას?

სამწუხაროდ, ჩემი სკოლა ამ ეტაპზე არ არის ჩართული ახალი სკოლის მოდელში და არც მაქვს იმის ფუფუნება, რომ სრულად შევიგრძნო ის სიკეთე, რასაც ეს მოდელი გვთავაზობს, თუმცა 24 წელია სკოლაში ვარ, უამრავი სახელმძღვანელო შეიცვალა ჩემს პერიოდში და ჯერ კიდევ გვყავს კლასები, სადაც შესაცვლელია სახელმძღვანელოები.

იყო უკიდურესობები, როცა სახელმძღვანელო არ გაძლევდა სიახლის შეტანის საშუალებას ან ძალიან გადატვირთული იყო ისეთი საკითხებით, რომელიც მასწავლებლების საგამოცდო საკითხებია ხშირად.

მახსოვს პერიოდი, როდესაც ისტორია და გეოგრაფია გაერთიანდა და ვერ ვხვდებოდით, ვის უნდა ესწავლებინა, ისტორიას თუ გეოგრაფიას. ახალი ესგ-თი, მე როგორც მასწავლებელს, მაქსიმალურად მენიჭება შემოქმედებითი თავისუფლება.

ვაკვირდები კლასის საჭიროებას, ვითვალისწინებ ცოდნის დონეს, სავალდებულო საკითხები არის შემოთავაზებული, მაგრამ კონკრეტულ საკითხს 5 საათს კი არ ვუთმობ ან ნაკლებს, იმდენს, რამდენის საჭიროებასაც მე ვხედავ. თუ ადრე გავიარე, დამატებითი თემები შემომაქვს, ვსაზღვრავ რა ვასწავლო, როგორ და რა რესურსებზე დაყრდნობით.

სწავლების შედეგი არის ის, რომ მოსწავლემ შეძლოს ანალიზი, საკუთარი შეფასების გაკეთება და ჩემი მიზანიც ეს უნდა იყოს სწორედ, რომ მოსწავლე ეტაპობრივად მივიდეს ამ საფეხურამდე.

  • რატომ ამბობენ მოსწავლეები, რომ „მარტო სკოლაში ნასწავლით ვერ ჩააბარებ ეროვნულებს“, მესამე თაობის ესგ თუ აგვარებს ამ პრობლემას?

პროგრამა, რასაც ვასწავლიდით აქამდე სკოლაში და ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც დაინერგება, არის იდენტური ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული მასალის. ჩემი შვილი მეთერთმეტეკლასელია და მე ვამეცადინებ ისტორიაში. ყოველი გაკვეთილი იწყება კითხვით – გახსოვს? მე-7 კლასში რომ ვიჯექით და ვასწავლიდი, არაფერი არ ახსოვს. იმიტომ კი არა რომ მე არ ვასწავლე, მან არ ისწავლა.

ამიტომ, აქ აცდენა კი არ არის საკითხებში, არის ის, რომ თავის დროზე ვერ მივაწოდეთ ცოდნა გააზრებულად, ძალიან ბევრი პედაგოგი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ალბათ მთლად კეთილსინდისიერადაც ვერ ასრულებს, რადგან ფაქტია, რომ რეპეტიტორობის ინსტიტუტი ყვავის და რეპეტიტორი თუ აღწევს შედეგს, იგივე მოსწავლე ხომ ჰყავს მას კლასში?

და მეორე საკითხი, ეროვნულ გამოცდებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წყაროს ანალიზს, არგუმენტების მოყვანას, კონკრეტული მოვლენის შეფასებას, რაც ნაკლებად ისწავლება სკოლაში.

მესამე თაობის გეგმა კი ამ ყველაფერს ითხოვს გაკვეთილზე. თუმცა ეს გეგმა მასწავლებელს არ აყენებს იმ მდგომარეობაში, რომ 45 წუთში მოასწროს ყველაფერი. გრძელვადიან მიზანზეა ორიენტირება და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხარ ამ მიზნისკენ. მოსწავლე უნდა მიიყვანო პროდუქტის შექმნამდე.

ეს უნდა ვასწავლოთ და არა დაზუთხული, დაზეპირებული ფაქტობრივი მასალა, რომ საკლასო ოთახის კარს მიღმა ერთი თარიღი ვერ გაიხსენოს, ერთი ფაქტი ვერ შეაფასოს ან საერთოდ არ იცოდეს რა ხდებოდა იმ გაკვეთილზე.

  • რაში გჭირდებათ დღეს ყველაზე მეტად მხარდაჭერა პედაგოგებს?

ბევრი რაღაც შეიცვალა ჩვენთვის, თუნდაც მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით, თუნდაც ის, რომ არ გვცივა საკლასო ოთახში, მოსწავლეს ტრანსპორტიც კი ემსახურება.

ძალიან ბევრი სემინარი, ტრენინგია იმისთვის, რომ განვითარდე პროფესიულად, მაგრამ ზოგადი სიტუაციაა სტრესული. პანდემიის გამო მასწავლებელს ორმაგი შრომა უწევს, ჯერ კლასში უნდა იმუშაოს, შემდეგ ონლაინში, ამას თან ახლავს ტექნიკური პრობლემები, ბევრ მოსწავლეს ინტერნეტი, კომპიუტერი არ აქვს და ამ სოციალური სიდუხჭირის ფონზე მოსწავლეების თვალებში შიშიც დამინახია.

ასევე, გულდასაწყვეტი იყო ის ფაქტი, რომ ქალაქის და სოფლის სკოლების მასწავლებლები არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენეს და როცა იმერეთში პანდემია მძვინვარებდა და სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ჩვენ სოფლის სკოლის მასწავლებლები მაინც საკლასო ოთახებში ვმუშაობდით. ერთი დღე არ გავჩერებულვართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს რამდენიმე კოლეგას კოვიდი დაუდასტურდა და ყველა ვნერვიულობდით. ფაქტობრივად,  ჩვენ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ვრისკავდით.

თუმცა სოფლის სკოლებს ის ფუფუნება გვაქვს, რომ რადგან ცოტა მოსწავლე გვყავს კლასში, თითოეულ ბავშვთან მივიდეთ და უფრო ახლოს ვიმუშაოთ მათთან. თუ ქალაქის სკოლებში ეს პრობლემა არ მოგვარდა, შედეგის მიღწევა ძალიან გაჭირდება.

ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო. წინასწარი რეგისტრაციით გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID 19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, 18 წლის ასაკიდან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ვებგვერდი შეიქმნა იმისთვის, რომ მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდეს აცრისთვის წინასწარ გაიაროს რეგისტრაცია და ასევე თავად აირჩიოს მისთვის სასურველი ვაქცინა.

წინასწარი რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე

ამავე თემაზე:

ტიკარაძე: შეიქმნება პორტალი, სადაც ყველა შეძლებს ვაქცინაციის სურვილის დაფიქსირებას

 

პრეზიდენტი რურუას შეწყალებაზე: მზად ვარ მივიღო სკანდალური გადაწყვეტილება

„მზად ვარ მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყევტილებას ვღებულობ შემდეგი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა უნდა გაუხსნას იმას, რომ ყოველგავრი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგეს ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს,“ – განაცხადა დღეს, 19 აპრილს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების საკითხზე.

პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალების აქტს მას შემდეგ მოაწერს ხელს, როცა პოლიტიკური ოპოზიცია პარლამენტში შევა, ხოლო ევროკავშირის და აშშ-ს წარმომადგენლები იტყვიან, რომ საქართველოში მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

„ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

„მინდა ყველას შეგახსენოთ ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალების დისკრეცია არაა მოლაპარაკების საგანი, ის არ ექვედმებარება მითითებებს ეს იქნება ოპოზიციისგან თუ მმმართველი პარტისგან…“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის სტაბილურობის მიზნით იღებს.

—————————–

გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას 4 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

თავად რურუა ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

პირველ ინსტანციაში სასამართლო განხილვების დასრულებამდე დაცვის მხარემ გიორგი რურუას პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლების შუამდგომლობა რამდენჯერმე დააყენა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არც ერთხელ არ დააკმაყოფილა.

საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 25 დეკემბერს განაცხადა, რომ გიორგი რურუას დაუმატეს ახალი ბრალდება — სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა (სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება).

გიორგი რურუა თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის, ენმ და ევროპული საქართველო. იმის გამო, რომ გიორგი რურუა ამ დრომდე არ იყო გათავისუფლებული პატიმრობიდან, აღნიშნულმა პარტიებმა მონაწილეობა არ მიიღეს საკონსტიტუტციო ცვლილებების დამტკიცებაში, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით უნდა ჩატარდეს.

200-ლარიან კომპენსაციაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 20 აპრილია

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენა 20 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი.

19 აპრილის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 203 375  განაცხადია დარეგისტრირებული.

სამსახურის ინფორმაციით, „თუ დამქირავებელი აპრილში აღარ წარადგენს განაცხადს, ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას ავტომატურად გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს.

ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, მარტის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 20 აპრილის ჩათვლით, რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით“.

აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად [1-ლი იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, ანუ 20 ივნისის ჩათვლით].

200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან. განაცხადს წარადგენს დამსაქმებელი და არა ის პირი, ვინც პანდემიის გამო უმუშევარი დარჩა ან დაკარგა სამსახური.

ამასთან, მოქალაქეს საშუალება აქვს გადაამოწმოს, არის თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში.

გადასამოწმებლად გადადით ბმულზე

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მიწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge.

ვის ეკუთვნის კომპენსაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

ამ თემაზე:

როდის მიიღებენ 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 100-ლარიან დახმარებას

„სირცხვილიას“ კიდე ერთი აქტივისტი სასამართლომ გაამართლა

„სირცხვილიას“ კიდევ ერთი აქტივისტის – ირაკლი კუკანიას საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისში პოლიციელები 3 აპრილს ღამით შეიჭრნენ და 3 პირი დააკავეს. პოლიციელებმა სასამართლო პროცესზე ვერ განმარტეს, კონკრეტულად რა სამართალდარღვევის გამო დააკავეს აქტივისტები.

დღეს, 19 აპრილს, ირაკლი კუკანია მოსამართლე როინ კახიძემ გაამართლა. მას ადვოკატი ლელი ბჟალავა იცავდა.

12 აპრილს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გენრი დოლიძე გაამართლა. მის წინააღმდეგაც დაწყებული ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყდა.

პოლიციის მიერ „სირცხვილიას“ ოფისში დაკავებული სამი ადამიანიდან, მხოლოდ გიგა ნაკაშიძე დააჯარიმა სასამართლომ 500 ლარით.

ირაკლი კუკანია ამბობდა, რომ დაკავებისას მას ფეხები ურტყეს და დაზიანებები აღენიშნება. გენრი დოლიძის თქმით კი, მას სისხლნაჟღენთები აქვს და მრავლობითი ნაკაწრი. ამ შემთხვევებზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დაიწყო.

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მაღაზიაში მანქანა შევარდა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ნოვაში“ მსუბუქი ავტომანქანა შევარდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია მაღაზიის შენობის ფასადი და სწრაფი გადახდის აპარატი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

„ალი და ნინოსავით ვართ“ – პაკისტანელი კაცის და ქართველი ქალის ოჯახის ცხოვრება ბათუმში

სტატია მომზადდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის “მედიის ცნობიერების ამაღლება მიგრაციის საკითხებზე” და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროექტის EMERGE ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

 

საქართველოს მუდმივ საცხოვრებელ ქვეყნად ათობით უცხოელი ირჩევს. ისინი აქ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან, განსხვავებული წარმოდგენებით და მოლოდინებით. ზოგი მათგანი ახერხებს ლეგალურად ცხოვრების მოპოვების უფლებას, თავის დამკვიდრებას და სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრებას. ზოგიერთი მათგანისთვის კი საქართველოში დამკვიდრება რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ეს ისტორიაც ერთ-ერთ ასეთ ადამიანზეა.

„ხალხი ამბობდა საქართველოზე ლამაზი ქვეყანააო. ერთ დღეს გადავწყვიტე აქ ჩამოვსულიყავი და მენახა, თუ როგორი იყო სინამდვილეში,“ – ასე ხსნის პაკისტანელი ამჯად ხანი მიზეზს, თუ რატომ ჩამოვიდა საქართველოში.

ამჯად ხანი პაკისტანში, ქალაქ კარაჩიში დაიბადა. 20 წლის იყო, როცა პაკისტანის დატოვება და სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლა გადაწყვიტა. წლების განმავლობაში საუდის არაბეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. საქართველოში ექვსი წლის წინ ჩამოვიდა.

„საქართველოში ცხოვრების პირველი თვეები რთული იყო. ენა არ ვიცოდი და ძალიან მიჭირდა კომუნიკაცია. მეგობრებიც არ მყავდა თავიდან. ახლა ასე აღარაა. ცოლი მყავს აქ და ბედნიერი ვარ,“ – ამბობს ამჯადი.

სიყვარულის ისტორია „ალი და ნინოს“ მსგავსად

პაკისტანელი ამჯად ხანი და ქართველი ინგა ცინცაძე სიყვარულით დაქორწინდნენ. ერთმანეთი ფეისბუქით გაიცნეს. ფეისბუქ მიმოწერა თვეები გაგრძელდა. ამჯადი მაშინ თბილისში ცხოვრობდა. ინგა ხელვაჩაურში. წყვილი ერთმანეთს ბათუმში შეხვდა.

„ჩვენი გულები დაემთხვა ერთმანეთს. ვეუბნებოდი, თუ შემაყვარებ თავს, მარტო მაშინ წამოგყვები ცოლად-მეთქი. ისე მოხდა, რომ შემიყვარდა. მასაც შევუყვარდი. ამიტომ ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ,“ – იხსენებს ინგა ცინცაძე მათი ურთიერთობის საწყის პერიოდს.

ინგა იხსენებს, რომ თავდაპირველად დედამისი სასტიკად წინააღმდეგი იყო ცოლად უცხოელს, „თან პაკისტანელს“ გაჰყოლოდა. თუმცა საბოლოოდ ინგას გადაწყვეტილებას შეეგუა და სიძე ოჯახშიც მიიღო.

ხელის მოწერამდე… 1.12.2016

„წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დავიწყეთ ერთად ცხოვრება. ჯერ ჩუმად ვხვდებოდით, საბოლოოდ კი ინგას ოჯახმა მიმიღო. ინგას დედამ ბოდიშიც კი მომიხადა იმის გამო, რომ თავიდან მისთვის მისაღები არ ვიყავი,“ – იხსენებს ამჯადი.

კითხვაზე, რატომ არ იღებდა ოჯახი უცხოელ სიძეს, ინგა პასუხობს, რომ დედამისს ეშინოდა.

„დედაჩემს ეშინოდა იმიტომ, რომ ამჯადი პაკისტანელია. ტერორისტი ეგონა ყველა პაკისტანელი. ეშინოდა იმისიც, რომ არ მივეტოვებინე. დაგტოვებს და წავა თავის ქვეყანაშიო – მეუბნებოდა. თუმცა საბოლოოდ მაინც დასთანხმდა ჩვენს ურთიერთობას და სანამ გარდაიცვლებოდა, მასთან ერთად ვცხოვრობდით ერთ სახლში“, – იხსენებს ინგა.

„ბათუმში არის ალი და ნინოს ქანდაკება. ნინო იყო ქართველი და ალი უცხოელი. ასე ვართ ჩვენც. ჩვენი სიყვარული ყველაფერზე ძლიერია,” – ამბობს ამჯადი.

ბრძოლა საქართველოში ლეგალურად ცხოვრებისთვის

ამჯად ხანი თარჯიმანია. იცის არაბული, ჰინდი, ინგლისური და ცოტა ქართული. ქართული საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ისწავლა. ენის ცოდნას ხაზს უსვამს, რადგან ამბობს, რომ ქვეყანაში ადაპტაცია მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც ქართული ისწავლა.

ამჯადის თქმით, ენის სწავლაში ისიც დაეხმარა, რომ საქართველოში მის მშობლიურ ენაზე მოსაუბრე ცოტა ადამიანია.

„ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან ცოტა პაკისტანელი ცხოვრობს. 30 ან მაქსიმუმ 40 ჩემი თანამემამულე რომ ცხოვრობდეს აქ. პაკისტანის საკონსულო არაა თბილისში, ამიტომ ჩვენი ხალხი აქეთ თითქმის არ მოდის,“ – ამბობს ამჯადი.

ამჯადი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს. თუმცა მიმართვის მიუხედავად თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრეს.

სწორედ აქედან დაიწყო სასამართლოში ჯერ კიდევ დაუსრულებელი დავის ისტორია. იმის გამო რომ ამჯადი დოკუმენტების გარეშეა,  ოფიციალურად ვერსად ვერ იწყებს მუშაობას.

„რადგან დოკუმენტები არ მაქვს საქართველოში სამსახურს ვერ ვპოულობ. თავშესაფარზე მივმართე, მაგრამ მითხრეს, რომ საშიში ვარ და არ მომცეს. არც პაკისტანში და არც საქართველოში რამე ისეთი არ გამიკეთებია, საშიში რომ ვიყო. არც ნასამართლევი არ ვარ. თავშესაფრის მონიჭებაზე უარი სასამართლოში გავასაჩივრე. არაერთგზის. მორიგი პროცესი მალე იქნება,“ – ამბობს ამჯად ხანი.

ამჯადის თქმით, ენების ცოდნა ეხმარება დროებითი სამუშაოების პოვნაში.

„ხან გიდად ვმუშაობ, ხან თარჯიმნად. ბევრმა იცის, რომ აქ ვარ. მიკავშირდებიან და ასე ვპოულობ დროებით სამუშაოს. ახლა მაქვს კარგი შემოთავაზება, მაგრამ სანამ ბინადრობის საკითხს არ მოვაგვარებ, ვერაფერს ვერ ვთანხმდები,“ – ამბობს ამჯადი.

სასამართლო, რომელზეც ამჯად ხანისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, 2 აპრილს გაიმართა. სასამართლომ ამჯად ხანს უარი უთხრა თავშესაფრის სტატუსის მინიჭებაზე.

ინგა და ამჯადი ახლა ახალ გზას ეძებენ, თუ როგორ შეიძლება მათი ცხოვრება საქართველოში გაგრძელდეს.

 

კოვიდით 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.93 პროცენტია

19 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით ქვეყანაში 10 პაციენტი გარდაიცვალა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 949 პირი ემსხვერპლა.

18 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.58%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარაში – 57, იმერეთში – 35, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 7, გურიაში – 16სამეგრელო – ზემო სვანეთში – 80, კახეთი – 23მცხეთა-მთიანეთში – 10, სამცხე-ჯავახეთში – 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე კოვიდით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 387, საიდანაც 3 174 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 43ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6 776 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო მონაცემებით თვითიზოლაციაში იმყოფება 16 260  ადამიანიმათ შორის თბილისში – 8 577 პირიაჭარაში – 098იმერეთში – 1 189.

აჭარაში კოვიდის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 19 აპრილი

19 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 361 პაციენტი მკურნალობს და მათგან 6 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

200 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში.

ვინ ვერ ისარგებლებს უქმე დღეებით 4-11 მაისს – ახალი დადგენილება

საჯარო დაწესებულებები თავად განსაზღვრავენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ იმ სამსახურებსა თუ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის №175 დადგენილება, „თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას“ – აღნიშნულია მთავრობის 16 აპრილის დადგენილებაში.

მთავრობის N175 დადგენილებით, 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი უქმე დღეებად განისაზღვრა. ეს დადგენილებაც მთავრობამ 16 აპრილს მიიღო, თუმცა, 4-11 მაისი უქმე დღეებად რომ გამოცხადდებოდა, ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე 9 აპრილს გაჟღერდა.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, ერთობლივი ბრძანებით უნდა განსაზღვრონ ის მეწარმე სუბიექტები ან/და საქმიანობები, რომლებზეც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილება და „რომელთა უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის“.

„უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილება არ ვრცელდება ასევე „ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა (გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომელიც სხვა ნიშნით არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირს) და მათ მიერ/მათ წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.“.

„უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ 2021 წლის 16 აპრილის №175 დადგენილება არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.


მთავრობამ 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეებიც უქმე დღეებად გამოაცხადა. მაშინ საქართველოს ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ერთობლივი ბრძანებით ის მეწარმე სუბიექტები და საქმიანობები განსაზღვრეს, რომლებზეც არ გავრცელდებოდა 3-15 იანვრის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ მთავრობის დადგენილება.

ამ თემაზე ვრცლად:

რა იკრძალება და რა არის დაშვებული 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე | მთავრობის გადაწყვეტილება

ბათუმში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

ბათუმში, აკაკი შანიძის ჩიხში სახლი დაიწვა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობას განაგრძობენ.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოქალაქის თქმით, სახანძროს ადგილზე მისვლამდე ცეცხლი გვერდით მდებარე სახლებზეც გადავიდა, თუმცა მისი ჩაქრობა მოსახლეობამ მოახერხა.

ფიჭვნარში ანტიკური ხანის ძეგლის ტერიტორია 10 ჰექტარით შეამცირეს – მიწა კერძო კომპანიისაა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთში შეამცირა იმ ტერიტორიის ფართობი, რომელსაც, თითქმის ერთი წლის წინ, ძეგლის სტატუსი თავადვე მიანიჭა – როგორც ფიჭვნარის ნაქალაქარის ნამოსახლარს. ქობულეთ-ფიჭვნარისთვის არქეოლოგიური ზონის სტატუსის მინიჭებას კი არქეოლოგები 2012 წლიდან ითხოვენ.

ტერიტორიის ნაწილი [20 ჰექტარიდან დაახლოებით 14 ჰექტარამდე ფართობი], რომელსაც ძეგლის სტატუსი მიენიჭა, კერძო კომპანიის, შპს „გრინ რეზორტის“ საკუთრებაში იყო.

ძეგლთადაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ახალი ბრძანებით კი, კომპანიის საკუთრებაში მოქცეული ძეგლის ტერიტორია დაახლოებით 4 ჰექტარამდე შემცირდა. ანუ, კომპანიის საკუთრებაში არსებულ 10 ჰექტარამდე ფართობს, ძეგლის სტატუსი მოეხსნა.

ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიას ასე თუ ისე კანონი მეტად იცავს. ამჯერად კი, ამ 10 ჰექტარზე [რომელიც ზღვიდან 1 კილომეტრში მდებარეობს] მშენებლობის შემთხვევაში, კომპანიას ძეგლთან დაკავშირებული ვალდებულებები ფაქტობრივად მოეხსნა.

ფიჭვნარ-ჩოლოქი.
1. ძეგლის ტერიტორია 2020 წელს [მონიშნულია ოქროსფრად]
2. ძეგლის ტერიტორია ახლა [ოქროსფრად]
3. „გრინ რეზორტის“ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, რომელსაც სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა [დაშტრიხულია წითლად]
ფიჭვნარის არქეოლოგიურ ზონას ფიჭვნარ-ჩოლოქის დასახლებაში გაცილებით დიდი ფართობი უკავია, თუმცა ძეგლის სტატუსი სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 4 მარტის ბრძანებით მაშინ მხოლოდ 20 ჰექტარამდე ფართობს მიენიჭა.

ამავე სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 25 მარტის ბრძანებით კი, ძეგლის ტერიტორია, მთლიანობაში, დაახლოებით 12 ჰექტარით შემცირდა. სააგენტოს დირექტორის აღნიშნული ბრძანება ორი დღის წინ, 2021 წლის 16 აპრილს გამოქვეყნდა.

ძეგლის ტერიტორიის ნაწილი [ამჯერად 4 ჰექტარამდე ფართობი] იმ 180 ჰექტარში შედის, რომელიც აჭარის მთავრობამ კერძო კომპანია „გრინ რეზორტს“ 2019 წლის მარტში 6 040 265 ლარად მიჰყიდა. ხელშეკრულებით „გრინ რეზორტს“ მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აქვს.

ფიჭვნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური ძეგლი ძვ.წ. XIV- II საუკუნეებით თარიღდება.

სპეციალისტთა შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში ეს ერთადერთი და უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი უყურადღებობით ნადგურდება. სტატუსის გარეშე დარჩენილი რამდენიმე ჰექტარი ტერიტორია ქობულეთის მუნიციპალიტეტში კვლავ რჩება იმ „ცხელ წერტილად“, საიდანაც უკანონოდ ხშირად გააქვთ  ინერტული მასალა.

ამ თემაზე ნახეთ მასალა „ბათუმელების“ არქივიდან:

ფიჭვნარის „მკვდართა ქალაქი“ – ძეგლი სტატუსის გარეშე

 

ხელფასები შეგვიმცირეს – რას ჰყვებიან სტამბოლში დასაქმებული ქართველი ემიგრანტები

თურქეთში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული შეზღუდვებია დაწესებული. დღეს თურქეთში კორონავირუსის 62 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც თურქეთში დასაქმებული ქართველები გვიყვებიან, ეკონომიკურ კრიზისი, რაც თურქეთშიც დგას, ვირუსის მძვინვარების პარალელურად, აისახება ყველაზე: დიდი თუ მცირე ბიზნესების მფლობელებზე, რომლებსაც შეუმცირდათ შემოსავლები და დასაქმებულებზე, რომლებიც დამსაქმებელთა შემოსავლებზე იყვნენ დამოკიდებულები.

ლუდა ხუნდაძე 16 წელია მუშაობს თურქეთში. ბოლო 4 წელია სტამბოლშია. ასაკოვან ცოლ-ქმარს უვლის. ლუდას ხელფასს ამ ხნის განმავლობაში ასაკოვანი წყვილის შვილები უხდიდნენ. მაგრამ შარშან მარტის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ხან 2 თვე ვერ უხდიდნენ ხელფასს, ხან 3. მერე რასაც აძლევდნენ, იმასაც ნაწილ-ნაწილ და ცოტ-ცოტას.

ლუდა ხუნდაძე, თურქეთში დასაქმებული ქართველი ემიგრანტი

თუ კორონაპანდემიამდე ლუდა ხელფასი დიდი სახლის დალაგების, მოხუცი წყვილის მოვლისა და საჭმლის მომზადებისთვის 700 დოლარი იყო, ახლა მას მხოლოდ 4000 ლირას უხდიან, რაც 500 დოლარიც არ არის. ამ გასამრჯელოსაც ნაწილ-ნაწილ აძლევენ, როგორც და როდესაც მოუხერხდებათ. წყვილის შვილებმა ლუდას აუხსნეს, რომ მათი ბიზნესი დაზარალდა და მხოლოდ ასე გადახდა შეუძლიათ.

„ახლაც ორი თვის ხელფასი მაქვს ასაღები. 4 წელია აქ ვმუშაობ და მერიდება ჩემით ავდგე და წამოვიდე. კი მერიდება, მაგრამ მეც რომ ოჯახი მყავს სარჩენი? სხვა სამსახურიც ვერ ვნახე, რომ გადავიდე. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი ენა და აქაური წესები. ვერც წარმოვიდგენდი აქ თუ ასეთი პრობლემები შემექმნებოდა. ნერვიულობისგან სულ წნევები მაქვს, ღამე არ მძინავს.

ძალიან გაძვირდა პროდუქტი მაღაზიებში. 100 ლირად ერთ დღეს რასაც ვყიდულობდით მარკეტში, ახლა იმ რაღაცეებს 400 ლირა სჭირდება, ასეთია საშუალოდ ყოველდღიური დანახარჯი პროდუქტის მაღაზიაში“.

მიუხედავად იმისა, რომ ლუდა ხუნდაძეს თურქეთში ლეგალურად მუშაობის უფლებაც აქვს და დაზღვევაც, მაინც ვერ აპროტესტებს ხელშეკრულებით შეთანხმებული ხელფასის დაგვიანებებს. გვეუბნება, რომ მისმა ბევრმა ნაცნობმა დატოვა სტამბოლი ხელფასის მკვეთრად შემცირების და რიგ შემთხვევებში სამსახურის დაკარგვის გამო.

„თუ 5000, 6000 ლირა ჰქონდათ ხელფასი საშუალოდ სტამბოლში დასაქმებულ ქართველებს, პანდემიის შემდეგ განახევრდა“ – ამბობს ლუდა ხუნდაძე.

მსგავსი ისტორია აქვს ნონა კაციტაძესაც. ოჯახმა, სადაც ის მუშაობდა 2020 წლის მაისში უთხრა, რომ ვეღარ გადაუხდიდნენ კუთვნილ ხელფასს, 1000 დოლარს და შეეძლოთ მხოლოდ 600 დოლარის გადახდა. ნონას საჭიროებებს ეს ხელფასი არ ჰყოფნიდა. მან სტამბოლი დატოვა, საქართველოში ჩამოვიდა და 6 თვე აქ დაჰყო. მერე ისევ სტამბოლში მოუწია დაბრუნება და ახლა ამბობს, რომ სტამბოლში უკვე შეუძლებელი ქართველმა ემიგრანტმა იპოვოს სამსახური, სადაც 1000 დოლარს გადაუხდიან, ისე, როგორც მას პანდემიამდე უხდიდნენ.

„ცოტა ხნის წინ ჩამოვედი სტამბოლში 6 თვის შემდეგ და მომიწია სხვა სამსახურის ძებნა, რამაც ისევ ახალი პრობლემები გამიჩინა, ახალი ფსიქოლოგიური წნეხი: შეჩვევა ახალ ოჯახთან, გარეთ კიდევ მოგეხსენებათ შეზღუდვები, ყველანაირად დაზიანდა ემიგრანტების მდგომარეობა სტამბოლში. არიან ემიგრანტები, რომლებიც თვეში მხოლოდ 400 დოლარის გამო მუშაობენ ყოველდღე.

გუშინ ავიღე ხელფასი, გადავახურდავე და 1 დოლარი 8 ლირა და 18 ქურუში ღირდა. ლარის მსგავსად აქაც კატასტროფულად უფასურდება ლირა დოლართან მიმართებაში. სულ რაღაც 3 თვის წინ თუ ბანანი ღირდა 6 ლირა, ახლა 12 ლირა ღირს“.

ნონა გვიყვება, რომ იმ უბანში, სადაც ის მუშაობს, 25 ქართველი ემიგრანტი ქალი იყო, ახლა მათგან მხოლოდ 8 დარჩა – დანარჩენები სამუშაოდ იტალიაში წავიდნენ.

ნონა კაციტაძე, თურქეთში დასაქმებული ქართველი ემიგრანტი

„იტალიასაც აქვს ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ვეკონტაქტები აქედან იტალიაში წასულ ჩემს ნაცნობ ქალებს და ხელფასი 1000, 1200 ევრო აქვთ – ოღონდ ენის ცოდნაა ასეთი ანაზღაურებისთვის საჭირო. თუ ენა არ იცი 800 დოლარს გიხდიან.

ოჯახში, სადაც ახლა ვმუშაობ სტამბოლში, მათ ფინანსური პრობლემები არ აქვთ, მაგრამ ასეთი შემთხვევები გამონაკლისია“, – ამბობს ნონა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა ვირუსით, 35 608 პაციენტი გარდაიცვალა.

შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლა შეზღუდულია. მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებშიც საღამოს 7-დან დილის 5 საათამდე.

„არ დავთმობთ ბულვარს“ – ბათუმში აქცია იმართება | Live

ბათუმის ბულვარში ამ წუთებში მიმდინარეობს აქცია – „არ დავთმობთ ბულვარს“. აქციის ორგანიზატორია საზოგადოება „ბათომი“. აქციის მონაწილეები ბულვარში მიმდინარე თუ დაგეგმილ მშენებლობეს აპროტესტებენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ასევე ნამახვანი ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციას.

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად / ბათუმი, 18.04.2021
აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად / ბათუმი, 18.04.2021

ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, 18 აპრილი კი, ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა. მოქალაქეები ბათუმის ძველ ბულვარში კოლონადებთან არიან შეკრებილები.

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად / ბათუმი, 18.04.2021
აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად / ბათუმი, 18.04.2021
აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად / ბათუმი, 18.04.2021

„ვიკრიბებით ბულვარისა და სამოქალაქო ღირსების დასაცავად.

ბულვარი არის საქართველოს თითოეული მოქალაქის საკუთრება და არა ფულიანი ხალხის, რომლებმაც მიიტაცეს ჩვენი საგანძურის უნიკალური ტერიტორიები, დგამენ იქ ცათამბჯენებს და სახინკლეებს, ღობავენ სანაპიროებს და იზომავენ უნიკალურ მწვანე სივრცეებს საკუთარ ეზოდ. ამის წინააღმდეგ მებრძოლი ბულვარის დირექტორი კი სამსახურიდან უსამართლოდ გაუშვეს. რითაც თითოეული ბათუმელის ღირსება და თავისუფლება შელახეს! შეწყდეს ბულვარის განადგურება და ადამიანების უსამართლოდ ჩაგვრა! ბათუმი აღარ ითმენს უკიდურეს უსამართლობას და უკანონობას,“ – ვკითხულობთ ფეისბუქზე, ღონისძიების გვერდზე.

ბათუმის ბულვარში მშენებლობებისა და პლაჟის გასხვისების წინააღმდეგ, ასევე, ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის მხარდასაჭერად აქცია 14 აპრილსაც გაიმართა აჭარის მთავრობასთან.

 

Exit mobile version