ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებში მგზავრებს 50-ის ნაცვლად ისევ 70 თეთრს ახდევინებენ. ტარიფის თვითნებურად გაზრდისთვის მიმდინარე წლის იანვარში ნებართვის მფლობელი კომპანიები მთლიანობაში 46-ჯერ დააჯარიმეს.
„მარშუტკით მგზავრობისას თუ 50 თეთრი მაქვს, ვიხდი და ხშირად მძღოლები არაფერს ამბობენ, მაგრამ თუ მაგალითად ერთლარიანი ან სხვა თანხა მივაწოდე, 70 თეთრს მახდევინებენ. რამდენჯერმე ისეთ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ ახლა არაფერს ვეუბნები მძღოლს. ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტონ, ვისაც ეხება ეს საკითხი“, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვებს თვითმმართველობა გასცემს და თავად ადგენს მგზავრობის ფასსაც. შესაბამისად, თვითნებურად გაზრდილი ტარიფის საკითხიც ქალაქის საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს, რომელიც „თვითნებურად“ არ იკრიბება. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეც კი არ ჰყავს.
ბათუმში 2022 წლის 2 აპრილს საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები გაიმართება. ადლიის საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე იყო. იგი 2021 წლის ნოემბერში, ახალი საკრებულოს შეკრებამდე გარდაიცვალა.
მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა ბათუმის საკრებულოში გადაწყვეტს პოლიტიკურ ძალთა ბალანსს. იმ შემთხვევაში, თუ კი ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად ოპოზიციის წარმომადგენელს აირჩევენ, საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას ექნება, „ოცნების“ წარმომადგენლის შემთხვევაში კი – მმართველ პარტიას.
35 წევრისგან შემდგარ ბათუმის საკრებულოში ამჟამად „ქართული ოცნებას“ 16 წევრი ჰყავს, ოპოზიციას – 17 [მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრი, „გახარია – საქართველოსთვის“ – 2, „ლელო“ -1], ხოლო 1 წევრი დამოუკიდებელი დეპუტატია, გახარიას პარტიის ყოფილი წევრი, რომელმაც ღიაც განაცხადა, რომ ენმ-თან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია.
—
კომპანიებმა, რომლებიც სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას ემსახურებიან, მგზავრობის ტარიფის 80 თეთრამდე გაზრდის მოთხოვნით ბათუმის მერიას 2021 წლის დეკემბერში მიმართეს.
ტარიფის გადასახედად საკრებულო უნდა შეიკრიბოს – გვეუბნებიან მერიაში, თუმცა, აქ ისიც ვერ გავარკვიეთ, ამ დრომდე განიხილეს თუ არა კომპანიების მოთხოვნა ან თუ მუშაობს მერია შესაბამის პროექტზე, რომელიც წესით საკრებულოს უნდა წარუდგინოს.
„სანებართვო პირობების დარღვევის [მგზავრობის ტარიფის თვითნებურად გაზრდის] ფაქტზე მიმდინარე წელს 46 სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი“, – გვითხრეს ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში 31 იანვარს.
46-დან 36 ოქმი ინსპექციას წელს, 14 იანვრამდე ჰქონდა შედგენილი. ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:
„კატასტროფამდე მივალთ, თუ არ ჩავყრით ინერტულ მასალას ზღვაში,“ – მიიჩნევს გეოლოგი, საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი ტარიელ ტუსკია, რომელსაც ზღვის მიერ ბათუმის სანაპირო ზოლის დაზიანებაზე ვესაუბრეთ – მორიგი შტორმის დროს ბათუმის ახალ ბულვარში პრომინადის ნაწილი ზღვამ წაიღო, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
ბატონო ტარიელ, თქვენი აზრით, რა არის საჭირო ბათუმის სანაპირო ზოლის გადასარჩენად?
პირველ რიგში, საჭიროა დასხდნენ სპეციალისტები და გამოხატონ პოზიციები. ჩემი მოსაზრება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ასე უნდა გაკეთდეს.
ჩემი აზრით, ყველაზე ეფექტურია ზღვის ხელოვნური კვება, ანუ ზღვაში ინერტული მასალის პერიოდულად შეტანა, შემდეგ ზღვა ამას თავად ანაწილებს. ზღვის აბრაზია ხშირად ხდება ამ მონაკვეთში. ახალ ბულვარში, რომელიც ახლა შტორმმა ძლიერ დააზიანა, ადრე გემთმშენებელი ქარხანა იყო და კომუნისტების დროსაც ხდებოდა ნაპირის წართმევა. დაახლოებით 2009 წელს ჩვენ დავიწყეთ ნაპირგამაგრება ამ ტერიტორიაზე ინერტული მასალის შეტანით. მაშინ 100 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა შევიტანეთ ზღვაში და მოხდა პლაჟის გასწორხაზოვნება, რამდენიმე მონაკვეთში 10 – 15 მეტრით მოიმატა კიდეც პლაჟმა აბრაზიულ მონაკვეთში. შემდეგ წლებში მე აღარ გამიგია, რომ ინერტული მასალა ვინმეს შეეტანოს ზღვაში.
რატომ შეჩერდა ინერტული მასალის შეტანა, ანუ ზღვის ხელოვნური კვება? ხომ არ ჰქონდა ამ ჩარევას რამე უარყოფითი გავლენა?
შეჩერდა ალბათ დაფინანსების გამო, სხვა უარყოფითი გავლენა მე არ გამიგია… შედეგი იყო აშკარად სახეზე: აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია თითქმის მთლიანად იყო წარეცხილი, ადლიაშიც გახსოვთ, სახლებს როგორ გამოურეცხა საძირკველი ზღვამ, ახლა იმ ადგილზე გზა გადის და უსაფრთხო გახდა ის მონაკვეთი.
რაც საკუთარი თვალით ვნახე, ინერტული მასალის ჩაყრამ ჩვენ მოგვცა შედეგი.
ჩვენ მარტო გამოვყავით უბნები, სადაც შეიძლებოდა ინერტული მასალის ზღვაში შეტანა, ვყრიდით ამას ტრაქტორით, ზღვა შტორმის დროს თვითონ ანაწილებდა ამას.
ისეთი ამბავიც შეგვემთხვა ერთხელ, რომ 60 ათასი კუბური მეტრი მასალა ჩავყარეთ აეროპორტის მიმდებარედ, იმ ღამეს იყო ძლიერი შტორმი და მთლიანად, ერთიანად გაიტაცა ზღვამ ინერტული მასალა, კინაღამ პროკურატურაში გვარბენინეს, სად წავიდა ამდენი მასალა ასე უცებო. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ყველაზე ეფექტური.
ტარიელ ტუსკია – გეოლოგი
ბულვარის დაზიანებულ მონაკვეთამდე პლაჟზე ჩაწყობილია ქვის ლოდები. თქვენი აზრით, ამ ლოდებმა რატომ ვერ დაიცვა სანაპირო წარეცხვისგან?
მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ამ ლოდების ჩაწყობის. მე გეოლოგი ვარ და ნაპირდაცვის უძლიერესი სპეციალისტი საშა ხორავაც გახსოვთ თქვენ, რომ ამის წინააღმდეგი იყო. წინააღმდეგი იყო შოთა ფაღავაც… ჩვენი არგუმენტი იყო ის, რომ ჩვენთან მწვანე კონცხამდე ზღვის სანაპირო არის სხვა გეოლოგიური აგებულების, ვიდრე, მაგალითად, მეზობელ თურქეთში, სადაც ლოდების ჩაწყობით დაახლოებით 10 მეტრი სანაპირო წაართვეს ზღვას. ჩვენთან თურქეთისგან განსხვავებით არაა კლდოვანი ნაპირი.
ბათუმში მდინარეების ნატანია ქვემოთ, ქვების ჩაწყობით ეს არ გაჩერდება არაფრით, მწვანე კონცხამდე სულ სხვა სიტუაციაა, 100 – 150 მეტრამდე მდინარე ჭოროხის ნატანია და წვრილმარცვლოვანი ქანია, კლდოვანი არაა არაფერი.
ჩვენი სანაპირო არის მდინარე ჭოროხის დელტა და ჭოროხს გრამი ნატანი აღარ შემოაქვს ჰესების აშენების შემდეგ. ჩვენ კატასტროფამდე მივალთ, თუ არ ჩავყრით ინერტულ მასალას ზღვაში.
რა შეიძლება მოხდეს უახლოეს პერიოდში, თუ არ დაიწყება ნაპირგამაგრება?
წლების წინ ზღვა ახლანდელ საზღვაო აკადემიამდე ამოდიოდა. ეს ცნობილია და ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლია ფოტოები ნახოს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიცაა გამოკრული.
წარეცხვა შესაძლოა გაგრძელდეს ძველ ბულვარშიც და ამ პროცესს ვერ შეაჩერებ, თუკი ზღვას ხელოვნურად არ გამოვკვებავთ. ზღვას სჭირდება საკვები, როგორც მშიერ ადამიანს და თუ მან ეს ვერ მიიღო, მიიტაცებს სანაპიროს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112 – განცხადებას ავრცელებს გადაუდებელი დახმარების მიღებასთან დაკავშირებით.
ცენტრის ცნობით, კორონავირუსის შემთხვევების გამო 112-ზე მოსახლეობის მომართვიანობა გაზრდილია.
„გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112 დაიყო სამ არხად:
• 112 – სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება • 112 – 1 – პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური • 112-2 – Covid-19
Covid-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-2-ზე ან დარეგისტრირდეს პორტალზე: https://er.moh.gov.ge/
112-ის მიერ, Covid-19 დადასტურებული შემთხვევები შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმებს.
თუ 48 საათის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ ოჯახის ექიმი შეგიძლიათ დარეკოთ ცენტრალური ონლაინ კლინიკის ცხელ ხაზზე – 1522, ხოლო კერძო დაზღვევის შემთხვევაში თქვენი სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე“ – აცხადებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 35%-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს.
„გთხოვთ, გამოიჩინეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე“ – მოუწოდებს ცენტრი მოქალაქეებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 თებერვლის 21 საათიდან 7 თებერვლის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით დროგამოშვებით – წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 5 – 10 გრადუსი
ღამით: 0 – 5 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:
დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 8-9 თებერვალს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
______________
ფოტოზე: ტბა ბათუმის ცენტრალურ პარკში. თამილა ხალვაშის ფოტო
ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც გაარკვევს, რა გზით არის შესაძლებელი ბათუმის სანაპიროს გადარჩენა. გუშინ, 5 თებერვალს, მორიგი შტორმის დროს, ბათუმის ახალი ბულვარში პრომინადის ნაწილი შტორმმა ჩამოშალა, დაზიანდა პლაჟის ინფრასტრუქტურა.
„ამ დროს ქალაქის მერი გამოვიდა და თქვა, რომ პრომინადი და პლაჟი დაასუფთავეს… სასწრაფო წესით საჭიროა, რომ შეჩერდეს ეს პროცესი.
ჩვენ ვითხოვთ სამუშაო ჯგუფის შექმნას, სადაც იქნებიან სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი სპეციალისტები და გაიწერება მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმა, თუ რის გაკეთებაა საჭირო. 2012 წლიდან ამ დრომდე ბათუმის სანაპიროს ინერტული მასალით აღარ კვებავენ, ამიტომაც გვაქვს ეს რთული მდგომარეობა,“ – მიიჩნევს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
ის და საკრებულოს ოპოზიციის სხვა წევრები მერიისთვის წერილობით მიმართვას ხვალ, 7 თებერვალს, დილით აპირებენ.
ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს ამ მიმართულებით სპეციალისტების აქამდე არაერთხელ გამოთქმულ მოსაზრებებზე – ექსპერტების აზრით, ბათუმის სანაპიროს ხელოვნური კვების გარეშე მისი წარეცხვის საფრთხე არსებობს.
2021 წელს საქართველოში უგზო-უკვლოდ დაიკარგა 163 ადამიანი. სტასტისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დრომდე იძებნება 51 პირი, გარდაცვლილი იპოვნეს 14 ადამიანი, ხოლო მოიძებნა 98 ადამიანი.
გასულ წელს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებს შორს 42 მოზარდია, ანუ 18 წლამდე პირი. უგზო-უკვლოდ დაკარგული 15 პირი 18-დან 24 წლამდეა, 59 ადამიანი – 25-დან 45 წლამდე, 29 ადამიანი 46-დან 60 წლამდე, ხოლო 18 პირი 60 წელს ზევითა ასაკის მქონეა.
1973 წლიდან 2022 წლამდე საქართველოში სულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ 999 პირს ეძებენ.
„რა მოგიყვეთ? მოგიყვეთ, რომ არჩევნები არ გვეხება, კანალიზაციაც კი არ გაგვიკეთეს და მაინც ქალაქი დაგვარქვეს?“ – გვითხრა ბიჭიკო მალაყმაძემ კახაბრის დასახლებაში. ბიჭიკოს საკუთარი სახლის შესასვლელთან პატარა ჯიხური ჩაუდგამს და მუყაოს ქაღალდზე დაუწერია მსხვილად – „მარკეტი“.
„გაჭირვებაა დიდი და ამიტომ გავხსენით. ერთი თვეც არაა ჯერ გასული და ნისიებია. შვილები პოლონეთში წავიდნენ სამუშაოდ, ჩვენ რა გვექნა?“ – გვითხრა მან.
კითხვები ბიჭიკო მალაყმაძის მსგავსად სხვა ადამიანებსაც აქვთ კახაბრის დასახლებაში, ადლიასა და აეროპორტის გზატკეცილზე.
ეს ის უბნებია, რომლებიც ბათუმს წლების წინ მიუერთეს, თუმცა პრობლემები იგივე დარჩა: კანალიზაციის სისტემა არ არსებობს, არც სანიაღვრე არხებია გაჭრილი, სასმელი წყალიც საკანალიზაციო თხრილებთან ახლოს მდებარე ჭაზეა დამოკიდებული, არც გარეგანათებაზე უზრუნია ვინმეს, გზებზე გავლა კი ისევ ისე რთულია, როგორც მაშინ, როცა აქაურობას ჯერ კიდევ სოფელი ერქვა. აქ 2 აპრილს არჩევნებია.
ამ დასახლებაში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 296 ხმით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმანუგზარ ფუტკარაძემ მოიგო, თუმცა იგი გარდაიცვალა და აქ ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ხელახლა უნდა აირჩიონ.
კახაბრის დასახლება, ბათუმიბიჭიკო მალაყმაძის მარკეტიბიჭიკო მალაყმაძე მეუღლესთან ერთად
„სანიაღვრეების მოწყობა ახლა დაიწყეს, ჭაობი იყო მანამდე. ამინდიც ხელს არ უწყობთ, თორემ გააკეთებდნენ აქამდე… ალბათ… იმედია,“ – გვიყვება ბიჭიკო და სახელდახელოდ მოწყობილ ჯიხურში მყიდველს ემსახურება პარალელურად.
ბიჭიკო მალაყმაძე სულ რამდენიმე თაროზე ჩამწკრივებულ, პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს ყიდის.
„რა მაღაზია ესაა, 200 ლარის საქონელი თუ იქნება…“, – მზერას გვარიდებს ბიჭიკო და იღიმის. „მარკეტში“ მისი ცოლი შემოდის. ისიც ამბობს, რომ ცხოვრება გართულდა, ორივე ბიჭი სამუშაოდ პოლონეთში გაუშვა, სადღაც ქარხანაში ვმუშაობთო, იწერებიან თურმე იქიდან და აქ ბებია-ბაბუა ზრდის შვილიშვილებს.
„აქედან გამოიარეთ, ასე სჯობს, არ დაისვრებით, ტალახია,“ – ხელით მანიშნებს სად სჯობს ქუჩაში გავლა ბიჭიკო მალაყმაძე. მას ვთხოვეთ ეჩვენებინა საკანალიზაციო ჭა, რომელიც აქ თითქმის ყველა ოჯახს აქვს.
ბათუმში, გასულ წელს, წინასაარჩევნოდ,ხელოვნური კუნძულის აშენება დააანონსა მთავრობამ, მილიონობით ლარი ქვაფენილების აყრასადა ხელახლა ასფალტის დასაგებად იხარჯება, თუმცა მთავრობას აქ მცხოვრები ათასობით ოჯახისთვის ჯერ არავის მოუცლია.
ზღვისპირა და ტურისტული ქალაქის ამ ნაწილში კანალიზაციის სისტემა საერთოდ არ არსებობს.
საკანალიზაციო თხრილი – ბათუმში არსებობს დასახლება, სადაც ამ დრომდე არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა
ბიჭიკო მალაყმაძეს საკანალიზაციო თხრილი კერძო სახლის უკან, ბოსტნის გვერდით მოუწყვია. გვიყვება, რომ ასე იყო წლების წინ და ასეა ახლაც. არაფერი შეცვლილაო, იმეორებს პერიოდულად ისე, რომ მოლოდინი არც აქვს, რომ ამ პრობლემას მოაგვარებს ვინმე.
„ასეა, ამოთხრი ღრმა მიწას და მიაერთებ მილს. მერე ორ-სამ თვეში ერთხელ უნდა გამოიძახო მანქანა, რომ ამოქაჩოს. ამოქაჩავენ, ფულს გადაიხდი და წავლენ, სუნი დგება ისეთი, უჰ,“ – სახე ემანჭება ბიჭიკოს და ისევ მაღაზიისკენ მიდის სწრაფი ნაბიჯებით მორიგ კლიენტთან შესახვედრად.
დასახლების პრობლემებზე ავტოსახელოსნოში მურმან გოგიაშვილსაც ვესაუბრეთ. ის უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი, ვიდრე ბიჭიკო და ამბობს, რომ, მაგალითად, სასმელი წყლის სისტემა წესრიგდება. ასევე, ჯერ არ ჩართულა, მაგრამ აწყობენ გარეგანათების სისტემასაც.
„არ ვარ არც ოპოზიცია და არც პოზიცია, გულისტკივილს რა დალევს, მაგრამ რაღაც კეთდება…“, – აღნიშნა მან. დასახლების პრობლემებზე ნაკლებად საუბრობს, მაგრამ ავტოხელოსანი ხაზს უსვამს, რომ საკრებულოს წევრს, ნუგზარ ფუტკარაძეს პირადად იცნობდა და მისი უშუალობა მოსწონდა.
„ნუგზარ ფუტკარაძე იყო გავლენიანი პიროვნება, ნუგზარის შვილს არ ვიცნობ [ენმ ამ დასახლებაში ნუგზარ ფუტკარაძის შვილის კანდიდატად დასახელებას განიხილავს], არც „ქართული ოცნების“ კანდიდატს ვიცნობ. მასში [ნუგზარ ფუტკარაძე] არ იგრძნობოდა ის, რომ თანამდებობის პირია, უბრალო კაცი იყო,“ – გვიყვება მურმან გოგიაშვილი და თავისი ხელით დამზადებულ ღუმელთან მივყავართ.
მურმან გოგიაშვილი ღუმელთან, რომელიც გადამუშავებულ ზეთზე მუშაობს
„ეს ღუმელი გადამუშავებულ ზეთზე მუშაობს, იუთუბში ვნახე ვიდეო და ჩემი ხელით შევადუღაბე, 5 ლიტრი სჭირდება დღე-ღამეში, რაც ორი ლარი ღირს. სახელოსნო მაქვს და სულ მაქვს ეს ზეთი, ხან ვყიდულობ და ასეა, “ – გვითხრა მურმან გოგიაშვილმა.
კახაბრის დასახლებაში გზას განვაგრძობთ. გზის ერთ ნაწილში ორმო გაუჭრიათ და უსაფრთხოებისთვის ლენტით შემოუსაზღვრავთ. ორმოს მიღმა დიდი სახლია, სახურავზე აღმართული საქართველოს დროშით. ჩანს, რომ სახლში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.
„მაქ ვინც ცხოვრობს, ის ნაციონალია და იმან აღმართა, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, არჩევნები არ ვიცით,“ – ღიმილით მპასუხობს მაყვალა მამულაძე, რომელიც დროშიანი სახლის პირველ სართულზე ცხოვრობს. ის სახლის კედელზე ხელის მიდებით გვაჩვენებს, რა სიმაღლეზე იტბორება სახლი, როცა მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოდის.
მაყვალა მამულაძესახლში, რომლის წინაც ორმო გაუთხრიათ და მილებს აწყობენ სანიაღვრე წყლებისთვის, ოთხი ოჯახი ცხოვრობს
„ერთი თვის წინ აღმართა დროშა, რა ვიცი, ჯერ ვერ ადიოდა, მარა ბოლოს ავიდა,“ – ეს ქეთი ბოლქვაძემ გვითხრა. ის გონერი გელაძის ცოლია. გონერი შინ არ დაგვხვდა და მის ცოლს ვკითხეთ: როგორ და ვინ აღმართა დროშა სახლის სახურავზე, კახაბერში.
„აქ უნდა გენახეთ, როცა წყლით ვიყავით სავსე, არავის არაფერი არ აუნაზღაურებია… ახლა მოვიდნენ, ორი დღის წინ და ეს ორმო გათხარეს, მილებს აწყობენ, სანიაღვრე სისტემისაა, წყალს გაიწოვსო,“ – გვიყვება მაყვალა მამულაძე.
„ჰო, ზორი მიაწვა „ოცნებას“ და აკეთებენ ახლა,“ – დიალოგს კიდევ ერთი მეზობელი უერთდება აჭარული დიალექტით – ედო წიწნაძე. იგი იქვე, ღიმილიანი სახით განმარტავს, ზორი გაჭირვებას ნიშნავსო.
სახლის შესასვლელთან გამოდის ედოს ცოლიც – ნადია ჭელიძე. ის გვიყვება, რომ როცა წვიმს, ბავშვები სკოლაში ხელში აყვანილი მიჰყავს.
„სკოლა შორს არაა, მაგრამ როცა წვიმს, ან ნაწვიმარია, სულ ტალახია, უფროსი მეორე კლასშია, პატარა – პირველკლასელია. ისეთი ტალახია, ბავშვი ვერ გაივლის…
სოციალურად დაუცველები ვართ, სასადილოშიც უნდა მივიდე, რომ საკვები წამოვიღო. ყველგან გზა დაიგო, ჩვენ დავრჩით უგზოდ… ეზოშიც ისეთი ამბავია…ზაფხულში რამდენი გველი მარტო მე მოვკალი,“ – ამბობს ნადია და სახლში ბრუნდება.
ნადია ჭელიძე და ანა-მარია
რას შეცვლის არჩევნები? – ვეკითხები ეზოში დარჩენილებს.
„გაიმარჯვა ფუტკარაძემ და შეისწრეს კაცი, რა აზრი ჰქონდა? მთავრობაში ვინც არის, ის იმარჯვებს… ყველას ხმა უნდა, მერე არავის არაფერი აღარ ახსოვს, დაგვანებეთ თავი,“ – ბრაზი ეტყობა მაყვალა მამულაძეს, ორმოს გაჰყურებს, წვიმის დროს მშენებლებს რომ მიუტოვებიათ და ამატებს:
„31 წელია აქ ვარ მოსული და არაფერი შეცვლილა ამ ორმოს მეტი…. მაშინ კოლექტივი იყო, მეურნეობა, ისიც დაიშალა,“ – ლაპარაკ-ლაპარაკით მაყვალა მამულაძე სახლში შედის.
კახაბრის დასახლება, ბათუმი
ქალი კახაბრიდან: „პენსია ნახევარი ბანკს მიაქვს სესხად, ნახევარი გამაყუჩებელში არ მყოფნის. მტკივა, ვერ ვიძინებ და ვტირი…“
„ბათუმის მერიამ აი, ეს გაზის გამათბობელი გადმომცა და ტელევიზორი, მაგრამ რაზე ჩავრთო გაზი? ვიყინები, სახსრები მტკივა, ისე მტკივა, რომ ღამე ვერ ვიძინებ, სულ ვზივარ და ვტირი…გაზაფხულზე, 2 მარტს 60 წლის გავხდები, მე მარტო ვცხოვრობ,“ – ეს კახაბრის დასახლებაში მცხოვრებმა ნადიკო ცეცხლაძემ გვითხრა.
ნადიკო ცეცხლაძე 17 წელია თვითნებურად დაკავებულ ფართში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ მერიას დაკანონების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.
„მანამდე რამდენიმე წელი აქ მეურნეობის საქათმე იყო და იქ მეძინა… ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, მოითმინო უნდაო, სულ ამას მეუბნებოდა ყველა: დედამთილი, მამამთილი, დედაც… ბოლოს, როცა თივის „ვილკა“ გამიყარა ყელში ქმარმა და თვალი გადმომივარდა, ბავშვები, საკუთარი შვილებიც კი დავტოვე და გამოვიქეცი,“ – გვიყვება ნადიკო და ქოხის წინ მოწყობილ ონკანის სახელურს ატრიალებს – წყალი მოდის.
„რა კარგია, მოსულა წყალი,“ – უხარია ნადიკოს და ქოხში შევყავართ.
ნადიკო ცეცხლაძე
რადგანაც საკუთრება რეგისტრირებული არ აქვს, ნადიკო ცეცხლაძე ელექტროენერგიის, წყლის, თუ ბუნებრივი აირის აბონენტად ვერ რეგისტრირდება. ნადიკო გვიმხელს, კეთილი მეზობლები როგორ დაეხმარნენ და ელექტროსადენი დაუთმეს.
ნადიკოს ბავშვობიდან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია. მას ხერხემალი აქვს დაზიანებული და ახლაც იღებს შშმ პირის პენსიას – თვეში 140 ლარს.
„ჩემი შემოსავალი ესაა და კიდევ 60 ლარს მაძლევენ, როგორც სოციალურად დაუცველს, მაგრამ 200 ლარიდან თითქმის ნახევარი ბანკს მიაქვს, სესხი მაქვს აღებული, კორონაც მქონდა… ისეთი ტკივილებიც მაქვს, დღეში 5 ლარის გამაყუჩებლები არ მყოფნის მარტო, მტკივდება ხერხემალი,“ – მორყეულ სავარძელში ჩაჯდომას ცდილობს ქალი და მერე აღწერს, როგორ ვერ წავიდა დღესაც უფასო სასადილოში, მისთვის განკუთვნილი საკვები რომ წამოეღო.
„ვსველდები და მერე სად გავაშრო ტანსაცმელი? უარესად მტკივდება ყველაფერი… ამიტომაც, აღარ წავედი დღეს, წვიმდა. გუშინდელი წამოღებული წიწიბურა მქონდა, კიდევ ბრინჯი, ერთმანეთში ავურიე და ეს არის. პური აღარ მეყო. ისეც ნახევარ პურს გვაძლევენ დღეში. ნახევარი პური როგორ მეყოს?“ – კითხულობს ნადიკო და პაუზის შემდეგ გვიყვება, როგორ დააღწია თავი ოჯახში ძალადობას.
„შვილები მყავს, მაგრამ ხუთ წელიწადში ერთხელ თუ შემოივლის რომელიმე, ისაა.
შვილების გამო არ მოვდიოდი ქმრის ოჯახიდან წლების განმავლობაში. ჩემს ყოფილ ქმარს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, არ ვამტყუნებ, მაგრამ მე რა მექნა?
ჩემს დროს კი არ იყო ასე ინტერნეტი, რომ დარეკავ და დაგეხმარება ვიღაც. აქეთ მეჩხუბებოდნენ, საქონელს ვერ უვლიო, ჩალა ვერ მოამზადეო… არ შემეძლო, მიჭირდა მეც ფიზიკურად.
რამდენჯერმე შვილები წამოვიყვანე და წამოვედი დედ-მამის სახლში, მაგრამ დედამაც მითხრა, ვერცერთი რძალი ვერ აგიტანს ასეო. მამაც, როცა გავთხოვდი, მეორე წელიწადს მომიკვდა.
მერე, სახლში დაბრუნებულს, შვილები წამართვეს და დავბრუნდი ისევ ქმრის ოჯახში. ბოლოს, როცა „ვილკით“ დამესხა თავს, დავყარე შვილებიც და გამოვიქეცი…
რამდენი ღამე ბაზრის კიბეებზე მეძინა. მერე სიგარეტებით ვაჭრობა დავიწყე დახლზე… აქ შემიფარეს და საქათმეში მეძინა. ოპერაციაც გავიკეთე და თვალებშიც გამოვიხედე, დაბრმავებული ვიყავი თითქმის,“ – დაასრულა ნადიკო ცეცხლაძემ და ქოხის ჭერს ახედა ერთ კუთხეში იმის სანახავად, ჩამოდიოდა თუ არა ისევ წვიმის წვეთები სახლში.
რას ჰყვებიან ადლიაში: „15 წელია ქალაქი ვართ, მაგრამ ნუმერაცია მოგვანიჭეს მარტო“
„მთავარი პრობლემაა კანალიზაციაა, სანიაღვრე არხები, წყალი…“, – ჩამოგვითვალა ნანული დიასამიძემ, რომელიც ადლიის ქუჩაზე ცხოვრობს და ვკითხეთ, რა პრობლემები აწუხებს ახლა ყველაზე მეტად.
ადლიის დასახლებაში ძირითადად კერძო სახლებია პატარა, ლამაზი ბაღებითა და ეზოებით. მცირე წვიმის დროს ამ დასახლების ქუჩებში გავლისას მარტივად საგრძნობია, რომ აქ ვერ გაუმჯობესდა ცხოვრება – ეზოებში, სახურავებთან ახლოს, რკინის ავზები სასმელი წყლისთვის ისევ უდგათ, ქუჩებში გავლა რთულია.
ნანული დიასამიძე
„მერიის პასუხი არის ეს, რასაც ხედავთ… უკვე 15 წელია ქალაქი ვართ, მაგრამ ნუმერაციის გარდა, აქ არაფერი შეცვლილა. ამჯერადაც გაიმარჯვებს ენმ არჩევნებში, ნუგზარ ფუტკარაძის ფაქტორი იყო, რა თქმა უნდა, წინა არჩევნებზე, მაგრამ ვფიქრობ, პარტიაა აქ მნიშვნელოვანი,“ – საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს ხაზს უსვამს ნანული დიასამიძე, აივანზე ჩერდება და ხელით ორ მშენებარე კორპუსს გვაჩვენებს, მის მეზობლად რომ შენდება.
მშენებარე კორპუსები, ადლიის ქუჩა, ბათუმი
„საინტერესოა, იქ როგორ უნდა მოეწყოს საკანალიზაციო სისტემა. გავიგე, თეთრი კარკასით ბარდებაო,“ – ნახევრად ირონიით ამბობს ნანული დიასამიძე.
ადლიის დასახლებაში შენიშნავთ მასობრივად დაუკრეფავ მანდარინის ბუჩქებსაც. ადლიელები ჰყვებიან, რომ მანდარინს ხარისხი გაუფუჭდა და დაკრეფა აღარ ღირდა.
ადლიის დასახლების ქუჩებში ყურადღებას იქცევს მოსაცდელიც თავისი ფორმით და, მაგალითად, შეკრების ადგილი, იგივე სადისკუსიო, ან კარტის თუ დომინოს სათამაშო სივრცე, რომელიც წვიმის დროს ღია, მაგრამ ცარიელი დაგვხვდა.
მოსაცდელი ადლიაში, ბათუმი
„22 წელია აქ ვცხოვრობ და ისევ გვჭირდება ეს ავზები, რასაც ჩემს უკან ხედავთ. შუქი თუ წავიდა, უწყლოდ რჩები, საქაჩი არ მუშაობს. ამიტომაც საჭიროა ავზი,“ – ეს გასაუბრების დროს კიდევ ერთმა ადლიელმა გვითხრა, გოჩა ლომინაძემ.
„პრობლემაა სუნიც, რომელიც პერიოდულად ნაგავსაყრელიდან მოდის… არა და არ გვარდება კანალიზაციის პრობლემა. მე, მაგალითად, ორ თვეში ერთხელ ვიძახებ მანქანას საკანალიზაციო თხრილის გასაწმენდად. ერთი გამოძახება ყველაზე ცოტა 80 ლარი ღირს, ზოგჯერ 100 ლარსაც ითხოვენ.
გარეგანათებაც პრობლემაა. ბოლო 2 თვეა ადლიის ქუჩა ჩაბნელებულია. ქურდობაც დაიწყება ალბათ… მოგვარდებაო, სულ გვეუბნებიან წინასაარჩევნოდ, ახლაც გვეტყვიან ალბათ იგივეს და ვუცდით ჩვენც ცის გახსნას,“ – ნახევრად ირონიულად ამბობს გოჩა ლომინაძე.
დღეს, 5 თებერვალს, ბათუმში შტორმმა კიდევ ერთხელ დააზიანა ახალი ბულვარის სანაპიროს ნაწილი, წაიღო სკამები, ქვა-ღორღით გაივსო ბულვარის სავალი ნაწილი.
შტორმი ბათუმის ახალ ბულვარში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძეშტორმი ბათუმის ახალ ბულვარში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძექვიშით სავსე ტომრები სანაპიროზე მდებარე ბართან. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძეშტორმი ბათუმის ახალ ბულვარში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძეშტორმი ბათუმის ახალ ბულვარში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძეშტორმი ბათუმის ახალ ბულვარში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძეშტორმი ბათუმის ახალ ბულვარში. ფოტო: „ბათუმელები“შტორმი ბათუმის ახალ ბულვარში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
თუ 5 და 6 თებერვალს სილქფესტის აქციას შეუერთდებით, შეძლებთ გაიაქტიუროთ თქვენთვის სასურველი პირობა და კოდით *202# მთელი თვით ჩაირთოთ:
40 GB ინტერნეტი 18 ₾
ულიმიტო სასაუბრო + 10 GB ინტერნეტი = 18 ₾
ულიმიტო სასაუბრო + ულიმიტო ინტერნეტი = 25 ₾
სილქფესტის აქციები განკუთვნილია, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის და საუკეთესო შეთავაზებაა მომხმარებლისთვის, მინიმალურ ფასად მაქსიმალურად მეტი სერვისი მიიღოს.
ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-38 წლებში დახვრეტილი ადამიანების კიდევ ერთი სამარხი გახსნეს. სამარხზე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მოწვევით, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დელეგაცია 24 იანვრიდან მუშაობს.
არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად სულ ნაპოვნია 29 ადამიანის ნეშტი. ნეშტების განცალკევების შემდეგ დაიწყება მათი ანთროპოლოგიური შესწავლის პროცესი.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ შსს არქივში დაცული, სხვადასხვა დღეს შედგენილი განაჩენის აღსრულების აქტების შესწავლის შედეგად აღნიშულ სამარხში აღმოჩენილი ნეშტების რაოდენობა ემთხვევა 1938 წლის 15 მარტის განაჩენის აღსრულების აქტში არსებულ რეპრესირებულთა რაოდენობას.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, გოგლიძის 1938 წლის 11 მარტის მიმართვისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ზაქარაიას ბრძანებით, 1938 წლის 15 მარტს, ღამის 4 საათზე დახვრიტეს 29 ადამიანი.
ეს ადამიანები იყვნენ:
1. აშრაფიანი ფილიპე ივანის ძე – დაბ. 1868 წ.
2. ასატურიანი არუთუნ გეორგის ძე – დაბ. 1906 წ.
3. ანდღულაძე ილარიონ იასონის ძე – დაბ. 1887 წ.
4. აბაშიძე ისმაილ ჰუსეინის ძე – დაბ. 1904 წ.
5. ალეკპეროვი ჰუსეინ ალეკპერის ძე – დაბ. 1869 წ.
6. ბულეიშვილი გერასიმე პეტრეს ძე – დაბ. 1884 წ.
7. ბატტი მიხაილ მიხაილის ძე – დაბ. 1868 წ.
8. ვერეშკო ანტონ ანტონის ძე – დაბ. 1863 წ.
9. გოლიაძე პართენ ამბაკოს ძე – დაბ. 1878 წ.
10. გაგუა სერაპიონ სიმონის ძე – დაბ. 1885 წ.
11. გორდელაძე გიორგი იოსების ძე – დაბ. 1893 წ.
12. გობრონიძე ირაკლი გიორგის ძე – დაბ. 1883 წ.
13. ერშოვი ევგენი ვასილის ძე – დაბ. 1890 წ.
14. ჟულჩენკო სიმონ დიმიტრის ძე – დაბ. 1905 წ.
15. კრომლიდი ფილიპ გეორგის ძე – დაბ. 1903 წ.
16. ლოპატინი ტიმოფეი პროკოფის ძე – დაბ. 1892 წ.
17. მხჩიანი არამ გრიგორის ძე – დაბ. 1898 წ.
18. მანჯგალაძე (პოპოვა) მირა ვალერიანის ასული – დაბ. 1908 წ.
19. ნიკოლაიშვილი ნიკოლოზ თაყას ძე – დაბ. 1881 წ.
20. რუსეიშვილი ირაკლი მოსეს ძე – დაბ. 1897 წ.
21. ტოლმაჩევი დემიან ფიოდორის ძე – დაბ. 1890 წ.
22. ტანტ-ოღლი მევლუდ აჰმედის ძე – დაბ. 1892 წ.
23. თოდუა ლეონიდე სიმონის ძე – დაბ. 1893 წ.
24. ხარაიშვილი სიმონ დავითის ძე – დაბ. 1895 წ.
25. ხალვაში აბდულა ისკენდერის ძე – დაბ. 1905 წ.
26. ცეცხლაძე რიზა თემურის ძე – დაბ. 1917 წ.
27.ცინცაძე გრიგოლ მაქსიმეს ძე – დაბ. 1905 წ.
28. ჩაგანავა ნილოზი მელიტონის ძე – დაბ. 1910 წ.
29. ჩხაიძე გედევან ქიშვარდის ძე – დაბ. 1908 წ.
ოქმში, რომლის მოპოვებაც IDFI-მა შეძლო, 29 დახვრეტილიდან ერთი ქალია, 1908 წელს დაბადებული მირა პოპოვა-მანჯგალაძე. თუ ახლახან ნაპოვნ სამარხში ქალი აღმოჩნდება, მაშინ უფრო გამყარდება ვარაუდი, რომ სამარხი 1938 წლის 15 მარტს დახვრეტილებს ეკუთვნით.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, აღმოჩენილ ნეშტებს ხელები უკან აქვთ შეკრული, ხოლო თავის ქალაზე აღენიშნებათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობა – ზუსტად ისეთი ნახვრეტი, როგორიც აღენიშნებათ სხვა ქვეყნებში მსგავს ადგილებში აღმოჩენილ, საბჭოთა დიდი ტერორის დროს დახვრეტილი ადამიანების თავის ქალებს.
„გარდა ამისა, სამარხები, რომელიც წარმოადგენს წინასწარ გათხრილ დიდ ორმოებში ერთად მოთავსებული ათეულობით ადამიანის ნეშტს (რომელსაც შემდეგ სავარაუდოდ მიწის ერთიანი მასა გადააყარეს), სხვა ქვეყნებში აღმოჩენილი ანალოგიური ადგილების იდენტურია“ – აცხადებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.
„ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო მაღალი ზონის სოფლებში ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია. რეკომენდირებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოძრაობა,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში ახალი თოვლის საფარის სიმაღლე 40 – 50 სანტიმეტრია.
აჭარის გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, ტექნიკა მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზეც მუშაობს, თუმცა ყველა გზა ჯერ გაწმენდილი არ არის.
„ძირითადად ამ ეტაპზე პრობლემაა თხილვანის და ღორჯომის თემის სოფლები… წილიდან იწმინდება კურორტ გოდერძის გზა, იქ მაღალი გამავლობის მანქანით გადაადგილება არის შესაძლებელი,“ – ამბობს ნური გორგაძე, ხულოს მერიის პრესცენტრის ხელმზღვანელი. მისივე თქმით, ხულოს სოფლებს ამ ეტაპზე ელექტროენერგიის პრობლემა არ აქვთ.
ხულო, თებერვალი, 2022 წ. ხულოს მერიის ფოტო
შუახევის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო გზების გაწმენდა ჭირს. აქ გვითხრეს, რომ გზები გაწმენდა დაწყებულია, თუმცა სოფლებთან მისასვლელი გზები ყველგან გაწმენდილი ჯერ არ არის.
შუახევში აქვს შუქის პრობლემაც. შუახევის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, დილის 11 საათისთვის დაახლოებით 15 სოფელს ჰქონდა ელექტროენერგიის პრობლემა.
თოვლი შუახევში, შუახევის მერიის პრესცენტრის ფოტო
რაც შეეხება ქედას, აქ გვითხრეს, რომ ტექნიკა გზების გაწმენდაზე 6 მიმართულებით მუშაობს.
„ელექტროენერგიასთან დაკავშირებით შეფერხებებია რამდენიმე სოფელში. ადგილზე მობილიზებულია ენერგო-პრო ჯორჯიას ბრიგადა, რომელიც აწარმოებს აღდგენით სამუშაოებს,“ – მოგვწერეს ქედის მერიის პრესცენტრიდან.
მთავარი ფოტო: გზების გაწმენდა ქედაში, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო
ბათუმში ისევ გათოვდა. სინოპტიკოსების ცნობით, შაბათს და კვირას მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, მაღალ მთაში – ქარბუქი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში ორშაბათს, 7 თებერვლიდან გამოიდარებს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, თოვას ბათუმი ამ დროისთვის პრობლემები არ შეუქმნია, მიმდინარეობს გზებისა და ტროტუარების გაწმენდა.
ამ დროისთვის, ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი გამტარუნარიანია.
ბათუმში ქუჩებს სპეციალური ტექნიკა წმენდს, ბათუმის მერიის ფოტო
ჭავჭავაძის ქუჩა, ბათუმი, 2022 წ.შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა, ბათუმი, 2022 წ.მემედ აბაშიძის გამზირი, ბათუმი, 2022 წ.ბათუმის ცენტრალური პარკიბათუმის ცენტრალური პარკიბათუმის ცენტრალური პარკი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვრის თვეში ისევ გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული, პური და პურპროდუქტები, ზეთი და ცხიმი, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული, თევზეული, რძე, ყველი და კვერცხი, ხორცი, ხორცპროდუქტები, ყავა, ჩაი და კაკაო.
დღეს, 4 თებერვალს, ბათუმის ბონის აგრარულ ბაზარში იგივე დაადასტურეს პროდუქტების გამყიდველებმა. მომატებული ფასები სხვადასხვა საკვებპროდუქტზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ასე გამოიყურება:
კარტოფილი – 1.50 ლარი
სტაფილო – 2.50 ლარი
ჭარხალი – 2.50 ლარი
პომიდორი – 4.00 ლარი
კიტრი – 5.00 ლარი
კომბოსტო – 2.50 ლარი
ხახვი – 1.00 ლარი
მწვანილი – 7.00 ლარი
საქონლის ძვლიანი ხორცი – 13.00 ლარი
საქონლის საშუალოდ ძვლიანი ხორცი – 15.00 ლარი
საქონლის უძვლო ხორცი – 18.00 ლარი
ღორის ხორცი – 16.00 ლარი
ქათმის ხორცი (თხილნარის ნედლი ქათამი) 750 ლარი
1 ლიტრი ზეთი – 5.30 ლარი
ნიგოზი – 15 ლარი
ნიგვზის მთელი ლებნები – 30 ლარი
იმერული ყველი – 13.00, 14.00 ლარი
სულგუნი – 19.00, 22.00 ლარი
შებოლილი სულგუნი 20.00, 22.00, 23.00 ლარი
ჩეჩილი ყველი – 14.00 ლარი
ბოსტნეულის გამყიდველები ამბობენ, რომ იანვრის თვეში დაახლოებით 1 ლარითაა მომატებული ბოსტნეულზე ფასები.
რა იწვევს ფასების ზრდას? გამყიდველები ამბობენ, რომ პროდუქტის გადაზიდვები გააძვირა ბენზინის ფასის ზრდამ. შესაბამისად, მომწოდებლებს პროდუქტი ძვირად მოაქვთ. ამას ემატება დახლის გადასახადის თანხა, რასაც გამყიდველები ყოველთვიურად უხდიან ბაზრის ადმინისტრაციას, მათ ამ გადასახადის ფასიც გაეზარდათ. გამყიდველების მოსაზრებით, პროდუქტებზე ფასები ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო გაძვირდა.
ბონის აგრარულ ბაზარში გამყიდველები ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ყიდიან ერთ პროდუქტს, მაგრამ თავად უჭირთ სხვა პროდუქტის შეძენა გამომუშავებული თანხით.
ნიგვზის გამყიდველი, გურამ ნაკაიძე ამბობს, რომ მრავალსულიანი ოჯახი ჰყავს და პურის ყიდვას ვერ აუდის, ამიტომ გადაწყვიტა ფქვილი იყიდოს ყოველთვიურად, რაც მისთვის ასევე ძვირია.
„50 %-ით გაუარესდა ჩვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა. ოჯახში ათნი ვართ. როგორ შეიძლება ამ პირობებში თავის გატანა არ ვიცი.
კომბოსტოს 30 თეთრად ვყიდულობდი, ახლა 2 ლარი ღირს, წარმოგიდგენიათ კომბოსტოს ფასი 2 ლარი? სახლში მყავს დედა, მეუღლე, შვილები, რძლები და შვილიშვილები“, – ამბობს გურამ ნაკაიძე.
გურამ ნაკაიძე, ნიგვზის გამყიდველი ბონის აგრარული ბაზრიდან
ხორცის გამყიდველი შუშანა შარაშიძე კი გვეუბნება, რომ წამლები, რაც მას და მის ოჯახის წევრებს სჭირდებათ ყოველთვიურად 300 ლარამდე ღირს და ყიდვა უჭირს:
„ხორცს ვყიდი, მყიდველი აღარსადაა, სად აქვს ხალხს ხორცის ფული, ხანდახან თუ შემოვა ვინმე. წამლის ფასებს მაინც რომ გააიაფებდნენ დიდი შეღავათი იქნება ჩემთვის, 300 ლარი გვჭირდება ოჯახში წამლებისთვის ყოველთვიურად. ამ წამლების გარეშე ვერ ვარსებობ, სულ რომ უნდა ვსვა ისეთი წამლებია“.
Google-სა და Apple-ს აპლიკაციების ბაზებში დაახლოებით 100 000 სამედიცინო დანიშნულების აპლიკაციაა ხელმისაწვდომი და მათი რაოდენობა მზარდია. თუმცა, ყველა მათგანი ერთნაირად ეფექტური ნამდვილად არ არის. გთავაზობთ რამდენიმე მარტივი და ეფექტური აპლიკაციის მოკლე მიმოხილვას, რომლებიც ჯანმრთელობის უკეთ კონტროლში დაგეხმარებათ:
• Migraine Buddy –შაკიკის ეპიზოდების მონიტორინგის აპლიკაცია, რომელიც გეხმარებათ შაკიკის სწრაფად დიაგნოსტირებაში და თქვენი დიაგნოზის უკეთ გაგებაში, რა ფაქტორები გატკივებთ თავს, როგორია სიმპტომები და ა.შ.
შაკიკი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მძიმე, ინტენსიური თავის ტკივილით ხასიათდება. ადამიანების უმრავლესობა უმეტესად თვითმკურნალობას ეწევა, რაც არა თუ არაეფექტური, არამედ საზიანოც კია. თავის ტკივილი, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საკმაოდ მძიმე ნევროლოგიურ დარღვევებზე მიუთითებდეს, ამიტომაც აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან, რომელიც დიაგნოზს სვამს, პაციენტის მიერ მიწოდებული დეტალური ინფორმაციის საფუძველზე. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პაციენტმა ყურადღება მიაქციოს თავის ტკივილების სიხშირესა და გამომწვევ ფაქტორებს, სწორედ ასეთი დღიურის წარმოებაში დაგეხმარებათ Migraine Buddy.
აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ ჩაინიშნოთ თავის ტკივილის ეპიზოდის დაწყების და დასრულების დრო, ტკივილის სიმძლავრე, მონიშნოთ, რა ადგილას ლოკალიზდება ტკივილი, რა მედიკამენტის რა დოზა მიიღეთ. გეკითხებათ გრაფიკულად გამოსახული 20-ზე მეტი სიმპტომიდან რომელი აღგენიშნებათ, გთავაზობთ 30-ზე მეტ სავარაუდო მიზეზს, რამაც შესაძლოა გამოიწვია ეპიზოდის პროვოცირება და ა.შ.
აქვე აღმოაჩენთ, რომ ხასიათის სწრაფი ცვლილებები და ტკბილეულის ძლიერი სურვილი შესაძლოა შაკიკის ეპიზოდს მოასწავებდეს, ისევე როგორც მაღალი ტენიანობა.
აპლიკაციას აქვს წამლის მიღების შეხსენების ფუნქციაც.
• CLUE – რეპროდუქციული ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის განკუთვნილი ინგლისურენოვანი აპლიკაციაა, რომელიც გარდა მენსტრუალურ ციკლზე გრძელვადიანი დაკვირვებისა, შეგახსენებთ პრემენსტრუალური სინდრომის, უშუალოდ მენსტრუაციის დაწყების თარიღებს და მოგინიშნავთ ფერტილობის პერიოდსაც.
დროთა განმავლობაში, რაც უფრო მეტ მონაცემს შეიყვანთ აპლიკაციაში, მით უფრო ზუსტი ხდება მისი შეტყობინებები და თქვენი რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმოხილვის ანგარიშიც.
სხვა მსგავსი აპლიკაციებისგან განსხვავებით, რომლებიც გადატვირთულია ვარდისფერი ყვავილებითა და ჩუქურთმებით, CLUE-ს ძალიან კომფორტული ინტერფეისი აქვს, მარტივად გასაგები გრაფიკული ნიშნებითა და ადვილად აღსაქმელი განყოფილებებით, სადაც შეგიძლიათ ისეთი კონკრეტული დეტალების შეყვანა, როგორიცაა სისხლდენის ინტენსივობა, ტკივილის ლოკაცია, ემოციური ცვლილებები, ძილის ხანგრძლივობა, წონასთან, მადასთან და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული ცვლილებები, კანისა და თმის მდგომარეობა, მენტალური მდგომარეობა. ასევე შეგიძლიათ მოინიშნოთ ჰორმონალური მედიკამენტების მიღების დროები.
აპლიკაცია პერიოდულად გთავაზობთ სანდო მეცნიერულ წყაროებზე დაყრდნობით მომზადებულ ფაქტებსა და სტატიებს, რომლებიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობას უკავშირდება.
აპლიკაციას აქვს ორსულობის რეჟიმიც.
• MediSafe მედიკამენტების მიღების შემახსენებელი მარტივი აპლიკაციაა. მიუთითებთ წამლების მიღების დროს და მიიღებთ შემახსენებელ შეტყობინებებს აპლიკაციისგან. ასევე შეგიძლიათ მოინიშნოთ წამლის მიღება, როგორია მისი გვერდითი ეფექტები და სხვა. Medisafe-ზე შესაძლებელია რამდენიმე პროფილის დამატება. ეს იმას ნიშნავს, რომ აპლიკაციით შეგიძლიათ მართოთ/აკონტროლოთ არა მხოლოდ თქვენი, არამედ კიდევ რამდენიმე ადამიანის წამლის მიღების განრიგი.
აპლიკაციას ასევე შეუძლია რეცეპტების მეთვალყურეობა და მარაგების შევსების შეხსენება. აპლიკაციას აქვს Medfriend [„მედმეგობრის“] ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი აპლიკაციის სინქრონიზაცია მოხდეს სხვა ადამიანის აპლიკაციასთან. ამ დროს თუ თქვენ გამოგრჩებათ წამლის მიღება (და არ უპასუხებთ რამდენიმე შეხსენებას) აპლიკაცია თქვენს თანხმობას ვერ დაინახავს, შეხსენებებს თქვენი „მედმეგობარიც“ მიიღებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 57 მეტრი სიგრძის გზის კეთილმოწყობაზე ტენდერი 110 ათასი ლარით გამოაცხადა. ეს თანხა აჭარის ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი. სარეაბილიტაციო გზა კი ქალაქ ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირიდან იწყება და თამარ მეფის სანაპიროზე გადის.
სარეაბილიტაციო გზა ქობულეთში / ფოტო პროექტიდან
„პროექტით გათვალისწინებული გზა [57 მეტრი] ძლიერ დაზიანებულია, რაც სანიაღვრე [ცხაურიანი] ჭების არქონამ გამოიწვია, რაც საფრთხეს უქმნის გზის უსაფრთხო ფუნქციონირებას“, – აღნიშნულია პროექტში, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს.
პროექტის მიხედვით, „საველე-საკვლევი სამუშაოების შესრულებისას, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა და პროექტის დამუშავებისას, გათვალისწინებული იქნა მათი რეკომენდაციები საპროექტო გადაწყვეტილებების მიღებისას.“
პროექტით გათვალისწინებულია გზაზე არსებული ბეტონის ფილების აყრა და გატანა; სანიაღვრე [წყალმიმღები ჭების] და გარეგანათების სისტემების, ასევე ტროტუარის მოწყობა. გზაზე უნდა განთავსდეს სასვენი ნიშნებიც.
გზის სავალ ნაწილზე დაგეგმილია ბეტონის ფილების [სისქით 8 სმ], ხოლო ტროტუარზე – დეკორატიული ფერადი ბეტონის ფილების [სისქით 6 სმ] მოწყობა.
ტენდერში წინადადებების მიღება 15 თებერვალს დაიწყება და 18 თებერვალს დასრულდება. გზის კეთილმოწყობა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს.
სარეაბილიტაციო ქუჩა [აღნიშნულია წითელი ხაზით] ქობულეთის მერიის შენობასთან ახლოს [კაფე „დავითთან“] მდებარეობს და ის აღმაშენებლის გამზირიდან სანაპიროზე გადასასვლელს წარმოადგენს
ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-38 წლებში დახვრეტილი ადამიანების კიდევ ერთი სამარხი იპოვეს.
სამარხში 29 ნეშტი აღმოჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში 1938 წლის 15 მარტით დათარიღებული ოქმია. ოქმში 29 ადამიანის სახელი და გვარია, რომელიც ამ დღეს აჭარაში დახვრიტეს.
„თუ ეს 15 მარტის სამარხია, ოქმში წერია, რომ ღამის ოთხ საათზე აღსრულდა განაჩენი,“ – გამოთქვა ვარაუდი ანტონ ვაჭარაძემ, ის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმოადგენს და საბჭოთა რეპრესიების პერიოდს იკვლევს.
ოქმში, რომლის მოპოვებაც IDFI-მა შეძლო, 29 დახვრეტილიდან ერთი ქალია, 1908 წელს დაბადებული მირა პოპოვა-მანჯგალაძე. თუ ახლახან ნაპოვნ სამარხში ქალი აღმოჩნდება, მაშინ უფრო დასაბუთდება ვარაუდი, რომ სამარხი 1938 წლის 15 მარტს დახვრეტილებს ეკუთვნით.
„დიდი ტერორის დროს, წინასწარ, ტრაქტორით ამოთხრილ ორმოსთან აყენებდნენ ადამიანებს, სათითაოდ ხვრეტდნენ, ყრიდნენ ამ ორმოში და შემდეგ ტრაქტორით აყრიდნენ მიწას. კირსაც აყრიდნენ, რომ გახრწნა დაეჩქარებინათ. ადგილს პირობითად აღნიშნავდნენ. მაგალითად, თბილისიდან 18 კილომეტრში, ან ბათუმის შემოგარენში. თუმცა ეს დოკუმენტაცია, ყველაფერი დახვრეტის შესახებ ინახებოდა, გარდა ზუსტი ადგილისა.
დოკუმენტებში მოცემულია როდის აღასრულეს, ვინ იყო აღმსრულებელი და რამდენი ადამიანი დახვრიტეს.
1938 წლის 15 მარტს დახვრეტილთა სია
ჩვენს წინაშე რომ ნამდვილად დიდი ტერორის დროს რეპრესირებულთა სამარხებია, რამდენიმე რამ გვაძლევს ამის თქმის საშუალებას. პირველ რიგში ნეშტებზე არსებული დაზიანებები – თავის ქალაზე უკან წვრილ კალიბრიანი იარაღით მიყენებული ჭრილობა, ხოლო ბევრ მათგანს ზურგს უკან აქვს შეკრული ხელები. მეორე, ფორმა, თუ როგორ არის ეს სამარხი შევსებული [ნეშტები ერთმანეთზე არის დაყრილი]. გარდა ამისა, სამარხში აღმოჩენილია ხურდა ფული, კაპიკები, მონეტები, რომლებიც თარიღდება 1930, 1932-35 წლებით. ყველაზე გვიანდელი მონეტა 1936 წლისაა.
ზოგადად, სხვა ათობით და ასობით სამარხი, რაც აღმოჩენილია პოსტსაბჭოთა სივრცეში, იქ, სადაც მიმდინარეობდა მასობრივი დახვრეტები, გამოიყურება ზუსტად ასე. შესაბამისად, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს რეპრესირებულთა სამარხია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ანტონ ვაჭარაძემ.
რეპრესირებულთა ნეშტები ახლადაღმოჩენილი სამარხიდან
წითელი ტერორი მოიცავს 1937-38 წლების საბჭოთა რეპრესიებს, როდესაც ათასობით უდანაშაულო ადამიანი, დააპატიმრეს და სამართლიანი სასამართლოს გარეშე მიუსაჯეს სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმა – დახვრეტა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივზე დაყრდნობით შეაგროვა 1937-38 წლებში აჭარაში დახვრეტილ პირთა მონაცემები. ამ სიის მიხედვით, აჭარაში დიდი ტერორის დროს 1050 ადამიანი დახვრიტეს.
1937-38 წლებში რეპრესირებულთა სამარხი 04.02.2022
რეპრესირებულთა სამარხების აღმოსაჩენად თავდაპირველი სამუშაოები ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ ჩაატარა. ახლა მიმდინარე სამუშაოებსაც ეპარქია მეთვალყურეობს.
„2016 წელს მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით დაიწყო სამარხების ძებნა. იღუმენია სიდონია, დედა დინარა და მე – სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ვეძებდით. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ ერთმა პიროვნებამ, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ სურს, მიგვანიშნა ამ ტერიტორიაზე და ასე ვიპოვეთ პირველი სამარხი. შემდეგ კიდევ სამი სამარხი ვიპოვეთ. ერთმანეთთან ახლოს იყო ოთხივე,“ – იხსენებს „ბათუმელებთან“ ეთერ მახარაძე. ის ეპარქიის მიერ შექმნილი რეპრესირებულთა სამარხების მაძიებელთა ჯგუფის წევრია.
რეპრესირებულთა სამარხების პოვნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 2019 წლის 5 აპრილს გახდა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის.
როგორც „ბათუმელებისთვისაა“ ცნობილი პირველ ოთხ სამარხზე ეპარქიასთან არსებულმა ჯგუფმა იმუშავა, მეხუთე სამარხი ამერიკელი სპეციალისტების ჩართულობით გახსნეს, ხოლო მეექვსე სამარხის პოლონეთის მეხსიერების ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების ჩართულობით გაიხსნა.
რეპრესირებულთა სამარხების აღმოჩენაზე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და პოლონეთის მეხსიერების ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომლები ერთად მუშაობდნენ
წინა ხუთ სამარხში ნაპოვნი ნეშტები ამჟამად მონასტერში ინახება. ფერიის მონასტერში განთავსდება მეექვსე სამარხში ნაპოვნი 29 ადამიანის ნეშტიც.
„ფერიაში, ეპარქიის მონასტერში იქნება ეს ნეშტები დასვენებული. სპეციალურ ყუთებში, ქაღალდის სათავსოებში იქნება მოთავსებული.
ამ ადამიანების სქესის და დაახლოებითი ასაკის გარკვევა შედარებით ადვილია, პირველადი ანთროპოლოგიური კვლევაც არის საკმარისი. ამის შემდგომ უკვე ავიღებთ დნმ-ს. წინათ აღმოჩენილი სხვა ნეშტებიდანაც არის ეს დნმ ბაზა. სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ აიღო. თუ ოდესმე მოხდება ისე, რომ შევადგინოთ ცოცხალი შთამომავლების ბაზაც, ამის შედარება სამომავლოდ შესაძლებელი იქნება.
ვფიქრობ, ნელ-ნელა უკვე დაკრძალვაზეც უნდა იფიქროს საზოგადოებამ. 2017 წლიდან დაწყებული ნეშტები ჯერ კიდევ დაუმარხავია და საფიქრალია ამაზე,“ – ამბობს ანტონ ვაჭარაძე. ის თავის მოსაზრებას გვიზიარებს, თუ სად და როგორ შეიძლება დაიკრძალონ რეპრესირებულები.
„როგორც ვთქვი, შემდგომი ეტაპი ამ სამუშაოების არის უფრო კომპლექსური ანთროპოლოგიური კვლევა, დნმ-ის აღება და აუცილებელია დაკრძალვა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა შარშან მოვიწვიეთ დიდი კონფერენცია და ვიკითხეთ, თუ სად და როგორ უნდა დაკრძალონ ეს ადამიანები? – ამ ადგილას, რომელიც მათთვის იქცა ტრაგიკულ და უდიდესი ტკივილის ადგილად, თუ სადმე სხვაგან.
ყველა შემთხვევაში გვითხრეს, რომ აუცილებლად ისევ იქ უნდა დაიკრძალონ, სათითაოდ. ვფიქრობ, კარგი იქნება სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა – მას შემდეგ, რაც დასრულდება აღმოჩენითი სამუშაოები, აუცილებელია, რომ ამ წლის გაზაფხულიდან ვიფიქროთ დაკრძალვაზე.
ამასთან, ეს ტერიტორია თავდაცვის სამინისტრომ უნდა გადაეცეს ქალაქს ან ეპარქიას, რომ მოეწყოს ეს სამარხი.
როგორც წესი, შემდეგ ასეთ ადგილებზე ეწყობა ლამაზი პარკი, მუზეუმი, მემორიალი.
არის უამრავი მასალა, მათი სახელები, ნივთები, ფოტოები, რომელთაც აქ განათავსებენ და ძალიან კარგი იქნება, თუ ბათუმს და აჭარას შეემატება კიდევ ერთი საგანმანათლებლო მნიშვნელობის ადგილი. მით უმეტეს, უამრავი ისეთი ტურისტი ჩამოდის პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელსაც აქვს ინფორმაცია დიდი ტერორის შესახებ“, – ამბობს ანტონ ვაჭარაძე.
რეპრესირებულთა სამარხები
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ აჭარაში დახვრეტილებს შორის 300-ზე მეტი უცხოელი იყო.
„ბათუმი ინტერნაციონალური ქალაქი იყო, პროცენტული განაწილება რომ ავიღოთ, 1050 ადამიანიდან ზუსტად 30-30 %-ია ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ მუსლიმური სახელი, მამის სახელი და ქართული გვარი, 30 %-ია იმ ადამიანების ოდენობა, რომლებიც დოკუმენტებით დასტურდება, რომ არიან გურიიდან, სავარაუდოდ ისინი ბათუმში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. რაც შეეხება უცხოელებს, დადასტურებულად ვიცით, რომ 28 ეთნიკურად პოლონელია დახვრეტილი. ასევე არიან რუსები, ებრაელები, გერმანელები, ბერძნები, სომხები და სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. სწორედ ამიტომ, ეს ადგილი შესაძლოა რაღაც ინტერნაციონალური მეგობრობის, საერთო ტკივილის ადგილადაც მოვიაზროთ, რომელმაც გააერთიანა ყველა მრწამსის, რელიგიის და ეთნოსის წარმომადგენელი.
ეს არის საქართველოში აღმოჩენილი პირველი რეპრესირებულთა სამარხი და ვფიქრობ, რომ აუცილებელია აქ მოეწყოს ასეთი სივრცე“.
ჯორჯ სოროსი ჩინეთის შესახებ – გამოსვლა 2022 წლის 31 იანვარს, ჰუვერის ინსტიტუტის [აშშ] პანელურ დისკუსიაზე – „ჩინეთი ზამთრის ოლიმპიური თამაშები: რთული არჩევანი მსოფლიოს დემოკრატიებისთვის“.
________________________________________
2022 წელი მსოფლიო ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. რამდენიმე დღეში ჩინეთი, მსოფლიოს უძლიერესი ავტორიტარული სახელმწიფო, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს და, როგორც გერმანია 1936 წელს, შეეცდება, ეს მოვლენა აქციოს საკუთარი მკაცრი კონტროლის სისტემის პროპაგანდისტულ გამარჯვებად.
უკვე ვართ იმ ეტაპზე, ან ახლოს იმ ეტაპთან, როცა მისაღებია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავს, რა მიმართულებით წავა მსოფლიო.
უკვე ჩატარდა არჩევნები გერმანიაში, 2022 წლის აპრილში იქნება არჩევნები საფრანგეთში. ამავე თვეს, უნგრელმა ამომრჩეველმა, მცირე შანსების მიუხედავად, შეიძლება, ავტორიტარული მმართველობა არჩევნებით დაასრულოს. ეს მოვლენები და პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით ევროპის ბედს განსაზღვრავს.
ოქტომბერში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე გადაწყდება, დარჩება თუ არა სი ძინპინი პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით. ნოემბერში კი აშშ-ში ჩატარდება უმნიშვნელოვანესი შუალედური არჩევნები.
კლიმატის ცვლილება დარჩება მსოფლიოს უმთავრეს პოლიტიკურ გამოწვევად, მაგრამ დღევანდელი მსოფლიოს დომინანტური გეოპოლიტიკური მახასიათებელია მმართველობის ორი, ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავებული სისტემის დაპირისპირება. ამ განსხვავებას მაქსიმალურად მარტივად ავხსნი.
ღია საზოგადოებაში სახელმწიფოს როლი ინდივიდის თავისუფლების დაცვაა. დახურულ საზოგადოებაში კი ინდივიდის როლი სახელმწიფოს მმართველთა მსახურებაა.
როგორც ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი, მე, რა თქმა უნდა, ღია საზოგადოების მომხრე ვარ. თუმცა უმთავრეს კითხვას წარმოადგენს, თუ რომელი სისტემა მოახერხებს გამარჯვებას?
ორივე სისტემას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. ღია საზოგადოება გასაქანს აძლევს ხალხის კრეატიულ და ინოვაციურ ენერგიას, დახურულ საზოგადოებებში კი ძალაუფლება ერთპარტიული სახელმწიფოს ხელშია კონცენტრირებული. ესაა ძლიერი მხარეები.
სუსტი მხარეები უფრო სპეციფიკურია, დამოკიდებულია ადგილობრივ და რეგიონულ პირობებზე. მაგალითად, ჯერ კიდევ ვითარდება ურთიერთობები ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შორის. ლიეტუვა, რომელმაც ტაივანი აღიარა, ევროკავშირმა ჩინეთის არაოფიციალური ბლოკადისგან უნდა დაიცვას, მაგრამ იზამს კი ასე?
მსოფლიოში, რომელიც უკრაინასა და ტაივანში სამხედრო აგრესიის ზღვარზე დგას, ღია საზოგადოებების გამარჯვება არ შეიძლება მივიჩნიოთ გარანტირებულად.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ძირითადად სწორი პოლიტიკა აირჩია. მან უთხრა პუტინს, რომ რუსეთს ძვირად დაუჯდება უკრაინაზე თავდასხმა, მაგრამ აშშ უკრაინის დასაცავად ომს არ დაიწყებს. შეჭრის შემთხვევაში, პუტინისთვის ყველაზე დიდი „ჯარიმა“ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა გახდება. ბაიდენი არ წავა ცალმხრივ დათმობებზე, მაგრამ დაინტერესებულია მშვიდობიანი გამოსავლის გამონახვაში.
არჩევანი პუტინზეა.
ამავე დროს, ბაიდენმა სი ძინპინს ნათლად მიანიშნა, რომ ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევაში, ჩინეთი დაუპირისპირდება არა მარტო აშშ-ს, არამედ უფრო ფართო ალიანსს: AUKUS-ს (ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო და აშშ), QUAD-ს (აშშ, იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი) და რამდენიმე პოტენციურ მოკავშირეს — სამხრეთ კორეასა და ფილიპინებს — რომლებსაც ჯერ არ დაუდასტურებიათ, რომ საჭიროების შემთხვევაში იმოქმედებენ. იაპონია ყველაზე მეტადაა ტაივანის დაცვის ერთგული.
თავის მხრივ, სი ძინპინმა განაცხადა, რომ გეგმავს, აუცილებლობის შემთხვევაში, ტაივანზე ჩინეთის სუვერენიტეტი ძალითაც კი დაამყაროს. იგი უზარმაზარ რესურსებს გამოყოფს შეიარაღებისთვის. ცოტა ხნის წინ მან გააოცა მსოფლიო ჰიპერბგერითი კონტროლირებადი რაკეტის დემონსტრირებით.
შტატებს არაფერი მსგავსი არ აქვს, მაგრამ ვაშინგტონი არ აპირებს კონკურენციას. ვფიქრობ, ეს სწორი პოლიტიკაა, რადგანაც ჩინეთის ეს მიღწევა არ ცვლის ორმხრივი განადგურების გარანტიის ბალანსს, რომელიც მტრებს აჩერებს ერთმანეთზე თავდასხმისგან. რაკეტა პროპაგანდისტული გამარჯვებაა. თუმცა უფრო შესაძლებელი გახდა ომი აშშ-სა და მის მტრებს შორის. ამაზე ფიქრი არცთუ ისე სასიამოვნოა.
ცოტა ხნის წინ საკუთარ თავს ვკითხე — როგორ წარმოიშვა დღევანდელი ვითარება? როცა 1980-იან წლებში, როგორც თავად ვუწოდებ, პოლიტიკური ფილანთროპია დავიწყე, ამერიკის უპირატესობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ იდგა. ასე აღარაა. რატომ?
ნაწილობრივ, პასუხი ტექნოლოგიურ პროგრესშია, რომელიც ძირითადად ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული. მაშინ ხელოვნური ინტელექტი ჩვილობის პერიოდში იყო.
ხელოვნურ ინტელექტი, სოციალურ მედია და ტექნოლოგიური პლატფორმები ერთად ვითარდებოდა. შედეგად, წარმოიქმნა ძალიან მომგებიანი კომპანიები, ისეთი ძალაუფლებით, რომ მხოლოდ ერთმანეთთან შეუძლიათ კონკურენცია. ეს კომპანიები დომინირებენ გლობალურ ეკონომიკაში და მსოფლიოს ყველა კუთხეში აღწევენ. შეგვიძლია ისინი დავასახელოთ: Facebook, Google, Apple და Amazon. ჩინეთშიც არის მსგავსი კონგლომერატები, მაგრამ მათი სახელები დასავლეთში ნაკლებადაა ცნობილი.
მოვლენების ასეთ განვითარებას შორსმჭვრეტელი პოლიტიკური შედეგები აქვს. მან გაამძაფრა აშშ-სა და ჩინეთის კონფლიქტი და სულ ახალი განზომილებაც მისცა.
ჩინეთმა საკუთარი ტექნოლოგიური პლატფორმები ეროვნულ სიამაყედ აქცია.აშშ-ში ყოყმანობენ, ეს გააკეთონ თუ არა, რადგან დარდობენ, თუ რა ეფექტი ექნება ამას ინდივიდის თავისუფლებაზე. განსხვავებული მიდგომები ნათელს ჰფენს მმართველობის ორ სისტემას, რომლებსაც აშშ და ჩინეთი წარმოადგენენ.
თეორიულად, ხელოვნური ინტელექტი მორალურად და ეთიკურად ნეიტრალურია, მისი გამოყენება კარგი და ცუდი საქმისთვისაც შეიძლება. პრაქტიკაში კი მისი ეფექტი ასიმეტრიულია.
ხელოვნური ინტელექტი კარგად შეიძლება გამოიყენებოდეს კონტროლის ინსტრუმენტების შესაქმნელად, რომლებიც რეპრესიულ რეჟიმებს ეხმარებიან და საფრთხეს უქმნიან ღია საზოგადოებებს. საინტერესოა, რომ კორონავირუსმა გაამაგრა რეპრესიული რეჟიმების უპირატესობა, მათ მიერ პერსონალური ინფორმაციის საზოგადოებრივი კონტროლისთვის გამოყენების ლეგიტიმაციით.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ უპირატესობებით სი ძინპინი, რომელიც პირად მონაცემებს მოქალაქეთა თვალთვალისთვის ისტორიაში ყველა მმართველზე მეტად აგრესიულად იყენებს, წარმატებული უნდა იყოს. თავად იგი ასე ფიქრობს და ბევრს მისი სჯერა. მსურს ავხსნა, რატომ არაა ასე. ამისთვის მოკლედ უნდა გადმოვცე ჩინეთის კომპარტიის ისტორია.
ჩინეთის კომპარტიის პირველი ლიდერი, მაო ძედუნი, „დიდი ნახტომის“ ინიციატორი იყო. ამ პოლიტიკის შედეგად ათობით მილიონი ადამიანი დაიღუპა. ამას მოჰყვა კულტურული რევოლუცია, რომელმაც გაანადგურა ჩინეთის ტრადიციული კულტურა ეკონომიკური და კულტურული ელიტის მკვლელობით.
ამ ვნებათა ღელვიდან აღმოცენდა ახალი ლიდერი, დენ სიაოპინი, რომელმაც აღიარა, რომ ჩინეთი ბევრად ჩამორჩებოდა კაპიტალისტურ სამყაროს. მისი დევიზი იყო „დამალე შენი სიძლიერე და დაელოდე შენს დროს“. მან ჩინეთში უცხოელი ინვესტორები მიიწვია, ამის შედეგად კი სასწაულებრივი ეკონომიკური ზრდის პერიოდი დაიწყო, რომელიც გაგრძელდა მას შემდეგაც კი, როდესაც 2013 წელს ხელისუფლებაში სი ძინპინი მოვიდა.
იქიდან მოყოლებული, სი ძინპინი ძალ-ღონეს არ იშურებდა დენ სიაოპინის მიღწევების დემონტაჟისთვის. მან სიაოპინის მმართველობის დროს დაფუძნებული კერძო კომპანიები კომპარტიის კონტროლქვეშ მოაქცია და ძირი გამოუთხარა დინამიზმს, რომელიც ამ კომპანიებს ახასიათებდა. ნაცვლად იმისა, რომ კერძო მეწარმეობისთვის აყვავების საშუალება მიეცა, სი ძინპინმა წარადგინა საკუთარი „ჩინური ოცნება“, რომლის შეჯამებაც ორი სიტყვით შეიძლება – ტოტალური კონტროლი. ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვა.
დენ სიაოპინისგან განსხვავებით, სი ძინპინს ჭეშმარიტად სჯერა კომუნზიმის. მისი კუმირები არიან მაო ძედუნი და ვლადიმერ ლენინი. კომპარტიის 100 წლის იუბილეზე ის მაოს მსგავსად იყო ჩაცმული, მაშინ, როცა დანარჩენი დამსწრეები შარვალ-კოსტიუმში იყვნენ.
დენ სიაოპინის მიერ ჩამოყალიბებული მემკვიდრეობის წესებით, სი ძინპინის მმართველობის ვადა 2022 წელს სრულდებოდა, თუმცა ლენინით შთაგონებულმა სი ძინპინმა კონტროლი დაამყარა სამხედრო ძალებზე და რეპრესიებისა და თვალთვალის სხვა ინსტიტუტებზე. მან ფრთხილად დადგა პროცესი, რომელიც მას აიყვანს მაოსა და სიაოპინის დონეზე და სიცოცხლის ბოლომდე მართვის საშუალებას მისცემს. ამის მისაღწევად სი ძინპინს კომპარტიის ისტორიის ხელახალი ინტერპრეტაცია მოუხდა, რათა ეჩვენებინა, რომ ლოგიკური იქნებოდა მისი მინიმუმ კიდევ ერთი ვადით დანიშვნა.
სი ძინპინს ბევრი მტერი ჰყავს. საჯაროდ მას ვერავინ დაუპირისპირდება, რადგანაც სრულ ძალაუფლებას ფლობს, მაგრამ კომპარტიაში იმდენად მწვავე დაპირისპირება იხარშება, რომ პარტიის პუბლიკაციებშიც კი ჩნდება. სი ძინპინს უპირისპირდებიან ისინი, ვინც სიაოპინის იდეებითაა შთაგონებული და კერძო მეწარმეობისთვის უფრო დიდი როლი სურს.
თავად სი ძინპინს სჯერა, რომ მის მიერ წარმოდგენილი მმართველობის სისტემა ლიბერალურ დემოკრატიაზე უკეთესია. თუმცა დაშინებით მართავს და ვერავინ ბედავს, უთხრას სი ძინპინს ის, რისი გაგონებაც მას არ უნდა. შედეგად, მისი რწმენის შერყევა რთულია მაშინაც კი, როცა უფსკრული მათსა და რეალობას შორის უფრო ფართოვდება.
ჩინეთი ახლა ეკონომიკურ კრიზისშია. ის დაკავშირებულია უძრავი ქონების ბაზართან, რომელიც იყო ზრდის მთავარი ლოკომოტივი სი ძინპინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
უძრავი ქონების ბუმზე დაფუძნებული მოდელი არამდგრადია. ვინც ბინებს ყიდულობს, ქონების ღირებულების გადახდას ჯერ კიდევ ბინის აშენებამდე იწყებს. ამგვარად, სისტემა კრედიტზეა დაშენებული. ადგილობრივი მთავრობები კი შემოსავლის უდიდეს ნაწილს მიწის მზარდ ფასებში გაყიდვიდან იღებენ.
საბოლოო ჯამში, ფასები უნდა გაზრდილიყო იმ დონემდე, რომელსაც ჩვეულებრივი მოქალაქეები ვერ გასწვდებოდნენ. ეს 2021 წლის შუა პერიოდში მოხდა. იმ მომენტისთვის უძრავი ქონების ბუმმა არაჯანმრთელ მასშტაბს მიაღწია. მასზე ეკონომიკის 30% პროცენტი მოდიოდა, ის ასევე მოიხმარდა კრედიტის სულ უფრო და უფრო მზარდ რაოდენობას.
ეტაპობრივი ზრდის შემდეგ, უძრავი ქონების ბუმი „აფეთქებით“ დასრულდა. საცხოვრებელი მიწების ფასი 2021 წლის ივნისში, წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა. ხელისუფლება შეეცადა პროცესის შენელებას და უბრძანა ბანკებს, არ გაეზარდათ სესხების მასშტაბი საცხოვრებელი უძრავი ქონებისთვის.
დირექტივას საპირისპირო შედეგი მოჰყვა. ყველაზე გავლენიან და მსხვილ დეველოპერულ კომპანიას, Evergrande-ს ვალდებულებების შესრულება გაუჭირდა. ქვეკონტრაქტორებმა, რომლებიც ანაზღაურებას აღარ იღებდნენ, მუშაობა შეაჩერეს. ვინც ბინები იყიდა, დაიწყო დარდი, რომ შესაძლოა, ვეღარასდროს მიეღო სახლი, რომელშიც ფულს იხდიდა.
როცა სექტემბერში გაყინვის სეზონი დაიწყო, გამყიდველი მყიდველზე ბევრად მეტი იყო. რაღაც დროს საერთოდ აღარ იყო ტრანზაქციები რეკლამირებული ფასის ფარგლებში, დღეს კი მიწისა და ბინების ფასებმა კლება დაიწყო. ბევრი, ვინც დანაზოგის დიდი ნაწილი უძრავ ქონებაში ჩადო, ამის გამო სი ძინპინს შემოუბრუნდება.
ახლა Evergrande-ს დროებითი მმართველი ჰყავს, იგივე ბედი ელით სხვა დეველოპერებსაც. კომპანიის კრედიტორებმა ერთმანეთთან ბრძოლა დაიწყეს გაკოტრების შემდეგ წილის მიღების პროცესში თავიანთი პოზიციის გაუმჯობესებისთვის. პროცესის კონტროლი თავიანთ თავზე აიღეს სასამართლოებმა და, უპირველეს ყოვლისა, ქვეკონტრაქტორების დაცვა გადაწყვიტეს, რომლებიც დაახლოებით 70 მილიონ ემიგრანტს ასაქმებენ.
ჯერ არ ვიცით, რას მოუხერხებს კრიზისს ხელისუფლება. შეიძლება, მასთან გამკლავება მეტისმეტად დიდხანს მოუხდეს, ხალხის ნდობა უკვე შერყეულია. სი ძინპინს ნდობის აღსადგენად ბევრი ინსტრუმენტი აქვს, კითხვა ისაა, რამდენად სწორად გამოიყენებს ამ ინსტრუმენტებს. ჩემი აზრით, 2022 წლის მეორე მეოთხედი გვაჩვენებს, იქნება თუ არა იგი წარმატებული. ამჟამინდელი სიტუაცია კი მას კარგს არ უქადის.
უძრავ ქონებასთან ახლოს დაკავშირებულ სფეროში, დემოგრაფიაშიც აქვს ჩინეთს პრობლემები. შობადობის რეალური დონე ოფიციალურზე ბევრად უფრო დაბალია. ექსპერტების დათვლით, რეალურად, მოსახლეობა 130 მილიონით ნაკლებია 1,4 მილიარდის ოფიციალურ მაჩვენებელზე. ეს ფართოდ ცნობილი არ არის, მაგრამ გაამძაფრებს უძრავი ქონების კრიზისს, წარმოქმნის მუშახელის დეფიციტს, ფისკალურ დაძაბულობას და ეკონომიკის შენელებას.
სი ძინპინს სერიოზული პრობლემები წარმოეშვა ვაქცინის საკითხებშიც. ჩინური ვაქცინები ვუჰანის შტამთან საბრძოლველად შეიქმნა, მაგრამ მსოფლიო ახლა სხვა შტამებს ებრძვის, ჯერ დელტას, ახლა კი- ომიკრონს. სი ძინპინი, მესამე ვადით დანიშვნის მოლოდინში, ვერ აღიარებს ამას. იგი ამ ფაქტს ჩინურ საზოგადოებას უმალავს.
ახლა სი ძინპინს მხოლოდ „ნული კოვიდის“ პოლიტიკის დამყარება თუ შეუძლია. მის ფარგლებში წესდება უმკაცრესი „ლოკდაუნი“ ვირუსის გავრცელების პატარა ნიშნების გამოც კი, მაგრამ ეს ნეგატიურ ეფექტს ახდენს ეკონომიკურ აქტივობაზე. ეს ასევე სერიოზულ სირთულეებს უქმნის ხალხს, ვინც კარანტინში ხვდება. მათი გაჩუმება არ გამოვა.
ომიკრონმა შეიძლება სი ძინპინი დაღუპოს. ის ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე სხვა შტამები, თუმცა ნაკლებად სახიფათოა მათთვის, ვინც აიცრა. ოღონდ, ჩინელები მხოლოდ ვუჰანის შტამის წინააღმდეგ არიან აცრილნი. სი ძინპინის საიდუმლო უნდა გასაჯაროვდეს ან ოლიმპიური თამაშების დროს, ან მათი დასრულებიდან მალევე.
ომიკრონი ჩინეთში ძირითადად პორტ ტიანძინიდან მოხვდა, რომელსაც პეკინიდან სწრაფი რკინიგზით 30-წუთიანი მგზავრობა აშორებს. ომიკრონი უკვე გავრცელდა ჩინეთის მრავალ ქალაქში და აღარ ექვემდებარება კონტროლს.
ვინაიდან ზამთრის ოლიმპიური თამაშები სი ძინპინის პრესტიჟის პროექტია, ხელისუფლება ყველაფერს იზამს, რომ ის წარმატებული გამოდგეს. ოლიმპიელები იზოლირებულნი არიან ადგილობრივებიდან, მაგრამ ოლიმპიადის შემდეგ ამას აზრი აღარ ექნება. ქალაქების ლოკდაუნიც, დიდი ალბათობით, ვერ იმუშავებს ომიკრონისნაირი გადამდები შტამის გამო.
ეს ნათელი გახდა ჰონგ-კონგის მაგალითზე, სადაც ომიკრონის გავრცელებამ საკმაოდ დიდი მასშტაბი მიიღო. „ნული კოვიდის“ პოლიტიკის ფასი დღითიდღე იზრდება – ქალაქი იზოლირებულია მსოფლიოსგან და ჩინეთისგან. ჰონგ-კონგი ხაზს უსვამს უფრო ფართო გამოწვევას, რომელსაც ომიკრონი წარმოადგენს სი ძინპინისთვის.
მან ტოტალური კონტროლის დამყარება სცადა, მაგრამ – წარუმატებლად. ჩინეთის კომპარტიაში არსებული ძლიერი ოპოზიციის გათვალისწინებით, შეიძლება არ მოხდეს სი ძინპინის ასვლა მაოსა და სიაოპინის დონეზე.
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სი ძინპინს ჩაანაცვლებს ვინმე ნაკლებად რეპრესიული პოლიტიკოსი შიდა პოლიტიკაში და უფრო მშვიდობისმოყვარე – საგარეოში. ეს ღია საზოგადოებებს უდიდეს საფრთხეს მოაცილებდა. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა უბიძგონ ჩინეთს, სასურველი მიმართულებით წავიდეს.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად ბათუმის მერიაში ახალი საპილოტე პროგრამა იწყება. პროგრამა ერთი წლის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლ ქალებს თვეში 300 ლარით დააფინანსებს. 200 ლარს კი მსხვერპლი ქალები ერთჯერადად მიიღებენ მედიკამენტებისთვის.
როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, 300 ლარი ბინის ქირისთვის არის გათვალისწინებული, 200 ლარი კი მსხვერპლის მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის. ქალს თანხა თავშესაფრის დატოვების შემდეგ გამოეყოფა. ამის პარალელურად კი, როგორც მერიაში გვეუბნებიან, მსხვერპლ ქალს სხვადასხვა პროგრამაში ჩართავენ.
„პროგრამა გათვალისწინებულია იმ ქალებისთვის, რომლებიც განთავსებული არიან ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. ამ თავშესაფარში ქალები, ძირითადად, ექვსი თვით არიან განთავსებული, შემდეგ კი მათ თავშესაფრის დატოვება უწევთ. ძალიან ხშირად, ძალადობის მსხვერპლ ქალებს თავშესაფრის დატოვების შემდეგ არსად აქვთ წასასვლელი, რადგან არ აქვთ სახლი. მათ ჩვენი პროგრამა ერი წლის განმავლობაში დაეხმარება“, – ამბობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის განყოფილების უფროსი მარინა რუხაძე.
პროგრამით მოსარგებლე მსხვერპლი ქალი ბათუმში უნდა იყოს რეგისტრირებული.
„თუ ქალთან ერთად არის ბავშვიც, აქ სხვა კომპონენტებია ჩართული, ქალის შემთხვევაში სხვა. ქირით გადასვლის შემდეგ მსხვერპლს შეუძლია მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს და სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ ისარგებლოს ყველა იმ პროგრამით, რომელიც გვაქვს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი პირებისთვის.
პარალელურად, ძალადობის მსხვერპლს დასაქმების სააგენტო სამუშაოს მოძიებაშიც დაეხმარება, რომ შეძლოს დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება“, – ამბობს მარინა რუხაძე.
საპილოტე პროგრამის წლიური ბიუჯეტი 90 000 ლარია და გათვალისწინებულია ძალადობის 15 მსხვერპლის დასახმარებლად.
„ჩვენ გამოვითხოვეთ სტატისტიკა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან, სადაც დაახლოებით 10-12 მსხვერპლია ხოლმე განთავსებული. ჩვენ ავიღეთ უფრო მეტი, რადგან ბოლო პერიოდში გაიზარდა ძალადობის გამოვლენის შემთხვევები, უფრო მეტი ქალი მიმართავს პოლიციას და შესაძლოა უფრო მეტს დასჭირდეს დახმარება“, – ამბობს მარინა რუხაძე.
მარინა რუხაძის განმარტებით, რადგან პროგრამა მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, სარგებლობის უფლება მხოლოდ ბათუმში რეგისტრირებულ პირებს აქვთ.
„სამწუხაროდ, სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მსხვერპლი ქალები ჩვენი პროგრამით ვერ ისარგებლებენ, რადგან პროგრამა ჩვენ დავნერგეთ და არის საპილოტე. თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებსაც შეუძლიათ ჩვენი გამოცდილება გაიზიარონ. ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა“, – ამბობს მარინა რუხაძე.
მსხვერპლი ქალების მიმართ მსგავს მხარდამჭერი პროგრამის შემუშავებას მუდმივად ითხოვდნენ ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. ბათუმი არის პირველი მუნიციპალიტეტი, ვინც ეს საპილოტე პროგრამა დანერგა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოში კოვიდით მეორედ დაინფიცირების 10 997 შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა.
COVID-19-ის პირველსა და მეორე დადასტურებებს შორის, ყველაზე მოკლე ვადა 69 დღე იყო. ამავე მონაცემებით, რეინფიცირებამდე საშუალო პერიოდი დაფიქსირებულია 291 დღე, მაქსიმალური კი – 589.
რეინფიცირებად განიხილება ადამიანის განმეორებითი ინფიცირება COVID-19-ით, გამოჯანმრთელებიდან განსაზღვრული დროის ინტერვალის შემდეგ.
„საქართველოში შესაძლო რეინფიცირების შემთხვევების კვლევა დაიწყო 2020 წლის სექტემბრიდან. კოვიდით რეინფექციის შემთხვევების განსაზღვრება დროებითია და ექვემდებარება განახლებას სათანადო მტკიცებულებების არსებობისას ან ჯანმოს რეკომენდაციების შესაბამისად“ – ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევაში.
კოვიდით რეინფიცირების 10 997 შესაძლო შემთხვევათაგან, რომლებიც იყვნენ დადებითი პჯრ კვლევით ან ანტიგენის სწრაფი ტესტირებით, მამრობითი სქესის იყო 4103 (37%), ხოლო მდედრობითი – 6894 (63%). შესაძლო რეინფიცირებულთა ასაკის საშუალო განმეორებითი ინფიცირებისას იყო 36 წელი, მინიმალური ასაკი – 4 თვე, მაქსიმალური – 94 წელი.
აღწერილი 10 997 შესაძლო რეინფიცირების შემთხვევიდან, კოვიდით სიკვდილის 52 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა 40+ ასაკობრივ ჯგუფში.
10 997 შესაძლო რეინფიცირებულთაგან, პირველად და განმეორებით ინფიცირებას შორის სრულად აიცრა 1833 ადამიანი. ამ 1833 შემთხვევიდან კოვიდით სიკვდილის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა 50+ ასაკობრივ ჯგუფში.
აღნიშნული კვლევა ემყარება 2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის მონაცემებს, როცა კოვიდის ახალი შტამი, ომიკრონი, ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გავრცელებული.
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 3 თებერვალს მიიღო დადგენილება „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“.
ახალი დადგენილებით:
ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე, 2022 წლის იანვრიდან, დენის სუბსიდიის თანხა შეადგენს: 2020 წლის დეკემბრის ტარიფსა და 2015 წლის ივლისის თვეში შესაბამისი საფეხურისათვის მოქმედ ტარიფს შორის სხვაობას და ასევე, დამატებით 1 კვტსთ-ზე 3.5 თეთრს [2022 წლის იანვრის თვესა და 2020 წლის დეკემბრის თვეში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობის გათვალისწინებით].
ანალოგიურ დახმარებას, ოღონდ 1-ლი აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, მიიღებენ ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებიც, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.
დახმარების სახით ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტსთ-ის ელექტროენერგიის სუბსიდირება 1 კვტსთ-ზე 3.5 თეთრის [2022 წლის იანვრის თვესა და 2020 წლის დეკემბრის თვეში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობის გათვალისწინებით ] ოდენობით განხორციელდება ასევე შემდეგი პირობებით:
2022 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის − იმ ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ის [გარდა თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა];
2022 წლის 1-ლი აპრილიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდისთვის კი − იმ ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისში.
[toggle title=”ახალი დადგენილებით განსაზღვრული დახმარების შესახებ უფრო ვრცლად სანახავად დააწკაპუნეთ აქ:“]
„მუხლი 1
სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში − მონაცემთა ბაზა) რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა), რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე, მოხმარებული ელექტროენერგიისთვის, დახმარების სახით, განხორციელდეს სუბსიდირება. სუბსიდიის თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბრის თვეში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისის თვეში შესაბამისი საფეხურისათვის მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 1 კვტსთ-ზე 3.5 თეთრის (2022 წლის იანვრის თვესა და 2020 წლის დეკემბრის თვეში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობის გათვალისწინებითა და დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დახმარებას ყოველი წლის 1 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით იღებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.
მუხლი 2
დახმარების სახით განხორციელდეს ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტსთ-ის ელექტროენერგიის სუბსიდირება 1 კვტსთ-ზე 3.5 თეთრის (2022 წლის იანვრის თვესა და 2020 წლის დეკემბრის თვეში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობის გათვალისწინებით და დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით, შემდეგი პირობებით:
ა) 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა;
ბ) 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული სუბსიდია არ ვრცელდება იმ აბონენტებზე, რომლებიც სარგებლობენ „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს №418 დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათით.
მუხლი 4
2022 წლის იანვრის თვიდან 2022 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით (თითოეული თვისათვის) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ან ტოლია 70 000-ის და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისში, ქალაქ რუსთავში ან ქალაქ მცხეთაში, დახმარების სახით განხორციელდება სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება, მოხმარებული სასმელი წყლის/წყალარინების ან სააბონენტო გადასახადის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა.
მუხლი 5
1. ამ დადგენილებით მოსარგებლე ოჯახების მონაცემები ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, შესაბამისი თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მიეწოდება შესაბამის ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან/და წყალმომარაგების ლიცენზიანტს, რომელიც საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს სუბსიდიის ოდენობის გაანგარიშებასა და ასანაზღაურებელი თანხის (სუბსიდიის ოდენობის) თაობაზე სააგენტოსათვის მოთხოვნის გაგზავნას. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.
2. მუნიციპალიტეტების მიერ ელექტროენერგიის ან/და სასმელი წყლის/წყალარინების სუბსიდირება/შეღავათი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ოჯახებზე გავრცელდეს მას შემდეგ, რაც შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან/და წყალმომარაგების ლიცენზიანტის მიერ გათვალისწინებული (გამოკლებული) იქნება ამ დადგენილებით გათვალისწინებული სუბსიდიის ასანაზღაურებელი თანხა.“
[/toggle]
დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიის და/ან სასმელი წყლის/წყალარინების სუბსიდიით სარგებლობის წესი და პირობები, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით შესაძლოა განისაზღვროს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტითაც.
ეს დადგენილება 2022 წლის 3 თებერვალს ამოქმედდა და ის 2022 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება.
ომის ვეტერანების პენსია 22 ლარიდან 100 ლარამდე ახალი წლიდან გაიზარდა. თუმცა, ომის ვეტერანები, რომლებიც საჯარო სამსახურში [მაგალითად, სახელმწიფო დაცვის სამსახურში] არიან დასაქმებული, 100-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ.
„ბათუმელები“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა აჭარაში და ჰკითხა, თუ რა იყო ამის მიზეზი.
როგორც სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, შაქრო ჯაფარიძე ამბობს, თუ ომის ვეტერანი რომელიმე საჯარო უწყებიდან იღებს ანაზღაურებას, ის ვეტერანებისთვის განკუთვნილ 100 ლარს მართლაც ვეღარ აიღებს. „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენია ვეტერანის ხელფასი, რადგან საჯარო სამსახური ზღუდავს პენსიის მიღებას“, – გვეუბნება ის.
მისი თქმით, შეზღუდვა ეხება მხოლოდ გარკვეულ სამსახურებს და არა ყველა უწყებას, რომელიც ბიუჯეტიდან იღებს სუბსიდიას.
„ერთ მაგალითს გეტყვით, ქალაქის მერიაში ერთ კაბინეტში ზის ორი პიროვნება, ერთი არის აიპის თანამშრომელი, მეორე ს(ს)იპის. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი ვერ იღებს 100-ლარიან პენსიას, აიპის თანამშრომელი კი პენსიას იღებს.
მეტსაც გეტყვით, ადამიანი, რომელსაც [საჯარო სამსახურში] 300-ლარიანი ხელფასი აქვს, 100-ლარიან დახმარებას ვერ აიღებს. თუმცა, ვეტერანი, რომელიც კერძო სამსახურშია დასაქმებული და ვთქვათ 1500 ლარი აქვს ხელფასი, 100-ლარიან პენსიას მაინც მიიღებს“, – ამბობს ჯაფარიძე.
მისი თქმით, ეს გარკვეულ პრეტენზიებს აჩენს ომის ვეტერანებში, თუმცა სააგენტოს ამ საკითხის მოგვარება არ შეუძლია.
„მეც საპენსიო ასაკის ვარ და ვერ ვიღებ. იმიტომ, რომ საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ჯანდაცვის სამინისტროშიც დავაყენე ეს საკითხი, მაგრამ ეს საკანონმდებლო ორგანოს დონეზეა მოსაგვარებელი, ჩვენ დონეზე ეს საკითხი ვერ გადაწყდება“, – ამბობს ჯაფარიძე.
ომში მონაწილე რამდენი ვეტერანია საჯარო უწყებაში დასაქმებული, ამის მონაცემებს სააგენტო არ ფლობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვეყანაში ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმა დაამტკიცა.
გეგმის მიხედვით, 2024 წელს აჭარაში 662 ჰექტარი ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს.
მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „გეგმაში ქარსაფარი ზოლის ფართობები მოცემულია „მიწის ფონდის განაწილებაზე მიწათმოსარგებლეთა და სავარგულების მიხედვით 2004 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით“ მომზადებული ანგარიშის [მიწის ბალანსი] შესაბამისად.“
ამდენად, „ინვენტარიზაციის პროცესში, 2004 წლის მიწის ბალანსში აღურიცხავი ქარსაფარი [მინდორდაცვითი] ზოლის ფაქტების გამოვლენისას, მათი ინვენტარიზაცია განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
აქვე აღსანიშნავია, რომ აჭარის ტერიტორიაზე ქარსაფარი ზოლების მდგომარეობა 2018 წელს შეისწავლეს. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ დროისთვის აჭარაში ქარსაფარი ზოლის 60-70% უკვე განადგურებული იყო [ხეების დატაცების, გადაწვისა და სხვა მიზეზებით].
აქედან გამომდინარე, რა სურათი გვექნება დღეიდან 2 წლის შემდეგ – იმ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდება, რომელიც აჭარაში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გეგმით, 2024 წელს ჩატარდება.
ამ გეგმის მიხედვით, ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის ჩატარება სსიპ „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს“ დაევალა.
ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმა
—
მთავრობამ „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა“ 2021 წლის 16 ივნისს დაამტკიცა.
ამ პროგრამის მიხედვით, თუ ქარსაფარი ზოლის ტერიტორია მოქცეულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და მის ნაწილზე, ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციისთვის, სახელმწიფოს, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა დასჭირდება.
საქართველოში COVID-19-ის პანდემიამ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევების ზრდა გამოიწვია. კარანტინის პერიოდმა და მზარდმა ეკონომიკურმა პრობლემებმა მრავალი ადამიანი, განსაკუთრებით კი ქალები დააყენა ძალადობის რისკის ქვეშ.
2021 წელს USAID-ის მხარდაჭერით ჩატარებული გენდერული ანალიზის მიზანი, პრობლემის უკეთ გაგებასა და საკითხის აღმოფხვრის სტრატეგიის შემუშავებაში ადგილობრივი მთავრობების დაეხმარება იყო. შეფასების პროცესში მონაწილეობის შემდეგ ბათუმის, რუსთავის და ოზურგეთის ადგილობრივმა მთავრობების მიერ განხორციელებულმა ინკლუზიური საბიუჯეტო პროცესმა სამოქალაქო საზოგადოებას და მოქალაქეებს არსებული პრობლემის აღმოფხვრისთვის საჭირო პოლიტიკის შემუშავებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობა მისცა. შედეგად სამივე მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტებში შევიდა ფონდები, რომლებიც დაეხმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ, რაც ადგილობრივი მთავრობის დონეზე დემოკრატიის გამოხატულების შესანიშნავი მაგალითია.
საქართველოში, ისე როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში, COVID-19-მა გააღრმავა გენდერული უთანასწორობა. USAID-ის გენდერული ანალიზის მიხედვითსაქართველოში, პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბევრი ქალი დარჩა უმუშევარი ან დაკარგა შემოსავალი. კარანტინის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ოჯახში ძალადობა, განსაკუთრებით კი ქალების მიმართ, რომლებიც უფრო დაუცველები არიან სახლში ყოფნისას. მრავალ ქალს დასჭირდა ფსიქოლოგიური დახმარება და თავშესაფარში გადაყვანა, თუმცა ხშირ შემთხვევაში არსებული საჯარო სერვისები შეუსაბამო იყო.
მოქალაქეების მთავრობასთან ურთიერთობა, განსაკუთრებით საჯარო სერვისების გამოყენების შემთხვევაში, ხდება ადგილობრივ დონეზე. შესაბამისად ადგილობრივი მთავრობები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ქალთა მხარდაჭერის მიმართულებით და ისეთი საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს სახელმწიფო დონეზეც.
2021 წელს USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივამ ხელი შეუწყო ინკლუზიურ საბიუჯეტო პროცესებს. პროგრამამ შეკრიბა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო ლიდერები და დაინტერესებული მოქალაქეები სამ მუნიციპალიტეტში – ბათუმში, რუსთავში და ოზურგეთში. ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, თითოეულ მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა მთავრობებმა მოამზადეს ბიუჯეტი, რომელიც გააძლიერებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილ საჯარო სერვისებს, დაეხმარება ძალადობის მსხვერპლთ დამოუკიდებლობის მოპოვებაში და თავის დაცვას მომავალში. ეს ინიციატივები, რომელსაც მხარს უჭერს USAID და ხორციელდება მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართულობით, ადგილობრივი დემოკრატიის მიერ სოციალური პრობლემების გადაჭრის კარგი მაგალითია.
რუსთავი: ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პირველი შემთხვევა
რუსთავში მერიამ შეაფასა ძალადობის მსხვერპლი ჯგუფები, რაც საშუალებას მისცემს დაზარალებულებს ისარგებლონ სოციალური და ჯანდაცვის სპეციალური შეღავათებით. 2022 წლიდან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ პირველად ექნებათ უფლება მიიღონ 1 000 ლარამდე თანხა, რომელსაც სახლს და ოჯახს მოახმარენ და ნაკლებად დადგებიან ჩაგვრის გამეორების საშიშროების წინაშე.
რუსთავში საბიუჯეტო პროცესში გენდერული საკითხის ჩართვამ საფუძველი დაუდო ახალ პროგრამას, რომელიც მარტოხელა დედებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ და იმ ადამიანებს დაეხმარება, რომელთაც მსგავსი კვალიფიკაცია მიენიჭება.
„2022 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში შევა ყველა ის პროგრამა, რომელიც დაუცველი ჯგუფებისთვისაა გათვალისწინებული, მათ შორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვისაც. შესაბამისად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს მიენიჭებათ რუსთავის მერიაში არსებული სოციალური დახმარების პროგრამით სარგებლობის უფლება“ – განაცხადა დავით იშხნელმა, რომელიც მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის დროს მერის მოადგილე იყო.
ბათუმი: ახალი დახმარება, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ მოძალადეებისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარება.
სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებისა და მოქალაქეების ჩართულობის შემდეგ, ბათუმის საკრებულომ შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის თვეში 300 ლარის ფინანსური დახმარების გაწევას გულისხმობს. ამ დახმარებას პირველ ეტაპზე მიიღებს 15 ადამიანი, რომლებიც შეძლებენ საცხოვრებლის, საკვებისა და ბავშვის მოვლის ხარჯების დაფარვას. დახმარება შესაძლებლობას მისცემს მათ დამოუკიდებლობა მოიპოვონ მოძალადეებისგან.
ბათუმში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებიც დაემატა ბათუმის მოწყვლადი ჯგუფების სიას, რამაც მათ საშუალება მისცა მიიღონ ერთჯერადი დახმარების 200 ლარიანი ვაუჩერი სამედიცინო ხარჯებისთვის.
„ეს პროცესი დაგვეხმარა მუნიციპალური ბიუჯეტირების ფარგლებში გენდერული ძალადობის მსხვერპლთათვის შუამავლობასა და სერვისების გაფართოებაში“ – განაცხადა ბათუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის – „თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის“ ხელმძღვანელმა ბექა მაჩიტაძემ, – „ძალადობის მსხვერპლთათვის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფა და მუნიციპალურ ბიუჯეტში მათი დამატება მოწყვლად კატეგორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მსხვერპლთა დახმარებისათვის ჩვენს რეგიონში მიმდინარე რესოციალიზაციის პროცესში“.
ოზურგეთი: პროფესიული გადამზადება, განმეორებითი ძალადობის თავიდან აცილების მიზნით.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის შემდგომ, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მოქალაქეებმა, ოზურგეთის საკრებულომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ადამიანები მოწყვლად ჯგუფის კატეგორიაში შეიყვანა, რამაც ამ ადამიანებს ერთი წლის განმავლობაში საბინაო ხარჯებისთვის განკუთვნილი სტიპენდიის მიღების საშუალება მისცა.
ამასთანავე, საკრებულომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გრძელვადიან პერსპექტივაში გენდერული ხარვეზის აღმოსაფხვრელად და დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც ქალთა პროფესიულ საქმიანობას დააფინანსებს. მათ შორის პროფესიულ ტრენინგებს და უნარ-ჩვევების განვითარებას, ბიზნეს-კავშირების დამყარებას და ინფორმაციის გაზიარებას – იმ რესურსებს, რაც ქალებს მეტ დამოუკიდებლობას და დაცულობას შემატებს.
„ჩვენ შევძელით მოგვეხდინა მთელი რიგი პროგრამების ხელახალი კლასიფიკაცია, რათა ეს პროგრამები თანაბრად ხელმისაწვდომი გაგვეხადა ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა მოწყვლადი ჯგუფისთვის. ამბიციური გეგმები გვაქვს, რომელიც ადგილობრივი საკანონმდებლო ნორმების გაუმჯობესებას და მათ საერთაშორისოდ აღიარებულ, ადამიანის უფლებათა და გენდერული სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს“ – განაცხადა ლელა საჯაიამ, ოზურგეთის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარემ.
ადგილობრივი მთავრობების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.
ბათუმის, რუსთავისა და ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლების ეს ინიციატივები ცხადყოფს, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი, როცა ადგილობრივი ხელისუფლება თავიანთი თემის საჭიროებებს პასუხობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სერვისების უმრავლესობა ადგილობრივადაა მიწოდებული, ადგილობრივი მთავრობები უფრო მარტივად აგვარებენ სოციალურ პრობლემებს, მათ შორის ოჯახში ძალადობის ფაქტებსაც. ადგილობრივი მთავრობები ამყარებენ მოსახლეობასთან ურთიერთობას და უკეთეს პირობებს ქმნიან მომავალში უფრო მეტი მონაწილეობითი, მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობისათვის.
USAID გააგრძელებს საქართველოში მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას, ადგილობრივი მთავრობების გაძლიერებას და ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნას მოქალაქეთა, მათ შორის დაუცველი ადამიანების, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად.
________________
ფოტოზე: ჩერიშ ბროკერი, USAID/საქართველოს განვითარების ასისტენტი
ცნობილია, რომ COVID 19-მა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები და სიმპტომები. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს 12 კვირაზე მეტი ხანს.
პოსტკოვიდური მდგომარეობა, ასევე ცნობილი, როგორც ხანგრძლივი პოსტკოვიდური სინდრომი, როგორც წესი, უმჯობესდება დროთა განმავლობაში. თუმცა ამ პროცესის გამარტივებისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა სპეციალური სახელმძღვანელო – „პოსტკოვიდური მდგომარეობის თვითმართვა“ გამოსცა.
პოსტკოვიდური მდგომარეობის, იგივე გახანგრძლივებული კოვიდის დროს, არსებობს გარკვეული სამედიცინო გართულებები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას და რომლის დროსაც საჭიროა სასწრაფო სამედიცინო შემოწმება. ასეთი გართულებებია:
ტკივილი გულმკერდის არეში, გულისცემის გახშირება ან თავბრუსხვევა გარკვეულ პოზიციაში ან ვარჯიშის და სხვა აქტივობის დროს;
ქვეითდება ცნობიერება ან გიჭირთ საუბარი და წარმოთქმულის გააზრება;
გაქვთ სისუსტე სახის, მკლავის ან ფეხის არეში, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს;
ასევე, საგანგაშო ნიშნებად მიიჩნევა პოსტკოვიდური რეაბილიტაციის პერიოდში ქოშინსა და სუნთქვის გაძნელება მოსვენებულ მდგომარეობაში ან მინიმალური აქტივობის ფონზე, რომელიც არ უმჯობესდება ჯანმოს მიერ შემოთავაზებული სუნთქვის კონტროლის ტექნიკის გამოყენების მიუხედავად.
ბროშურა გაწვდით ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
ნიშნები, რომლებიც საჭიროებს ექიმის გადაუდებელ ჩარევას;
ქოშინის/სუნთქვის გაძნელების მართვა;
ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში;
ენერგიის დაზოგვა და დაღლილობის მართვა;
ხმასთან დაკავშირებული პრობლემების მართვა;
ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემების მართვა;
კვებასთან, ყნოსვასთან და გემოსთან დაკავშირებული პრობლემები;
ყურადღების, მეხსიერებისა და აზროვნების პრობლემების მართვა;
სტრესის, შფოთვის, დეპრესიის და ძილის პრობლემების მართვა;
ტკივილის მართვა.
სახელმძღვანელო ასევე მოიცავს სიმპტომების მონიტორინგის დღიურს და კონრეტულ რჩევებს.
სცადეთ „ხველის შეჩერების ვარჯიში“. როგორც კი დახველების სურვილი გაგიჩნდებათ, დახურეთ პირი და აიფარეთ ხელი (შეაჩერეთ ხველა). ამავე დროს, გადაყლაპეთ ნერწყვი.
შეაჩერეთ სუნთქვა – გააკეთეთ პაუზა. პაუზის შემდეგ, როდესაც განაგრძობთ სუნთქვას, მშვიდად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ცხვირით.
თუ ხველა დაგეწყოთ ღამით, კუჭის რეფლუქსის გამო, შეეცადეთ დაწვეთ გვერდზე ან გამოიყენოთ ბალიშები, თავის ზემოთ წამოსაწევად.
სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა ქართულ ენაზე შესაძლებელია ამ ბმულზე.
„თუ სიმპტომები დროთა განმავლობაში უარესდება ან არ უმჯობესდება, აუცილებელია ჯანდაცვის სპეციალისტთან კონსულტაცია“ – აცხადებს ჯანმო.
ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე [გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში] ქვაფენილებს აყრიან და მის ნაცვლად ასფალტ-ბეტონის საფარს დააგებენ. ჯერჯერობით უცნობია, რაში გამოიყენებს მერია აყრილ ქვაფენილს.
ამავე მონაკვეთში ქვაფენილებს შეცვლიან ასევე გორგასალსა და გორგილაძის ქუჩებს შორის, იმ ქუჩებზე, რომლებიც ფარნავაზ მეფის ქუჩას კვეთენ [ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ფერადი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობა].
საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 4 573 823 ლარით გამოაცხადა. ტენდერის ფარგლებში ქვაფენილის შეცვლასთან ერთად უნდა შეკეთდეს ამ ქუჩებზე მდებარე ველობილიკები, ტროტუარები, ბოძკინტები.
ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 24 თებერვალს დასრულდება. რაც შეეხება სამუშაოებს, ის 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა შესრულდეს.
„თითოეულ მისამართზე სამუშაოები უნდა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი შემსყიდველის მხრიდან მიიღებს შეტყობინებას, რომელშიც განსაზღვრული იქნება სამუშაოების დაწყების და დასრულების კონკრეტული თარიღები“, – აღნიშნულია ტენდერში.
„ვ. გორგასალის ქუჩის [ალ. გრიბოედოვის ქუჩიდან ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიერთებებით და ფარნავაზ მეფის ქუჩის [ალ. გრიბოედოვის ქუჩიდან ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობა ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მიერთებებით, მრავალწლიანი პროექტია. სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2022-2023 წ.წ.] შეადგენს 8 000 000 ლარს“, – წერია ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის კანონში.
ფარნავაზ მეფისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, სადაც ქვაფენილს შეცვლიან / 4 .02.2022
გასული წლის ბოლოს ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ ქვაფენილის ჩანაცვლება მოაგვარებს საცობების პრობლემას.
„ძალიან ძვირი და შრომატევადია“ – მერიას ეს არგუმენტიც ჰქონდა ქვაფენილების შეცვლასთან დაკავშირებით.
ლუკა ასათიანის ქუჩა /ქვაფენილს აქაც შეცვლიან / 4.02.2022
„ზოგადად ქალაქში მუდმივად ფიქსირდებოდა ეს მოთხოვნა, რადგან ზიანდებოდა მანქანები. იყო შემთხვევა, როცა მოქალაქეც დაზიანდა. გარდა ამისა, რთული იყო ქვაფენილის მოვლა-შენახვა. ყოველი გაწვიმების შემდეგ ქვაფენილებიდან მასა ჩაირეცხებოდა სანიაღვრე არხებში, შემდეგ კი, სატუმბ სადგურებსაც ჭედავდა. ეს ძალიან დიდ პრობლემებს ქმნიდა. ახლა მოვლა-შენახვის კუთხითაც გამარტივდება პროცესი,“ – განაცხადა მაშინ აკაკი ბერიძემ, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსმა.
წითელი ხაზით მონიშნულია ქუჩების მონაკვეთები სადაც ქვაფენილი უნდა შეიცვალოს
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 თებერვლის 21 საათიდან 5 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ნალექი, მთაში მოსალოდნელია თოვა, დროგამოშვებით – ძლიერი, მაღალ მთაში კი – ქარბუქი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 2 – 7 გრადუსი
ღამით: 0 – 5 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:
დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 6 თებერვალს აჭარაში ღამით მოსალოდნელია ნალექი, მთაში – თოვა. დღისით და მომდევნო 2 დღეს – 7-8 თებერვალს კი გამოიდარებს.
_______________
ფოტოზე: ხულო, სოფელი ბეღლეთი. ავთო შერვაშიძის ფოტო
სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების ჯგუფებმა ლილოს დასახლებაში, იგორ ტყემელაძის 14 ა ნომერში, გამოავლინეს ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით საქმიანობდა.
„საწარმოში გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა, ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშეც.
სახეობრივი კვლევის მიზნით (ცხენისა და ვირის იდენტიფიკაცია), აღებულია ნიმუშები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში (სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია)“.
საწარმო დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. სააგენტოს ცნობით, დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, კანონმდებლობის შესაბამისად.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის უახლესი ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიისას, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ით 143 მედმუშაკი გარდაიცვალა, აქედან ლეტალობის ყველაზე მეტი – 59 შემთხვევა აჭარის რეგიონზე მოდის. მეორე ადგილზეა თბილისი – 29, შემდეგ კი იმერეთში – 18.
COVID-19-ით განპირობებული სიკვდილის შემთხვევები და ლეტალობა სამედიცინო დაწესებულებების პერსონალში რეგიონების მიხედვით
პანდემიის პერიოდში COVID-19-ით სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის სიკვდილიანობის ჯამური რაოდენობა იყო 143, რაც 0.4 პროცენტს შეადგენს სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობიდან.
გარდაცვლილთა შორის 38.5 პროცენტი კაცი იყო, 61.5 პროცენტი – ქალი. 30-დან 70 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი გარდაცვლილთა 69 პროცენტს შეადგენდა.
NCDC-ს ცნობით, რისკის ჯგუფების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის ლეტალური შემთხვევების 68.5 პროცენტი დაფიქსირდა სტაციონარების სამედიცინო პერსონალის ან ცხელების, კოვიდ ან პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების და ყველა სტაციონარის მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილებების თანამშრომელთა შორის.
სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის კოვიდ19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი/პროცენტი იმერეთში, თბილისსა და აჭარაში დაფიქსირდა.