მთავარი,სიახლეები

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები თვეში 300 ლარს მიიღებენ – საპილოტე პროექტი ბათუმში

04.02.2022 • 2799
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები თვეში 300 ლარს მიიღებენ – საპილოტე პროექტი ბათუმში

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად ბათუმის მერიაში ახალი საპილოტე პროგრამა იწყება. პროგრამა ერთი წლის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლ ქალებს თვეში 300 ლარით დააფინანსებს. 200 ლარს კი მსხვერპლი ქალები ერთჯერადად მიიღებენ მედიკამენტებისთვის.

როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, 300 ლარი ბინის ქირისთვის არის გათვალისწინებული, 200 ლარი კი მსხვერპლის მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის. ქალს თანხა თავშესაფრის დატოვების შემდეგ გამოეყოფა. ამის პარალელურად კი, როგორც მერიაში გვეუბნებიან, მსხვერპლ ქალს სხვადასხვა პროგრამაში ჩართავენ.

„პროგრამა გათვალისწინებულია იმ ქალებისთვის, რომლებიც განთავსებული არიან ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. ამ თავშესაფარში ქალები, ძირითადად, ექვსი თვით არიან განთავსებული, შემდეგ კი მათ თავშესაფრის დატოვება უწევთ. ძალიან ხშირად, ძალადობის მსხვერპლ ქალებს თავშესაფრის დატოვების შემდეგ არსად აქვთ წასასვლელი, რადგან არ აქვთ სახლი. მათ ჩვენი პროგრამა ერი წლის განმავლობაში დაეხმარება“, – ამბობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის განყოფილების უფროსი მარინა რუხაძე.

პროგრამით მოსარგებლე მსხვერპლი ქალი ბათუმში უნდა იყოს რეგისტრირებული.

„თუ ქალთან ერთად არის ბავშვიც, აქ სხვა კომპონენტებია ჩართული, ქალის შემთხვევაში სხვა. ქირით გადასვლის შემდეგ მსხვერპლს შეუძლია მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს და სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ ისარგებლოს ყველა იმ პროგრამით, რომელიც გვაქვს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი პირებისთვის.

პარალელურად, ძალადობის მსხვერპლს დასაქმების სააგენტო სამუშაოს მოძიებაშიც დაეხმარება, რომ შეძლოს დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება“, – ამბობს მარინა რუხაძე.

საპილოტე პროგრამის წლიური ბიუჯეტი 90 000 ლარია და გათვალისწინებულია ძალადობის 15 მსხვერპლის დასახმარებლად.

„ჩვენ გამოვითხოვეთ სტატისტიკა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან, სადაც დაახლოებით 10-12 მსხვერპლია ხოლმე განთავსებული. ჩვენ ავიღეთ უფრო მეტი, რადგან ბოლო პერიოდში გაიზარდა ძალადობის გამოვლენის შემთხვევები, უფრო მეტი ქალი მიმართავს პოლიციას და შესაძლოა უფრო მეტს დასჭირდეს დახმარება“, – ამბობს მარინა რუხაძე.

მარინა რუხაძის განმარტებით, რადგან პროგრამა მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, სარგებლობის უფლება მხოლოდ ბათუმში რეგისტრირებულ პირებს აქვთ.

„სამწუხაროდ, სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მსხვერპლი ქალები ჩვენი პროგრამით ვერ ისარგებლებენ, რადგან პროგრამა ჩვენ დავნერგეთ და არის საპილოტე. თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებსაც შეუძლიათ ჩვენი გამოცდილება გაიზიარონ. ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა“, – ამბობს მარინა რუხაძე.

მსხვერპლი ქალების მიმართ მსგავს მხარდამჭერი პროგრამის შემუშავებას მუდმივად ითხოვდნენ ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. ბათუმი არის პირველი მუნიციპალიტეტი, ვინც ეს საპილოტე პროგრამა დანერგა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: