ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-38 წლებში დახვრეტილი ადამიანების კიდევ ერთი სამარხი გახსნეს. სამარხზე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მოწვევით, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დელეგაცია 24 იანვრიდან მუშაობს.
არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად სულ ნაპოვნია 29 ადამიანის ნეშტი. ნეშტების განცალკევების შემდეგ დაიწყება მათი ანთროპოლოგიური შესწავლის პროცესი.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ შსს არქივში დაცული, სხვადასხვა დღეს შედგენილი განაჩენის აღსრულების აქტების შესწავლის შედეგად აღნიშულ სამარხში აღმოჩენილი ნეშტების რაოდენობა ემთხვევა 1938 წლის 15 მარტის განაჩენის აღსრულების აქტში არსებულ რეპრესირებულთა რაოდენობას.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, გოგლიძის 1938 წლის 11 მარტის მიმართვისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ზაქარაიას ბრძანებით, 1938 წლის 15 მარტს, ღამის 4 საათზე დახვრიტეს 29 ადამიანი.
ეს ადამიანები იყვნენ:
1. აშრაფიანი ფილიპე ივანის ძე – დაბ. 1868 წ.
2. ასატურიანი არუთუნ გეორგის ძე – დაბ. 1906 წ.
3. ანდღულაძე ილარიონ იასონის ძე – დაბ. 1887 წ.
4. აბაშიძე ისმაილ ჰუსეინის ძე – დაბ. 1904 წ.
5. ალეკპეროვი ჰუსეინ ალეკპერის ძე – დაბ. 1869 წ.
6. ბულეიშვილი გერასიმე პეტრეს ძე – დაბ. 1884 წ.
7. ბატტი მიხაილ მიხაილის ძე – დაბ. 1868 წ.
8. ვერეშკო ანტონ ანტონის ძე – დაბ. 1863 წ.
9. გოლიაძე პართენ ამბაკოს ძე – დაბ. 1878 წ.
10. გაგუა სერაპიონ სიმონის ძე – დაბ. 1885 წ.
11. გორდელაძე გიორგი იოსების ძე – დაბ. 1893 წ.
12. გობრონიძე ირაკლი გიორგის ძე – დაბ. 1883 წ.
13. ერშოვი ევგენი ვასილის ძე – დაბ. 1890 წ.
14. ჟულჩენკო სიმონ დიმიტრის ძე – დაბ. 1905 წ.
15. კრომლიდი ფილიპ გეორგის ძე – დაბ. 1903 წ.
16. ლოპატინი ტიმოფეი პროკოფის ძე – დაბ. 1892 წ.
17. მხჩიანი არამ გრიგორის ძე – დაბ. 1898 წ.
18. მანჯგალაძე (პოპოვა) მირა ვალერიანის ასული – დაბ. 1908 წ.
19. ნიკოლაიშვილი ნიკოლოზ თაყას ძე – დაბ. 1881 წ.
20. რუსეიშვილი ირაკლი მოსეს ძე – დაბ. 1897 წ.
21. ტოლმაჩევი დემიან ფიოდორის ძე – დაბ. 1890 წ.
22. ტანტ-ოღლი მევლუდ აჰმედის ძე – დაბ. 1892 წ.
23. თოდუა ლეონიდე სიმონის ძე – დაბ. 1893 წ.
24. ხარაიშვილი სიმონ დავითის ძე – დაბ. 1895 წ.
25. ხალვაში აბდულა ისკენდერის ძე – დაბ. 1905 წ.
26. ცეცხლაძე რიზა თემურის ძე – დაბ. 1917 წ.
27.ცინცაძე გრიგოლ მაქსიმეს ძე – დაბ. 1905 წ.
28. ჩაგანავა ნილოზი მელიტონის ძე – დაბ. 1910 წ.
29. ჩხაიძე გედევან ქიშვარდის ძე – დაბ. 1908 წ.
ოქმში, რომლის მოპოვებაც IDFI-მა შეძლო, 29 დახვრეტილიდან ერთი ქალია, 1908 წელს დაბადებული მირა პოპოვა-მანჯგალაძე. თუ ახლახან ნაპოვნ სამარხში ქალი აღმოჩნდება, მაშინ უფრო გამყარდება ვარაუდი, რომ სამარხი 1938 წლის 15 მარტს დახვრეტილებს ეკუთვნით.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, აღმოჩენილ ნეშტებს ხელები უკან აქვთ შეკრული, ხოლო თავის ქალაზე აღენიშნებათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობა – ზუსტად ისეთი ნახვრეტი, როგორიც აღენიშნებათ სხვა ქვეყნებში მსგავს ადგილებში აღმოჩენილ, საბჭოთა დიდი ტერორის დროს დახვრეტილი ადამიანების თავის ქალებს.
„გარდა ამისა, სამარხები, რომელიც წარმოადგენს წინასწარ გათხრილ დიდ ორმოებში ერთად მოთავსებული ათეულობით ადამიანის ნეშტს (რომელსაც შემდეგ სავარაუდოდ მიწის ერთიანი მასა გადააყარეს), სხვა ქვეყნებში აღმოჩენილი ანალოგიური ადგილების იდენტურია“ – აცხადებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.
ვრცლად ამ თემაზე:
ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან