მთავარი,სიახლეები

„მერს როგორ არ უნდა შეეძლოს შეუღოს ოპოზიციას კარები და დაელაპარაკოს“ – ენმ-ს წევრი საკრებულოში

01.02.2022
„მერს როგორ არ უნდა შეეძლოს შეუღოს ოპოზიციას კარები და დაელაპარაკოს“ – ენმ-ს წევრი საკრებულოში

ბათუმის მერიის ცენტრალურ შესასვლელში ისევ პოლიციის კორდონი დგას. მერის კაბინეტთან მისვლის უფლებას არ აძლევენ საკრებულოს ოპოზიციის წევრებს, რომლებიც რამდენიმე დღეა მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ამბობს, რომ არჩილ ჩიქოვანი საკრებულოს წევრებს პოლიციის კორდონით ესაუბრება. ოპოზიციის წევრები რამდენიმე დღეა მერთან შეხვედრას ითხოვენ ქალაქში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე, თუმცა კარებთან პოლიცია დგას და მათ მერთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს.

„დღეს ჩვენ არ ვაპირებდით მერთან შეხვედრას, თუმცა შესასვლელთან პოლიციის კორდონი დაგვხვდა და შენობაში შესვლის უფლებას არ მოგვცეს. ჩვენ არ ვაპირებთ მერთან ჩხუბს, გუშინ საკმაოდ გაგვცა მერმა პასუხები და მისი პოზიცია გასაგებია ჩვენთვის.

ფაქტია, რომ დღეს ბათუმის მერიას მართავს სპეცსამსახური, უშიშროება. საკრებულო ფაქტობრივად არის უფუნქციო, არაფერი კეთდება. ჩვენ გვაქვს საკითხები, მათ შორის აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით, უშტატო თანამშრომლებთან და კიდევ სხვა საკითხები, თუმცა მერს ამაზე საუბარი არ სურს.

ეს ადამიანი პოლიციის კორდონით გველაპარაკება. მერს როგორ არ უნდა შეეძლოს შეუღოს ოპოზიციის კარები, თუნდაც რადიკალური ოპოზიციის და დაელაპარაკოს. თუმცა, ამას ეს არ შეუძლია“, – ამბობს რეზო ხარაზი.

საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი პოლიციამ მერის კაბინეტთან არ მიუშვა

რეზო ხარაზის თქმით, დღეს ისინი აღარ აპირებდნენ მერთან შეხვედრას. ამის მიუხედავად, პოლიციამ მეორე სართულზე ასვლის უფლება არ მისცა.

ხარაზის აზრით, მსგავს სიტუაციაში ბათუმის არცერთი მერი არ ყოფილა. „მინდა მივმართო თორნიკე რიჟვაძეს, რამდენი ხანს აპირებს მერის პოლიციით დაცვას“, – ამბობს ხარაზი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: