მთავარი,სიახლეები

რთული არჩევანი მსოფლიოს დემოკრატიებისთვის – ჯორჯ სოროსის გამოსვლა

04.02.2022 • 6184
რთული არჩევანი მსოფლიოს დემოკრატიებისთვის – ჯორჯ სოროსის გამოსვლა

ჯორჯ სოროსი ჩინეთის შესახებ –  გამოსვლა 2022 წლის 31 იანვარს, ჰუვერის ინსტიტუტის [აშშ] პანელურ დისკუსიაზე – „ჩინეთი ზამთრის ოლიმპიური თამაშები: რთული არჩევანი მსოფლიოს დემოკრატიებისთვის“.

________________________________________

2022 წელი მსოფლიო ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. რამდენიმე დღეში ჩინეთი, მსოფლიოს უძლიერესი ავტორიტარული სახელმწიფო, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს და, როგორც გერმანია 1936 წელს, შეეცდება, ეს მოვლენა აქციოს საკუთარი მკაცრი კონტროლის სისტემის პროპაგანდისტულ გამარჯვებად.

უკვე ვართ იმ ეტაპზე, ან ახლოს იმ ეტაპთან, როცა მისაღებია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავს, რა მიმართულებით წავა მსოფლიო.

უკვე ჩატარდა არჩევნები გერმანიაში, 2022 წლის აპრილში იქნება არჩევნები საფრანგეთში. ამავე თვეს, უნგრელმა ამომრჩეველმა, მცირე შანსების მიუხედავად, შეიძლება, ავტორიტარული მმართველობა არჩევნებით დაასრულოს. ეს მოვლენები და პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით ევროპის ბედს განსაზღვრავს.

ოქტომბერში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე გადაწყდება, დარჩება თუ არა სი ძინპინი პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით. ნოემბერში კი აშშ-ში ჩატარდება უმნიშვნელოვანესი შუალედური არჩევნები.

კლიმატის ცვლილება დარჩება მსოფლიოს უმთავრეს პოლიტიკურ გამოწვევად, მაგრამ დღევანდელი მსოფლიოს დომინანტური გეოპოლიტიკური მახასიათებელია მმართველობის ორი, ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავებული სისტემის დაპირისპირება. ამ განსხვავებას მაქსიმალურად მარტივად ავხსნი.

ღია საზოგადოებაში სახელმწიფოს როლი ინდივიდის თავისუფლების დაცვაა. დახურულ საზოგადოებაში კი ინდივიდის როლი სახელმწიფოს მმართველთა მსახურებაა.

როგორც ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი, მე, რა თქმა უნდა, ღია საზოგადოების მომხრე ვარ. თუმცა უმთავრეს კითხვას წარმოადგენს, თუ რომელი სისტემა მოახერხებს გამარჯვებას?

ორივე სისტემას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. ღია საზოგადოება გასაქანს აძლევს ხალხის კრეატიულ და ინოვაციურ ენერგიას, დახურულ საზოგადოებებში კი ძალაუფლება ერთპარტიული სახელმწიფოს ხელშია კონცენტრირებული. ესაა ძლიერი მხარეები. 

სუსტი მხარეები უფრო სპეციფიკურია, დამოკიდებულია ადგილობრივ და რეგიონულ პირობებზე. მაგალითად, ჯერ კიდევ ვითარდება ურთიერთობები ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შორის. ლიეტუვა, რომელმაც ტაივანი აღიარა, ევროკავშირმა ჩინეთის არაოფიციალური ბლოკადისგან უნდა დაიცვას, მაგრამ იზამს კი ასე? 

მსოფლიოში, რომელიც უკრაინასა და ტაივანში სამხედრო აგრესიის ზღვარზე დგას, ღია საზოგადოებების გამარჯვება არ შეიძლება მივიჩნიოთ გარანტირებულად.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ძირითადად სწორი პოლიტიკა აირჩია. მან უთხრა პუტინს, რომ რუსეთს ძვირად დაუჯდება უკრაინაზე თავდასხმა, მაგრამ აშშ უკრაინის დასაცავად ომს არ დაიწყებს. შეჭრის შემთხვევაში, პუტინისთვის ყველაზე დიდი „ჯარიმა“ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა გახდება. ბაიდენი არ წავა ცალმხრივ დათმობებზე, მაგრამ დაინტერესებულია მშვიდობიანი გამოსავლის გამონახვაში. 

არჩევანი პუტინზეა.

ამავე დროს, ბაიდენმა სი ძინპინს ნათლად მიანიშნა, რომ ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევაში, ჩინეთი დაუპირისპირდება არა მარტო აშშ-ს, არამედ უფრო ფართო ალიანსს: AUKUS-ს (ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო და აშშ), QUAD-ს (აშშ, იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი) და რამდენიმე პოტენციურ მოკავშირეს — სამხრეთ კორეასა და ფილიპინებს — რომლებსაც ჯერ არ დაუდასტურებიათ, რომ საჭიროების შემთხვევაში იმოქმედებენ. იაპონია ყველაზე მეტადაა ტაივანის დაცვის ერთგული.

თავის მხრივ, სი ძინპინმა განაცხადა, რომ გეგმავს, აუცილებლობის შემთხვევაში, ტაივანზე ჩინეთის სუვერენიტეტი ძალითაც კი დაამყაროს. იგი უზარმაზარ რესურსებს გამოყოფს შეიარაღებისთვის. ცოტა ხნის წინ მან გააოცა მსოფლიო ჰიპერბგერითი კონტროლირებადი რაკეტის დემონსტრირებით.

შტატებს არაფერი მსგავსი არ აქვს, მაგრამ ვაშინგტონი არ აპირებს კონკურენციას. ვფიქრობ, ეს სწორი პოლიტიკაა, რადგანაც ჩინეთის ეს მიღწევა არ ცვლის ორმხრივი განადგურების გარანტიის ბალანსს, რომელიც მტრებს აჩერებს ერთმანეთზე თავდასხმისგან. რაკეტა პროპაგანდისტული გამარჯვებაა. თუმცა უფრო შესაძლებელი გახდა ომი აშშ-სა და მის მტრებს შორის. ამაზე ფიქრი არცთუ ისე სასიამოვნოა.

ცოტა ხნის წინ საკუთარ თავს ვკითხე — როგორ წარმოიშვა დღევანდელი ვითარება? როცა 1980-იან წლებში, როგორც თავად ვუწოდებ, პოლიტიკური ფილანთროპია დავიწყე, ამერიკის უპირატესობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ იდგა. ასე აღარაა. რატომ?

ნაწილობრივ, პასუხი ტექნოლოგიურ პროგრესშია, რომელიც ძირითადად ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული. მაშინ ხელოვნური ინტელექტი ჩვილობის პერიოდში იყო.

ხელოვნურ ინტელექტი, სოციალურ მედია და ტექნოლოგიური პლატფორმები ერთად ვითარდებოდა. შედეგად, წარმოიქმნა ძალიან მომგებიანი კომპანიები, ისეთი ძალაუფლებით, რომ მხოლოდ ერთმანეთთან შეუძლიათ კონკურენცია. ეს კომპანიები დომინირებენ გლობალურ ეკონომიკაში და მსოფლიოს ყველა კუთხეში აღწევენ. შეგვიძლია ისინი დავასახელოთ: Facebook, Google, Apple და Amazon. ჩინეთშიც არის მსგავსი კონგლომერატები, მაგრამ მათი სახელები დასავლეთში ნაკლებადაა ცნობილი.

მოვლენების ასეთ განვითარებას შორსმჭვრეტელი პოლიტიკური შედეგები აქვს. მან გაამძაფრა აშშ-სა და ჩინეთის კონფლიქტი და სულ ახალი განზომილებაც მისცა.

ჩინეთმა საკუთარი ტექნოლოგიური პლატფორმები ეროვნულ სიამაყედ აქცია.აშშ-ში ყოყმანობენ, ეს გააკეთონ თუ არა, რადგან დარდობენ, თუ რა ეფექტი ექნება ამას ინდივიდის თავისუფლებაზე. განსხვავებული მიდგომები ნათელს ჰფენს მმართველობის ორ სისტემას, რომლებსაც აშშ და ჩინეთი წარმოადგენენ.

თეორიულად, ხელოვნური ინტელექტი მორალურად და ეთიკურად ნეიტრალურია, მისი გამოყენება კარგი და ცუდი საქმისთვისაც შეიძლება. პრაქტიკაში კი მისი ეფექტი ასიმეტრიულია.

ხელოვნური ინტელექტი კარგად შეიძლება გამოიყენებოდეს კონტროლის ინსტრუმენტების შესაქმნელად, რომლებიც რეპრესიულ რეჟიმებს ეხმარებიან და საფრთხეს უქმნიან ღია საზოგადოებებს. საინტერესოა, რომ კორონავირუსმა გაამაგრა რეპრესიული რეჟიმების უპირატესობა, მათ მიერ პერსონალური ინფორმაციის საზოგადოებრივი კონტროლისთვის გამოყენების ლეგიტიმაციით.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ უპირატესობებით სი ძინპინი, რომელიც პირად მონაცემებს მოქალაქეთა თვალთვალისთვის ისტორიაში ყველა მმართველზე მეტად აგრესიულად იყენებს, წარმატებული უნდა იყოს. თავად იგი ასე ფიქრობს და ბევრს მისი სჯერა. მსურს ავხსნა, რატომ არაა ასე. ამისთვის მოკლედ უნდა გადმოვცე ჩინეთის კომპარტიის ისტორია.

ჩინეთის კომპარტიის პირველი ლიდერი, მაო ძედუნი, „დიდი ნახტომის“ ინიციატორი იყო. ამ პოლიტიკის შედეგად ათობით მილიონი ადამიანი დაიღუპა. ამას მოჰყვა კულტურული რევოლუცია, რომელმაც გაანადგურა ჩინეთის ტრადიციული კულტურა ეკონომიკური და კულტურული ელიტის მკვლელობით.

ამ ვნებათა ღელვიდან აღმოცენდა ახალი ლიდერი, დენ სიაოპინი, რომელმაც აღიარა, რომ ჩინეთი ბევრად ჩამორჩებოდა კაპიტალისტურ სამყაროს. მისი დევიზი იყო „დამალე შენი სიძლიერე და დაელოდე შენს დროს“. მან ჩინეთში უცხოელი ინვესტორები მიიწვია, ამის შედეგად კი სასწაულებრივი ეკონომიკური ზრდის პერიოდი დაიწყო, რომელიც გაგრძელდა მას შემდეგაც კი, როდესაც 2013 წელს ხელისუფლებაში სი ძინპინი მოვიდა.

იქიდან მოყოლებული, სი ძინპინი ძალ-ღონეს არ იშურებდა დენ სიაოპინის მიღწევების დემონტაჟისთვის. მან სიაოპინის მმართველობის დროს დაფუძნებული კერძო კომპანიები კომპარტიის კონტროლქვეშ მოაქცია და ძირი გამოუთხარა დინამიზმს, რომელიც ამ კომპანიებს ახასიათებდა. ნაცვლად იმისა, რომ კერძო მეწარმეობისთვის აყვავების საშუალება მიეცა, სი ძინპინმა წარადგინა საკუთარი „ჩინური ოცნება“, რომლის შეჯამებაც ორი სიტყვით შეიძლება – ტოტალური კონტროლი. ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვა.

დენ სიაოპინისგან განსხვავებით, სი ძინპინს ჭეშმარიტად სჯერა კომუნზიმის. მისი კუმირები არიან მაო ძედუნი და ვლადიმერ ლენინი. კომპარტიის 100 წლის იუბილეზე ის მაოს მსგავსად იყო ჩაცმული, მაშინ, როცა დანარჩენი დამსწრეები შარვალ-კოსტიუმში იყვნენ.

დენ სიაოპინის მიერ ჩამოყალიბებული მემკვიდრეობის წესებით, სი ძინპინის მმართველობის ვადა 2022 წელს სრულდებოდა, თუმცა ლენინით შთაგონებულმა სი ძინპინმა კონტროლი დაამყარა სამხედრო ძალებზე და რეპრესიებისა და თვალთვალის სხვა ინსტიტუტებზე. მან ფრთხილად დადგა პროცესი, რომელიც მას აიყვანს მაოსა და სიაოპინის დონეზე და სიცოცხლის ბოლომდე მართვის საშუალებას მისცემს. ამის მისაღწევად სი ძინპინს კომპარტიის ისტორიის ხელახალი ინტერპრეტაცია მოუხდა, რათა ეჩვენებინა, რომ ლოგიკური იქნებოდა მისი მინიმუმ კიდევ ერთი ვადით დანიშვნა.

სი ძინპინს ბევრი მტერი ჰყავს. საჯაროდ მას ვერავინ დაუპირისპირდება, რადგანაც სრულ ძალაუფლებას ფლობს, მაგრამ კომპარტიაში იმდენად მწვავე დაპირისპირება იხარშება, რომ პარტიის პუბლიკაციებშიც კი ჩნდება. სი ძინპინს უპირისპირდებიან ისინი, ვინც სიაოპინის იდეებითაა შთაგონებული და კერძო მეწარმეობისთვის უფრო დიდი როლი სურს.

თავად სი ძინპინს სჯერა, რომ მის მიერ წარმოდგენილი მმართველობის სისტემა ლიბერალურ დემოკრატიაზე უკეთესია. თუმცა დაშინებით მართავს და ვერავინ ბედავს, უთხრას სი ძინპინს ის, რისი გაგონებაც მას არ უნდა. შედეგად, მისი რწმენის შერყევა რთულია მაშინაც კი, როცა უფსკრული მათსა და რეალობას შორის უფრო ფართოვდება.

ჩინეთი ახლა ეკონომიკურ კრიზისშია. ის დაკავშირებულია უძრავი ქონების ბაზართან, რომელიც იყო  ზრდის მთავარი ლოკომოტივი სი ძინპინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

უძრავი ქონების ბუმზე დაფუძნებული მოდელი არამდგრადია. ვინც ბინებს ყიდულობს, ქონების ღირებულების გადახდას ჯერ კიდევ ბინის აშენებამდე იწყებს. ამგვარად, სისტემა კრედიტზეა დაშენებული. ადგილობრივი მთავრობები კი შემოსავლის უდიდეს ნაწილს მიწის მზარდ ფასებში გაყიდვიდან იღებენ. 

საბოლოო ჯამში, ფასები უნდა გაზრდილიყო იმ დონემდე, რომელსაც ჩვეულებრივი მოქალაქეები ვერ გასწვდებოდნენ. ეს 2021 წლის შუა პერიოდში მოხდა. იმ მომენტისთვის უძრავი ქონების ბუმმა არაჯანმრთელ მასშტაბს მიაღწია. მასზე ეკონომიკის 30% პროცენტი მოდიოდა, ის ასევე მოიხმარდა კრედიტის სულ უფრო და უფრო მზარდ რაოდენობას.

ეტაპობრივი ზრდის შემდეგ, უძრავი ქონების ბუმი „აფეთქებით“ დასრულდა. საცხოვრებელი მიწების ფასი 2021 წლის ივნისში, წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა. ხელისუფლება შეეცადა პროცესის შენელებას და უბრძანა ბანკებს, არ გაეზარდათ სესხების მასშტაბი საცხოვრებელი უძრავი ქონებისთვის.

დირექტივას საპირისპირო შედეგი მოჰყვა. ყველაზე გავლენიან და მსხვილ დეველოპერულ კომპანიას, Evergrande-ს ვალდებულებების შესრულება გაუჭირდა. ქვეკონტრაქტორებმა, რომლებიც ანაზღაურებას აღარ იღებდნენ, მუშაობა შეაჩერეს. ვინც ბინები იყიდა, დაიწყო დარდი, რომ შესაძლოა, ვეღარასდროს მიეღო სახლი, რომელშიც ფულს იხდიდა.

როცა სექტემბერში გაყინვის სეზონი დაიწყო, გამყიდველი მყიდველზე ბევრად მეტი იყო. რაღაც დროს საერთოდ აღარ იყო ტრანზაქციები რეკლამირებული ფასის ფარგლებში, დღეს კი მიწისა და ბინების ფასებმა კლება დაიწყო. ბევრი, ვინც დანაზოგის დიდი ნაწილი უძრავ ქონებაში ჩადო, ამის გამო სი ძინპინს შემოუბრუნდება.

ახლა Evergrande-ს დროებითი მმართველი ჰყავს, იგივე ბედი ელით სხვა დეველოპერებსაც. კომპანიის კრედიტორებმა ერთმანეთთან ბრძოლა დაიწყეს გაკოტრების შემდეგ წილის მიღების პროცესში თავიანთი პოზიციის გაუმჯობესებისთვის. პროცესის კონტროლი თავიანთ თავზე აიღეს სასამართლოებმა და, უპირველეს ყოვლისა, ქვეკონტრაქტორების დაცვა გადაწყვიტეს, რომლებიც დაახლოებით 70 მილიონ ემიგრანტს ასაქმებენ.

ჯერ არ ვიცით, რას მოუხერხებს კრიზისს ხელისუფლება. შეიძლება, მასთან გამკლავება მეტისმეტად დიდხანს მოუხდეს, ხალხის ნდობა უკვე შერყეულია. სი ძინპინს ნდობის აღსადგენად ბევრი ინსტრუმენტი აქვს, კითხვა ისაა, რამდენად სწორად გამოიყენებს ამ ინსტრუმენტებს. ჩემი აზრით, 2022 წლის მეორე მეოთხედი გვაჩვენებს, იქნება თუ არა იგი წარმატებული. ამჟამინდელი სიტუაცია კი მას კარგს არ უქადის.

უძრავ ქონებასთან ახლოს დაკავშირებულ სფეროში, დემოგრაფიაშიც აქვს ჩინეთს პრობლემები. შობადობის რეალური დონე ოფიციალურზე ბევრად უფრო დაბალია. ექსპერტების დათვლით, რეალურად, მოსახლეობა 130 მილიონით ნაკლებია 1,4 მილიარდის ოფიციალურ მაჩვენებელზე. ეს ფართოდ ცნობილი არ არის, მაგრამ გაამძაფრებს უძრავი ქონების კრიზისს, წარმოქმნის მუშახელის დეფიციტს, ფისკალურ დაძაბულობას და ეკონომიკის შენელებას.

სი ძინპინს სერიოზული პრობლემები წარმოეშვა ვაქცინის საკითხებშიც. ჩინური ვაქცინები ვუჰანის შტამთან საბრძოლველად შეიქმნა, მაგრამ მსოფლიო ახლა სხვა შტამებს ებრძვის, ჯერ დელტას, ახლა კი- ომიკრონს. სი ძინპინი, მესამე ვადით დანიშვნის მოლოდინში, ვერ აღიარებს ამას. იგი ამ ფაქტს ჩინურ საზოგადოებას უმალავს.

ახლა სი ძინპინს მხოლოდ „ნული კოვიდის“ პოლიტიკის დამყარება თუ შეუძლია. მის ფარგლებში წესდება უმკაცრესი „ლოკდაუნი“ ვირუსის გავრცელების პატარა ნიშნების გამოც კი, მაგრამ ეს ნეგატიურ ეფექტს ახდენს ეკონომიკურ აქტივობაზე. ეს ასევე სერიოზულ სირთულეებს უქმნის ხალხს, ვინც კარანტინში ხვდება. მათი გაჩუმება არ გამოვა.

ომიკრონმა შეიძლება სი ძინპინი დაღუპოს. ის ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე სხვა შტამები, თუმცა ნაკლებად სახიფათოა მათთვის, ვინც აიცრა. ოღონდ, ჩინელები მხოლოდ ვუჰანის შტამის წინააღმდეგ არიან აცრილნი. სი ძინპინის საიდუმლო უნდა გასაჯაროვდეს ან ოლიმპიური თამაშების დროს, ან მათი დასრულებიდან მალევე. 

ომიკრონი ჩინეთში ძირითადად პორტ ტიანძინიდან მოხვდა, რომელსაც პეკინიდან სწრაფი რკინიგზით 30-წუთიანი მგზავრობა აშორებს. ომიკრონი უკვე გავრცელდა ჩინეთის მრავალ ქალაქში და აღარ ექვემდებარება კონტროლს.

ვინაიდან ზამთრის ოლიმპიური თამაშები სი ძინპინის პრესტიჟის პროექტია, ხელისუფლება ყველაფერს იზამს, რომ ის წარმატებული გამოდგეს. ოლიმპიელები იზოლირებულნი არიან ადგილობრივებიდან, მაგრამ ოლიმპიადის შემდეგ ამას აზრი აღარ ექნება. ქალაქების ლოკდაუნიც, დიდი ალბათობით, ვერ იმუშავებს ომიკრონისნაირი გადამდები შტამის გამო.

ეს ნათელი გახდა ჰონგ-კონგის მაგალითზე, სადაც ომიკრონის გავრცელებამ საკმაოდ დიდი მასშტაბი მიიღო. „ნული კოვიდის“ პოლიტიკის ფასი დღითიდღე იზრდება – ქალაქი იზოლირებულია მსოფლიოსგან და ჩინეთისგან. ჰონგ-კონგი ხაზს უსვამს უფრო ფართო გამოწვევას, რომელსაც ომიკრონი წარმოადგენს სი ძინპინისთვის.

მან ტოტალური კონტროლის დამყარება სცადა, მაგრამ – წარუმატებლად. ჩინეთის კომპარტიაში არსებული ძლიერი ოპოზიციის გათვალისწინებით, შეიძლება არ მოხდეს სი ძინპინის ასვლა მაოსა და სიაოპინის დონეზე.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სი ძინპინს ჩაანაცვლებს ვინმე ნაკლებად რეპრესიული პოლიტიკოსი შიდა პოლიტიკაში და უფრო მშვიდობისმოყვარე – საგარეოში. ეს ღია საზოგადოებებს უდიდეს საფრთხეს მოაცილებდა. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა უბიძგონ ჩინეთს, სასურველი მიმართულებით წავიდეს.

___________________

თარგმნა ნიკა ბურდულმა. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: